ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: პოლარული კატა
ჟანრი: პროზა
18 სექტემბერი, 2021


ერთი უბრალო ამბავი

ოდესმე გიფიქრიათ რას ეტყოდით თქვენთვის საყვარელ ადამიანს, შემოდგომის ერთი ჩვეულებრივი დილის 9-ის 20 წუთზე თქვენ წინ, სამზარეულოს მაგიდასთან რომ ჩამომჯდარიყო, ხელები გადაეჯვარედინებინა და თქვენზე დაჟინებული დაკვირვების სამიოდე წუთის მერე ეთქვა, მგონი სხვის მიმართ მიჩნდება გრძნობები და არ ვიცი რა ვქნაო?  რაც მთავარია იქვე, მანამ, სანამ ამოსუნთქვას მოასწრებდით, დაემატებინა - მაგრამ შენ მიყვარხარ. ისე მიყვარხარ როგორც ადრე, არც ერთი მტკაველით ნაკლებად-ო.
გიფიქრიათ ოდესმე ამგვარად დაწყებული დიალოგის გაგრძელებაზე?
მე არ მქონდა ნაფიქრი. არ ვიყავი მზად. ღრმად ჩავისუნთქე და ჩავახველე. თითები გამექცნენ, ცხელ ფინჯანს შემოეკვრნენ და მიუხედავად იმისა, რომ ხელისგულებში ჩაღვრილი ზედმეტად ცხელი ტალღები არ ესიამოვნათ, დარჩნენ ასე, მის ნაჩუქარ ჭიქაზე ჯიუტად ჩაბღაუჭებულნი. პირველი რამდენიმე წუთი არაფერი მითქვამს. ჩემი ტვინი სრულიად ცარიელი, გული ოდნაც აჩქარებული იყო. თუ გინდა დუმილი რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნო, შენს წინ მჯდომ ადამიანს თვალებში არ უნდა შეხედო. მეც ჯერ ხის კენწეროზე შემომჯდარ ყვავს დავაკვირდი, მერე ჩვენი ფანჯრის რაფასთან მოგოგმანე, დღეს რომ პური დავჭერი და საჭრელ დაფაზე შემორჩენილი ნაფხშვენები გადავუყარე იმ მტრედს. ბოლოს ყავას. არ მიყვარს ყავა. თითქმის არასდროს ვსვამ. დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე რომ გვქონია და…
ნეტავ რატომ გავიკეთე? ჩაი რომ მედგას, კენკრის, ლიმონით და თან დასაყენებელი, იქნებ ბევრად უკეთ მეგრძნო თავი. იქნებ გულის რევის შეგრძნება ასე სწრაფად არ ამომსვლოდა ყელამდე.
- ვის მიმართ? რა გრძნობები? ვიკითხე ბოლოს და მწარე ყავის მწარე ყლუპი რაც შეიძლებოდა მშვიდი გამომეტყველებით მოვსვი.
იდაყვი მაგიდაზე ჩამოდო, სახე ხელისგულზე. ოდნავ ღიმილიანი გამომეტყველებით მიყურებდა. რაღაცნაირად, როგორც ლამაზ ბავშვს შეხედავს ხოლმე ადამიანი, უეცრად ქუჩაში შემოხვედრილს, დედის ფეხებს ამოფარებულს. უცხოს, მაგრამ მაინც საყვარელს. სხვისას, მაგრამ ჩახუტებისა და სიახლოვის სურვილის აღმძვრელს. თმები აჩეჩილი ჰქონდა. საერთოდაც, ახლახანს იყო ამდგარი. ჯერ ისევ საცვლებით, ზემოთ შიშველი, მოუწესრიგებელი და კბილებგამოუხეხავი.
-არ გავრკვეულვარ, ვერ ვყალიბდები. ვის მიმართ? აქვს ახლა ამას მნიშვნელობა?
-მნიშვნელობა აქვს.
დუმილი. მტრედი გაძღა და ძლივს აფრინდა. მსუქანი, მახინჯი მტრედი. აღარასდროს დავუყრი ნარჩენ ნამცეცებს.
-იის? ვიკითხე ბოლოს და ვიგრძენი როგორც მომექცა ქვედა ტუჩი. "ნუ აკანკალდები. გთხოვ. ნუ აკანკალდები"
-ვინ ის? შენ რა,  თეკოზე ამბობ? არა, რა თქმა უნდა. კარგი რა...
მხრები ავიჩეჩე. თავი რამდენჯერმე გავაქნიე. საშინლად მომინდა თმები შეკრული კი არა, გაშლილი მქონოდა. თითები კვლავაც ჭიქას იყო მობღაუჭებული და არაფრით მემორჩილებოდა.
-არ იცნობ. ჩემი თანამშრომელია. ნანი ქვია და გეფიცები, არაფერი ხდება. სამსახურის გარეთ და სამსახურის საქმეების გარდა არც კი ვეკონტაქტები. არც მიცდია. საერთოდ, არაფერს ვცდილობ. არც ის ცდილობს რამეს. უბრალოდ ზოგჯერ... ჩემ თავს შევატყვე რომ ზოგჯერ ვფიქრობ და... სინდისი მაწუხებს რა. მაგიტომ გითხარი.
-რას ფიქრობ ხოლმე სანდრო?
-ვფიქრობ როგორი იქნებოდა მასთან ურთიერთობა.
-მასთან ურთიერთობაში სექსი იგულისხმება თუ ხელიხელჩაკიდებული სიარული და მაღალ მატერიებზე საუბარი?
-კარგი რა...
-რა კარგი რა? მართლა მაინტერესებს. ხომ უნდა გავერკვეთ ნანის მიმართ შენს გრძნობებში?
-ორივე.
-მერე, როგორია?
-რა?
-როგორია შენს ფიქრებში ეგ ურთიერთობა.
არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა სანამ მიპასუხებდა.
-სასიამოვნო.
"ჰაჰ" გამაჟრიალა.
„თავხედი“.
სიბრაზე ერთბაშად მომაწვა. წითელი იყო და მხურვალე. გავოფლიანდი. რამ გამაკეთებინა? რამ გამაკეთებინა ეს ცხელი ყავა?
-რით დაიმსახურა შენი ასეთი ყურადღება?
-ანუ? კარაქი გვაქვს?
-ახლა ავდგები, წავალ და არ დავბრუნდები. არც დღეს, არც ხვალ და არც მთელი კვირა. ან იცი რა? არც არასდროს, გაიგე?
-კარგი, კარგი! ანუ როგორია? ეგ გაინტერესებს?
-ხო, მაინტერესებს.
-მხიარულია. მხიარული და ხშირად მოცინარი. აი ზოგს რომ უხდება სიცილი განსაკუთრებით, ამასაც ეგრე რა..
და იყო რაღაც ამ მომენტში, ძალის სრულიად გამომცლელი. ამოვიოხრე, მხრები ჩამომივარდა. ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები ცრემლით. ნიკაპი ამიკანკალდა და სახე განაწყენებული ბავშვივით გამებერა. სანდრო შეშფოთდა, ერთიანად გაფითრდა, ადგა, მოვიდა და ჩამეხუტა.
-ჰეი, გთხოვ რა. გთხოვ არ იტირო. გეფიცები მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ. უბრალოდ ჩავთვალე რომ უნდა მეთქვა და... არ ნიშნავს ეს არაფერს.
ცოტახანი ვიტირე, მერე მისი მკლავებიდან გავთავისუფლდი და ჭურჭელი გასარეცხებში ჩავდე. თემა აღარ გამიგრძელებია. საერთოდაც, აღარაფერი მითქვამს. ორივე ჩვენ-ჩვენ საქმეში ჩავეფალით. ის თავის კომპიუტერთან იჯდა მთელი დღე. მე ჩემს. არაფერი გვიჭამია. არაფერი გაგვირეცხავს. არაფერი გაგვიშრია. არაფერი მოგვიმზადებია. არაფრისთვის მოგვისმენია. ერთმანეთისთვის არაფერი გვიკითხავს. არც შეგვიხედავს. საღამოსკენ ავდექი და სასეირნოდ გავედი. პირველად მოხდა, რომ არ მკითხა სად მივდიოდი. არ მკითხა მინდოდა თუ არა გამომყოლოდა. ლავიწყების შესაყართან ტკივილი ვიგრძენი. ყოველთვის, როდესაც მისგან მწყინდა რამე, ლავიწყების შესაყართან ვგრძნობდი ფიზიკურ ტკივილს.
ამინდი კარგი იყო. თბილი იყო ჰაერი, მაგრამ არა ჩამხუთველი. ნაცნობ ქუჩებს ვეღარ ვაგნებდი, არ ვიცოდი საით მივდიოდი.
"რა გამოდის, მღალატობს?"
ან რა მნიშვნელობა აქვს რას დაარქმევ. სხვის მიმართ გრძნობები... გამოდის მასთან ურთიერთობა უნდა. არაფერია აქ გაურკვეველი. უნდა რომ დაახლოვდნენ. აინტერესებს, ეფიქრება. ალბათ ვნებაც აქვს. იზიდავს. ალბათ... ალბათ უკვე უფიქრია როგორ კოცნის, ეხება, ეხუტება, ხდის... უფიქრია მასთან სექსზე. იქნებ საკუთარი თავიც დაუკმაყოფილებია ამაზე ფიქრით.
კვლავ გულის რევის შეგრძნება.
ისევ ბრაზი. ისევ სიმხურვალე. ისევ გაოფლიანება.
მაგრამ თუ რეალურად არაფერი ხდება... თუ ეს მხოლოდ ფიქრებია?
რატომ გადაწყვიტა რომ უნდა ვიცოდე? რატომ მითხრა? რატომ უნდა მცოდნოდა...
ისევ ცრემლების მოწოლა.
ნუ კანკალებ რა! შუაზე გაპობილო, უშნო ნიკაპო! ნუ კანკალებ.
იმიტომ მითხრა რომ ჩემ წინაშე პირნათელი გამოჩნდეს. პინათელი და გულწრფელი. როგორ შეიძლება ისევ ისე ძლიერ ვუყვარდე და ვიღაცის მიმართ ისეთი ინტერესი ჰქონდეს, რომ ახალგაღვიძებული, ჯერ კიდევ ნიფხავში მოტანტალე ამაზე მალაპარაკება?
აღარ ვუყვარვარ. რა თქმა უნდა, აღარ ვუყვარვარ. მატყუებს იმიტომ, რომ სინდისის ქენჯნა არ იგრძნოს. მიმატოვებს და ეს გარდაუვალია. მალევე ნანისთან ერთად იქნება და აღმოაჩენს რომ ის არის მისი ნამდვილი და ერთადერთი სიყვარული.
მამზადებს.
არადა როგორ მიყვარდა შემოდგომა...
უცებ თავში დამარტყა, რომ მთავარი არ მიკითხავს.
რამდენი ხანია რაც?
რამდენი ხანია რაც ჩვენ შორის მესამე წევს, მესამეს ძინავს, მესამე ჭამს და არსებობს?
როგორც ვერ შევამჩნიე? უნდა მეგრძნო. უნდა მეგრძნო. უნდა დამესწრო მისთვის. მზად უნდა ვყოფილიყავი და არ ვიყავი.
რატომ? რატომ მოხდა ასე?
ნეტავ... როდის დაიწყო?
ჩემს შიშველ მკერდს რომ კბენდა, მაშინაც? ჩემს ახალ ფანქრებს რომ ვთლიდით მაშინაც? ჩვენი ბავშვების სურათებს რომ ვათვალიერებდით, მაშინაც? 
იქნებ სულაც არ არის დიდი ხნის ამბავი? იქნებ უნდა რომ დავეხმარო? უნდა რომ ეს ყველაფერი ერთად გადავლახოთ? იქნებ თავიდანვე მითხრა. მანამ სანამ ჯერ კიდევ გამოსწორებადია.
კი მაგრამ, როგორ?
სამსახურიდან რომ წამოვიდეს?
რა თქმა უნდა არ წამოვა. კარგი ანაზღაურება, საყვარელი საქმე. ნანი...
ჯანდაბა!
ცოტახანი ერთად რომ წავიდეთ სადმე? მხოლოდ ჩვენ ორნი. ტელეფონები არ წავიღოთ... ერთმანეთს ერთმანეთი შევახსენოთ. იქნებ გადაუაროს? რამდენი ხანია ერთად არსად ვყოფილვართ. ბოლო გასვლა ნახევარი წლის წინ. ჩემ დაბადების დღემდე სამი დღით ადრე. ხის კოტეჯი და მცენარეების სუნი. მის მიერ მომზადებული საუზმეები და ცხელი შოკოლადის კაკაო. ბოლოს მგონი იქ დავლიეთ ერთად. როზე დავლიეთ. დავთვერით. მთელი ღამე ვილაპარაკეთ. ვიცინოდით. უხაროდა რომ მის ხუმრობებზე მეცინება. მეგონი აღარ მოგწონდა ჩემი იუმორიო, მეგონა აღარ გიყვარდიო.
რა ლამაზი იქნება ჩვენი შვილი არა? მითხრა და ნიკაპის ღრმულში თითი ჩამაჭირა.
-ეს თუ არ გამოყვება.
-საშინელო! საზიზღარო!
-გეხუმრები, მიყვარს! აი ნახე!
მაკოცა. შიგ ნიკაპის ჩაღრმავებაში მაკოცა.
გემეღიმა.
რა სულელია...
აქაურობა ნაცნობია.
ტყესთან მივედი.
ტყესთან, რომელშიც მე და მან ნაძვი დავრგეთ. ტყესთან, რომლის ხეებზეც დილის ადამიანები ბოლომდე ვერდამახსოვრებულ სიზმრებს კიდებენ, რომ იგივე სიზმრები სხვებმაც დაისიზმრონ და დაიმახსოვრონ.
იქვე მდგომ ბიჭს მივუახლოვდი.
-ზედმეტი სიგარეტის ღერი და სანთებელა ხომ არ გექნებათ?
მომაწოდა. მომიკიდა. მოიკიდა თვითონაც. მოვქაჩეთ.
-მადლობა.
გაეცინა.
-რა გაცინებთ?
-დიდი ხანია არ მოგიწევია?
-ხო... დიდი ხანია.
გამეცინა.
-გაიცინეთ ხოლმე ხშირად. სიცილი გიხდებათ.
-მადლობა.
დავემშვიდობე. ტყეში შევედი. ტყის შუაგულამდე ვიარე. იქ ჩამოვჯექი ფეხმორთხმით, სადაც მზის სხივები ყველაზე ნაკლებად აღწევს. სადაც ხეების მაღალი ტოტები ყველაზე მეტად არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული. სადაც ცა დაქსაქსულია და მასზე გადებული მუქი ჩრდილები სითბოს შემოღწევის საშუალებას არ აძლევს.
დავუშვათ მიმატოვა.
გაერკვია გრძნობებში, ადგა და წავიდა.
დავუშვათ მარტო ვარ.
მერე? მერე რა ხდება?
მტკივა. ძალიან მტკივა.
ვიშლები რაღაცნაირად.
საკუთარ თავს ვკარგავ.
ვპოულობ მხოლოდ ნაწილებს.
ვცდილობ შევერთდე.
დილით გაღვიძება არ მიხარია.
ვარ დამძიმებული და უხალისო.
ვარ უბედური.
ვარ მარტოსული.
მაგრამ ვაარ კი ჯერ კიდევ მასზე შეყვარებული?
ტელეფონი ავიღე. ავკრიფე ნომერი.
ზარი გავიდა. რამდენჯერმე. მერე შემეშინდა. გავთიშე.
თავი გავაქნიე, თმები გავიშალე. გავწექი.
შავი თითები ირხეოდნენ და ეფერებოდნენ ერთმანეთს. აქ ყველაზე სუსტი ქარიც კი ერევა ფოთლებს. როცა ქარია აქ მხოლოდ შრიალის ხმა ისმის. სიზმრებიც იცვლიან ადგილებს, მიყვებიან ქარს, ეძებენ ადრესატებს.
არასდროს იცი შენთან რომელი მოვა.
კოშმარი მოვა თუ პირიქით.
ნეტავ დღევანდელი დილაც სიზმარი ყოფილიყო. ჩამოვკიდებდი ხეზე? გავიმეტებდი სხვას მსგავსი სიზმრის დასასიზმრებლად?
ტელეფონი მირეკავს. ნერწყვს ვყლაპავ. ვიღებ.
-დიახ? მეუბნება გაუცხოებული ნაცნობის ხმა. რამდენი დროც არ უნდა იყოს გასული, უცნაურად მატოკებს ხოლმე ამ ხმის გაგონება.
-გამარჯობა ნიკო.
-გამარჯობა.
-როგორ ხარ?
-კარგად. შენ როგორ ხარ?
-ნიკო, გცალია?
-მცალია.
-არ გამიბრაზდე რა.
-არ გაგიბრაზდები.
-მინდა რაღაც გკითხო.
-მკითხე ლალუ.
მისი ხმით ნათქვამი ჩემი სახელი ყოველთვის განსაკუთრებით მიჩუყებდა გულს.
-მე რომ წავედი... გაგიჭირდა?
მისი მხრიდანაც ისმოდა შრიალი. ნეტავ აქ არის? სადმე ახლოს?
-ძალიან.
-მაგრამ გადალახე, ხომ ასეა?
-ასეა.
-გიყვარდი მერეც?
-რატომ მეკითხები?
დუმილი.
„რატომ ვეკითხები?“
-მიყვარდი. მაგრამ რაღაც დროის მერე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.
-იმიტომ რომ წავსულიყავი, რომ სხვა შემიყვარდა, უფრო გაგიჭირდებოდა?
-არ ვიცი. არამგონია. რა მნიშვნელობა აქვს? ადრე თუ გვიან შეიყვარებდი სხვასაც, მთავარია რომ მე აღარ გიყვარდი. ხომ აღარ გიყვარდი?
-აღარ მიყვარდი ნიკო. გრძნობდი?
-რა თქმა უნდა ვგრძნობდი.
-მაპატიე.
-არაუშავს. მთავარი იცი რა არის?
-რა?
-მე მაინც მიყვარდა საკუთარი თავი. შენ მერეც. შენს სიყვარულთან ერთად და შენი სიყვარულის გარეშეც.
გამეცინა.
გაეცინა.
-მადლობა.
აღარაფერი უთქვამს. რამდენიმე წამით შეიცადა და გამითიშა.
მობილურში არეკლილ საკუთარ თავს დავაკვირდი.
გავუცინე. ერთხელ არა, სამჯერ.
ჩემი სიცილი...
ლამაზია ჩემი სიცილიც.
სახლში რომ დავრბრუნდი უკვე იწვა. მობილურში იყო ჩამძვრალი. კარებში რომ შემოვედი ამომხედა. მიყურა. მიყურა. მიყურა.
რაღაცას ელოდა. თვალი ავარიდე.
გამოვიცვალე, ხელი დავიბანე. გავიხადე წინდები, შარვალი, მაისური. დავწექი მის გვერდით. შევხედე. ვუყურე. ერთმანეთს ველოდებოდით.
ჩემკენ გადმოიწია და თმებიდან ფოთლები გამომაცალა. პირი ააცმაცუნა, მაგრამ გადაიფიქრა.
-ტყიდან სიზმარი მოგიტანე. ვუთხარი ბოლოს.
-ხოო? რა უნდა დავინახო?
- სინამდვილე. უნდა დაუნახო რა არის ნამდვილი და ხვალ დილით... უნდა მომიყვე.
-მოგიყვები.
-სანდრო.
-ჰო.
-რომც მიმატოვო... მე კარგად ვიქნები.
დიდხანს არაფერი უთქვამს.
-შენ რომ მიმატოვო, მე არ ვიქნები კარგად.
მითხრა ბოლოს, მხარზე მაკოცა, ბალიში გაასწორა და აჩეჩილთმიანი თავი მასში ჩარგო.
მალევე ჩაეძინა.
ღამე იყო ნათელი და მშვიდი. სიფხიზლისთვის ზედგამოჭრილი იყო ის ღამე.
"თუ მთელი ღამე ისე გავძლებ, რომ არ ჩამეძინება, ესეიგი მართლა ვუყვარვარ და ჩემთან დარჩება.“
მთვარე იყო სავსე და კაშკაშა. ოღონდ ყვითლად კი არა, ვერცხლისფრად ანათებდა.
ქარი ჩადგა. უკვე ისმოდა სამალავებიდან გამოსულ აჩრდილთა ნაბიჯები, დიდხანს უბანში შემორჩენილი ბიჭების ლაქლაქი, იმ მანქნის ბორბლების ხმა, ერთხელ კიდევ რომ შეგაწუხებს უკანა გზაზე გამოვლისას.
სიფხიზლისთვის ზედგამოჭერილი იყო ის ღამე...
აჩეჩილ თმებზე მოვეფერე,
მახსოვს, მინდოდა შუბლზე მეკოცნა. მერე? მერე აღარაფერი. ისე გავითიშე იმ ღამის არც ერთი სიზმარი არ დამიმახსოვრებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები