ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პროზა
23 სექტემბერი, 2021


აქ და იქ

-იცოდე, კარგად ისაუზმე, თორემ როგორც მშიერ ძაღლს არ გავიყოლებ  სანადიროდ,  ისე არც შენ წაგიყვან სკოლაში!- სიმკაცრეგარეული ხმით მმოძღვრავდა ბაბუა და ცდილობდა, ღიმილი ტუჩის კუთხეში მოემწყვდია, მაგრამ მე რას გამომაპარებდა?!
დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო ბაბუა. ნადირობა მისი ჰობი გახლდათ, ფეხბურთიც და კიდევ, ტკბილეულობა უყვარდა ძალიან. დილით, უთენია, მის სამალავში მიგნებული შოკოლადით რომ ჩავიკოკლოზინებდი  ყელს, მერე საუზმისათვის ვის სცხელოდა, მაგრამ ამას ხმამაღლა ხომ ვერ ვიტყოდი?
ვიჯექი მაგიდასთან ხმაგასუსული, დავყურებდი ვეებერთელა მათლაფაზე დასხმულ, ოხშივარავარდნილ მანანის ფაფას, მის ზედაპირზე მოცურავე  ყვითლად ალაპლაპებულ,  ნახევრად გამლღვალ კარაქს  და მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რა მომემოქმედა, რომ ამ მსუყე საშინელებას ავრიდებოდი, თან ისე, რომ არც ბებო გამენაწყენებინა, არც ბაბუა.
გაკვეთილის დაწყებამდე ორმოცი წუთი იყო დარჩენილი. აქედან, ოცი  წუთი გზას დასჭირდებოდა. მეორე ოცი წუთი როგორმე ჩემს სასარგებლოდ უნდა გამომეყენებინა.
ყველაზე ძალიან მანანის ფაფა მეზიზღებოდა. ბაღში შემაძულეს ამხანაგებმა, როცა ხან თმაში გვაზელდნენ  ამ ტკბილ, წებოვან მასას, ხანაც ფანჯრის ფარდებს უსვამდნენ კოვზით, თითით, ცხვირითაც კი.
მახსოვს, ჩემს ჯგუფელ გეგას,  რომელსაც  ჭამა  ჩემსავით ეზარებოდა, ძიძა ასაუზმებდა  ხოლმე და ერთხელაც, როცა დიდ- დიდ ლუკმებს აყლაპებდა ( ალბათ, სხვა საქმეც ჰქონდა და ეჩქარებოდა), გეგას ლუკმა გადასცდა, აუვარდა ხველება და ფაფის სქელი, გრძელი ნაკადი ჭიაყელასავით გამოეწელა ცხვირიდან. აი, მაშინ ისე ამერია გული, რომ ვერაფრით დამაწყნარეს. კარგა ხანს ვიჯექით მე და მეორე ძიძა ბაღის უკან გაშენებულ წიწვნარში. წყალს ყლუპებით ვსვამდი ფაიფურის  კოპლებიანი ჭიქიდან და ოდნავ დამშვიდებული,  ძიძის სახელზე ვფიქრობდი. ამ თბილ, ალერსიან ქალს ლამზირა ერქვა და ჩემში მუდამ გაოცებას იწვევდა ის ფაქტი, რომ ბაღის გამგე, როხროხახმიანი და ჭაღარა კულულებიანი ქალი, როცა ლამზირას თავისთან  უხმობდა,  ,,ლასს" მეტისმეტად არბილებდა, მაშინ, როცა ამავე თანხმოვანს მეტისმეტად მყარად და მედიდურად წარმოსთქვამდა სიტყვა ,,ლამაზში".
ვერ შემაჭამეს ფაფა. იმაზე თავნება გამოვდექი, ვიდრე ჩემს ტკბილ მოხუცებს ეგონათ.
- წაიღე ეს კარაქიანი პური და გზაში დაიყოლიო იქნებ, როგორმე -  უჩურჩულა ბებომ ბაბუას.  ცარიელი კუჭით შინიდან გასვლა, უფროსების  აზრით, პირდაპირ კავშირში იყო უხილავად ჩასაფრებულ  მაქციებთან, ჭინკებთან,  ავ სულებთან. მათ იოლად შეეძლოთ მშიერი ადამიანის გათვალვა. პერგამენტის ჭრაჭუნა ქაღალდში გახვეული კარაქიანი პურისა და ყველის ბუტერბროდი ბაბუამ ჩანთის გარეთა ჯიბეში ჩამიდო და მამა დამაფიცა, რომ  ბოტანიკური ბაღის ბილიკიდან  სკოლის ჭიშკრამდე ჩემს ულუფას ბოლომდე შევჭამდი. დამაფიცა მამა, რომელსაც არ ვიცნობდი და მაინც ძალიან მიყვარდა. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ მეზღვაური იყო მამაჩემი და ერთ- ერთი შტორმის დროს ღმერთმა ჯერ გემთან ერთად დაუშვა მლაშე წყლის ფსკერზე, მერე კი, ცაში, თავისთან წაიყვანა. რომ იქ უფრო კარგად იყო მამა  და არასდროს მოკვდებოდა.
ვერ ვხვდებოდი, რატომ იყო მამა კარგად უჩემოდ, მაგრამ რადგან არასდროს მოკვდებოდა, ესე იგი, მართლაც კარგი უნდა ყოფილიყო იქ ყოფნა, სადაც  ახლა იყო. საითაც, ძალიანაც რომ მომენდომებინა, არავინ გამიშვებდა.
რადგან ბაბუამ მთხოვა, არ ვაწყენინე, დავიფიცე მამა, მაგრამ ისე, რომ  ზურგს უკან წაღებული ხელის საჩვენებელი და შუა თითები გადაჯვარედინებული მქონდა.
ორი- სამი ლუკმა ძლივს  გავღეჭე და ძალისძალათი ჩავყლაპე,  დანარჩენი დავაქუცმაცე და გზის გაყოლებაზე ჩარგულ ბზის ბუჩქებს შორის მიმოვფანტე იმ იმედით, რომ თაგუნიები, ფისოები, ან ცუგრიკოები გემრიელად მიირთმევდნენ და  მერე, ბედნიერები, მადლიერების  უსაყვარლეს ხმებს გამოსცემდნენ იმის ნიშნად, რომ  ადამიანებს ჯერაც უყვარდათ და ახსოვდათ თავიანთი ოთხფეხა მტერ- მეგობრები ( სულაც არაა თაგუნა მტერი, როგორც ამას მშიშარა მეტიჩრები ამტკიცებენ, მაგრამ მაინც დავწერე).
სკოლის ჭიშკართან დირექტორი იდგა  სქელლინზიანი შავი სათვალით, შუაზე გადაყოფილი შავი  თმითა და წაწვეტებული ჯოხით ხელში. ეს უკვე მეორედ ვხვდებოდი მას ასე პირისპირ და ისეთ შინაგან ძრწოლას განვიცდიდი, მეგონა, მუხლები მომეკვეთებოდა და წავიქცეოდი. ბაბუას ხელი მაგრად მოვუჭირე, თვალები დავხუჭე და ასე თავდახრილი ვაპირებდი ჭიშკარში შეღწევას, როცა  დირექტორმა ბაბუას თავისთან უხმო. სხვა რა დამრჩენოდა, მარტო უნდა გავყოლოდი გზას კიბემდე. იქიდან კი უკვე სამშვიდობოს დავიგულებდი თავს.
ქალბატონ დირექტორს ( ასე უწოდებდნენ კოლეგები) შარშან, ზამთარში შევხვდი პირველად. იმ დღეს საშინელი თოვლ- ჭყაპი იყო, ქარიც ხმამაღლა  წუოდა და ბებოს ფოჩებიან, უჯრულა თავშალში გახვეულს სახე და ყურები კი მქონდა თბილად, მაგრამ ხელებზე მციოდა. წინა საღამოს მამიდამ  ხელთათმანები გამირეცხა და გასაშრობად ღუმელის  სიახლოვეს, პატარა სკამის საზურგეზე გადაკიდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო, ავარვარებულმა ღუმელმა ჩემი ლამაზი, ჭრელი ხელთათმანები ჯერ დააწითლა, მერე- გააშავა. დამწვრის სუნი რომ ვიგრძენით,  უკვე გვიანი იყო. ბებო ახალი ხელთათმანების მოქსოვას შემპირდა, მამიდა- ყიდვას. მე კი არც ერთი მინდოდა, არც- მეორე. ავდექი ტირილით, წავიღე ჩემი  გასაცოდავებული, დახრუკული, ფორმადაკარგული ორი სიყვარული და ლეიბის ქვეშ ამოვდე იმ იმედით, რომ ღამით აუცილებლად დამესიზმრებოდა ის ნამდვილი  პრინცესა, რომელმაც მდოგვის მარცვალზე ძილი გააპროტესტა.  მხოლოდ მის რჩევას გავითვალისწინებდი, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება ალუბლებიანი ხელთათმანების გარეშე.
ერთი სიტყვით, ხელებგაყინული შევყევი ბაბუას სკოლის ვესტიბიულში. ეს ის დრო იყო, როცა პირველკლასელმა ჯერაც არ ვიცოდი  სასკოლო  დისციპლინის ავან- ჩავანი, ამიტომაც ბაბუას ხელი გავუშვი და კუნტრუშით დავაპირე დერეფნისკენ გზის გაგრძელება, როცა, მოულოდნელად,  დაიგრგვინა ხმამ:- ამ ბავშვს რა უნდა აქ? ნუთუ არავინ ასწავლა, რომ მხოლოდ მოსწავლეთა შესასვლელით უნდა ისარგებლოს?!
მინდა გითხრათ, რომ ძალიან მშიშარა და მტირალა ბავშვი ვიყავი. ბებია- ბაბუების ნალოლიავები,  ზღაპრულ სამყაროს შეკედლებული და უჩინარ ელფთან დამეგობრებული, სწორედ ისე, როგორც  საყვარელი წიგნის პერსონაჟი, პატარა რასიალე. ამიტომ სიმკაცრე, თან მოულოდნელი,  იმდენად განვიცადე, რომ  მერეც,  როცა ჩემი უთბილესი ლელა მასწავლებელი მეფერებოდა, ხელებს მითბობდა და ჩემს კლასელებთან ერთად ცდილობდა გავემხიარულებინე, ნიკაპი  დიდხანს, დიდხანს მიკანკალებდა.
ლელა მასწავლებლის კლასში იქნებიო, რომ  მითხრა ბაბუამ, ვთხოვე, მისი სურათი ეჩვენებინა. დიდ ალბომში იმდენი ფოტო იყო ჩაკრული, თვალები ამიჭრელდა.
- აბა, როგორ ფიქრობ, რომელი იქნება ამ მასწავლებლებიდან შენი ლელა მასწავლებელი?- ბაბუას კითხვაზე გამეცინა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, ახალგაზრდა, პომადიან, თმააწეულ, ჭრელკაბიან მასწავლებელს დავადე თითი.
- არა, შეგეშალა. აი, ესაა ლელა, შენი დამრიგებელი. ბაბუას თითს თვალი რომ  გავაყოლე, ხელში შემრჩა შუახნის შავგვრემანი ქალი, სადა ვარცხნილობითა და სევდიანი ღიმილით. მინდოდა მეკითხა, რატომ იყო მოწყენილი, მაგრამ გავჩუმდი და იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ გამემხიარულებინა ჩემი მასწავლებელი. ასეთი მოწყენილი, აბა, როგორ ეყვარებოდათ ბავშვებს?!
პირველ გაკვეთილზე, თავის გამოჩენის მიზნით, საბავშვო ჟურნალი წავიღე სკოლაში და მასწავლებელს ვთხოვე, ლექსებს წაგიკითხავთ- მეთქი. გაეღიმა და ნება დამრთო, მერე შემაქო და დღიურში ასე ჩამიწერა: ,,ყოჩაღ!"
გაღიმებული რომ ვნახე ლელა მასწავლებელი, გავთამამდი და სანამ ჩემს მერხს მივუჯდებოდი, ახლადგაცნობილ კლასელს, დაბუშტულლოყებიან, ქერა, ღიმილიან  ნანას ლოყაზე ვაკოცე.
შინ მისულს ბაბუამ მისაყვედურა: მეგობრები ყველას გვიყვარს, მაგრამ გაკვეთილზე მხოლოდ სწავლა, წიგნები და რვეულები უნდა გახსოვდესო.
პირველად მაშინ მივხვდი ლელა მასწავლებლის მოწყენის მიზეზს: მას მეგობრების მოფერება არ შეეძლო მაშინ, როცა გაუხარდებოდა. რა ცუდი ყოფილა დიდობა- გავიფიქრე და გული მეტკინა.
ლელა მასწავლებელს შვილები არ ჰყავდა და ჩვენ ძალიან ვუყვარდით. არ სიამოვნებდა, როცა მის მოსწავლეებზე ვინმეს საყვედური დასცდებოდა. თვალებში უფრო დიდ ნაღველს მიუჩენდა ბინას და ჩვენს მაძაგებელს ზრდილობიანად შეახსენებდა, რომ ისიც ბავშვი იყო ოდესღაც.
სკოლის ბუფეტში კატლეტის ჭამისას ყელში თხილისოდენა ძვალი რომ გამეჩხირა, ლელა მასწავლებელმა თავისი ყვავილებიანი თავშლით შემიხვია ყელი, გაციებული იქნები და გეჩვენება, რომ გფხაჭნის და გტკივაო. მერე კი, როცა ოტორინოლარინგოლოგმა ენის ქვეშ ჩაჭედილი ძვლისგან გამათავისუფლა, ფერდაკარგული, დიდხანს იმეორებდა, რომ დიდ  საშიშროებას გადავურჩით. რომ თურმე, ძალიან  ვყვარებივართ ღმერთს.
მე კი, ღმერთის ხსენებაზე მამასთან წავედი ფიქრით და ვიგრძენი, რომ სულაც არ იქნებოდა საშიში იქ მისვლა, სადაც მამა დაასახლა ღმერთმა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ არც ფაფის ჭამა იქნებოდა სავალდებულო და დასაძალებელი. არც ბავშვებისთვის მკაცრად  აკრძალული ადგილები იარსებებდა,  საშიშხმიან  დირექტორებთან ერთად, რომლებიც სითბოსა და სინათლეში ძლივს შეღწეულებს  ისევ უკან, ცივ და უჟმურ ამინდში გაგვაბრუნებდნენ. არც მეგობრის მოფერებისთვის გისაყვედურებდა ვინმე, არც თაგუნიების დაპურებისათვის და რაც მთავარია, მამას გავიცნობდი. ჩემს მამიკოს, რომელიც  მხოლოდ სიზმარში მოდიოდა მეზღვაურის ფორმით,  ზღვის ხმაურითა  და სურნელით.  რომელსაც,  თუკი მეზობლებს დავუჯერებ,  თურმე ისე ძალიან ვგავდი, როგორც შუაზე გადაჭრილი ვაშლის ორი ნახევარი ჰგავს ერთმანეთს.
მაგრამ  ჯერ აქ ვიყავი,  დედამიწაზე.
და ეს ,,აქ" ნიშნავდა ბებოსა და ბაბუას სიცოცხლის გახანგრძლივებას, მათ სიხარულსა და ბედნიერებას.
ჩემს ბედნიერებასაც, ალბათ, რადგან ჩემი ყველა ჩანაფიქრი ჯერ აქ უნდა ამესრულებინა, პირველ რიგში, ლელა  მასწავლებლის თვალებში უნდა შემეკრიბა და  ამეციმციმებინა სხვების დაუფიქრებლობის მიზეზით  გაფანტული, შემკრთალი  მზის სხივები. და ეს  იმიტომ, რომ ბავშვებს ჰყვარებოდათ.
ბავშვებს ღიმილიანი ადამიანები უყვართ.
ფერადხილვებიანი და ღიმილიანი, შიშს გარიდებული თბილი ადამიანები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები