ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
19 სექტემბერი, 2021


ეული დინალი


ნინო დ. სტრონი
ეული დინალი

      აღარ ვიცი,  როდის უნდა ადგეს ადამიანი, რომ ამ პარკში შემოაღწიოს და მანქანის დასაყენებელს მოუსწროს. დილის ხუთზე აქ ვიყავით და ჰაიკერებით იყო უკვე ყველაფერი გადაჭედილი. პარკის შემოსასვლელში ღამის ოთხი საათიდან ურიგოდ შესასვლელი ბილეთის მქონეთა უზარმაზარი რიგი იდგა.. ვერ გავიგე, სასტრუმროებში საერთოდ არ მიდიან? ძილი არ უნდათ? რა აზრი აქვს ექვსი თვით ადრე, წინასწარ ფულის გადაყრას, თუ ისევ რიგში უნდა იდგე! მაგრამ ალბათ უიმბილეთოდ საერთოდ ვერ შემოაღწევ. პრინციპში „დისნი ლენდშიც“ ასეა, ‘’დოლივუდშიც“ და ყველგან.
    ჰაიკერი ვინ არის? ქართულად ალბათ მოლაშქრე იქნება, აი, ფეხით რომ დადის ტყე-ღრეში, სადამდეც ალპინისტის სპეციარაღების გარეშე, წვრილი, მსუბუქად დასაყრდნობი, უფრო სხეულის დასაბალანსებელი ჯოხით ხელში მივა.
ჩვენი ასაკის ხალხის სპორტია, რა!
      თან სუფთა ჰაერზე ხარ, მზეში დე-ვიტამინს გამოიმუშვებს ორგანიზმი, თან მოძრაობ, თან ათას რამეს ნახულობ, ფოტოებს იღებ, შენნაირებს ხვდები, სოციალიზაციის დეფიციტი თუ გაქვს, ივსებ. არა, ახალგაზრდებიც კი ეტანებიან ჰაიკინგს და სამწუხაროდ, არც მთლად უმსხვერპლო საქმეა, მაგალითად, სწორედ ახლა გავიგე, ის მეგობარი დაღუპულა, ახალგაზრდა ბიჭი, საქართველოში მეგობრების ჯგუფთან ერთად რამდენჯერმე რომ იმოგზაურა და მე ამერიკიდან კონსულტანტობას ვუწევდი... მაინც არ მჯერა!
        მანქანა რომ დავაყენეთ და წითელ ავტობუსში ავედით, ჯერ კიდევ ბნელოდა. ეს წითელი ავტობუსები - კიდევ ცალკე თემაა. ასორმოცდაათი წლის წინანდელია, თითო - რამდენიმე მილიონი ღირს, ამათი ბილეთიც წინასწარ, ონლაინ უნდა შეიძინო და უძვირესია. თუ შენს ფოტობიოგრაფიას ჯერ არ ამშვენებს ამ ავტობუსისა და ლაჟვარდოვანი ცის ფონზე, მძღოლთან ერთად გადაღებული სურათი, ჩათვალე, რომ ჯერ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აკლია შენს ცხოვრებას... ანუ გაქვს მთავარი და უძვირფასესი - ახალგაზრდა ასაკი, ხოლო ფინანსურად ჯერ არც-თუ ხელგაშლილი ხარ და თუ მდიდარმა ნათესავმა არაფერი დაგიტოვა, წლები დაგჭირდება სამუშაოდ, რომ აქ ტურისტად მოხვდე. სადაც ძვირიანი ტურისტული ადგილებია, იქ ძირითადად მოხუცთა სიმრავლეა.
      აი მაგალითად, ეს მოხუცი კაცი, ჩვენთან ერთად ამ შებინდებულზე წითელ ავტობუსს რომ ელოდება! ისე უბრალოდ აცვია, სულ გაცვეთილ-გახუნებული რამეები, რომ ნამდვილად მილიონერი იქნება, ვინ იცის, სულაც ცნობადი სახეა, სულ სათვალით ეგენი დადიან და  თან ბიფოკალური სათვალე უკეთია, სქელ მინაზე გადაჭრის რკალი რომ კარგად ემჩნევა და თან ცხვირი ჰუდში თუ კაპიუშონში აქვს ღრმად აქვს ჩაყოფილი. ტანად მომცრო და ჩაფსკვნილი რომ არ იყოს,თან ისე ფეხებდაბრეცილი, თითქოს ლაჯებიდან ეს-ესაა ცხენი გამოაცალესო, ვერც მიხვდები, კაცია თუ ქალი. მე და ჩემი ქმარიც, ჯონი კი კი ვდგავართ ამ წვრილ წვიმაში, მაგრამ ასე მობუზულები არა ვართ, არ ცივა ისე! უფრო სასიამოვნო წვიმაა.
        ერთია მხოლოდ, წითელი ავტობუსუის გამოჩენას არ დაადგა საშველი და ბინდდება.
სულ ჯონის ბრალია, ყველგან ავედით, ყველაფერი ვნახეთ და დაიჟინა, აქ ერთი პატარა, ტყუპვარდნილიანი ჩანჩქერია, ბარემ ისიც გადავიღოთო. რაღაც ჭირად, ჩამოსვლისას მარჯვნივის მაგიერ მარცხნივ გადავუხვიეთ ლაპარაკ-ლაპარაკში და ჩვენმა წითელმა ავტობუსმა ერთი ფეხით გაგვასწრო, მომდევნოში კი ჩინელი ტურისტების დიდი ჯგუფი ავიდა და ორი კაცის ადგილი აღარ დარჩა. რა იციან ეს დიდი ჯგუფებად სიარული! ახლა უკვე მანქანაში ვიქნებოდით.
      არა, არც გვშია და არც გვწყურია, აქ ყველასავით ჩვენი წილი ზენოყიერი საჭმელი, „ თრეილ მიქსი’, ნიგვზეულითა და ქიშმიშეულით - ჩვენც რუგზაკში აქვს, მაგრამ დავიღალეთ. თითქმის თორმეტი საათი ვიარეთ დღეს.
      კიდევ კარგი, ეს კაცი მაინც არის ჩვენთან ერთად, მაინც რაღაც იმედია. წინა ავტობუსში ორი ადამიანისა არა, მაგრამ კი იყო ერთი კაცის ადგილი. მაინც არ ავიდა, მეგობარს ველოდებიო.
***
      -მოვა, ნუ ღელავთ, ჩვეულებრივი ამბავია, ალბათ სადმე საცობია ან კლდე ჩამოიშალა - ამბობს აქცენტით, ადგილობრივ ინდიელებს ხელად რომ გამოარჩევ დანარჩენი ამერიკელებისგან.
      ჯონი ხმას არ იღებს, არ უყვარს უცნობებთან დიალოგის გაბმა.  აქ ხომ ბავშვობიდან უნერგავენ ყველას ‘’სთრეინჯა-დეინჯა’ , ანუ უცნობი- შაშიშიაო, მე - პირიქით, რაკი ერთხელ ხმა ამოიღო, თავს როგორ გავანებებ:
- თქვენ ადგილობრივი ხართ? ყოფილა შემთხვევა, რომ ტრანსპორტი არ მოსულიყო და ადამიანი გარეთ დარჩენილიყო?
  - ყველაფერი ხდება, მაგრამ თხუთმეტი წელიწადია აქ ვმუშობ და მე - არ მახსოვს.
  - აქ მუშაობთ, რაზე? რა გქვიათ?
  - ისადოია, ახლა პრაქტიკულად აღარ ვმუშაობ. ადრე ხან თავშესაფარში ვიყავი, ლაბორატორიაშიც, ხან სანერგეში,  ცხოვრებითაც - აქ ვცხოვრობდი.  ოჯახი მე არა მყავს. კეთილმოწყობილი ორი ოთახი თავისი სასადილოთი, წინ - პატარა ბაღით, ყვავილებით რეინჯერების შენობაში -  სხვა რა უნდა მარტოხელა კაცს.  ჩემთვის ვცხოვრობდი, ღამით ვისვენებდი  და ღამის მუშაობაში,  როგორც დარაჯს,  თან გაორმაგებულსაც მიხდიდნენ. შვილები ზაფხულობით თუ ჩამოვიდიდონენ,  ერთი კვირით,  სტუდენტობისას მეგობრებიც ჩამოუყვანიათ და საძილე ტომრებით ხუთი კაციც დატეულა დიდი ოთახის  იატაკზე.  ახლა სამოქალაქოში ჩაცმული მოხალისე ვარ, ვიდრე შემიძლია, ზოგჯერ გაიზერებთან ვდგავარ და დანიშნულ დროს ამოფრქვევას ველოდები, კამერები კი ყველგან აყენია, მაგრამ წესიერებაზე მეც თვალი მიჭირავს, ან ჩანჩქერებთან ვარ, ან ავტობუსს დავყვები, მოკლედ, სადაც რა დახმარებაა საჭირო...  თუმცა ეს ყველაფერი აქამდე იყო ასე.  ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ...
- აა, გასაგებია, ისადოია, არა? ისადოია, ისადოია, ხომ სწორედ გამოვთქვამ? წითელ ავტობუსსაც იმიტომ ელოდებით, რომ გამყოლი ხართ და ზუსტად იცით, რომ მოვა?
- შემოკლებით ისას მეძახიან. ისადოია - ჩემი ტომის ენაზე მგელს ნიშნავს.
თითქოს იწინასწარმეტყველეს, რომ ჩემი ცხოვრება მგელს დაუკავშირდებოდა... აქ ბოლო დღე მაქვს,  სამხრეთში, ფლორიდაში  გადავდივარ საცხოვრებლად, ბარგი უკვე გავგზავნე და აქ მეგობართან გამოსათხოვებლად ამოვედი ..
- დავუშვათ და არ მოვიდა ტრანსპორტი, პირველ ადამიანებიან ადგილამდე რა მანძილია?
- ფეხით, თავდაღმა, სამანქანო  გზაზე შვიდ მილამდე იქნება...ბოდიში, ცალკე უნდა დავდგე, თორემ ჩემი მეგობარი არ მომეკარება, მარტო თუ არ ვიდგები.
    ესეც ასე, შევაწუხე  ადამიანი ამდენი კითხვებით და თავიდანაც დელიკატურად მომიშორა. ჯონმა თბილი ირონიით გადმომხედა. კუდამოძუებული დავუბრუნდი და მივეგლასუნე.
ძალიან დაიწყო დაბნელება.
ჩვენ წყვილად ვდგავართ, ის - კარგა მოშორებით და შებინდებულზე დავინახეთ, რომ მოზრდილი ძაღლი გამოვიდა წიწვნარიდან და ერთმანეთს ეხუტებოდნენ.
    რა უგულობაა! რაკი ცხოვრებაში სხვა გეგმები გიჩნდება, ადგე და თავიდან მოიშორო ერთგული მეგობარი, რომელსაც უპირობოდ უყვარხარ. სავსეა ცხოველთა თავშესაფრები ოჯახებიდან მოყვანილი ძაღლებითა და კატებით... გასაგებია, როცა პატრონი კვდება, აღარავის აქვს საშუალება, მის შინაურ ცხოველს მოუაროს, მაგრამ როცა ცოცხალი ხარ, როგორ უნდა მოისვენო! თუმცა ახლა თვითმფრინავით თუ უნდა წავიდე სადმეს, წესები ისეა გამკაცრებული, შეიძლება, ცხოველი არც აგაყვანინონ ბორტზე.
        ძნელია უცოდნელად სხვისი განსჯა, ცხოვრება ისეთია, გონებაშიც რომ ვერ გაივლებდი, ზოგჯერ ისეთი ნაბიჯის გადადგმა გიწევს. ახლა ომი არ არის და არაფერი. მე როგორც გავიგე,  ამ ადამიანს აქ აღარ უნდა მუშაობა და იქ  მიდის,სადაც უკეთესი ჰგონია.  ხომ თავისუფალი არჩევანია და ასეთი რამ საკუთარი ნებით როგორ უნდა აირჩიო!.
      ვიდრე მე ჩემთვის, სხვისი განმსჯელ-განმჩხრეკელი ფიქრებით ვიქცევ თავს, კაცმა... რა ერქვა? ჰო, გრძლად ისადოია, შემოკლებით ისაო, არა? მოისიყვარულა თავისი ძაღლი, საბოლოოდ დაემშვიდობა და რომ დაბრუნდა ჩვენკენ, ოდნავ განათებულში თვალები ცრემლიანი ჰქონდა. რა იციან ეს სენტიმენტები, ძველი ფილმებივით! მიდიხარ?- ან თავს რას იწვალებ, ან სხვას რას ერჩი, მიბრუნდი და წადი!
      მე ხმას არ ვიღებ. ახლა თვითონ ეტყობა, რომ აღელვებული, საუბრის ხასიათზეა და მსმენელი სჭირდება. ახლა ამის მელოდრამას უსმინე კიდევ! სადაა ეგრე - მუქთა მსმენელი!
        ფსიქოანალეტიკოსები ადამიანის მოსმენაში იცით, რა ფულს აკეთებენ?-  მარტო მოსმენაში! ერთი ერთსაათიანი ვიზიტი ორასი დოლარია, ტელეფონით - წუთი - მინიმუმ, ერთი დოლარი! ისე, ლოდინში სხვა საქმე მაინც არაფერი მაქვს და ილაპარაკოს, რა!
***
      არ მოვიდა ეს ჩვენი ავტობუსი და გვარიანადაც დაგვიბნელდა.  მზეჩასულზე უცებ ცივდება აქ.
        ამ ისამ კიდევ ისაო, ესაო, თხუთმეტი წელია, ასეთი რამ არ მომხდარაო. სხვა რა გზა გვაქვს, ფეხით უნდა ჩავიდეთ პუნქტამდე და იქ რაღაც საშველი გამოჩნდებაო.
      ვიცი, ახლა ჯონი თან ხმას არ იღებს, თან გულში ყველაფერს ჩემს ცაციობას აბრალებს, მარჯვენა-მარცხენის გარჩევა რომ ვერ ვისწავლე ამ ხნის ქალმა და თან ჰაიკ-ლიდერობაც რომ მოვინდომე. მენდო და აჰა!
        თავდაღმართში ჩავდივართ. ისა -გვერდით მომყვება, ჯონი - ნაბიჯით უკან.
      ეს ისა იმდენს ლაპარაკობს, აღარ ჩერდება, გეგონებათ, რადიო ჩართული დარჩენიათო, რა აღსარების ხასიათზე მოვიდა:
      - მე სიეტლში ვცხოვრობდი და პორტში ვმუშაობდი. გვიან დავოჯახდი, უფრო სწორედ, არც მიფიქრია დაოჯახება.  მეზღვაური ვიყავი, თევზსაჭერ გემზე ვმუშაობდი ბადის მომქაჩად. ერთი ახალგაზრდა გოგონა, რესტორნის ოფიციანტად იყო იქვე, პორტთან, სადაც საღამოობით ლუდს ვსვამდით. ერთხელ გამომყვა სახლში, მოვიდა და დარჩა, ერთ დღესაც მიმოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ ცოლიანი ვყოფილვარ, ორი შვილი გვეყოლა, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მე ვმუშაობდი, ის ბავშვებს ზრდიდა, ერთი კარგი, საშუალო ოჯახი გამოგვივიდა თავისი პატარა პრობლემებით და დღესასწაულებით. ერთ დღეს, სულ რომ არ ველოდებოდი, მოჰკიდა  ჰოლიმ შვილებს ხელი და წავიდა. სად? თავის დიდი ხნის მეგობარ ქალთან. კაცი რომ ყოფილიყო, რაღაცას ვიზამდი, ქალისთვის კი  რა უნდა მეთქვა, ზედმეტად ხმას ვინ ამომაღებინებდა. ვიდრე სასამართლოები დაგვეწყებოდა და ბავშვების მეურვეობის საკითხზე შევთანხმდებოდით, იმ ზაფხულს ვიფიქრე, სად წავიდე, სად წავიდე და მოდი, ‘’იელოუ სტოუნში“ წავალ, მეც რაღაცას ვნახავ- მეთქი. ჩამოვედი და დავრჩი.
        ეს ის დრო იყო, მეცნიერული შესწავლის შედეგად რომ დაადგინეს, ტყის ეკოსისტემაა გასაუმჯობესებელი, ავადმყოფი ირმები, კურდღლები, რაკუნები და ციყვები ძალიან მომრავლდა და საჭიროა, გამოსაჯანსაღებლად სისტემაში მგლები ჩავრთოთო. მგელი, იცით, როგორია? ჯანსაღ ცხოველს თითქმის არ ეკარება. ეგეთი ცხოველი გაექცევა, ხროვაც რომ გამოეკიდოს. ავადმყოფი კი, მაგალითად ირემი, რემას ვერ მისდევს ფეხდაფეხ, ჩამორჩება და მგლის ნადავლიც ის ხდება.
  საერთოდ,  მგლები ძალიან ფრთხილი ცხოველები არიან, ათას რამეს წაიკითხავთ ან ფილმს ნახავთ მათზე, მაგრამ სინამდვილეში, როცა ხროვად არიან, ყმუიან და ცალკე მგელი, თუ ხროვა ახლო არ არის, არაფრით არ იყმუვლებს. თავს ხომ არ გასცემს, არა?! ხროვას შეუძლია, ჯანმრთელ ცხოველზეც ინადიროს ზოგჯერ, თუ ეს ცხოველი მარტოა. როგორ? წრეს შემოარყამენ ჩუმად, მერე ერთი ან ორი მგელი მიუხტება, შეაშინებს და იქით გააქცევს, სადაც ხროვის სხვა წევრები არიან ჩასაფრებული.
      ეს ყველაფერი მაშინ არ ვიცოდი. ლუდის ბარში ერთი კაცი გავიცანი და ჩემი ამბავი რომ გაიგო, მითხრა, მგლების დიდი პარტია უნდა ჩამოვიყვანოთ, ასი მგელი და ხომ არ გინდა სამუშაო ამ პროექტშიო.
    ასე  დავრჩი. წასასვლელი მაინც არსად მქონდა. აქაურობამ საშინელი შეყვარება და მიჩვევა იცის. ერთ კვირაში ათი ტრაილერით ჩამოიყვანეს, გალიები მწკრივად ჩამოდგეს, სულ რუხი მგლები იყვნენ, სხვადასხვა ხნისანი და სქესისანი. მეორე დღესვე ტყეში გაშვება იგეგმებოდა, რომ უცებ ზემო მენეჯმენტიდან ახალი განკარგულება მოვიდა, მეცნიერებმა ასე გადაწყვიტეს, სასწრაფოდ მგლების თავშესაფარი უნდა მოეწყოს და მთელი ათკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონო. რომ გითხრათ, რამდენ ხორცს ჭამს დღეში საშუალო მგელი, დაუჯერებლად მოგეჩვენებათ - მთელ ათ პაუნდს, ათ პაუნდს, გესმით?!- ყოველდღიურად! როცა ტყეში, ნადირობით უნდა მოიპოვის სარჩო, იმ ათი პაუნდისთვის ზოგჯერ დღეობით და კვირითაც ეძებს ცხოველს და მენეჯმენტმა გადაწყვიტა, დღეში სამჯერ - საუზმე, სადილი და ვახშამი არ მოჰკლებოდათ ჩვენი თავსაფარის ბინადრებს. ვიტამინებსაც და სხვა კვებით დანამატებსაც არ აკლებდნენ, ორ კვირაში ისე დასუქდნენ, მგლები კი არა, ბიზონები გეგონებოდათ. საჭმელი ცოტა მოშორებით რომ დაგვედო, უკვე მისვლა ეზარებოდათ. მავთულხლართებით შემოღობილ, გადახურულ თავშესაფარში თავისუფლად იყვნენ გაშვებულები, მე ერთი პატარა ოთახი იქვე მომიწყეს და დღე და ღამე იქ ვიყავი. ერთ ღამეს, ეს ამბები ჯერ ახალი დაწყებული იყო, რომ დილისპირზე რაღაც უჩვეულო მოუსვენრობა დაიწყო, მგლები ყმუოდნენ და არ დაიჯერებთ, ტყვეობაში გარეულმა ცხოველმა რომ კარგად იმშობიაროს, თან - ცოცხალი და ჯანმრთელი ნაყოფი, უიშვიათესი რამეა. რომ შევიხედე, ერთ მგელს უკვე გაჩენილი ჰყავდა პატარა ლეკვი, სულ პატარა, უსუსური, თვითონ კი მკვდარი ეგდო. მოსულები მომეშველნენ, მგლები რაღაცნაირად იქით გავყარეთ, დედა გავათრიეთ და ლეკვს მე ვზრდიდი, დინალი დავარქვი, ინდიელების ენაზე ‘’ყველაზე მაგარს’ ნიშნავს, ღამე გვერდით მეწვა, დღისითაც თან დამყავდა, ვიდრე დაძვრა შემეძლო. საკუთარი ხელით, საწოვარათი ვასმევდი რძეს, კარანტინის დამთავრებისთვის კარგად მოღონიერებული იყო.
          მოვიდა ახალი განკარგულება. კარანტინი დამთავრდა და დილით მგლები გაუშვითო. გავაღეთ თავშესაფრის გასასვლელი და რომ გვეგონა, ორ წამში დაიცლებოდა იქაურობა, ერთი მგელიც არ განძრეულა, იწვნენ, უყურებდნენ ღია გასასვლელს და გემრიელ საუზმეს ელოდნენ, მერე სადილს, მერე ვახშამს. რა ვქნათო, საგონებელში ჩავარდნენ მენეჯერები.
          მერე ვიღაცამ მოიფიქრა, ეგენი ღია კარიდან წამსვლელები არ არიან და იქნებ გასაძრომები რომ გაუკეთოთ მავთულხლართების ქვეშ, აქა-იქ, გაძვრნენ და უკან აღარ შემოუშვათო. გაამართლა ამ მეთოდმა....მაგრამ რა! დღეში სამჯერ, ზუსტად საუზმის, სადილისა და ვახშმის დროს ბრუნდებოდნენ და ყმუოდნენ.  ჯერ თავშესაფრის გარეთ ვუდებდით საჭმელს, მერე დოზა შევუმცირეთ თანდათან და  ბოლოს , როცა  შევატყვეთ, რომ  ნანადირევით თავის გატანა  დაუხმარებლადაც  შეეძლოთ, შევუწყვიტეთ.
      დინალის გაშვება  იმ ხნის მანძილზე რამდენჯერმე ვცადე და მარტო იდგა თავშესაფრის გარეთ, ჩემს გასვლას ელოდებოდა  არცერთმა ხროვამ არ მიიღო. ხროვა ჩვეულებრივ, ორი უფროსისაგან, დედ-მამისაგან და მათი დაზრდილი ან დასაზრდელი ლეკვებისგან შედგება. დინალი კი ობოლი იყო. ჯერ ისედაც ხროვიდან ზოგი ახალგაზრდა მამრი მიდის და ეული მგელი ხდება და დინალი ტყეს თუ მიეჩვეოდა, ისედაც ეულობისთვის იყო მზად.
      ისიც ეული, მეც ეული...
      მერე გაშვებული რომ მყავდა, რაღაცით მოვიწამლე და ჰოსპიტალში ორი დღე დამტოვეს. რომ დავბრუნდი და თავშესაფრის გარეთ გავედი, დინალი იქ მელოდა, პირით ნანადირევი კურდღელი მომართვა.  ეს  - შენო! მივხვდი, რომ  დაიწყო  დამოუკიდებლად ნადირობა. 
      ყოველ საღამოს ვნახულობდთ ერთმანეთს, ზამთარ-ზაფხულ, რაზეც არ უნდა მემუშავა. ტყეში  შეჩვეულ ადგილას მოვიდოდი  და ისიც მელოდა. ჩავეხუტებოდით ერთმანეთს  ძველებურად და  მერე ჩვენ-ჩვენ გზაზე წავიდოდით. მონადირე  - კარგი დადგა. ჯანმრთელი. ამასობაში წლები გავიდა.  მეც მოვხუცდი, ისიც.
        ამ დროს,  ზაფხულობით აქ კარგია,  სასიამოვნოდ გრილა, მაგრამ ზამთრობით მთელი ცხრა თვე  დიდი თოვლი დევს,  მზე სულ ენატრება ადამიანს. ჩემმა უფროსმა ბიჭმა  ფლორიდაში  ამ რამდენიმე წლის წინ დიდი, აუზიანი და ბაღიანი სახლი იყიდა და საგანგებოდ ჩამოვიდა აქ, რომ ეთქვა, მე ოჯახით წელიწადში ერთხელ, შეიძლება, სულ ერთი კვირით ჩავიდეო, დანარჩენ დროს კი იქაურობას კარგი მეთვალყურე და მომვლელი სჭირდებაო. ახლა ფინანსური ამბები მთლად კარგად არ მიმდის, ვინმეს რომ რეგულარულად ვუხადო და იქნებ შენ გადასულიყავიო. ვერაფრით ვერ ვეტყოდი უარს და აი, მივდივარ.  ასაკში რომ შეხვალ, ფლორიდაში ცხოვრებას არაფერი სჯობია, ზამთარში -სამხრეთული  გვიანი გაზაფხულივითაა.
      საერთოდ, მამრი მგლები ასე, თექვსმეტ წლამდე ცოცხლობენ. ხროვა მიატოვებსო, რომ ვიფიქრო, სისულელეა, არასოდეს ყოფილა ხროვის წევრი.  მდედრიც არ შეურჩევია, რომ თავისი  ხროვა თვითონ შეექმნა. დრო რომ მოუწევს, წავა  ალბათ, სადღაც,  შორს ეულად, როგორც ეულად იცხოვრა და დაიკარგება. ალბათ ერთი ულუფა ეგეც გახდება ვინმესთვის...
      ***
      თავისთვის ლაპარაკობს,  ასე ვთქვათ, მონოლოგობს  ანუ როგორც პასიურ მსმენელს, ისე მგულისხმობს  მე კი ამასობაში  ნომერ პირველი მომინდა, ვკვდები!  ეტყობა შესამჩნევად.  მოუსვენრად ვწრიალებ.
      ჯონი, ამდენი ხანი ხმაც რომ არ ამოუღია, ახლა ალაპარაკდა. რა ალაპარაკდა, უბრალოდ ერთი კითხვა მისცა და პასუხის მოსასმენად გვერდიდან ამოუდგა, მე - ჩამოვრჩი კაცებს და  გამწარებული  მოფარებულებს ვათვალიერებ და იმაზე ვფიქრობ, სად შეიძლება რამე მოვასწრო.
        ჯონმა მშვენივრად იცის საუბრის წარმართვა, თუ საჭიროა:
-  ამ ხუთი წლის წინ  მთელი ამბავი რომ იყო საინფორმაციოებში, ნადირობის სეზონი რომ გამოაცხადეს მგლებზე, ძალიან გამრავლდნენო, საკვირველია, თქვენი ეული დინალი როგორ გადაურჩა იმ ამბავს.
- აა,  სულ ორი კვირა გაგრძელდა ეგ ამბავი, მაშინ მე მონადირეების ჯგუფებს დავყვებოდი, რა დასამალია და სხვა მგლებიც მომიკლავს, მაგრამ მანამ  ხალხი ამოვიდოდა, დინალი წინა საღამოს ჩემს სახლში წავიყვანე და  ძაღლივით საძინებელში მყავდა გრძელი ჯაჭვით ლოგინის ფეხზე მიბმული.  მაგის გულისთვის უზარმაზარი საყინულე ვიყიდე წინასწარ, შიგ  ბლომად გაყინული ხორცი ჩავყარე. ისე, მგლები თევზეულსაც, კარტოფილსაც ჭამენ უმად, სხვა ბოსტნეულსაც,  ხილსაც. სადაც რა ვნახე სეილზე, ყველაფერი ბლომად მოვზიდე.  არ მოშივდეს-მეთქი. მთელი ავეჯი დამიღრღნა, იატაკიც,  ყველაფერი შესაკეთებელი და ახლიდან შესაძენი გამიხდა. ჩვენ ცხოველების სუნს მიჩვეული ვართ, ჩამომსვლელებისგან განსხვავებით, მაგრამ  რომ დავბრუნდებოდი სამსახურიდან,  სუნი იდგა სახლში იმისთანა, გარეთამდე ატანდა.  ძალიან ვცდილობდი სისუფთავის დაცვას, კონდიცირებულია ჩემი ბინა, ღამე ფანჯრებიც ბოლომდე ღია მქონდა.  ბნელში ტყეში ვინ ამოვა, მაგრამ შუქს მაინც  არ ვანთებდი,  ვინმეს რომ არ დაენახა. სეზონი რომ მორჩა, წავიყვანე და ისევ ტყეში გავუშვი.  მოკლედ, ასე გადავარჩინე.
- და ადამიანებს როგორ ექცეოდა?- ცდილობს ჯონი, უკან არ გამოახედოს, ისა, რამდენადაც შეუძლია.
-  სხვებს არ ეკარებოდა.თავის დროს ელოდა  სხვა მგლებივით. რასაც ახლა მოგიყვებით,    დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ ამბად ძალიან გავრცელებულია აქ. 
  ერთხელ ერთ  ბავშვიან ტურისტ ქალს,... როგორ არ ეშინიათ ამ პატარა ბავშვებით საჰაიკინგოდ სიარულისა!...  კლდეზე ასვლისას  ფეხი დაუცურდა, ეტყობა,  ქვას თავი დაარტყა და  რაღაც ხნით გაითიშა. რანაირად გაეხსნა  ზურგზე მოსაკიდებლის  შესაკრავი, რომელიც წესით,  უსაფრთხო უნდა ყოფილიყო,  ძნელი სათქმელია,  ალბათ თავიდანვე არასწორად შეიკრა. ჩვილი  იმიანად ჩაუგორდა და  გონზე რომ მოსულა, ჩასულა და ბავშვი ამოუყვანია.
  ხალხისთვის მოუყოლია,  აზრზე რომ მოვედი, მდინარისკენ ჩავიხედე და რა  დავინახე! სულ ქვემოთა ქიმზე დიდ, რუხ  მგელს კბილებით ეჭირა  ბავშვი,  თორემ ეგრევე წყალში ჩავარდებოდა. ერთ წამში იქ გავჩნდი. რომ დამინახა, მივდიოდი, წყნარად და  მორჩილად იქამდე მიმიშვა, რომ ხელი კარგად  მომეკიდა, მერე უზარმაზარი კბილები გაუშვა და წავიდაო.  ხომ  დაუჯერებელია, მაგრამ ამ ხნის მანძილზე ბავშვს არც უტირიაო.          იმწუთას არც შემშინებია და არც არაფერი და ახლა რომ ვყვები, მგონია, სიზმარში მოხდაო.
ამბავს ასე ყვებიან და  კიდევ ვიმეორებ, დინალი იყო, სხვა იყო, ტურისტს მოელანდა თუ რა მოხდა, თავს ვერ დავდებ. მგელს ხომ არ შევეკითხებოდი!

    ***
      ვერაფერიც ვერ მოვასწარი.
      ამასობაში უკნიდან ცარიელი წითელი ავტობუსიც წამოგვეწია. რატომ არ დამელოდეთ, ხომ იცოდით, აუცილებლად მოვიდოდი, მგლების მაინც არ შეგეშინდათო?!
    დავსხედით, მე ცოტა არ იყოს, შემცივდა კიდეც  და ჯონს მივეხუტე,
    დავიძარით. ისადოიამ თავი ჩაჰკიდა და ალბათ ჩაიძინა.
    მე უკან მართლა არ მიმიხედავს, მაგრამ თითქოს ვგრძნობდი, რომ სიბნელეში დინალის ორი ანთებული თვალი მოგვდევდა, მოგვდევდა, მერე ავტობუსმა სიჩქარეს რომ მოუმატა, ჩამოგვრჩა და სულს ძლივს ითქვამდა, მერე დაეცა... მერე...
    სატირელი წიგნები და ფილმები ძაღლებზე  სულ ასე მთავრდება და მგელიც ხომ ძაღლისებრთა ოჯახიდანაა.
- რუხი, ეული მგელი - დინალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები