ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: გურამმმ
ჟანრი: პროზა
2 ოქტომბერი, 2021


ლიმონიანი "არა"

- ლიმონიანი ყავა უნდა დავლიო; - მითხრა და ნარცისივით ყვითელი, სქელკანიანი ლიმონი დაანაწევრა. მერე იმის შემსწრეც გავხდი, რომ დანას, რომლის განიერ ზედაპირზე საკუთარი ანარეკლი შევნიშნე, ლიმონის მჟავე წვენი ხელიდან დაუსხლტდა, წვეთებად ჩამოეღვენთა და ფერი უცვალა საჭრელ დაფას. ფერი მიიღო სისველის - უფრო მუქი და მძიმე და კონცენტრირებული, ვიდრე მშრალი დაფის ღია და მკრთალი, ძალზედ მსუბუქი ყავისფერი. თითქოს ლიმონმა გააყოლა თოვლის გუნდასავით აგორგალებული თოვლივითვე ნაზი და ამავროულად ცივი, სუსხიანი ტკივილი თავის მჟავე წვენს, დანის უხეშ შეხებისთანავე რომ გადმოუთქრიალდა დასერილი სხეულიდან.
სანახაობამ მომხიბლა და ვთხოვე ჩემთვისაც მოემზადებინა კიდევ ერთი ფინჯანი, რომ მალე არ გამქრალიყო ყავისფერის სხვადასხვა ტონალობებისა და ყვითლის შეხამება ამ რეალისტური ნატურმორტიდან.
- მჟავეა. არ მოგეწონება; - დაზარება შევატყე.
- გპირდები, რომ ბოლომდე დავლევ.
- მე იმიტომ ვსვამ, რომ წონაში დავიკლო. შენ რას მოელი?
უხვ მოლოდინთაგან რომელი ერთი მეთქვა? ან რომლის შესახებ მეკითხებოდა? ფანქრის ნათლელებივით დაქუცმაცებული, გაცრეცილი, თხელი და მჭიდროდ შეპუჭპუჭებული იყო უმეტესობა და მენანებოდა, რომ ახლა მისთვის გამეხსნა და ასეთი ქცევით დაფლეთვის პირას მიმეყვანა მათა ფარფატა სხეულები. მაგრამ მაინც ვარჩიე, ვყოფილიყავი გულწრფელი და დაუფარავად მეპასუხა, მეთქვა რა მსურდა ზუსტად ახლა.
- მინდა, შენს ცხოვრებაში ღრმად შემოვიჭრა.
ჯერ ამრეზით შემომხედა. შემდეგ გამიღიმა და კოვზი დაატრიალა ფინჯანში.
- ადამიანებთან მეტისმეტი სიახლოვე რომ არ მიყვარს?
- შეგვიძლია შორეული დავრჩეთ ერთმანეთისვის. აღმაფრთოვანებ და ჩემთვის ესეც კმარა.
- არ მინდა, გურამ.
- ყავას დავლევ და წავალ.
ლიმონიანი ყავით სავსე ფინჯანი ნიჟარაში პირქვე ჩადგა და მომიბოდიშა, რომ ჩემი წილი ყავა დაღვარა.
- რას ვიზამთ, გურამ. კარგად იყავი.
- კარგად.
სხვა გოგონებივით დაბალი თვითშეფასება რომ ჰქონოდა, ალბათ დაუფიქრებლად მომეჯაჭვებოდა.
დამარცხებული წამოვედი. ის კი ძალიან ამაღლდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები