ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 აგვისტო, 2021


მთაში გატარებული ერთი დღე


2011 წლის 25 იანვარი, ავტოსადგური ოკრიბა... მე და ჩემი უფროს – უმცროსი მეგობარი ლიტერატორები ფშავში წასასვლელად ვემზადებით, ჩარგალში უნდა ავიდეთ მიხა ხელაშვილის საფლავზე, რადგან 25 იანვარი მიხას დაბადების და გარდაცვალების დღეა.

ჩვენს ექსკურსიას მიხეილ ღანიშაშვილი (ილტოსპირელი) ხელმძღვანელობდა, თბილისიდან დილით ადრე გავედით დაქირავებული მარშუტკით, გზადაგზა ფშაურ არაყს – ჟიპიტაურს მივირთმევდით და თან ისტორიებს ვყვებოდით მიხა ხელაშვილზე, განსაკუთრებით ილტოსპირელი და ირაკლი ყალიჩავა აქტიურობდნენ.

ჩარგალში ჩასვლამდე გზადაგზა ვისვენებდით, წყაროს წყალს ვსვამდით, სურათებს ვიღებდით. ჩვენს მოგზაურობას ფოტოაპარატით სამი ადამიანი: ია მშვიდობაძე, ნუნუ ქათამაძე და თეა თაბაგარი იღებდა.

რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ ვაჟას ჩარგალში ჩავედით, იქ დაგვხვდნენ ხელოვნებათმცოდნე გოგი დოლიძე, დები ნაყეურები და რა თქმა უნდა ადგილობრივებიც.

ფშავლები პურ – მარილით გაგვიმასპინძლდნენ, დავაგემოვნეთ ფშაური ხინკალი, შევსვით ჟიპიტაური. მიხას საფლავზე ასულებმა ყველამ ჩვენ ჩვენი ლექსი წავიკითხეთ ხელაშვილზე, მისი შესანდობარიც დავლიეთ, ყველამ შევაქეთ ქაქუცას თანამებრძოლი, რომელიც ასევე უბადლო პოეტი გახლდათ, „ლექსო ამოგთქომ ოხერო“ მიხა ხელაშვილის დაწერილია.

ადგილობრივებმა ვაჟა–ფშაველას სახლ – მუზეუმშიც შეგვახედეს გარედან, გაღებული ფანჯრების მეშვეობით, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც დიდი პოეტის დროს იყო.

ამის შემდეგ წავიდა მთის მოტივზე დაწერილი სიმღერები, დებმა ნაყეურებმა მეც ამიყოლიეს სიმღერებში.

ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ სხვა მგზავრებიც, რომლებიც ჩარგალში ჩასვლამდე ვნახეთ, ისინი ცალკე მარშუტკით მგზავრობდნენ, ჩარგალში და მანამდეც გზაში ფოტოაპარატით ნინო ჭინჭარაული გვიღებდა, ასევე ძალიან კარგი ადამიანი და ლიტერატორი.

დადგა ჩარგლიდან წამოსვლის დროც, ისევე როგორც დასაწყისში, მგზავრობის დასასრულის დროსაც ვჩერდებოდით გზადაგზა, ერთ ადგილას სუფთა ჰაერზე მგზავრებმა უკვე ცალკე სუფრა გავშალეთ და ამ სუფრაზე თენგიზ არჩვაძის სადღეგრძელოც შევსვით.

ამის შემდეგ უკვე მაღაროსკარში შევჩერდით ცოტახნით, ერთმა ასაკოვანმა მამაკაცმა შეგვიპატიჟა თავის სამყოფელში და დიდებული სუფრაც გაგვიშალა, ისმოდა სადღეგრძელოები ლექსებითურთ, მიხა ხელაშვილის, ლადო ასათიანის და სხვა პოეტების ლექსები, ბუნებაში მწვადიც შევწვით.

ამ ყველაფრის შემდეგ თბილისში ჩამოვედით, ეს ჩვენი მოგზაურობა მეორე დღეს ლექსად აღვწერე:

ექსკურსია ფშავში

აქედან-ვაჟას ჩარგლამდე
გზებია ძნელად სავალი.
დაიწყო... კვლავაც გრძელდება
ჩვენი თავგადასავალი.

მთის მოტივებზე მღერიან,
თვით დები ნაყეურები.
ლექს-სიმღერებით აავსეს
მიხაის ნაფეხურები.

მიხას საფლავზეც ავედით,
შესანდობარიც შევსვითა.
და მოიგონა ვაჟკაცი
ყველამ თავ-თავის ლექსითა.

საგზლად სიყვარულ წავიღეთ,
გათანგულებმა მზეწვითა.
საზღვარ არ ჰქონდა სიხარულს,
ცეცხლზე მწვადებიც შევწვითა.

წყაროსთან მგზავრი შეჩერდა,
შესვა... დალია პეშვითა.
ამაყი არი ქართველი,
ძლიერი არი ფესვითა.

ასეთი იყო ჩვენი ერთდღიანი მოგზაურობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები