ნაწარმოებები



ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2021


უსათაურო თარიღები

ბაღებს უვლიდა ღმერთის ხელი და სასოება.
უცქერდი მწიფე ბროწეულებს და დაჟინებით,

მიჰქონდათ მთელი დამძიმებულ დღეთა დროება
და ფრთებს გჩუქნიდნენ უხილავი სერაფიმები.

რა გიხდებოდა თმაგიშერავ, ის ჰორიზონტი,
როგორც დაორთქლილ ფანჯრის მინებს ელვა უხდება,

ან თუნდაც მთელი მონატრებით როცა მინდოდი,
ვით აღდგომამდე მამშვიდებელ ზეთის კურთხევა.

გაიღებოდა მძიმე კარი მსუბუქ თითებით
და ივსებოდა მთელი სახლი მედიდურობით

და არ დათმობდა დედამიწა არას დიდებით,
რაც კი შეიქმნა სიყვარულის ჭირვეულობით.

და როგორც ცისკენ გაფრენილი გულის სურვილი;
უქორწინობის, უპოვრობის, ბერად შედგომის,

იყო დღეები ამ ქვეყნისგან გამოწურვილი,
როგორც წყურვილი ხმელი ფოთლის, დროს შემოდგომის.

ახლა კი ხშირად მივუყვები ქუჩას ბინდიანს,
და მინდა დილა ყვავილების ტაძრად აიგოს,

ისე გათენდეს, ვარსკვლავები როგორ მიდიან
ჩვენს გარდა ბინდის გასაყარზე, ვერვინ გაიგოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები