ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: სიდნი
ჟანრი: პროზა
15 აგვისტო, 2021


ნაძირალას მანიფესტი (დასაწყისი. ნაწყვეტი)

დავბადებულვარ 1975 წლის 15 მაისს და ეს სამი ხუთიანია ერთადერთი რაშიც გამიმართლა ცხოვრებაში. დაბადებისას თან დამყვა ჰემანგიომა სახის მარჯვენა ნახევარზე, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით წარბიდან ვიდრე ნიკაპამდე და აღმოსავლეთიდან დასავლეთით ყურისძირიდან ცხვირის მისადგომებამდე იყო გადაჭიმული და თუ კარგად დააკვირდებოდით მისი მოხაზულობა რუმინეთის რუკის კონტურებს მოგაგონებდათ, ამაშიც არ გამიმართლა, რამე წესიერ ქვეყანას მაინც დამსგავსებოდა.
ამ ჰემანგიომას გამო შორეულ ნათესავებს ჩემი მარჯვენა პროფილი კაი ხანი არ ჰქონდათ ნანახი, რადგან მზრუნველი მშობლები ოჯახური ფოტოს გადაღებისას ფოტოატელიეში ოდნავ დამნაშავის ღიმილით მომაბრუნებდნენ ხოლმე მარცხენა პროფილით ობიექტივისკენ და მეც ვერასოდეს ვხედავდი როგორ მოფრინავდა ჩიტი იქიდან. მინდა გითხრათ რომ ბავშვები არავის არ უყვარს, თვითონ ბავშვებსაც არ უყვართ სხვა ბავშვები, ნუ დედებს შეიძლება, ცოტა მამებს, მაგრამ სხვისი შვილები არავის უყვარს. აბა როგორ შეილება ვინმე გივარდეს და ერთტავად იმას ცდილობდე როგორ გატეხო მისი ნება, დაკვირვებიხართ როდის ვეუბნებით ხოლმე ჩვენს შვილებს რომ კარგი ბიჭი და კარგი გოგოა, ძირითადად მაშინ როცა იმას გააკეთებენ რაც არ უნდათ, არ უყვარს ბავშვს ფაფა? აბა შეჭამე დედიკოს ხათრით, ო, კაი ბიჭი ხარ! არ უნდა ბავშვს ადრე დაძინება? აბა სასწარაფოდ საწოლში! ო, ყოჩაღ, კაი გოგო ხარ და ასე გამუდმებით მანამ სანამ ბავშვისგან სხვა, ჩვენთვის უფრო მოსახერხებელ პიროვნებას არ გამოვძერწავთ. ბავშვებს კი არა შინაურ ცხოველებს ვზრდით. ლამაზი და საყვარელი ბავშვი არ უყვართ მეთქი და ახლა კიდე ნახევარი სახე წითელი თუ აქვს და თან ამ უცნაურობის გამო გულჩათხრობილი თუა და არ მხიარულობს როგორც ყველა ბავშვს შეეფერება, საერთოდაც საძულველია. მაგრამ ბავშვის მიმართ სიძულვილს აგრესიით იშვიათად ვინმე თუ გამოხატავს, უფროსების მთავარი იარაღი არის იგნორი - აგერ ის კარგი ბავშვია, ხალისიანი, მოძრავი, შეგიძლია თავზე ხელი გადაუსვა, კანფეტი აჩუქო, გაეხუმრო და მისი მშობლების კეთილგანწყობა დაიმსახური; ეს ბავშვი კიდე თავისთვის ზის კუთხეში, არ ლაპარაკობს, დავიკიდოთ რა, მშობლებსაც ესმით უცნაურ ბავშვს რომ არ ეთამაშებიან. მეც ასე იგნორში ვიზრდებოდი და, სიმართლე გითხრათ, სრულიად კმაყოფილი ვიყავი ამით არც ღამით მაღვიძებდნენ მამის ძმაკაცები პიანინოზე დასაკრავად, არც მეზობლის გოგოებს მივყავდი სადმე პარკში გასასეირნებლად ბიჭებისთვის თავის მოსაწინებლად და არც საკუთარ დაბადების დღეზე მაძალებდნენ სუფრასთან ჯდომას, მაჩუქებდნენ საროჩკას და საბჭოთა იისფერ ოცდახუთმანეთიანს, რომელსაც მეორე დღეს დედაჩემი წამართმევდა (საროჩკას დამიტოვებდა) და ვიყავი ჩიტივით თავისუფალი ჩემი ოთახის ფარგლებში.
ერთხელაც, ზაფხულში, აგვისტო იყო, როცა საქართველოში ქრთამების დიდი აღმებ-მიცემობა იწყებოდა ხოლმე რათა ამბიციურ მშობლებს თავიანთი შვილები უმაღლესში მოეწყოთ, გადაწყდა ჩემთვის ოპერაცია გაეკეტებინათ და ეს ოჯახის შემარცხვენელი დამღა სახიდან მოეშორებინათ. ექვსი წლის ვხდებოდი და სკოლაში უნდა წავსულიყავი.
- ტყლიპიან ბავშვს მე სკოლაში ვერ გავუშვებ - გამოაცხადა ბაბუაჩემმა, რომელიც ბედის უცნაურობით გეპეის მისაღებ კომისიაში მოხვედრილიყო და არქიტეტორობისა და ინჟინრობის  დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი აბიტურიენტების მშობლებისაგან მიღებული კარგა გვარიანი თანხებით ჰქონდა ზურგი გამაგრებული.
მამაჩემს დაევალა საძმაკაცაში, ანაც ჩერეზ საძმაკაცოში ეპოვა ვინმე სანდო ექიმი, რომელიც გვირჩევდა სხვა ექიმს ვისაც შეეძლო ენდოვასკულარული ოკლუზიის (ასე ჰქვია ჰემანგიომის მკურნალობის ერთერთ მეთოდს) მეტნაკლებად უსაფრთხოდ ჩატარება. დედაჩემს და ბებიაჩემს დაევალათ ნათესავებში სიარული და ნერვიულობა.
მას შემდეგ რაც ოჯახის ყველა წევრმა პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, სახსრებიც გამოიყო, ცალკე უფასო საბჭოთა მედიცინის განვითარებისათვის, ცალკე ექიმის ქრთამისთვის, ცალკე ექთნების საჩუქრებისთვის; დედაჩემის და ბებიაჩემის მეცადინეობიტ ნათესავებიც ანერვიულდნენ, ახლო ნათესავები თავისთავად და ერთი-ორი ისეთმაც დარეკა ჩემი მარცხენა პროფილი რომ ჰქონდა ნანახი მხოლოდ; ბოლოს კი მამაჩემმაც მიაგნო სანდო ექიმს და ოპერაციის დღეც დაინიშნა.
პატარა ვიყავი, ცუდად მახსოვს, მაგრამ მგონი ოპერაციამდე განსაკუთრებულად კარგად მექცეოდნენ, ყოველ შემთხვევაში კევი სუპერბაზუკა, რომელიც მანამდე გამოგონილი მეგონა, სწორედ მაშინ მიყიდეს პირველად და უკანასკნელად. დიდხანს რომ არ გავაგრძელო ოპერაციამ თან კარგად ჩაიარა, თან ცუდად, ჰემანგიომა მართლაც გაქრა, მაგრამ მისი კერა თვალის გუგის მამოძრავებელ კუნთთან აღმოჩნდა ახლოს და ექიმის კათეტერმა ახლა ის დააზიანა, რამაც გამოიწვია სიელმე, ბაბუაჩემმა თავის კრიმინალური ავტორიტეტი ძმაკაცი ჩართო საქმეში, რომლის ბიჭებიც სახლში მიუც=ვარდნენ იმ სიმწრით ნაპოვნ სანდო ექიმს და როგორც ახლა იტყვიან ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენეს მას, რის შედეგადაც ექიმმა დაკარგა სურვილი გაეგრძელებინა სამედიცინო პრაქტიკა, სამაგიეროდ კრიმინალური ავტორიტეტის ბიჭებს დააბარა რჩევა ბავშვი მოსკოვში წაიყვანეთო. ასე და ამრიგად პირველ სექტემბერს სკოლაში წასვლის ნაცვლად გამაქანეს მოსკოვში, ჰემჰოლცის თვალის კლინიკაში.
ჰემჰოლცში დაწვენამდე მე დედამ და მამამ ჯერ მოსკოვი დავათვალიერეთ, უფრო სწორად ცუმი1, გუმი2 და ლენინის მავზოლეუმი (ეს უკანასკნელი გარედან), მერე
--------------------------------------------------------------------
1ცუმი - მოსკოვის ცენტრალური უნივერმაღი
2გუმი - მოსკოვის სახელმწიფო უნივერმაღი
სასტუმროს რესტორანში ტარხუნის ლიმონათი დამალევინეს, პლასტმასის ხმალი მიყიდეს და ამიხსნეს რომ რამდენიმე დღე საავადმყოფოში მარტოს უნდა გამეტარებინა.
კლინიკა ფრაგმენტ-ფრაგმენტ მახსოვს.
მახსოვს კატარაქტიანი ზანგი გოგო რომელიც ჩემს პალატაში იწვა და სევდიანად იღიმებოდა, მახსოვს უზარმაზარ დერეფანში გაშლილი ძალიან გრძელი მაგიდა სადაც თევზი იყო ძირითადი საჭმელი, მახსოვს როგორ ვიმალებოდი საწოლის ქვეშ რომ ეს თევზი არ მეჭამა, რუსი სანიტარი თუ ექთანი ქალების მკაცრად მოკუმული ტუჩები ჩემს საპოვნელად საწოლის ქვეშ რომ იხიდებოდნენ; მახსოვს ატირებული ბავშვების რიგი, რომლის თავშიც თეთრხალათიანი ქალი იჯდა, ხელში უზამაზარი შპრიცი ეჭირა ბავშვებს, რომლებიც ზლუქუნით, მაგრამ მორჩილად ნელა მიუყვებოდნენ რიგს, თვალში ნემსს უკეთებდა; მახსოვს ისევ ის მკაცრად მოკუმული ტუჩები და მათ შორის რუსულად და ინდეფერენტულად გამოცრილი: ნუ ტირიხართ თორემ წამალი გადმოგივათ თვალიდან და თავიდან გექნებათ გასაკეთებელი.
მერე მახსოვს ოპერაციისთვის როგორ მამზადებდნენ, ნემსი გამიკეთეს, დაითვალეო მითხრეს, მერე გავიღვიძე და ირგვლივ სრულიად ბნელოდა, სახვევი რატომღაც ორივე თვალზე მქონდა და შიგადაშიგ გამომშრალ ტუჩებზე სველი ბამბის შეხებას ვგრძნობდი, მოგვიანებით კი კოვზს, რომელშიც წყალში გაზავებული ლიმონის წვენი ესხა. ტკივილი არ მახსოვს.
მერე გამომწერეს, მამაჩემმა სუფრით აღნიშნა, დედაჩემმა შოპინგით.
ერთ წელიწადში კი ბავშვობაც დასრულდა, რადგან ჩემი გარეგნობა ოჯახის სირცხვილი უკვე აღარ იყო სკოლაშიც თავისუფლად მიმესვლებოდა, ბავშვობა კი იქ მთავრდება სადაც მთავრდება თავისუფლება, თამაში, მხიარულება, საბჭოთა სკოლა ამ სამივესი დაუძინებელი მტერი იყო, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი რადგან ამას რასაც კიტხულობთ მანიფესტი ჰქვია მივყვეთ წესებს და ბავშვობის ეტაპი მოწოდებით დავამთავროთ.  როგორც უკვე გითხარით ბავშვები არავის უყვარს, ამიტომ უფროსები მუდმივად ცდილობენ მათ გაწრთვნას რომ საკუთარ თავს მოარგონ, გახადონ ისეთები როგორიც მოეწონებათ, ძალადობენ მათზე როგორც კომპრაჩისკოსები და თუ თქვენ გგონიათ რომ ბავშვის ქამრით ცემა ან მუხლებით ბრინჯუს მარცვლებზე დაყენებაა მხოლოდ ძალადობა, გაიხსენეთ რამდენჯერ გიტირიათ პატარაობაში ჩუმი ცრემლებით საბნის ქვეშ შემალულს, მიუხედავად იმისა რომ მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები გყავდათ. ჰოდა, რადგან არ გვიყვარს ბავშვები ნაძირალას მანიფესტის პირველი პუნქტი იქნება: არასდროს არც ერთ შემთხვევაში, არ გააჩინოთ ბავშვები! არც ერთ ვითარებაში არ შეუწყოთ ხელი მათ დაბადებას, არ ურჩიოთ არავის რომ არ გაიკეთოს აბორტი, არ ჰკითხოთ არავის თუ რატომ არ აჩენენ კიდევ ერთს.
ჩემი ცხოვრების შემდეგი ეტაპი შვიდი წლის ასაკში დაიწყო, მოგეხსენებათ სკოლაში შესვლის ასაკი თითქმის მთელს მსოფლიოში სტანდარტიზებულია და ყველა ბავშვს როგორც კი ექვსი შეუსრულდება სკოლაში მიარბენინებენ, თიტქოს რომ დააგვიანონ მერე თწევზის კონსერვივით ვადა გაუვა და გადასაგდები იქნება, მაგრამ საბჭოთა სამშობლოში ყოველთვის მოიძებნებოდა წესების შემოვლის უნივერსალური გზა - ნაცნობობა. ნაცნობიბით მიიწევდნენ კარიერულ კიბეზე საბჭოთა მოქალაქეები, ნაცნობობით ყიდულობდნენ გემრიელ ძეხვს, ნაცნობობით ხვდებოდი სპექტაკლის პრემიერაზე, ნაცნობობით იბადებოდი და ნაცნობობით კვდებოდი რადგან კარგ მეანთან მოხვედრასაც ნაცნობობა ჭირდებოდა კარგი იადგილის შეძენასაც პრესტიჟულ სასაფლაოზე; ჰოდა, რაღა გასაკვირია რომ მიუხედავად ჩემი შვიდი წლის ასაკისა ნაცნობობით შემიყვანეს თბილისის ერთერთ პრესტიჟულ სკოლაში, ნაცნობობამ ესეც არ იმარა და იმდენი მოახერხა რომ საშუალო დონის მასწავლებლის ნაცვლად უმაღლესი დონის მასწავლებელთან მოვეხვედრებინე. ეს მასწავლებელი ქალაქში ცნობილი პედაგოგი, უამრავი ოქროსმედალოსნის აღმზრდელი, ამგდარი მენტორი და კიდევ ათასი ბრიყვული ეპითეტი ბატონი ნუგზარ ბერიძე გახლდათ. ნუგზარი იყო ქალაქში დაწყებითი კლასების ერთადერთი მამაკაცი მასწავლებელი, არავინ იცის რამ უბიძგა მას შორეულ სამოციანებში პედაგოგიურ სასწავლებელში ჩაებარებინა და სპეციალობად დაწყებითი კლასების მასწავლებლობა აერჩია, მაგრამ კურსზე დანამდვილებით იყო ერთადერთი მამრი და მიუხედავად ამისა მაინც ვერ სარგებლობდა გოგონებს შორის პოპულარობით და სწორედ ამიტომ თავით ფეხებამდე სწავლში იყო ჩაფლული და არა პირიქით, როგორც შეიძლება გეგონოთ თითქოს იმიტომ არ იყო პოპულარული რომ ერთთავად წიგნებში და კონსპექტებში იყურებოდაო. ნუგზარმა პედაგოგიური ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დაამთავრა და თან ისე რომ არც ერთ ეტაპაზე არავინ დახმარებია, ალბათ იმიტომაც რომ არც არავინ ჰყავდა ვინც დაეხმარებოდა, მამა ადრევე გარდაეცვალა, ქუჩის ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა და აცრა დაუგვიანეს; დედა მაშინ მოკვდა როცა ნუგზარი მეათე კლასში გადავიდა, სკოლიდან სახლში მისულს სამზარეულს სკამაზე დაუხვდა მკვდარი, ზურგით კედელს მიყრდნობოდა, თავი ოდნავ გვერდით გადაეხარა და თვალები და პირი ღია დარჩენოდა, მუხლებზე დაწყობილ ხელებზე ჯერ კიდევ შრრჩენოდა წყლის წვეთები, ალბათ სარეცხს რეცხავდა, დაიღალა ან ცუდად გახდა და ჩამოჯდა; ნუგზარმა გაიფიქრა რომ მკვდარი დედა ძალიან გავდა ტიციანის მარიამ მგდალინელს, რომლის რეპროდუქცია, როგორც ყველას, მათაც ეკიდათ მისაღებ ოთახში.
ამრიგად ნუგზარს ერთადერთი ცოცხალი ნათესავი სკლეროზიანი ბაბუა დარჩა, რომელთანაც უწევდა ცხოვრება, მისი მოვლა და პარალელურად მეცადინეობა, ჰოდა, აბა ვინ ჩაუწყობდა უმაღლესში ან მისაღებ ან კიდევ კურსიდან კურსზე გადასასვლელ გამოცდებს და ჩათვლებს? წითელი დიპლომიც თავისი მონდომებითა და სიბეჯითით აიღო. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ნუგზარი, ჯერ რომელიღაც სოფლის სკოლაში გაანაწილეს, მაგრამ იქ მალევე რაღაც ინციდენტი მოხდა, რაზეც არავინ არასდროს საუბრობდა და ნუგზარი მოხვდა თბილისის ერთერთ პრესტიჟულ სკოლაში დაწყებითების მასწავლებლად. ამდენი იმიტომ გელაპარაკეთ ნუგზარზე რომ იოლად წარმოიდგინოთ ვის პირისპირ აღმოვჩნდი შვიდი წლის ასაკში. სკოლა და განსაკუთრებით საბჭოთა სკოლა ისედაც რეპრესიული დაწესებულებაა, სადაც ბავშვებს ერთნაირ ფორმებს აცმევენ, აიძულებენ ისხდნენ ჩუმად, აკეთონ ერთი და იგივე რუტინული მოძრაობები საათების განმავლობაში, ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია ასეთ დროს სრულად ითრგუნება ბავშვის შინაგანი მე, მისი ხალისიანი და თამაშის მოყვარული ბუნება. ნუგზართან კი ამ ყველაფერს ემატებოდა სკამზე გაჯგიმული ჯდომა, ხელების ზურგსუკან წაღება და თვალების დახრა როცა ის შემოგხედავდა. მიხვდებოდით, ნუგზარი მკაცრი ხელის მომხრე იყო, უყვარდა დისციპლინა, პუნქტუალობა და ცარცის დამიზნებით სროლა ურჩი ბავშვებისთვის. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ მე როგორც მშობლებისგან მორჩილებას მიჩვეული ბავშვი არასდროს გავმხდარვარ გატყორცნილი ცარცის სამიზნე, მაგრამ ერთხელ მაინც ვიწვნიე მისი განრისხება, მაშინ პირველ კლასში ახალი გადასულები ვიყავით ნული კლასიდან და უკვე შეგვეძლო  მოკლე წინადადებების წერა, მაგრამ საქმე ის იყო ყველა ასო გამართულად დაგვეწერა, ხაზები სწორად გაგვევლო, სიმრგვალეები ლამაზად მოგვემრგვალებინა და შეცდომა არ დაგვეშვა და თუ დავუშვებდით გამოსწორება არ გვეცადა. იმ დღესაც ვისხედით ჩვენ-ჩვენს მერხებთან კალმები დაძაბულ პატარა ხელებში ისე გვეჭირა რომ თითის წვერები გავთრებოდა, ენები ტუჩის კუთხესთან გამოგვეყო და რვეულებს მთელი ჩვენი კოცენტრაციით ჩავჩერებოდით, ნუგზარი მასწავლებელი კი ნელი ნაბიჯით დააბოტებდა მერხებს შორის და, ალბათ, ძალიანაც ტკბებოდა თავისი პატარა ძალაუფლებით, რომელიც მხოლოდ სკოლის ზარით და ნაწილობრივ სისხლის სამართლის კოდექსით იყო შეზღუდული, კოდექსის შესახებ ნუგზარმა ბევრი არაფერი ივცოდა ზარის ხმაზე კი შეცბა, კლასს თვალი მიმოავლო და თავისი მაგიდისკენ გაეშურა. მე პირველ მერხზე ვიჯექი, დავალებას უკვე მოვრჩი და კმაყოფილი ველოდი როდის ჩაგვივლიდა მასწავლებელი, დაჯდებოდა თავის სკამზე, მოითხოვდა ჩვენს რვეულებს და ნახავდა ჩემს ულამაზს ნაწერს ასევე ულამაზესი ფერის ჩვეულებრივზე ოდნავ ბაცი მელნით გამოყვანილ ასოებს, რომლებიც უშეცდომოდ იყვნენ განლაგებული ქართულის რვეულის უარავ ხაზს შორის, მაგრამ სიამაყის ნაცვლად უეცრად საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ჩემი მშობლები კი იყვნენ კაცრი აღზრდის მომხრეები, მაგრამ რაც მართალია მართალია აქამდე ფიზიკურად არ ვყავდით დასჯილი, მაქსიმუმ ფსიქოლგიური ზეწოლა იყო, ერთხელ მახსოვს კევი მოვიპარე, პატარა ვიყავი კევი მინდოდა, საბჭოთა ბავშვებს ყოველტვის გვინდოდა კევი, იმდენად რომ გუდრონსაც კი ვღეჭავდიტ ხოლმე, ჰოდა, მინდოდა კევი, მამაჩემს კი სხვა ბევრი რამის კოლექციასთან ერთად უცხოური ფერად-ფერადი კევების კოლექციაც ჰქონდა, მეც ერთი წითელი ბურთულა ავიღე, ვინ შეამჩნევს მეთქი ვიფიქრე, მაგრამ მაშინვე დაღეჭვა ვერ გაბედე და ლეიბის ქვეშ დავმალე. კევის გაქრობა მაშინვე შეამჩნია ოჯახმა და მკაცრად მომთხოვა მეღიარებინა რომ მე მოვიპარე, მე უარზე დავდექი, ქურდობის აღიარება ხომ ქურდობაზე უარესი გამოდიოდა. მაშინ ოჯახმა უკიდურეს ზომას მიმართა, მამაჩემმა სამზარეულოდან უშველებელი დანა მოიტანა, რითიც ხორცს ჭრიდნენ ხოლმე, დედაჩემმა ხელი სკამზე დამადებინა და მითხრეს რომ თუ არ ვაღიარებდი ქურდობას თითს მომაჭრიდნენ, პატარა ვიყავი, მაგრამ კევზე მეტად ჩემი სხეულის ნაწილები მომწონდა და ვაღიარე ლეიბის ქვეშ არის მეთქი. ყველაფერი კარგად დასრულდა ჩემი თითიც გადარჩა, კევიც დაუბრუნდა კოლექციას და მეც ისე აღარ მინდოდა ეს გემრიელი და ლამაზი დასაღეჭი გასართობი. იმას ვამბობდი ფიზიკურად არ ვყოფილვარ იქამდე დასჯილი მეთქი და ამიტომ ის ტკივილი, რაც მაშინ კლასში ჯდომისას ვიგრძენი აბოლუტურად მოულოდნელი და უცხო იყო, ჯერ ავტირდი და მერეღა მივხვდი რომ ტკივილით ყური მტკიოდა, რომელში თავისი ბეწვით დაფარული ღონიერი თითები ჩაევლო ნუგზარს, ზიზღით დაჰყურებდა ჩემს რველს და რაც შეეძლო ატრიალებდა ჩემს ბიბილოს: - მეორედ არ დავინახო ასეთი ბაცი პასტით ნაწერი! - გამოსცრა ბოლოს კბილებში, ყური კიდე ერთხელ აქაჩა და თავისი მაგიდისკენ წავიდა. მე ვტიროდი, ყურზე ხელს ვისვამდი და ვგრძნობდი როგორ მოწვეთავდა რაღაც ბლანტი იმ ადგილიდან სადაც ადრე ყურის ბიბილო ყბას უერთდებოდა.
როგორც ვთქვი ჩემი მშობლები ბავშვის მკაცრი აღზრდის მომხრეები იყვნენ და როდესაც სახლში ყურახეული მივედი მკაცრად მკითხეს თუ რა დავაშავე, პასუხის მოსმენის შემდეგ კი ჩემი ლამაზი კალამი ჩამომართვეს და მის ნაცვლად სტანდართული საბჭოური მომცეს, რომელიც სწორედ იმ სიმუქის მელანს ატარებდა გულში რაც საჭორი იყო ნუგზარის დასამაშვიდებლად. და საერთოდაც ეს ის დრო იყო მასწავლებელი მით უფრო კარგად რომ ითვლებოდა რაც უფრო მკაცრი იყო, მეტი კრიტერიუმი არ იყო საჭირო „ისეთი მკაცრია“ იტყოდნენ და ეს ნიშნავდა რომ უმაღლესი დონეა. კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით და თუ საკუთარ თავზე არ გამოგიცდიათ ეს სიმკაცრეები იოლად მიხვდებით რაზე ვწერ. იმ დროს ნახევარი საქართველო ქართულ ცეკვაზე დადიოდა, სუხიშვილების საცეკვაო ანსამბლის  საერთაშორისო წარმატებამ პოპულარული გახდა ფოლკლორი, ყველაზე კარგ მასწავლებლებზე კი ღიმილნარევი ჩურჩულით ყვებოდნენ: უი, ისეთი მკაცრია, სულ დედას აგინებს ბავშვებს. აბა არ გაუკეთო რაც უნდა! ერთი დიდი ჯოხი აქვს და ფეხებში ურტყამს. ამეებს და ასეთებს ისევ აღფრთოვანებული მშობლები ყვებოდნენ, ისე თითქოს ცხენი ვერ გაეხედნა მავან გლეხს და გასახედნად სპეციალისტთან მიეყვანა ეს კი მისი მუშაობიტ კმ,აყოფილი დარჩენილიყო.
რაც უფრო წინ მივიწევდით მაღალი კლასებისკენ სკოლის ცხოვრება უფრო და უფრო მკაცრდებოდა, აქ ყველა ყველას ერჩოდა, მასწავლებლები მოსწავლეებს, დირექტორები მასწავლებლებს, მშობლები დირექტორებს, მასწავლებლებს და მოსწავლეებს ერთად; იყო ნეგატიური, პოზიტიური და რაღაც ამათ შორის რომ არის და სახელი არ აქვს ისეთი დისკრიმინაციის ზეიმი; ცალკე უნდა აღინიშნოს მოსწავლეების ერთმანეთთან ურთიერთობა, ჯერ კიდევ სამოციან წლებში სტენფორდის ექსპერიმენტმა მშვენივრად დაამტკიცა რომ თუ ადამიანების ჯგუფს ერთ სივრცეში მოათავსებ დიდი ხნის განმავლობაში, მათი ერთი ნაწილი აუცილებლად დაიწყებს მეორე ნაწილის დაჩაგვრას (სინამდვილეში სტენფორდის ექსპერიმენტმა ცოტა სხვა რამ დაამტკიცა, მაგრამ ეგ არაა მნიშვნელოვანი) და არ შველის ამ ამბავს „ბულინგის საწინააღმდეგო კვირეული“, „ჰეშტეგი არაბულინგს“ და მსგავსი მიამიტობები რაც ახალმა საუკუნემ მოგვიტანა. სკოლას არაფერი მოაქვს თქვენი შვილებისთვის, ის არაფერს ასწავლის მათ, უბრალოდ ბოლოს ვიღებთ ფსიქოლოგიურად გატეხილ, მორალშერყეულ ყოფილ ბავშვებს.
ერთი კი მართალია სკოლა ნამდვილად არის მოსაზმადებელი საფეხური უმაღლესი სასწავლებლისთვის, რადგან ბავშვის განადგურება წარმატებით გრძელდება უნივერსიტეტებში სადაც ვირთხების რბოლას აწყობენ დიპლომის მისაღებად ხოლმე.
ყველაფერი მისაღები გამოცდებით იწყება, ჩემს დროს მისაღები გამოცდები იყო კონკურსი აბა ვისი მამა იცნობს უფრო გავლენიან პროფესორს ან აბა ვისმა მამამ შეძლო პრესტიჟულ ფაკულტეტზე მოსახვედრად საკმარისი ქრთამის მოგროვება და ამ დროს აბსოლუტურად სულ ერთი ოიყო შენ პირადად კარგად სწავლობდი რეპეტიტორებთან თუ არა (რეალური ცოდნის მიღება მაშინ მხოლოდ რეპეტიტორებთან შეიძლებოდა და ცოდნაში ვგულისხმობ მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად საკმარის ცოდნას და არაფერს მეტს), მივიდოდა მამა, მისცემდა საჭირო კაცს საჭირო რაოდენობის ფულს და შენ უკვე სტუდენტი იყავი. რაღა გასაკვირია რომ სტუდენტების უმრავლესობა უმაღლეს სასწავლებელში არაფერს სწავლობდა, მათ ხომ იცოდნენ რომ საჭირო რეზულტატისთვის მხოლოდ ფულია გადასახდელი. მაგრამ ასევე იყვნენ და არიან სტუდენტები რომლებიც დღე და ღამ არ ჩერდებიან სწავლობენ, სწავლობენ, სწავლობენ, ათენებენ ღამეებს, იკვებებიან ცუდად, ინადგურებენ ჯანმრთელობას ზუსტად იმ წლებში როცა სიცოცხლიტ ტკბობა უნდა ისწავლონ, როცა უნდა უყვარდეთ და იყვნენ სხზვისგან შეყვარებულები, უნდა დაიხარჯნონ ბოლომდე წერონ ლექსები, ხატონ, დაუკრან, იმღერონ იცეკვონ, იცეკვონ, იცეკვონ, მაშინ როცა მთელი დრო საკუთარ თავს უნდა დაუითმონ ისინი დროს მათემატიკურ ფორმულებს, გრამატიკის წესებს და დიდი ხნის წინ მკვდარი ხალხის მოგონილ სიბრძნეებს ახარჯავენ. შედეგად ვიღებთ ორ კასტას, მდიდრების რომელთა მომავალი განსაზღვრულია მათი მამების კეთილდღეობით და მონდომებულების, რომლებიც განწირულები არიან სიცოხლის ბოლომდე მანქანებივით იმუშაონ სანამ ექსპლუატაციის ვადა არ გაუვათ. აი ასეთ სისტემას ვაშენებთ ან ხელს ვუწყობთ ან ვაქებთ ან არაფერს ვაკეთებთ რომ შევეწინააღმდეგოთ და მერე გვიკვირს, „რა ჭირს სამყაროს ტო?“
თქვენ იკითხავთ რომელ მხარეს აღმოვჩნდი მე, არც ერთ მხარეს, თავიდან როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე ვიფიქრე რომ ბევრი უნდა მემეცადინა, ბევრი უნდა მეკითხა, თავი გამომეჩინა, ასეც მოვიქეცი, მახსოვს კვირების განმავლობაში ვიმუშავე ჩემს საკურსოზე, ასე ერქვა მცირე ნაშრომს რომელიც კურსიდან კურსზე გადასასვლელად უნდა შეგექმნა, ჰოდა, შევქმენი, ბიბლიოთეკებში ვათენებდი და ვაღამებდი, ვეძებდი და ვაანალიზებდი წყაროებს, ვწერდი და ვწერდი, დავწერე შავად, გადავათეთრე, წერტილ-მძიმეებიც კი სწორად დავსვი და ორმოცდარვაფურცლიანი რვეული მთლიანად შევავსე, მივიტანე ხელმძღვანელთან, რომელიც იმ მომენტში ვიღაცას ელაპარაკებოდა და ამაყი სახით გადავეცი და ამ დროს ვიგრძენი ტკივილი, იმედგაცრუების ტკივილი სადღაც მუცელსა და გულს შორის, ხელმძღვანელმა ბოლო გვერდზე გადაშალა, ო გიმუშავიაო თქვა, ოთხიანი დამიწერა და გამომიშვა. მაშინ მივხვდი რომ ბრძოლას აზრი არ აქვს ვერც ზუბრიაჩკებს და ვერც მდიდრებს კონკურენციას ვერ გავუწევდი დავნებდი და დავიწყე დალევა. თუმცა ეს მერე იყო, მანამდე სკოლას მივუბრუნდეთ სადაც თერთმეტი უსარგებლო წელი გავატარე და დარწმუნებული ვარ უმრავლესობამ თქვენგანამაც ან გაატარა ან ახლა ატარებს ამიტომ ჩემი მანიფესტის მეორე მოწოდებაა: მოერიდეთ ბავშვები სკოლებს! არ გააკაროთ მასწავლებლებს! თუ ვინმე გეტყვით რომ საშუალო სკოლა და განათლება აუცილებელია აიღეთ გეომტრიის წიგნი და პირდაპირ თავში ჩაარტყით, სასურველია წიბოთი.
მეშვიდე კლასში ვიყავი ამბები რომ ატყდა, დიდმა და უძლეველმა საბჭოთა კავშირმა რღვევა დაიწყო. თავისუფლებისა და სხვა რაღაცების მოთხოვნა რაც საბჭოთა კავშირში ძნელად მოიპოვებოდა საშიში აღარ ჩანდა და თუ ადრე პატრიოტიზმი ერთი-ორი ცოტა უცნაური ადამიანის ექსკლუზივად ჩამნდა ახლა ყოველ მეორეს შეეძლო თავი დაედო რომ პატრიოტი ვარო, მუშტად შეკრული ხელი ზეაეღმართა და პირველი ქართული რესპუბლიკის სამფეროვანი დროშაც კი დაემაგრებინა სადმე გამოსაჩენ ადგილას. ჩვენ ბავშვები ვიყავით და დიდად ვერც ვხვდებოდით რა ხდებოდა, მაგრამ რაღაცის წინააღმდეგ წასვლა უკვე საინტერესოდ ჟღერდა და როცა ისტორიის მასწავლებელი შემოვიდა და გვითხრა დღეს მთავრობის სახლის წინ აქციაა და ვინ წამოხვალთო მე ვიყავი ერთერთი პირველი ვინც ხელი აწია. მთელი კლასი გავყევით, აღარ მახსოვს რა თემაზე იყო მიტინგი, ჯერ კიდევ პოლიგონის მოშორებას ვითხოვდით დავით გარეჯის სამონასატრო კომლექსისგან თუ უკვე დამოუკიდებლობას, მახსოვს ბევრი ხალხი იყო, რაღაც მომენტში ვიღაცამ დაიძახა დავსხდეთო და პირდაპირ ასფალტზე დავჯექით. მაშინ მეგონა რომ ასეთი ამაღლებული მომენტი აღარასოდეს განმეორდებოდა საქართველოს ისტორიაში, სახლში მისულმა სახატავი რვეულიდან ფურცელი ამოვხიე, ზედ პირველი რესბულიკის დროშა დავახატე და მაცივრის ქვეშ დავმალე, მორჩა, მეც დისიდენტი ვიყავი.
ერთ წელიწდში ცხრა აპრილი მოხდა, მაშინ მომაკვდმა იმპერიამ თითქმის უკანასკნელად გამოაჩინა ბრჭყალები და მშვიდობიანი მომიტინგეები სასანგრე ნიჩბებითა და მომწამლავი გაზით დახოცა, ეს ამბავი მაშინ გავიგე როცა ჩემი კალათბურთის ბურთი მეჭირა ხელში და ვამომწმებდი დასაბერი ხომ არის მეთქი, მეზობელმა უთხრა მეორე მეზობელს წუხელ რუსთაველზე ხალხი დახოცესო, მე ვნახე რომ ბურთი დასაბერი არ იყო და ეზოში ჩავედი. მხოლოდ მესამე თუ მეოთხე დღეს გავაცნობიერე რომ უნდა დავმწუხრებულიყავი და გავბრაზებულიყავი, უფროსების დამწუხრებულობამ და გაბრაზებამ მიმახვედრა.
მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ უწინდელ ამბებს, ამ ამბებში მონაწილე ადამიანებს ვხვდები რომ პატრიოტიზმი მარტო ნაძირალების კი არა, ფარისევლების, ბრიყვების, რეგვენების, მოღალატეების და კონფორმისტების უკანასკნელი თავშესაფარიცაა. იოლია ცხოვრება როცა პატრიოტი ხარ აპრიორი ყველასთან მართალი ხარ, მორალური უპირატესობა გაქვს ნებისმიერ სიტუაციაში, აი წარმოიდგინეთ თქვენი ქვეყანა დაიპყრო სხვა, უფრო ძლიერმა ქვეყანამ, თქვენ ხართ პატრიოტი, იმდენად პატრიოტი რომ თქვენი გული სიბრაზით ივსება როცა ხედავთ რომ თქვენი სამშობლო სხვის ხელშია, იწყებთ საპროტესტო მოძრაობას ან შეიარაღებულ აჯანყებას ან შეთქმულებაში მონაწილეობთ ან იმპერიის მტრებს ურიგდებით, მოკლედ რაღაცნაირად გამოდიხართ იმპერიის წინააღმდეგ, რაღა თქმა უნდა გაპატიმრებენ და გსვამენ ციხეში, მიუხედავად ამისა, თქვენ ხართ გმირი რადგან ხართ პატრიოტი. აი ავიღოთ სხვა მოქალაქე, რომელიც არც პატრიოტია და არც არაფერი, უბრალოდ ქუჩაში უმიზნოდ ხეტიალისას ძალიან, ძალიან მოეწონა თანამოქალაქის ავტომობილი, დაელოდა დაბნელებას, საგანგებო სღებით გააღო მანქანის კარი და გაიტაცა. საბოლოოდ რა თქმა უნდა მასაც იჭერენ და სვამენ საკანში თქვენს გვერდით. ვინ არის ის? ქურდი და არავითარი მორალური უპირატესობა არავისთან არ აქვს, ის არავის არ მოსწონს და ვერავისთან იქნება მართალი. ამიტომ პატრიოტობა ძალიან მომგებიანია და იმიტომაცაა რომ ამდენი ნაძირალა სწორედ მასში ეძებს თავშესაფარს, ბოლოს კი როცა ნაძირლების რიცხვი მრავალჯერ გადააჭარბებს იდეალისტების რიცხვს პატრიოტიზმი მარგინალდება, მიინავლება და კვდება. ის სასაცილო ხდება, პატრიოტებს დასცინიან, ამასხარავებენ და აქ იწყება უკუპროცესი, ნაძირლები შორდებიან პატრიოტიზმს და იქ ისევ თითო-ოროლა იდეალისტი რჩება. რაც სამწუხაროდ გვიქმნის ყალბ იმედს რომ ამჯერად მაინც სუფთა და უანგარი იქნება ეს გრძნობა, გმირები თავისი გმირობით გვატყუებენ და თავისდაუნებურად წინ მიუძღვიან ნაძირალათა არმიას. ჩვენი ქვეყნის პატრიოტული აღტკინების პირველი სერია იმით დამთავრდა რომ ხალხის უმრავლესობის მიერ პრეზიდენტად არჩეული ადამიანი ექვს თვეში იარაღით ჩამოაგდეს ოის ამომრჩეველი კიდე ამ პროცესის საყურებლად სახლიდან მოტანილი სკამებით შორიახლოს ჯდებოდა ხოლმე და საღამოს ისევ სახლში მიდიოდა.
ამის შემდეგ იმ იარაღიანმა ხალხმა თქვა ეგენი კი არ იყვნენ ნამდვილი პატრიოტები ჩვენ ვართო და ახლავე დაგიმტკიცებთო და იმ არანამდვილი პატრიოტების დევნა ხოცვა დაიწყეს; მერე კიდე სხვანაირი პატრიოტები მოვიდნენ, მერე კიდე სხვანაირი და საერთოდ ისეთ წარმოდგენა შეიძლება შეგექმნას ადამიანს რომ საქართველოში ორ კაცს ვერ იპოვი რომლებსაც შეუძლიათ შეთანხმდნენ რა არრის კარგი მათი ქვეყნისთვის, არადა ქვეყნის ნამდვილი სიყვარული, მამულიშვილობა და კიდევ ათასი პათეტიკური სიტყვა სწორედ ეგაა შეძლო შეთანხმდე სხვასთან რა არის შენი ქვეყნისთვის კარგი. თორემ ის ინდივიდუალური გმირები, რომლებიც მტერს თავს შეწირავენ თავისი სამშობლოსთვის ჩვენს ხალხს მხოლოდ სადღეგრძელოებად ყოფნის. რაღა გასაკვირია რომ ამ ყველაფერმა იმედგაცრუება გამოიწვია. სახლში ერთი ძველი ფოტო მაქვს, სოფელშია გადაღებული, იმდროინდელია ფოტოგრაფები სოფელ-სოფელ რომ დადიოდნენ და საოჯახო ფოტოებს იღებდნენ - მოვიდოდა ფოტოგრაფი სამბორბლიანი მოტოციკლეტით, დალაგდებოდა ოჯახი: ბებია, ბაბუა, დედა მამა, შვილები, შეიძლება, ბიძაშვილ-მამიდაშვილებიც, ფოტოგრაფი რაღაცას იხუმრებდა ფუჭი იმედით ეს ხალხი გავაღიმოო, ჩხაკ და ფოტო მზადაა, ქვემოთ მინაწერით ამის და ამის ფოტოო. მერე ამ ფოტოზე უკან ხელით მიაწერდნენ ვინ იყო ზედ გამოსახული, ვინ რამდენი წლის იყო გადაღების მომენტში და რუდუნებით შეინახავდნენ საიჯახო ალბომში, მოკლედ მთელი რიტუალი იყო, ალბათ ამიტომაც ასეთი ფოტო შორეული ან შორს მცხოვრები და ახლო ნათესავებისთვის კარგ დსაჩუქრად ითვლებოდა. ჰოდა ერთი ასეთი ფოტო მაქვს მე პატარა ვარ, ოღონდ ოპერაციები უკვე გაკეთებული მაქვს მარჯვენა პროფილს არ ვმალავ, ჩემს უკან მამაჩემი დგას, ხელი ჩემს მხარზე უდევს, მოდუნებული, თავისუფლად არის დასვენებული. ჩემს წინ ჩემი პატარა დეიდაშვილი, მე მის მხარზე მიდევს ხელი ზუსტად მამაჩემივით, მამაჩემის გვერდით, ბიძაჩემია, მზის სათვალე უკეთია და ცდილობს ისე გამოიყურებოდეს თითქოს გუშინ ბევრი არ დაულევიათ და ახლა საშინელ პახმელიაზე არ არიან, მაგრამ მამაჩემის დამძიმებული მზერა და ოდნავი ღიმილი ყველას ყიდის. მის გვერდით კიდევ ორნი, ისინი არ ვიცი ვინ არიან კაცი და ქალია, იქნება ალბათ, სადღაც 84 წელი, ფოტოზე ყველა უფროსს უდერდაელი გამომეტყველება აქვს, მათი მომავალი განსაზღვრულია, არავითარი კატასტროფა არ ემუქრებათ, არადროს მოშივდებათ და ბავშვებიც ყოველთვის მაძღარი ეყოლებათ, ვერ გრძნობენ, არ იციან რომ ეს სამყარო რასაც ასე შეეჩვივნენ და შეეზარდნენ სულ მალე ჩამოინგეევა და  რეალურად  ექნებათ რამე საკეთებელი რომ გადარჩნენ. აი ასეთ ხალხს მალევე დაეწყო იმედგაცრუება და ეს გასაგებიციაა, როცა მამაშენი რაიკომის მდივანია, ან საწყობის გამგე, ან რომელიმე უმაღლესში კომისიის წევრი და შენ ორმოცი წლის ასაკში ისე, უბრალოდ გიწევს სამსახურში სიარული რომ შენი ჯიბის ფული გქონდეს დანარჩენს კი მამაშენი უზრუნველყოფს და უცებ ეს ყველაფერი მთავრდება გგონია რომ მიწა გამოგეცალა ფეხქვეშ, გგონია რომ უფსკრულში ვარდები და სუნთქვა შეკრული ცდილობ რაღაც გაიფაფხურო, რაღაც საქმეს მოკიდო ხელი, მაგრამ არაფერი არ გამოდის რადგან შენი მენტალური კუნთები, რომლებმაც მოძრაობაში უნდა მოგიყვანოს და წინ წაგიყვანოს, ატროფირებულია.  ამიტომ როგორც ის თოკები გაწყდა, რომლითაც საბჭოეთი მის მოქალაქეებს მართავდა უმრავლესობა მათგანი უკან წავიდა, იქ კი, უკან ორი რამ იყო მხოლოდ: კომუნისტური წყობის ნოსტალგია, როცა ფული, საჭმელი და ხშირად ფუფუნება ციდან ცვიოდა და რელიგიურობა, სადაც გარწმუნებდნენ რომ სიღარიბე ცუდი კი არა, კარგია.
პატრიოტიზმმა ჩვენს ქვეყანაში ვერ იმუშავა, პირიქით, შეგვიძლია ვთქვათ რომ საკმაოდ მავნებლური იდეოლოგიაც გამოდგა, საყოველთაო ნიჰილიზმი გამოიწვია და შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ რომ:
ძირს პატრიოტიზმი! ჩოხიან კაცს რომ დაინახავთ ჩონგურით ხელში შავლეგოს ან ჩაკრულოს მღეროდეს ან ფეხზე წამომდგარი ამბობდეს საქართველოს სადღეგრძელოს ანდაც ტელევიზიით გამოდიოდეს და ქართველ ერს იცავდეს ათასგვარი გარყვნილებისგან შეგიძლიათ პირდაპირ შეაფურთხოთ სახეში ამით თქვენ შეუფასებელ საქმეს გაუკეთებთ სამშობლოს.
სანამ გავაგრძელებ. მანიფესტი მანიფესტად კი კარგია, მაგრამ რა ძალა ექნება თუ არავინ წაიკითხავს, შემიძლია, რა თქმა უნდა, ჩამოვიარო ყ ველა ბინა და ყველა სახლი თბილისში და ამობეჭდილი მანიფესტი კარზე მივუკრა, მაგრამ საკმარისი ეფექტი ამას არ ექნება. შემიძლია სარეკლამო დრო ვიყიდო რომელიმე ტელევიზიაში ან რადიოში და იქ გავუშვა, მაგრამ რეკლამას სერიზულად არავინ უყურებს, ამიტომ მოვიფიქრე როგორ მივიტანო ჩემი მოწოდებები თითოელი მოქალაქის გულთან, როგორ შევძინო მას სასურველი სიმძიმე და როგორ ჩავუბეჭდო ადამიანებს თავებში. მოვიფიქრე, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
1992 წელს გავხდი სტუდენტი და ყველა ვისაც ოდესმე უთქვამს: სტუდენტობა საუკეთესო ხანაა ცხოვრებაშიო, მთელი გულით შემძულდა.  ხუთი წელი თსუ გეოგრაფიის ფაკულტეტზე მახსოვს როგორც ერთი დიდი და ცივი ზამთარი. აი, ამერიკულ ფილმებში რუსეთის ან აღმოსავლეთ ევროპის ჩვენება რომ უნდათ და დათოვლილ, დანგრეულ და ღარიბ ქალაქებს რომ გვაჩვენებენ ხოლმე ეგ იყო ჩემი სტუდნეტობა.
სკოლაშიც მყავდა მეგობრები, როგორ არ მყავდა, განსაკუთრებით მეშივიდე კლასამდე, მაგრამ როგორც კი ბიჭებში და გოგოებში სხვდსხვა ქიმიებმა დაიწყეს დუღილი მე და ჩემნაირები, ვინც ბიჭებს კონკურენციას ვერ უწევდნენ და გოგოებს ვერ აინტერესებდნენ, ბუნებრივად მივჩოჩდით სოციალური სათამაშო მოედნის კიდეში სადაც ერთმანეთისათვის ზემოდან ყურებას ვცდილობდი, მაგრამ არ გამოგვდიოდა, რადგან ზუსტად ერთი ზომისანი ვიყავით. ამიტომ სკოლის დამთავრება და იქაური ნაცნობ-მეგობრების დავიწყება ჩემთვის ერთი იყო. უნივერსიტეტში ჩაბარება კიდე რესეტივითაა, დააჭერ ღილაკს და შენი ცხოვრება თითქოს თავიდან იწყება, (ერთი ეგაა ცოტათი გაცვეთილი ხარ) აქ არაა ხალხი ვინც გიცნობს, ვისთვისაც ყველა სტერეოტიპი ცნობილია შენზე, ახალი ნაცნობების გონება სუფთა დაფაა რომელზეც შეგიძლია შენი ავტოპორტრეტი ისე დახატო როგორც მოგესურვება, ოღონდ ხატვაც უნდა იცოდე.
მე კიდევ ერთი უბედურება მჭირს გაცნობისას კარგ შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ მალევე ვბეზრდები ხალხს, მარტო მეგობრობას არ ეხება, ქართულში რომ ვემზადებოდი ჩემი ქართულის მასწავლებელი პირველ კვირებში დედაცემს მადლობის სათქმელად ურეკავდა ხოლმე ეს რა შვილი გაგიზრდიათო, ერთ-ორ თვეში კიდე ტორტის ბისკვიტო რო ჩაგივარდება იმას გავს თქვენი შვილიო ნაღვლიანად ეუბნებოდა. მაგრამ ეს სხვა ამბავია ახლა მინდა მოგიყვეთ იმაზე თუ რატომაა ზოგადად მეგობრობა სრული ფარსი და სიყალბე. პირველივე დღეს როდესაც გადაჭედილ აუდიტორიაში შევედი ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი ბიჭი დავინახე, ბიჭი საერთო რუხი მასისგან ფერადი ტანსაცმლით გამოირჩეოდა და ღიმილით იქცევდა ყურადღებას იმ დროს და იმ ქალაქში თითქმის აღარავინ იღიმოდა და იმიტომ. მე რომ მაშინ ის მცოდნოდა რაც ზემოთ დავწერე რესეტის ღილაკზე და ახალი ნაცნობების გონებაზე იმ მომღიმარ ბიჭს კი არა აუდიტორიის უკანა მერხზე ნახევრადწამოწოლილ, ძვირიან ტყავის ქურთუკში ჩაცმულ და ორიგინალი რეიბანის ზემოდან დამცინავად მომზირალ მუტრუკს მივუჯდებოდი გვერდით, მაგრამ სკოლიდან გამოყოლილი უნარ-ჩვევები მკარნახობდა რომ სწორედ იმ ფერადი ტიპის გვერდით უნდა შემოვსკუპებულიყავი ფანჯრის რაფაზე რადგან მასაც ისევე დაჭირდებოდა ჩემთან მეგობრობა როგორც მე მასთან, იმ მუტრუკისათვის კიდე რა უნდა შემეთავაზებინა? გრაფი მონტე კრისტოს მოკლე შინაარსი? თუ ქუინის ბოლო ალბომის რეცენზია?
ლექციის ბოლოს ვიცოდი რომ ამ ფერად ტიპს გურამი ერქვა, ცხოვრობდა ჭიათურაში, უყვარდა მიქელანჯელო ანტონიონი და წერდა ლექსებს დღის ბოლოს გავიგე რომ არა ჩვეულებრივ ლექსებს არამედ არაკოვენციურს 25 წლის წინ თთრს რომ ეძახდნენ და 15 წლის წინ ვერლიბრს.
კვირის ბოლოს პრველა დავთვერით ერთად.
თვის ბოლოს უნივერსიტეტის ბაღის ბოლოში ერთად გაგვძარცვეს.
სემესტრის ბოლოს ერთნაირად შეგვეტენა ჩათვლები (იმიტომ რომ ერთნაირად ვაცდენდით ლექციებს)
და წლის ბოლოს ერთად შევქმენით სტუდენტური პოეზიის თეატრი.
მოკლედ, თითით საჩვენებელი მარგინალები ვიყავით ჭრელი, ზომაზე დიდი ტანსაცმლით, უცნაური ვარცხნილობებითა და გამომწვევი ქცევებით, ასეთი ხალხი სამოცდაათიანი წლების ლონდონშიც იწვევდა გაღიზიანებას არათი ოთხმოცდაათიანების თბილისში და ერთი-ორჯერ ცემას მხოლოდ იმიტომ გადავრჩით რომ ადგილობრივ აგრესორებს ჩვენი ლექსები მოსწონდათ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები