ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 სექტემბერი, 2021


ლადო ასათიანის შესახებ

„სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალ წელიწადს მარად მომაგონდები“.

ლადო ასათიანი (1917-1943)

ეჰ, 26 წლის ასაკში შეწყდა ლადოს სიცოცხლე და ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ჭლექი იყო, იმ დროისთვის უკურნებელი სენი. რომ არა ჭლექი, ვინ იცის კიდევ რამდენ ახალ წელს შეხვდებოდა, რამდენი დააკლდა საქართველოს, რამდენს დააკლდა ლადო, კიდევ ბევრს გაუთბობდა ყინულივით ცივ გულს მისი ცხენივით გაჭენებული პოეზია!

ჩემი პოეტების სიაში პირველი ადგილი ლადო ასათიანს უკავია!

ლადოს პოეზიამ შემაყვარა პოეზია, ლადოს პოეზიის გავლენით დავიწყე ლექსების წერა 2005 წელს. ლადოს ლექსების კითხვაში ვათენ - ვაღამებდი.

სულგანათლებული დედაჩემი მეუბნებოდა: ,,ჩემი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვიტოო ლექსების წერა“. დედაჩემის სიტყვების ერთგული ვარ, ვერც მის სულს ვუღალატებ და ვერც ლადოს სულს.

ლადო ასათიანის „სალაღობო“ ყოველდღე უნდა იკითხო ქართველმა ადამიანმა, რომ უფრო მეტად შეიგრძნო ქართველობა, ქართველობის სიამაყე! ეს მხოლოდ ლექსი არ არის, სიმღერაცაა, რომელსაც ყოველდღე უნდა უსმინო, თუ გინდა, რომ არასოდეს დაკარგო რწმენა! ასეთ ლექსებს გენიოსები წერენ, სხვა რომ არაფერი დაეწერა, ჯერ მარტო „სალაღობოთი“ დარჩებოდა ქართულ პოეზიაში!

ლადოს „სალაღობო“ თამამად შეგვიძლია დავაყენოთ აკაკის „განთიადის“, ტატოს „მერანის“, გალაკტიონის „ლურჯა ცხენების“ გვერდით!

გაუმარჯოს ლადო ასათიანის საქართველოს! გაუმარჯოს იმ ქართველ ქალს, რომელიც ლადო ასათიანის ლექსს მღეროდა ფანდურზე - 1989 წლის 9 აპრილს!

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ჭაბუკად დარჩი მარად

ლადო ასათიანს

დავუკარ... კიდეც ვიმღერე,
მე „სალაღობო“ შენი და
ღვინით დავლოცე ბარდნალა
წინაპრის საწნახელიდან.

ისე გტკიოდა იარა,
კრწანისისა და მარაბდის,
ღმერთმა მიგიღო ჭაბუკი,
ჭაბუკად დარჩი მარადის.

ემაგ ლექსები ნამდვილად
ჩემთვისაც მრავლისმთქმელია,
შენი არ იყოს, კრწანისში
ყაყაჩოები მელიან.

მე დღემდე შენს გზას მივყვები,
გზას პოეზიის, მამულის,
მიწაც არასდროს მოკვდება,
შენი ცრემლებით ნამული.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები