ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2021


Mezzanotte

შუაღამეა. მეძანოტე. გწერ პალერმოდან,
აივნებიდან გადმოფენილ ხალიჩებს ვითვლი,
მტვერი დაედო დიდი ხნის წინ ნაყიდ ჩემოდანს,
შობამდე უნდა შევინახო გვირგვინი-ფითრის.
ეს წერილებიც მოვისროლო, ბუხარში დავწვა,
. (წერტილი)
, (მძიმე)
აბზაცები.
ცრემლი.
P.S.
და, როგორც უწინ, ჭიქა წყალში ჩავყარო ქაცვი
და, როგორც უწინ, ვითამაშო შენთვის პიესა.
და, როგორც უწინ, დაგახურო ჩუმად საბანი,
და, როგორ უწინ, დაგიკოცნო თმის ბოლოები,
და, როგორც უწინ, აბანოში ტანი დაგბანო,
და, როგორც უწინ, კორნეტებით, პიკოლოებით,
საქსაფონებით, ტრომბონებით, ვიოლინოთი,
ნიუ-იორკელი ვაჭრებივით ვესტუმროთ გეტსბის,
ყველა ცეკვავდეს ჩვენს დაკრულზე, ის იდიოტი
დირიჟორიც კი, ჯილდა გრეის შემცვლელზე შეცბეს,
ორშაბათობით გამოჰქონდეთ პირამიდებად-
მსახურებს ჩენჩო-ფორთოხლების, სავსე ლიმნების
და სანამ ანძას თეთრი აფრა დაეკიდება,
წყალმა წაიღოს გემები და ლიმუზინები...
შუაღამეა. მეძანოტე. გწერ პალერმოდან,
შობამდე უნდა შევინახო გვირგვინი-ფითრის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები