ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2021


გადასახვევი

ძველი  ჩანაწერი ვიპოვე და დავამუშავე. თუ არ გამოვიდა და რა ვქნა!
მერე სხვა რამეს ვცდი.
ნარატიული ლექსია, საფუძვლად ნამდვილი ამბავი უდევს.
ისე კი, ჯეიმსის სიკვდილი ყველამ განვიცადეთ.

რატომ დავინტერესდი ამ თემის დამუშავებით?!
მინდოდა მეჩვენებინა, რომ აი, ეს არის ამერიკული სული! -
უფეხებო კაცი, რომელიც ბორბლებიანი სავარძლით გადაადგილდებოდა, ცხოვრების აზრს სხვათა შეგებებაში ხედავდა, ვიდრე ცოცხლობდა, განუწყვეტლივ ახარებდა უცნობ-ნაცნობებს.

ნინო დარბაისელი

გადასახვევი

- - - - - - - - -

ჰამბოლტი - ძველი ქალაქია ამერიკაში.
მთავარი გზიდან შეუდის ორი ერთნაირი გადასახვევი,
ჩვენ კი ეს ერთი გვირჩევნია,
რომლითაც ადრე,
სულ პირველად
ოკეანის თავზე ფრენით დაყრუებული,
მშობლიურ ბალანსდაკარგული,
აცეტებული,
მარწყვის ფესტივალს
შევერიე თავდამარწყვებით.

დრო გაივლიდა,
კულტურულ შოკსაც მოვერეოდი,
მეც გავიგებდი,
დავიჯერებდი,
რომ ამ მიწიერ სამოთხეში,
ყველას თავისი სავალდებულო ზეიმი აქვს,
ზოგს - მარწყვისა და გოგრეულის,
ზოგსაც - სიმინდის პირველმორწყვისა,
ზოგს წასვლისა და ზოგს - მშვიდობით დაბრუნებისა,
მთელი თავისი რიგით და წესით,
რუტინებით,
ხოლო ცხოვრება
საზეიმო ფასადებს მიღმა - 
ამერიკაშიც,
აფრიკაშიც,
ანტარქტიდაზეც
მუდამ და ყველგან  თავისებურად ძნელია  და გადასატანი.
ფასადზე -  თითქოს ღიმილია,
ფასადმიღმა კი,  სადაც წახვალ და შეიხედავ,
ყველგან ცრემლია.

აქ  ძველ ქალაქში
გადასახვევთან,
ზედ ტროტუარზე ორბორბლიანი ეტლი იდგა ბუშტებშებმული,
შიგ იჯდა კაცი - უფეხებო და ყველა გამვლელს,
ავტომობილს თუ სატვირთოებს ხელებს უქნევდა,
დღენიადაგ  იმათი ხილვით  აღტაცებული.
(რატომ მეგონა, ახალჩასულს მე დამახვედრეს?)
ჰამბოლტელები  იმ ადგილას სვლას ანელებდნენ,
,,ეჰეი, ჯეიმს! როგორა ხარო,
სასიამოვნო დღეს გისურვებთო!”
მისამართებსაც სტუმრები ასე ინიშნებდნენ:
,,აი, ჯეიმსის გადასახვევსაც რომ გამოსცდები, ერთი მილია,
და მერე მარჯვნივ,
იქვე,
ძველი სკოლის კუთხეში.”

2.
ადრე ბინდდება.
სავალ ნაწილზე მარტო ჩვენა ვართ!
აი ეს კუთხეც - ჯეიმსისა
- უკაცრიელი!
პირზე გვაშრება მზა სიტყვები:
“ეჰეი ჯეიმს, როგორ გიკითხოთ,
კარგ დღეს გისურვებთ!”
ოჰ, ჩვევა თორემ,
როდის მომხდარა
გარდაცვლილები მისკენ მიმავლებს გზად უხვდებოდნენ,
თუნდაც ასე დაეგვიანათ.
უსიტყვოდ,
უხმოდ უნდა ვიაროთ,
რომ გავიგონოთ,
რაზე წუის ქარი პირმწარი.
დაბლა - ფოთლების ორომტრიალი,
მაღლა - ფერადი,  კენტი ბუშტები ცის ტყვიისფერში  მიიწევენ,
მიირწევიან და ღრუბლებში იკარგებიან…

ესეც წესია აქაური:
ბუშტის გაშვება -
უკეთეს ქვეყნად გამგზავრებულთა პატივსაცემად.
რას არ ისწავლის ადამიანი აქ სასარგებლოს.

ეჰეი, ჯეიმს,
აწ უეტლოს მშვიდობით გევლოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები