ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჭურიპირი
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2021


ავტომოძღვრება

უნდა დაწერო. რა დაგრჩენია.
წლებია. წლები, როგორც სიზმრები.
ახლა სიცოცხლე განაჩენია
და სანამ ჩუმად გაიხიზნები;

უნდა დაწერო, უნდა იყვირო,
უნდა იცხოვრო, იბღავლო უნდა!
სანამ სიბერე როგორც აღვირი,
მოგიგორდება დღეების გუნდად.

სანამ გიყვარს და არ აღიარებ,
სანამ თავს ირცხვენ ლტოლვის სანაცვლოდ.
ვერ მოიშუშებ ძველ ნაიარევს,
უბრალოდ უნდა ადგე, განაგრძო.

მაინც იქნება ბოლოს სიშავე,
დასაფლავების მთელი არტები.
მიდი ეცადე, სცადე, იჩქარე
სანამ წარსულის მტერი გახდები.

მარტო იარე, ერთად იარეთ
ჩემო თავო და ჩემო მეორევ.
შემოდგომაა, ნისლია გარეთ.
გადი, გააპე, გასწი,

ნუ მოლევ

ხე-ხილს სულ ბოლო ფოთლის ვარდნამდე,
ნუ მიიკარებ ფიფქებს ზამთრებად.
ენდე, ამხილე, სთხოვე, გაანდე,
თუნდაც მოტყუვდი

- უფრო მძაფრდება

სუნი, აზარტი, ლექსი, ბიზნესი,
მარცხი, მიღწევა, აღიარება.
ჩანერგე მასში, შენში, მიზნებში,
თავში, ქვიშაში...

მაინც გაქრება

ყველა დარდი და ყველა სიყალბე,
ბედნიერება, თვითგვემა, ოხვრა.
პანდემიამდე, გენოციდამდე,
იმ ყველაფრამდე რაც უკვე მოხდა

და რაც მოხდება, ან გამორჩება
ბედს, იღბალს, წერას, მოკლედ რაც არის.
რის გამოც მიდის, რის გამოც რჩება.
უთხარი, სთხოვე, თუნდაც აცალე.

სანამ ლურჯ სახეს, მკლავებს, ოცნებას
გამოგიღრღნიან ლურჯი ჭიები.
თუ კი დაჰყვები ახლა ბრბოს ნებას,
წლები მოვლენ და შურს იძიებენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები