ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2021


გულძაფგაბმული

პოეზია ჰაერის ის ნაკადია
პეპელა რომ ფრთებით მოხაზავს,
ხელში რომ ვერაფრით მოიგდებ...
სხვისთვის სხვა რამ.
ვინ მტევანს ეტრფის,
ვინ ღვინოს,
ვის ორნახადი ჭაჭა უჯობს,
ბადაგისთვის არ ემეტება
არც ერთი წვეთი.
ყველა ეტაპზე,
ვენახიდან დაწყებული,
გნებავთ გლეხის თითებით,
ყურძენი და მისი პროდუქტი,
ყველაფერი პოეზიაა,
თათარაა თუ ფელამუში,
გულძაფგაბმული ჩურჩხელით დასრულებული.
ძაფი რაა?
მაგრამ თავის როლი აქვს.
როცა პეპლის ფრთით შერხეული ნაკადის ჭერას ლამობს პოეტი,
მისი ნებაა რა გააღმერთოს
და როგორ,
გასაჭირი თავის ეყოფა.
მალე პირში გაიქანებენ,
და იტყვიან როგორიცაა,
ან არ იტყვიან.
ძაფს კი, 
გამოაძრობენ და გადაისვრიან,
მაგრამ იმ მომენტამდე...
ტექსტი ძაფზეა,
ანუ ჩემზე,
თქვენ რა გეგონათ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები