ნაწარმოებები



ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2021


გამოგიგონე

***
როცა დაღამდა
როცა მკვეთრი ფერები ჩადგნენ,
როცა გაწვიმდა,
მიწის რბილობს
როცა ნატიფად
სველი მოწყენა დაეფანტა,
მაშინ სრულიად
მოულოდნელად,
წამიერი ტკივილის გამო,
სიმარტოვის და
სიარაფრის შეგრძნების გამო,
ცივი კედლების,
უპასუხო ყვირილის გამო
და იმის გამო,
რომ მინდოდა,
რომ რაღაც მძიმით,
ხელშეუხებით,
ვერგანსაცდელი, ან და ასევე
ვერწასართმევი,
და თუ კი გინდა, ასე გეტყვი
ვერგასაქცევი
სუბსტანციით
ჩამომერეცხა
ცივი კედლიდან უმადური ფიქრების პანო
და დამიჯერე,
ერთადერთი, მხოლოდ იმისთვის,
რომ სიკვდილისგან
რაღაც ფარდით მაინც
მეფარა,
ეს უსარგებლო,
მოსაწყენი,
ვიწრო სხეული -

გა მო გი გო ნე!

და ახლა ვხვდები,
რომ არაფრად,
ალბათ, არ ღირდა -
შენზე მეხარჯა ჩემი ნერვი,
შენზე მელოცა.
ალბათ არც ის ღირს
ვწერდე სიტყვებს,
როცა არწერა
უფრო იოლი,
უფრო მჩატე,
უფრო ცოცხალი
და მშვენიერი არჩევანია.
განსაკუთრებით,
როცა ვიცი,
არაფერი ვარ
გარდა ჩემს ფიქრში
ჩაბნეული ქვიშის მარცვლების,
რომლებსაც წვიმა,
შემოდგომის
ლამაზი წვიმა
ტალახად აქცევს,
ულამაზოდ,
საფლობად,
დარდად,
რომელსაც ძველი ფეხსაცმელის
ლანჩაზე ვტოვებ,
როცა დაღლილი სახლში შევდივარ
და მხოლოდ ერთი რამე მინდა -
ძილი ვიპოვო
და საბოლოოდ განვმარტოვდე
სიკვდილისაგან.

****
გა მო გი გო ნე!

შენ ფიქრობდი, რომ ისე ძლიერ,
რომ ისე მძაფრად
შემიყვარდი
შეგეძლო, გეთქვა -
აი ეს კაცი,
ჩემს უკან რომ მოდის და მოდის
და ჩემს ნაკვალევს
ფეხს არიდებს
და მაინც ვხედავ,
არის პოეტი
და ჩემზე წერს უაზრო ლექსებს,
რომლებსაც,
ალბათ,
ვერავინ ხედავს
და ალბათ, მერე იცინოდი.
რა ვუყოთ, თუ კი,
იცინოდი და
არაფერი, აღარ გესმოდა.
გარდა იმის, რომ
ამ ლექსებში მაინც იყავი
ისეთი დიდი და ლამაზი,
როგორც შენსავე
შენს თავზე შექმნილ ლეგენდებში,
რომლებიც ასე,
ძლიერ გიყვარდა, გიხაროდა
და გამშვიდებდა.
მე კი გეტყვი, რომ შეგეშალა -
გამოგიგონე
და ისიც იცი, არასოდეს მქონია
დიდი
იმედი რომ ის სტრიქონები, რომლებსაც გწერდი,
რამეს გეტყოდნენ
და ახლა გეტყვი -
მე იმ ზომამდე მისული ვარ
ხშირად ვკითხულობ
საჯაიას და გეთიაშვილს
და უფრო ხშირად
ზვიად რატიანს
და მათ ლექსებში მე ვნახულობ იმდენ სიმართლეს,
რამდენი სიტყვაც კი არ მითქვამს.
ჩემთვის ცხადია,
რომ არაფერი პოეტი ვარ.
მხოლოდ და მხოლოდ
მაშინ ვწერ როცა
შემიძლია
გამოგიგონო
და რომ იცოდე გადამღალა
გამოგონებამ.

ასეთი გავხდი...
შენ თუ გახსოვს,
(გამიკვირდება)
როგორი იყო ჩემი სული,
იმ ზაფხულს, როცა
ჩემს სიცოცხლეში სულ პირველად გამოგიგონე
(ხელის თითებზე დასათვლელი
წლების მიღმიერ)
გაგიკვირდება,
რომ ასეთი გავხდი,
თუმცა მე
ეს ყველაფერი არ მედარდება.

***
დარდები ისეც უამრავი
შემომიგროვდა
და საფიქრალიც უამრავი
შემომეხარჯა.
სიბრძნე მასწავლეს დაკარგული ქუჩის ლოთებმა
და აღსარებაც ბევრი მითქვამს სულელ მეძავთან.
დავდივარ გარეთ და სახლში ვარ.
როცა ვარ სახლში,
მგონია თითქოს გამომწოვა სიგიჟემ სული
და თითქოს როგორც ძველ ტილოზე გუაში - გავშრი
და თითქოს მაინც ამ ტილოზე არ დავრჩი სრულად.
უფრო ისე ვარ, ზამთრის პირზე როცა ითოვებს
და მეორე დღეს წვიმა რეცხავს ღამეულ ნათოვს.
გადარეცხვამდე ვარსებობ და ჩემი სიცოცხლეც,
ვიცი რომ ერთ დღეს ჩამოდნება. არავის არ ვთხოვ,
რამის შენდობას, არც არავის ვუტევებ რამეს
და არ იფიქრო სადმე ვმალავ შურისძიების
მახვილს. უბრალოდ დავიღალე. უბრალოდ ღამით
უკვე მოთოვა და ამ დილით დაიწყო წვიმა.
შენ არ იდარდო. გადავრჩები. ამაზე მეტი
მინახავს, მაგრამ ცოცხალი ვარ ახლაც კი, ვგონებ
და თუ კი მაინც ძველ კედლებთან პირისპირ შევრჩი
ისევ შევცდები და ხელახლა გამოგიგონებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები