ნაწარმოებები



ავტორი: ხურსი
ჟანრი: პროზა
10 სექტემბერი, 2021


ფინიკის სურა III

ხეირი

‘’ალლაააჰუ აქბარუუუ, ალლაააააააჰუ აქბარ!
  ალლაააჰუ აქბარუუუ. ალლაააააააჰუ აქბარ!
  ალლაააჰუ აქბარუუუ, ალლაააააააჰუ აქბარ!
  აშჰადუ ანნა მუ’’... - ფუ შენი დედას შევ*** ამან რა ტვინი მოტ***, აქამდე არ შემიმჩნევია, ალბათ ღრმა ძილის გამო ვერ გავიგეთ, ამბობს გიორგი და ბალიშს თავზე იფარებს, რომელი საათია ნეტავ, 6 იქნება- ვეპასუხები, ან რამე ეგეთი, ეს ნავთობმომპოვებელიც მთელი ღამე ჯლაგუნებდა, ამათ თავდაუზოგავ დედებს გავარტყი, გადავუდგები ახლა ფანჯრიდან და ყველას ვაგინებ, როგორაა ბიჭო არაბულად დაგვაძინეთ თქვენი დედის პირებში ჩავალაგეთ? მაგათ გამო ტრ*** როგორ ავწევ დილაუთენია, თან მალე ლექციები იწყება, ჯერ გამოცდები გვექნება, გაგვღუნავენ ახლა ბოლომდე და ამაზე ნერვების მოშლას არ ვაპირებ, მაგრამ მგონი ეს ჩემისა ყოველ დილით დაგვიწყებს სიმღერებს და მაინც მოგვიწევს გინების დავთრის გადაშლა, მიუხედავად იმისა, რომ მოლა თავისას უბერავდა, ოთახში კიდევ კონდიციონერი ჯახირობდა, ფანჯარა მაინც გამოვაღეთ, ვითომ სისხამი დილა შემოგვეგებოდა, ნამძინარევზე ყველაფერს მძაფრად აღვიქვამ ხოლმე, არაფერი გამომრჩება და უცებ ვიგრძენი როგორ ამომეტუმბა ჯერ ნესტოები და მერე მთელი სასუნთქი სისტემა თევზის, მარილის და თუკი ოდესმე წარმოგიდგენიათ რომ ბინძურს რაიმე სუნი ჰქონდეს, ზუსტად მსგავსი სუნით, კინაღამ გული წამივიდა. თავიდან დიდად ვაფასებდი, რა ხედის პატრონები ვიყავით, მაგრამ მერე გავითავისე, ცოტა უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ როცა ზამთარი და ქარიანი დღეები მოვიდა, დიდად სასიამოვნოდ საცქერალი სანახაოდა იშლებოდა ჩვენი ფანჯრიდან, არც სულისშემხუთველ მზეში იყო ცუდი, დაბლა ბუღი იდგა, მიწიდან თითქოს ოხშივარი ადიოდა, მხოლოდ ის გაკლდა, მისულიყავი და გაგეყნოსა, რომ მერე მთელი დღე გაბრუებულს გევლო, პატარა ფინიკის ხეები უფრო მცირენი ჩანდნენ, მათი ნაყოფი კი მხოლოდ დაკვირვებული ან მომლოდინე თვალისთვის ხდებოდა ხილული, მათი ჩრდილის სიყვარულის სიტკბო ჯერ რომ არ გამეგო, დაბლიდან ტოტებს მიქნევდნენ, ნაირნაირ ორნამენტებს ქარგავდნენ, მათი რხევაც კი ძველ არაბულ საბრძოლო ცეკვას ჰგავდა, ოდნავ მოშორებით დიდი სივრცე პირდაპირ მზის გულზე იწვა, ავტოსადგომი, რომელიც ნახევრად სულ ცარიელი ცდებოდა, მოგვიანებით ჩვენი მტკვარი გახდა, მტკვრის ასფალტის უდაბნო, მანდ დავსეირნობდით ათასნაირი ფიქრებით გართული და ხშირად გვისაუბრია საინტერესო თემებზე, ხან წყვეტილ და ხან ღერძულა ხაზების კვეთისას, ბევრი აზრი მოგვსრიალებია და ბევრიც დაგვიპარკინგებია, ირგვლივი კედლები ყველაფერს გაცილებით ცივს და სტატიკურს ხდიდა, მაშინვე ხვდებოდი, რომ თავისუფლებას გარკვეული საზღვრები უკვე დადგენილი აქვს, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერგო და პატივი სცე, ამ ზღუდის იქეთ კი გარიყული ხარ, ისედაც მარტოსულ სამყაროში, კიდევ უფრო მიგდებული და ყველასგან ზურგშექცეული, ხანდახან ყველაფერი საოცრად მოსაწყენ ყავისფერ ფერში წარმოდგებოდა, ხანდახან კი დამჭკნარ ფოთლებს მოგაგონებდა, ნათელ წერტილად მხოლოდ სპარსეთის ყურე ჩანდა, როგორი სკეპტიკური ადამიანიც არ უნდა დააყენო წყლის პირისპირ, დრო და დრო ის აუცილებლად, ძალაგამომცლილ, უხერხემლო, ხელებჩამოყრილ არსებათ იქცევა, არასდროს მესმოდა და ვერასდროს გავიგებ ხალხის, რომელსაც ზღვა არ უყვარს, ან მისი არ ეშინია, ამ უკიდეგანო ჰორიზონტის პირისპირ ყველანაირი ძალა თავის არსს კარგავს და ხდება ისეთი პატარა და უმნიშვნელო, ისეთი დაკარგულხარისხოვანი, ყველა კითხვა თუ ყველა პასუხი ბათილდება, ყველა ბოროტება და ყველა სიკეთე, მის ნაპირთან ჩამოჯდომისას კი, ერთადერთი რაც გონებაში გიტრიალებს, მისი საამო შრიალი, გრილი ბრიზი და საკუთარ თავთან სისუსტეების აღიარებაა. ხანდახან იგი უსაზღვრო ძალით გავსებს, თავისკენ გიზიდავს, მიგაქანებს ზურგის ქარით, გადაკარგვის სურვილით გიბერავს ფილტვებს, ფეხებზე მძიმე ლოდებს გიკრავს თოკით და ოცნების ფსკერზე გძირავს, ისეთი საამოა სხვა სამყაროში გადასახლება, რომ ნებანება დაჰყვები, ზღვა ხომ ყოველთვის თავისუფლებას ქადაგებს. თვალებში მტვრის ნაწილაკები გროვდება, ყურებში კი მეტროს მსგავსი გუგუნი, ხანდახან ცივი ჩაქუჩისებრი სიბასრე და საყინულე, რკინის ხახუნი. მოვბრუნდი და ეგრევე წყალს დავწვდი, უკვე საკმაოდ შემთბარიყო და ზოგადად მიუხედავად დილისა, გაუსაძლისად ცხელოდა,  მაინც რაღაცნაირი შვებით ვიდექი, თითქოს უფრო დიდ უბედურებას, უფრო ყინულოვან უძრაობას, საშინელ უიმედობას გამოვექეცი ჩემი ქვეყნიდან და პირველი არც თუ ისე დიდი სირთულეების შემდეგ, სადღაც ჩვენი ოთახის კარის მიღმა, ბევრად უკეთესი რამე გველოდა. სიმართლე ისაა, რომ არაფერს არ ველოდი, სულერთი იყო რა მოხდებოდა აქ ყოფნის დროს ჩემს ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში ასეთ შმორიან დილით ვფიქრობდი რომ ნამდვილად სულერთი იყო, მოვბრუნდი და საწოლისკენ გავეშვი, ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ ჩაძინება აღარ გამოვიდა, ავეყარეთ და საერთო სააბაზანოში გავემართეთ, მტვრიანი ხალიჩა ახველებდა, თუმცა რბილად მაინც დავდიოდით, ყველა სართულს უცნაური სამკუთხედის ფორმა ჰქონდა, მწკრივში სულ სხვადასხვა ზომის ოთახები ჩალაგებულიყო, საერთოდ ორ ბიჭზე მეტს ერთ ოთახში არ ასახლებდნენ, განცალკევების ფუფუნება მხოლოდ საკუთარი ჯიბიდან გადამხდელი სტუდენტების პრეროგატივა გახლდათ, ან ადგილობრივების, ჩვენს შემდეგ კი ერთ მომცრო ოთახში ზუსტად ასეთი ახალგაზრდა ტიპი შემოაგდეს, თავიდანვე გვეუცნაურა, რადგან აქაურები გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ, ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ხალხია, როგორც წესი ყველა საზღვარგარეთ ებერება, ძირითადად ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში, უკვდავ ელიზაბედ II-ს აკვანში, შესაბამისად ორივე ფრონტი ღია აქვთ, დასავლური, რადგან ინგლისურს მშობლიური ენასავით ფლობენ, ხოლო არაბული დანარჩენი აღმოსავლეთის გასაღებად,  ჩვენი ყოველთვიური სტიპენდია, რომელმაც ოთხი თვე დაგვიგვიანა, ამაზე ცოტა მოგვიანებით, მაინც გულს გვიხარებდა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ქუვეითური დინარის კურსი ვნახეთ ლართან მიმართებაში, და მოდი აქაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ პირზე დორბლი მოგვადგა და ჩუჩები დაგვენერწყვა, ნეტამც აქ რამე სამუშაო გამოჩენილიყო, ან ქართველებს ხელი მიუწვდებოდეთ, მოუშორებელი ჭირი ვიქნებოდით, ისევე როგორც საბერძნეთის, იტალიის და ესპანეთის შემთხვევაში, ტრიპერივით, მაგრამ აქაური მძიმე სამუშაო, კიდევ უფრო უმძიმეს პირობებში ჩვენი შესაფერისი ხომ არაა, მორთმეულზე ბოდიში, მოპარვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, თუ დაგიჭირეს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით გიხმარენ წინაც და უკანაც, ამიტომ ჩვენ ყოვლად გამორჩეულ ერს, ღვთისმშობლის წილხვედრს, აღმოსავლური ქვეყნებიდან თავი შორს უჭირავს, ჩვენსავით კი არაბულის ან ზოგადად საკონტაქტო ენის შესწავლაზე წლების მიხარჯვას უმრავლესობა თავს ნამდვილად არ შეაკლავს, ჩამოსული მუშა ხელი ძირითადად ინდოელები, ეგვიპტელები და ფილიპინელები არიან, ამ საზოგადოებაშიც, ისევე როგორც ყურანში, ჩვენს უყურადღებო ცხოვრებაში, არსებობს გარკვეული საფეხურები, მაგალითად, ინდოელები ყველაზე რთულ სამუშაოს ასრულებენ, გზების დაგება 55 გრადუსში, მიმტანობა უგზ- უკვლოდ, ტაქსაობა და ავტოსამრეცხაოში ბრუნვა. ეგვიპტელები ძირითადად ვაჭრობით არიან დაკავებულნი, ან საკუთარი საპარიკმახეროებით ირჩენენ თავს, ზოგი ჩემი მეგობარი მეუბნება, ყველა აღმოსავლელი ერთნაირად გაკრეჭილი და დავარცხნილიაო, არის ამაში რაღაც სიმართლის მარცვალი, მართლაც ძალიან ჰგავს მათი სტილი ერთმანეთს, მაგრამ მოწესრიგებულობა, სუნამოს მიპკურება, დავარცხნა და გასუფთავება ნამდვილად მისასალმებელი და საამო სანახავია, იშვიათად ვინმე გაუკრეჭავი, დაუვარცხნელი და გაბურძგნული ნახო, ზოგი უფრო შორსაა წასული და კარგი სასადილოების მფლობელები არიან, ყველაზე დაფასებული და ნდობით აღსავსენი კი არიან ფილიპინელები, რომლებიც ძირითადად ჰოსპიტალში მუშაობენ, ან ოჯახში ძიძებად, მოხუცების მომვლელებად, დამლაგებლებად, სადაც ასევე ცხოვრებენ კიდეც, ფაქტოვრიბად ისინი არიან ერთადერნი, რომლებიც შეიძლება აქაურმა არაბობამ ბინაზე სამუშაოდ დაიქირავოს, დიდად ზედ არაფერი ეტყობათ, მაგრამ წესით კარგად უნდა გამოუიმუშავებდნენ, ცალი ჩუსტით მოტასავე ინდოელი ტაქსისტიც კი, ჩვენს პარლამენტის თავმჯდომარეზე ბევრად მეტს გამოიმუშავებს, იმ განსხვავებით, რომ ეს ტაქსისტები ნაშოვნს იმსახურებენ, და ზოგადად მთელი არაბეთის ნახევარკუნძული, განსაკუთრებით გაჭირვებული და ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების შვილები, იგივე არაბები, ცდილობენ ქუვეითში როგორმე მოხვედრას, ნებისმიერი სამსახურის დათრევას, საწყლებს ჰგონიათ აქ უკეთესი პირობები და ცხოვრების დონე დახვდებათ, ეს ასეც არის, მაგრამ მხოლოდ ადგილობრივებისთვის, რომლებიც ფაქტობრივად არც კი მუშაობენ და ძირითადად რაღაცის სათაო ოფისებში, ხელმძღვანელობად წარმოდგენილნი, ჰედები და დირექტორები, დირექტორის მოადგილეები, საპასუხისმგებლო პოზიციაზე, მაღალი თანამდებობის პირები, გავლენიანი და პრივილეგირებული სასტავია, უახლესი ტელეფონებით, უძვირეს რესტორებში, არარეალურად საოცარი მანქანებით მოძრაობენ, ეს ის კასტაა, რომლისთვის არც კანონი კანონობს და არც რელიგია არსებობს, ჩვენებური დეპუტატების, შეძლებული ბიზნესმენების, გლამურული მამაოების, ბანკირების, გაჩითული ტიპების, ფულიანი მამიკოების, ბოზ დედიკოთა ბიჭების პონტია, მოსაწევზე, ალკოჰოლზე და ბოზებზე რომ თავისუფლად მიუწვდებათ ხელი, დახურულ, შუა ღამის დროსტარებაზე ბილეთებს რომ აძრობენ, არც ტაბლეტები რომ არ არკლიათ და არც კოკა. მეორე მხარეს კი ჩვენ ვართ, უპატრონოდ დაგდებულნი. ყველა ქვეყანაში, ყველა წყობაში, დედამიწის ნებისმიერ წერტილში, განურჩევლად, ერის და ბერის, ერთი და იგივე ადამიანურ ხელწერას აწყდები, უთანასწორობის, ამიტომ შექმნილი რეალობა თანაბრად გულსაწყვეტი და ფალოსზე დასაკიდებელია. ცოტა მოგვიანებით დიდი ამბავი ატყდა, ტელევიზიები ფანჩარს იბრდღვნიდნენ, ოპერატორები ირმებივით დაშლიგინებდნენ, ჟურნალისტები ყველას ბოდიში და პირში თხრიდნენ, ოღონდ მიკროფონს, თანამდებობის პირები ბარგს ალაგებდნენ და ოჯახს ემშვიდობებოდნენ და ყველა და ყველაფერი უცნაურად დაზაფრულიყო, როცა, როგორც იქნა ჩვენს ყურამდეც მოაღწია ამ აყროლებულმა ამბავმა და  გავიგეთ, რომ ქუვეითში საზღვარზე გადმოპარვის მცდელობისას, ვიღაც ბასრელმა კონტრაბანდისტმა ნაბიჭვარმა, სამი პალესტინელი სატვირთოს ავზი ამოგუდა, შუა გზაზე და მზისგულზე დაყარა მათი ცხედრები, ეს არ აკმარა და თურმე გაძარცვა კიდეც, ამაზე გულისამრევი ძალიან ცოტა რამ თუ გაგვეგო. საერთო საცხოვრებლის შუა ცენტრში კი, სადაც სველი წერტილი მოექციათ და კონდიციონერები უბერავდა, ჩვენსკენ რომ არომატულ სუნს ეძალავებოდა, ისეთს, გონებისდამკარგავს, ცხვირს ვერ მოარიდებდი, დიდი მრავალფეროვნებით და ინტერიერით შიგნეულობა ვერ დაიკვეხნიდა, ყველაფერი გამკვდრისფერებულიყო, საქართველოშიც რომ დასანახად მეზარებოდა, ყავისფერი, თეთრი, ნაცრისფერი, პარკეტი, ლაქი, მაკაგონი, დიდი სერვანდი, ყველა ოჯახში ერთი და იგივე ჭურჭელი, ერთნაირი ყანწები, სვაროვსკის ვაზები უკეთეს შემთხვევაში, შავყურძნიანი თიხა, ოც ლიტრიანი ბოცები მარანში ცელოფნით პირაკრული, ლეღვის ფოთლებით რომ გამოვრეცხავდით ხოლმე, სადაც სამი ცალი სამფეხა სკამი იდგა მინიმუმ, სამივე მორყეული. ჩემი ხასიათის ადამიანს სჭირდება ფერების გადახალისება, მრავალფეროვანი სამყარო ხომ აღმოჩენებისთვის შეიქმნა, სიახლეების და განვითარებისთვის, ერთი და იმავე ქვაბში მოხარშვით ქვაბიც ფუჭდება და მოსახარშშაც გემო ეკარგება, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, კომუნისტების დროს ყველამ კარგად ვიცით, რა სიტუაციაც იყო ქვეყანაში, სავალალო ისაა, ქართველების უმრავლესობას სავსე კუჭი რომ თავისუფალ სიტყვას ურჩევნია, თორე ეს ე.წ. რუსის ქალები არც დღეს აკლებენ. ერთი უფერულობიდან, მეორე უფერულ განზომილებაში გადასვლა ჩემთვის გარკვეულწილად მტკივნეულად მიჩანდა, მაგრამ იმედი ოხერი რამეა, ვეცადე არაფერი შემემჩნია, მიუხედავად ყველაფრის, აჟიტირებული და მაინც გინდა არ გინდა, გახარებული ვიყავი, ბოლოს და ბოლოს მთავარი სურვილია, თორემ ხალხი მეტეხის ციხიდან გარბოდა. ჩვენთვის პირველი ასეთი გამოცდილება ცოტა უცნაურ შეგრძნებებს მიჩენდა, სანამ ტუალეტს მივაღწიეთ პირი გაქაფული გვქონდა სალამ- ქალამით და მოკითხვებით, არადა სული მიგვდიოდა დროზე მოგვესაქმებინა და დაგვებანა, რომ საჭმელად ჩავსულიყავით, რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი გვქონდა, ან სულ მცირე უცნაური საკვების, განსხვავებულის დაგემოვნების იმედი გვკლავდა, თანაც შიმშილსაც თავი გამოეყო კუჭიდან და ღმუოდა, არც შარდის ბუშტი გრძნობდა თავს უკეთ, ღამის ძილბურანში ალბათ ხუთ ლიტრიანი ჩავიცალეთ თითომ, ამიტომ დილის პირველმა სასიამოვნო ჟრუანტელმა უნიტაზთან დაგვიარა, დეტალებში აღარ შევალ და იმას აღარ მოვყვები იქ რა ნახა ჩვენმა ლამაზმა, მაგრამ გაოცებულმა თვალებმა, ვინ, რას, სად და რითი იწმენდდა, რა ხმებს გამოსცემდა, როგორ ესმოდა ცნება ‘’საერთო სააბაზანო- ტუალეტი’’ და მისთ. იქნებ ზოგს გული წაგივიდეთ, ჩანჩქერობანა ითამაშოთ ან აიმრიზოთ ნამდვილად არ გამიხარდება, მითუმეტეს ჩემს წიგნზე და მით უფრო პირველ ფურცლებზე. როცა მშვიდობით დავბრუნდით ოთახებში ჩვენი საკვები აბონომენტები დავითრიეთ, ლიფტში ცოტა საცობი გვქონდა და პირველ სართულზე სიგრილეში გამოვყავით თავით. ჩვენი საცხოვრებლის მმართველის კაბინეტის გვერდით წრეში დივანი იდგა, კედელზე კი დიდი ტელევიზორი ეკიდა, გამუდმებით ახალ ამბებს უსმენდნენ, გამონაკლისი მხოლოდ ნებისმიერი საფეხბურთო მატჩი გახლდათ, ბლომად აფრომანები იკრიბებოდნენ და გულშემატკივრობნენ ნესბიმიერ გუნდს თუ ნაკრებს, სასიამოვნო სანახავი იყო მათი დიალექტური ეკლექტიკა, შორისდებულების მრავალფეროვნება და გინება, რომელიც მიჩქმალულ ალერსს მოგაგონებდა.
გარეთ გასასვლელ კარს მივაღწიეთ, ქვემოდან გახუნებული, გაღლეტილი, დაჩონჩილი და განადგურებული ფეხსაგები შემოგვცქეროდა საცოდავზე უარესი ძაფებით და გვევედრებოდა ფეხი აღარ დაგვებიჯებინა, ჩვენც, რა თქმა უნდა, ზედ შევდექით და...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები