ნაწარმოებები



ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2021


ამბავი

(დასაწყისი)

მითხარი, სად არიან ადამიანები,
მე სულ მარტო ვარ
და გეტყვი, რატომ ვერ ვნახულობ საერთო ენას,
საერთო სიტყვას, თუნდაც ერთადერთს.
სიტყვები თითქოს კალათში ყრია,
და მე კი თითით უნდა ვიგრძნო, რომელ ამბავს მოგიყვებოდი, იმის მიხედვით, თუ რომელი მხვდება პირველი.

მე შემიძლია, ფერი ვიგრძნო ათას იგავის
ათას ამბის და ათას მითისაც.
ისე იშლები, აღარ გახსოვს თუ ვინ იყავი,
ან ისიც გახსოვს, როგორ გზელდა ღმერთი თიხისგან.

ზღაპრის გმირივით, ქათმის ფეხზე შემდგარ ქოხის კარს
მიუკაკუნებ, ოღონდ გასაღებს.
პალტოს გაიხსნი, თუმცა გულამდე, ქუდს გაისწორებ და ელი დედაბერს, ის კარს ბოლომდე გამოაღებს და ქილით ხელში, არა დროულად, არც არტისტულად,
მაგრამ არც გვიან მოგებებება.
ქილაში ჭრელ გველს ეძინება
მისჯილი ძილით,
რაზეც მოგითხრობს დედაბერი
კარიდან შემდეგ ოთახამდე, სადაც სკამია და ჰამაკი -დაბერებული,
რომ გველი არწივმა მოკლა მის თვალწინ ერთხელ
ბასრი ბრჭყალებით
და თან დასტურად თავის ბინძურ ფრჩხილსაც გაიშვერს
იქით, საითაც ხელში ქილაა
ქილაში გველი
არწივის ბრჭყალით მიძინებული.

სალხში შესვლისას შენ ქუდს იხდი
და იხსნი პალტოს, მაგრამ არ კიდებ შემოსასვლელთან
დასტურად მალე წასვლის განზრახვის.
დედაბერი კი ერთადერთ სკამზე მიგითითებს,
იტყვის - დაბრძანდი;
ოთახში ათას გალიაში ისმის ხმაური
მაიმუნების და უცნაური მწერ-ფრინველების..
ეს შენ არ გაბნევს
და კედლისკენ მდგარი ქანქარის
შემობრუნებით იწყობ ხასიათს
და გეღიმება სადღაც გულის მეცხრე კუნჭულში.

ქალი კოჭლია, გრძელთმიანია
იატაკს გასდევს ბინძური ბღუჯი.
გააძრობს სასმელს და იტყვის, რომ
არის არაყი
ველური თაფლის.
გისხამს და გველის ხორცის ნატეხს გაწვდის,
ქილაში რომ მიუწვენია,
არ ეძიები და გამშრალ პირს
მიჯრით ისველებ
სამჯერად, ჭიქით,
რომელზეც ქრიზანთემას ანარეკლია.

პირველზე ფიქრობ, რომ არ შეჭამ მკვდარი გველის ხორცს,
მეორედ ისე გახსენდება მკვლელი არწივი, ბასრი ბრჭყალები,
გველი მკვდარია, მაგრამ დედაბერს
ისე გულდაგულ შემოუნახავს,
რა ბალახებით შეუფერავს ქილაში სითხე,
ასე ხასხასა და უგემური -
ფიქრობ მესამედ
და ჩამწყდარ კისერს
გველის ხორცით
ჩაინიავებ.

ორი ათას ოცდაერთი, შემოდგომის დღე პირველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები