ნაწარმოებები



ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2021


მე ვარ სულ ოდნავ გასაგონი

ვეძებ უწვდენი თოვლივით ნუგეშს,
თავისუფლება ნერვივით ვჭამე.
ამ ხალხს მე ღმერთო ვერაფერს ვუგებ
მეტი ტკივილი მომეცი, ამენ!

სულს არ სჭირდება ბრბო და მეჩეთი,
გახსოვდეს; შევა ხე რომ ვნებაში;
ადამიანო, ერთ წუთს შეჩერდი
და  ხსნა იპოვნე ხელოვნებაში.

მიიღებ სარკაზმს, მიიღებ დებოშს,
გადავუზილოთ გენები ქალაქს.
რა მოხდებოდა ძვირფასო დებო,
მე იქ მეცხოვრა, აზრი, რომ არ აქვს.

დარდი მაწუხებს, ტვინში მესობა,
მე ახლა სწორად ვხვდები უკეთესს.
მსურს გავაკეთო უკეთესობა,
ჩემს თავს საჩუქარს თვითონ ვუკეთებ.

შენც შეგიძლია, რომ შეაკეთო,
ჰო, ისეთი რამ რაც არ ჰგავს ნივთებს.
უკეთესობა უნდ აკეთო,
უყურო უწყვეტ შენს ლამაზ თითებს.

ვთელე და ვთელე გზები ღანძილის,
ვკოცნე და ვკოცნე ყველა კაბიანს
და შერეული ჩემი მანძილი
რა სასაცილო დანაკარგია!

სანამდი გული სხვაზე მკვეხარობს
სისხლში ლილიტი და ადამია.
შენც შეგიძლია, რომ დაეხმარო,
ვიღაცა უცხო სხვა ადამიანს.

დარდს ინახავენ, გესმის? მინები,
ადამიანო, ნუთუ მომესმა;
აკოცე ჰაერს, შენც ისმინები,
აკოცე ჰაერს ვსუნთქავთ რომელსაც.

ბოლო წუთს მინდა ვკითხო იმათაც,
გვერდით ვინცაა და ვინც მიმათრევს.
ტყუილმა ერთხელ ისე ინათა,
რომ გაამტყუნა ყველა სიმართლე.

წამიღეს ქარში თეთრმა ყვავებმა,
ჩემი მოსმენა სამყაროს უკვირს.
რას გააკეთებთ? დღეს მოწყალება
კანონზე მაღლა აღმოჩნდა თუკი?

სხეული მოჰგავს ინტიმურ ტაძარს,
სული გაყინულ სევდას იწველის.
მაცვია დედის ნაქსოვი ძაძა
და სიყვარული დედამიწელის.

გულო, იყავი აუტანელი!
ბრბოს ნუ მოუსმენ, ბრბო შენ განელებს,
მოვალ სიკვდილით როგორც გრანელი
და ომს ვასწავლი მარსიანელებს!

ვარ გასაგონი ოდნავად, ამინ!
მე არ მაწუხებს აწმყო დროდ ნავალს.
ვარ ვინმეს წუთი და ვინმეს წამი
და ვისმინები მაინც ოდნავად.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები