ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2021


ქარისა

#ლექსები

ეს ლექსი 35 წლის წინანდელია,
რედაქცია  - 15 წლის წინანდელი.

ნინო დარბაისელი

ქარისა

რა გემართება?
ნუ ხარ-მეთქი, ქარო, სასტიკი.
აბა, მომხედე,
მე ხომ მე ვარ
ვეღარ მიცანი? -
- ის, ვინც გაგენდო
ცივ ფანჯარაზე ცხვირმიჭყლეტილი,
როგორ უნდოდა,
ისიც შენსავით
ქვეყანაზე ყოფილიყო და არც ყოფილიყო;
რომ არავისგან
აღარასოდეს
არაფერი აღარ სტკენოდა;
ყველა კუთხეში შეეღწია,
ყველა კუნჭულში,
ჩუმად ესმინა
გულახდილი ჩურჩულებისთვის
და იმ ერთისთვის
ურჩ თმაზე ხელიც გადაესვა,
თავისუფლად, ასე,
შენსავით....

იცანი, ქარო, ეს სადარბაზოც,
შეყვარებულებს
მაშინ სულზე რომ მოგვისწარი
და ისე ძლიერ წამოუბერე,
შემორბენილნი
სულს ძლივს ვითქვამდით,
ერთმანეთში ჩარინდებამდე.

ო, როგორ გინდა,
რომ ყველაფერს მოეპოტინო,
შიგ შეაღწიო, არსი გაუგო.
ყვავილებს გვირგვინს  შემოაცლი,
რომ შიშველი ბუტკოები,
თუ  გადაურჩათ,
ზეცას მიაპყრონ;
კოცონს დაითრევ წითელი თმებით,
ცაში ღრუბლებს დააწიოკებ.
ხეებს,
სახლებს და  ადამიანებს,
გინდა,
ყველას ფრენა ასწავლო?

შენებრ ვინ იცის,
ქვეყანაზე ყველა სულდგმული,
ყველა საგანი,
ვის უნდა ყველას ატაცება თუ აღტაცება!

შენ არა ხარ ის სუსტი სიოც,
აწითლებულ ბიბილოს რომ შეაჟრიალებს
და ნიჟარაში
სასიყვარულო ჩურჩულად რომ ახმიანდება
ან მომაკვდავის
პირთან მიტანილ სარკეზე რომ იმედს აორთქლებს?!

მითხარი, მაინც სად იწყები, სად იბადები:
ზესკნელებში?
ღმერთის ფილტვებში?
შენ ხარ უფლის ამონასუნთქი?
რა სიტყვა მოგაქვს?
ან რა მოგაქვს?
ჩემთან დარჩები?

ვერ დარჩები!

შენ ხომ არსებობ, ვიდრე დაჰქრი,
როგორც მდინარე - ვიდრე  თავქვე ჩაედინება,
ან როგორც ცეცხლი -  ვიდრე ანთია,
როგორც ხმა - ვიდრე გაილევა,
ანდა ეს ლექსი,
ვიდრე ვინმეს ემახსოვრება!

1986

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები