ნაწარმოებები



ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: პროზა
20 აგვისტო, 2021


ეგო (თავი 1)

EGO – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”მე”-ს; ”მე” არის ფსიქიკური სტრუქტურა, რომელიც ყველაზე ცნობიერია, და შესაბამისად, იგი არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიღებაზე.
”მე” რეალობაზე დაყრდნობით მოქმედებს და მისი უდიდესი ნაწილი ცნობიერია.
ზიგმუნდ ფროიდი

                                                                                                                თავი 1
დილის შვიდი საათიდან რეკავდა ტასოს ტელეფონი.  ჩვევად ჰქონდა ძილის დროს ტელეფონს ხმას ჩაუწევდა და თავთან იდებდა. წინა ღამეს ბევრი იმუშავა, ისეთი დაღლილი იყო არც უვახშმია, წყალი გადაივლო და დასაძინებლად დაწვა. უარყოფითი ენერგიების სრულად „ასხლეტვას“ ბოლომდე მიჩვეული არ იყო, ამიტომ რთული სამუშაო დღის შემდეგ ემოციურად ძალიან იღლებოდა. იმ დღესაც ასეთი შემთხვევა ჰქონდა. შეეცადა მიღებული ინფორმაციებისგან გათავისუფლებულიყო. გვიანი ღამე იყო, ტელეფონს ხმა რომ ჩაუწია და საწოლთან ტუმბოზე დადო, ვერ შეამჩნია, შემთხვევით სრულად უხმოზე რომ გადაიყვანა. ამიტომ ტელეფონი დილის შვიდი საათიდან გაუთავებლად რეკავდა, ვიბრაციაც კი არ ჰქონდა მისი გაღვიძება რომ შეძლებოდა. რვა საათზე მაღვიძარა ჩაირთო, ტასომ სმარტფონის ეკრანს თითი გადაუსვა, გააჩუმა და ძილი გააგრძელა, 10 წუთში მეორედ დარეკა. ტასოს ყოველთვის ორ დროზე ჰქონდა მაღვიძარა დაყენებული, პირველი რომ აღვიძებდა არ დგებოდა, მეორე მაღვიძარამდე 10 წუთს უდარდელად იძინებდა და ამის გამო ყოველთვის კარგი განწყობით დგებოდა. ფიქრობდა ეს 10 წუთის ძილი იყო ის თავისუფალი ნება რომელიც იძულებით გაღვიძებას და ნებაყოფლობით ადგომას შორის ჰქონდა დატოვებული. დილას ადრე გაღვიძება არ იყო მისი ძლიერი მხაარე. მაქსიმალურად იყენებდა ყველა შესაძლებლობას, ოღონდ კი სძინებოდა. იმ დილასაც ასე იყო, წამოდგა და ტელეფონი ხელში აიღო, ნახა რომ ბევრი გამოტოვებული ზარი ჰქონდა. „ნეტავ რა მოხდა, რამდენი ურეკიაო“- გაიფიქრა და მაშინვე გადარეკა. ცუდი ამბის მოლოდინმა შიში მოჰგვარა.  ჯერ ისევ ნამძინარევი ხმა ჰქონდა, კარგად გამოფხიზლებულიც არ იყო. დეიდამ პირველივე ზარზე უპასუხა. ტასომ კითხვა შეაგება:
- ხომ მშვიდობაა?!
- კი დეიდა, რა გვიჭირს, გადავრჩით.
- რა მოხდა?
- ჩამოდი რა.
- რა მოხდა აღარ იტყვი?!
- არ მინდა განერვიულო დეიდას სიხარულო, ჩამოდი და მოგიყვები.
- ვაიმეე, რა ჩამომიყვანს ასე დაზაფრულს, მითხარი ადამიანო.
- არ შეშინდე კარგი?! კარგად არის უკვე, გადარჩა.
- რა მოხდა რაა, გამიწვრილდა გული.
- მაკამ წამლები დალია...
- რა წამლები?...
- დამამშვიდებელი დალია ბევრი...
- ვაიმე...
- ნუ გეშინია კარგადაა.
- ცოცხალია?
- კი დედიკო კი ცოცხალია, გადარჩა. - ქალმა თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. ტელეფონი სახეს მოარიდა, პირზე ხელი მიიფარა და შეეცადა დამშვიდებულიყო. თავზარდაცემული ტასოც ჩუმად იყო, თვალები გაუშტერდა და ფიქრობდა, რაღაცას ფიქრობდა, ბევრს და ბევრ რამეზე. ტელეფონი თითებით მაგრად ეჭირა და ყურზე ძლიერად იდებდა.
- დამალაპარაკე!
- ახლა ვერა დედიკო, სძინავს.
- არ მომატყუო, ცოცხალია?
- კი დედა კი, ცოცხალია, არ გატყუებ შვილო, ამას როგორ მოგატყუებ. ჯერ ისევ რეანიმაციაშია. ექიმმა თქვა საღამომდე ასე გავაჩერებ და მოვხსნიო. დროზე ვუშველეთ დედა.- ქალს ისევ ემოციები მოეძალა და ატირდა. ამჯერად აღარ უცდია დამალვა, ტირილით საუბარი განაგრძო.
- დედაშენს გაუარე და წამოიყვანე რა, ჩემს თავს გაფიცებ დეიდა სწრაფად არ იარო, გეხვეწები რა.
- არა, ნუ გეშინია, არ ინერვიულო. - შოკირებულმა ტასომ ძლივს ამოილაპარაკა.
- კარგი დედიკო.
- კაი. - ტასომ ტელეფონი ლოგინზე დადო და თვალგაშტერებული მიაჩერდა მის წინ კარადის სარკეში არეკლილ საკუთარ თავს. დასიებული ჩაშავებული თვალები და გაბურძგნული მოკლე თმა მის დაღლილობას და მღელვარებას გამოხატავდა. ფეხები ლოგინის კიდეს ჩამოადო, თავი მუხლებში ჩარგო და მწარედ ატირდა... მერე უცებ ფეხზე წამოიჭრა, რაც ხელში მოხვდა ჩაიცვა: წინა დღის ნაცვამი ჯინსი და საუთოვებელ მაგიდაზე გადაკიდებული მაისური, რას დაეძებდა დაჭმუჭნულ ტანსაცმელს, მთავარია მალე ჩასულიყო დეიდაშვილის სანახავად. სანამ თავისი თვალით არ ნახავდა, ვერ დაწყნარდებოდა. გასასვლელში საკიდიდან ქურთუკი ჩამოიღო და სასწრაფოდ გავიდა სახლიდან. კარი დაკეტა და კიბეებზე დაეშვა, ლიფტის ლოდინის ნერვი არ ჰქონდა. ეზოში რომ გავიდა, დილის სუსხმა ძვალ-რბილში დაუარა, ააკანკალა, ნოტიო ჰაერი ხარბად შეისუთქა და ქურთუკი შემოიცვა. მანქანა დაქოქა და ეზოდან გაიყვანა. უკვე 9-ის ნახევარი იყო დედასთან რომ მივიდა. გაოცებულმა ქალმა კითხვით სავსე მზერა მიაპყრო, ტასო დედას გადაეხვია და უთხრა:
- ლაგოდეხში მივდივარ, წამოდი შენც.
- რა გინდა ლაგოდეხში?
- საქმე მაქვს, წამოდი რაა.
- მანქანით მიდიხარ?
- ხო და მარტო. - დედა დაფიქრდა და უპასუხა, - კაი, წამოვალ, ჩემს დას მაინც ვნახავ. ოღონდ ჯერ ვისაუზმოთ.
- არა დედა, მეჩქარება.
- ასეთი რა გეჩქარება?!
- მეჩქარება რაა, მალე მინდა, რომ ჩავიდე.
- ყავა მაინც დავლიო!
- კაი, მიდი შენ გაემზადე, მე კი ყავას გავაკეთებ და თერმოსით წავიღოთ.
- ოხ ტასო! - დედამ თავი გააქნია და დააყოლა - მამაშენს გავაღვიძებ. წუხელ მორიგე იყო და ამ დილით მოვიდა.
- არ გინდა ნუ გააღვიძებ, წერილი დავუტოვოთ.
- მამაშენი წერილის წამკითხველია?!
- კაი, მიდი რაა, მალე, მალე დედა. გზიდან დავურეკოთ მამას, ან თვითონ დარეკავს რომ ვერ გნახავს.
ტასომ სამზარეულოში შეირბინა, ცეცხლი აანთო, ონკანიდან თბილი წყალი ჩამოასხა და ჩაიდანი ქურაზე დადგა. სანამ თერმოსში ყავა და შაქარი ჩაყარა წყალიც ადუღდა. ყავა, რომ გაამზადა ირგვლი მიმოიხედა, კიდევ რა შეიძლეოდა რომ გაეკეთებინა. რადგან დრო ჰქონდა, მაცივარი გამოაღო, ძეხვი და ყველი გამოიღე. საპურედან ტოსტის პური ამოიღო და ბუტერბროდები გაამზადა. დედა მართალი იყო, მისთვის საუზმის გარეშე დარჩენა არ შეიძლებოდა, საშინელი თავის ტკივილები დაეწყებოდა. ონკანიდან წყალი დალია და საუზმით ხელში სამზარეულოდან გავიდა. დედა შესასვლელ ოთახში ფეხსაცმელს იცვამდა.
- ქურთუკი წამოვიღო?
- რავიცი, როგორც გინდა.
- ვითომ სიგრილე იქნება?
- წამოიღე ყოველი შემთხვევისთვის, იდოს მანქანაში.
- როდის დავბრუნდებით?
- დღეს გვიან საღამოს, ან ხვალ დილით, ვნახოთ.
- რა საქმე გაქვს არ მეტყვი? - დედამ კარი გასაღებით ჩაკეტა და ლიფტთან მომლოდინე ტასოს გვერდით დაუდგა.
- მანქანაში გეტყვი. - ჩასხდნენ და გზას გაუდგნენ. ისეთი ადვილიც არ აღმოჩნდა როგორც ტასოს ეგონა. დედისკენ ხშირად აპარებდა თვალს, დროს არჩევდა როდის გაემხილა. თან ეშინოდა, თან უნდოდა რომ ეთქვა, რომ პირდაპირ ფაქტის წინაშე არ დაეყენებინა. ცდილობდა სიტყვები შეერჩია, სათქმელს გონებაში იმეორებდა. ბოლოს გადაწყვიტა, ჭამის დროს შეაპარებდა.
- დეე, ვჭამოთ რაა, ძეხვიანი ბუტერბროდი მომეცი. - დედამ მიაწოდა და თერმოსი შეათვალიერა „როგორ დავლიო“ გაიფიქრა. ქალბატონ თამარას ძალიან უყვარდა ყავა. მისი არც ერთი დღე არ იყო ყავის გარეშე, ყოველთვის ძვირფასი და არომატული ყავა ჰქონდა. ერთგვარ აზარტს წარმოადგენდა მისთვის ყავის შერჩევა და ყიდვა. ფული რომ არ ჰქონოდა მაინც ძვირადღირებულ ყავას იყიდდა.
- ეს ახალი ყავა მოიტანეს ჩემს მაღაზიაში, გასინჯე აბაა. ოღონდ როგორ დაგისხა არ ვიცი, მეშინია არ დაიღვაროს.
- ცოტა ჩაასხი თერმოსის სახურავში და რიგ - რიგობით დავლიოთ. - თამარამ გადმოასხა ყავა და მიაწოდა, ტასომ ჯერ ტუჩი მიადო ტემპერატურა გაუსინჯა, მერე კი ერთბაშად დალია. დედა თვალს არ აშორებდა, აშკარად უკმაყოფილო იყო და არც დაუმალავს.
- ყავის სმა ხომ ვერ გასწავლე რა. - ტასოს გაეღიმა, დედას ალერსით გადახედა და თავისი ბუტერბროდი ჩაკბიჩა. დედამ პლასტმასის ხუფ-ჭიქაში ნახევრამდე დაისხა ყავა, ჯერ ჩახედა, მერე ჩასუნა, მერე კიდევ ჩასუნა, შემდეგ კედლებზე მოატარა, ბოლოს კი ჭიქა წინ და უკან გადახარა. ამ რიტუალს რომ მორჩა ოდნავ მოსვა, რაღაც ისე არ იყო როგორც უნდა ყოფილიყო, ერთიან ჯაჭვს რაღაც არღვევდე. კიდევ მოსვა და ჩაფიქრდა, მერე უფრო დიდი ყლუპი მოსვა და ტასოს გაბრაზებულმა შეხედა:
- ჩაიდანში ონკანის თბილი წყალი ჩაასხი? - ტასომ მხრები აიჩეჩადა ეშმაკურად გაიღიმა.
- კი.
- რატომ?
- გვეჩქარებოდა და თან მეგონა ვერ მიხვდებოდი.
- ამხელა გოგო ხარ და ჭკუა ვერ ისწავლე, რად ვარგა ახლა ეს, მიდი და შენ თვითომ დალიე, ოხ ტასო, ისევ ისეთი სულელი ხარ. - დედა განაწყენდა და გაბრაზდა, ტასო კი მართლა სულელივით იცინოდა.
- დედა გახსოვს, ბაბუას ვენახში, ღობესთან რომ საზაფხულო ვაშლის ხე იდგა?
- კი, მახსოვს. შენ რამ გაგახსენა ახლა ეგ?
- არ დაიჯერებ და იმ ვაშლის ხესთან ვმეგობრობდი! - ტასო ხმამაღლა იცინოდა და თან დედას უყურებდა.
- რა სისულელეა! ხესთან როგორ იმეგობრებდი?!
- მართლა ვმეგობრობდი, დამიჯერე!
- ოჰ კაი ერთი, ნუ მამასხარავებ.
- არა დედა, მართლა გეუბნები. ის საგაზაფხულო ვაშლი იყო და ჩვენ რომ ჩავდიოდით უკვე აღარ ესხა. ვაშლი მოლეული იყო. მე კიდევ ეს არ ვიცოდი და მეგონა არ ისხამდა. რადგან ვიცოდი ბაბუა მასეთ ხეებს ეზოში არ აჩერებდა, მეშინოდა რომ იმასაც მოჭრიდა. მეცოდებოდა, მაგიტომ მივდიოდი და ველაპარაკებოდი. ვთხოვდი ხოლმე რომ მოესხა და ვაფრთხილებდი იცოდე ბაბუა ძირში მოგჭრისთქო. მერე ისე მივეჩვიე მასთან ლაპარაკს ჩემს ამბებსაც ვუყვებოდი. - თამარა ხმამაღლა იცინოდა და თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა. - იცი რატომ მეცოდებოდა ის ხე?! ბებერი იყო და იმიტომ.
- რა სულელი ხარ ტასო! - სიყვარულით მიმართა დედამ შვილს - გულიანად გამაცინე.- ერთხანს ერთად იცინეს, მერე ტასომ განაგრძო - მე და მაკას თავში აზრად სულ სისულელეები მოგვდიოდა, ათას რამეს ვიგონებდით. მე ვფიქრობ ლაღები, თავისუფლები და ბედნიერები ვიყავით, ამიტომ იყო რომ სულ რაღაც სისულელეებით ვერთობოდით.
- შენ და მაკა ორი ბატი იყავით ერთად, სულ მეშინოდა ხიფათს არაფერს გადაყროდით. თან მიხაროდა რომ ერთად იზრდებოდით და გიყვარდათ ერთმანეთი. ალბათ რამდენი საიდუმლო გექნებოდათ. სულელი ბავშვები.
- ჰო, სულელი ბავშვები... ახლაც სულელები ვართ დედა.
- დროა გამოხვიდეთ მაგ ასაკიდან, საკმარისია, გაიზარდეთ უკვე.
- ახლა რომ იცოდე მაკამ რა სისულელე ჩაიდინა გაგიჟდები, რომ ჩავალ თმებით უნდა ვითრიო.
- ვაიმე რა ქნა დედა, გათხოვდა?
- არა, არა, არ გათხოვილა.
- აბა რა ქნა მაგ ბატმა?
- არაფერი...
- მითხარი რას მიმალავ.
- არ მინდა ინერვიულო.
- არ ვინერვიულებ მითხარი!
- მპირდები?
- გპირდები!
- კაი გეტყვი, დამამშვიდებელი აბები დაულევია, მაგრამ გადარჩა.
- რა! - თამარამ იკივლა, და სახეზე შემოირტყა ორივე ხელი.
- კარგადაა ნუ გეშინია, გადარჩა.
- ხომ არ მატყუებ დედა, მართლა ცოცხალია?
- კი დედა, კიი. მე ასე მშვიდად ვიქნებოდი?!
- დედა, დედა, ეს რა უქნია, საწყალი ჩემი და გაგიჟდებოდა.
- კაი, არ გინდა რაა, ნუ ივიშვიშებ ცოცხალია ადამიანი. - რადგან დედას ეს ამბავი გაუმხილა, ტასომ შვებით ამოისუნთქა. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ, თამარამ თქვა:
- იმ ბიჭის ბრალი იქნება ყველაფერი.
- არ ვიცი, ჩავალ და გამოვკითხავ.
- შენთვის არაფერი უთქვამს?
- მე როგორ მეტყოდა რას ამბობ?!
- იქნებ რამე ისეთი გითხრა, ან იქნებ დამწუხრებული იყო? ან იქნებ თავისი გულისტკივილი გაგიზიარა.
- არა, არაფერი საეჭვო არ უთქვამს, იმ ბიჭზეც ბოლო დროს არაფერს მიყვებოდა.
- მაგას იმასთან ურთიერთობა ექნებოდა შენ რომ იცოდე.
- აუ, კარგი დედა რა, პატარა გოგო ხომ არაა, თან რომც ჰქონოდა ურთიერთობა, არც ეგ არის კატასტროფა და არ ამართლებს.
- იქნებ ორსულად იყო? - ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ თქვა თამარამ.
- დედაა! ნუ გამოაბამ კუდს რაა, გთხოვ. მალე ჩავალთ და ყველაფერს გავიგებთ. - ორივე გაჩუმდა და აღარაფერი უთქვამთ.

გაგრძელება იქნება...


ვუძღვნი გიოს,
რომელსაც „ჰეფი ენდი“ უნდოდა ჩემგან
და სალოს ნიშნად ჩემი მისდამი სიყვარულის და შესაძლებლობებისა.
26.07.2016

შენიშვნა:
ეს რომანი სრულიად გაუაზრებლად დავწერე, ის იყო პირველი მცდელობა და სათაურიც შეუფერებელი ერქვა. მისი პირველი თავი გახდა ჩემი - შემდგომ წერით გატაცების მიზეზი. ახლა მინდა ხელი შევავლო და თავიდან გამოვაქვეყნო (ცოტა ხნით).
გმადლობ მკითხველო დრო რომ დამითმე. გამიზიარე შთაბეჭდილებები კომენტარებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები