ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2021


წერილი ცოლს

ადრე როდესაც ჩვენს სიყვარულს სულ სხვა სახელი
ერქვა, ფორმები არ გააჩნდა, დადგენილება
არ ჰქონდა ზუსტი და ბოლომდე, ფართოდ გახელილ

თვალით საზღვარი არ უჩანდა, როცა წყვილებად
იკრიბებოდნენ ჩვენს გარშემო, ჩვენი სტატუსი
იყო სიგიჟე, იყო ზრუნვა, იყო ცვლილება.

ახლა კი მქვია შენი ქმარი ყველა გრადუსით
მხედავ და ვიცი არ გიყვარვარ უფრო ნაკლებად,
მე შენს სიყვარულს წლებია რაც ასე ბრმად ვუზი-

ვარ და სხეულში ვნების გველი დაიკლაკნება.
მე არ ვვარგვივარ შენ გარეშე, მხედარმთავარი
ჩემგან არ შედგა
არ ვვარგივარ ვაშლის საკრეფად

და არც არაფრად არ ვვარგივარ. შენსკენ მავალი,
მუდმივ მგზავრად თუ გამოვდგები, შესაძლებლობა
ამის ნაღდად მაქვს, და მკერდიდან შენთვის ავარდნილ

გულს
ვერ დავიჭერ ჭაობებში ვერ ჩაეფლობა.
მე შენით მძინავს, შენით ვსუნთქავ შენით ამაყი,
მე შენით მადგას გვირგვინი და ჩემი მეფობა

სწორედ ეს არის. გაჭიმული ჩვენი ჰამაკი
ვიცი რომ მუდამ იქანავებს ისე აბია,
და თუ დავმარცხდი მაპატიე, მღვდელი პარაკლისს

არ დამამადლის და გრანიტი ეპიტაფიას.
მაინც ხომ ხედავ ჭაობია. ორი ლოტოსი
უნდა გადავრჩეთ, ვიყვავილოთ. ჩვენი კაფეა

ქილა ლუდი და სანაპირო, ჩვენს ძველ ფოტოში
ისე კარგად სჩანს ყველაფერი, თითქოს სარკეა
ბედნიერების. გაიყოლებ ჭადრის ფოთოლსაც

სახლში და სწრაფად დაივიწყებ იმ ჩემს მანკიერ
ქცევებს, რომლებიც დღეს აღარ მაქვს საოცარია,
რაც უფრო მეტად დავჭკვიანდი, გამოვარკვიე

რომ შენ სხვაგვარი შემიყვარე ასე ძალიან
და რადგან შეგრჩი მელოტი და ცოტა უხეში
უფრო გიყვარვარ, რათქმაუნდა ჩემი ბრალია -

დავიმსახურე. (ვაკანსია არ მაქვს უღელში)
თუმცა ჩემს გამო ცრემლი ბევრჯერ ბევრი გიღვრია
და ვარ ავტორი ამ ლექსის და შენი წუხილის

მაინც ჩავთვლი და მაინც გეტყვი რომ თავს იღბლიან
კაცად ვთვლი, რადგან სიყვარული ჩვილი, სათუთი
შემოგვეზარდა ხელებს შუა, სულ სხვა ხიბლი აქვს

ცაცხვის ხესავით ცაში აჭრილს, სწორად დატოტვილს.
გთხოვ მაპატიო ყველა შიში, ყველა ნაღველი
ყველა სიმხდალე, ბოდიშს გიხდი გულით, ფართოთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები