ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2021


ჩემს მეგობარს

ჩემი მეგობარი აღარ არის ჩემი მეგობარი.
ის არც აღარავის მეგობარია,
არც აღარავის და, შვილი და ცოლი.
ის მარტო დედაა, ორად გაყოფილი დედა,
ორად გაყოფილი ტანით, თვალებით და სულით.
ორ სივრცეს შორის გადანაწილებული.
იქით გაფრენილ და აქეთ მორბენალ შვილებში.

ვუყურებ და ისიც მიყურებს
ვუყურებ და ისიც მიყურებს
არაფერს ვამბობ, ვიცი რომ
არაფერი უნდა ვთქვა.
მე კარგი მეგობარი ვარ.
არასდროს ვატყუებ.

იმ წამებში, როცა ფრთების გამობმა  დაიწყო
მისმა კრიალა შვილმა,
მკითხა, თავი ხომ არ მოვიკლაო?
მე ვუპასუხე, ის რაც ვიცოდი,
ანუ არ ვიცი-მეთქი.
ახლაც არ ვიცი, მისი ტკივილის სიდიდე.
მინდა წარმოვიდგენო,
რომ ცოცხლად ამომიღეს ორგანოები,
დამაძრეს ფრჩხილები ან ცეცხლი წამიკიდეს,
მაგრამ მისი ყურებისას,
ისეთი სასაცილო ხდება ეს წარმოსახვა.

მე კარგად ვიცნობ მის თვალებს.
ამიტომ ვარ ჩუმად,ამიტომ ვარ უმაქნისი
ჩემი კეთილი ნებით.
მე შემიძლია, მივყვე მის ტკივილს,
მის სიცარიელეს, მის კვდომას იქამდე,
სანამ არ ამოვიწურებით
ის ტკივილისგან და მე უმაქნისობისგან
და არ მეტყვის რომ შემიძლია დავარღვიო სიჩუმე.
იქამდე კი ვუყურებ და მიყურებს.

მისი ყურება არაფრით განსხვავდება
ჩარჩოში ჩასმული ფოტოსგან,
რომელსაც არ აქვს ცოცხალი ადამიანის გამოხედვა.
თუმცა სუნთქავს და ამიტომ
როგორც მინა ისეა დაორთქლილი მისი თვალები.

მე კი მეწვის თვალები და მეწვის წელები
მინდა, ნივთი ვიყო, რომელსაც ასეთ დროს
რაღაც დანიშნულება აქვს.
მაგალითად, ჭიქა, ფანჯარა, სკამის საზურგე..

მე მშიშარა ვარ, ამიტომ შემიძლია წარმოვიდგინო,
განვიცადო ყველა წამება ჩემზე,
მისი ტკივილის გასაგებად, მაგრამ წამითაც
ვერ ვუშვებ, როგორც დედამ ეს წარმოვიდგინო.
მე არც ისეთი კარგი მეგობარი ვარ ზოგჯერ.
ზოგჯერ არა, ამ ერთხელ,
ამ ერთ ფიქრში და ვერ შევძელი.

ადამიანური სისუსტისთვის ყველაფრის გადაბრალება შეგვიძლია.
მე ღმერთი არ ვარ-
შემიძლია ვთქვა და ვიამაყო იმით რომ ღმერთი არ ვარ.
შემიძლია ხელიც ჩავიქნიო,
დაღლილმა და დაქანცულმა და იყოს ნება შენი მეთქი,
ვუთხრა ღმერთს და ამოვისუნთქო.
ან ვილოცო, ვილოცო, ვილოცო შიშით,
რადგან ჩემმა მეგობარმა ილოცა სიყვარულით,
იცოდა უყვარდი და გიყვარდა...

ღმერთო, ამ ამბიდან მე დამრჩა შიში და მეგობარი,
რომელსაც ჩვენს შორის,
ბევრთა შორის ყველაზე მეტად ქონდა
მოსასვლელი პირი შენთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები