ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ფლე-ში
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2021


ქალბატონო...

შენ ალბათ გახსოვს...
მაშინ რაღაც მინდოდა მეთქვა,
სათქმელს შეშლილი ადონისის ეცხო მარილი.
მე რა ვიცოდი,
გაქცეული უსიტყვო სიტყვა,
დაბრუნდებოდა თანაზიარ სამძიმარივით.

შენ ალბათ გახსოვს...
და ამ ხსოვნას არ აქვს სახელი,
ორმოცი წელი მიილია უკვე მას აქეთ.
გუშინ ქუჩაში
შემეფეთა დოდო ჯაყელი
და შენს უცნაურ
სამყაროზე ვილაპარაკეთ.

შენ ალბათ გახსოვს...
უკვე ხსოვნის გაირღვა ბადე,
დრომ ფერფლწაყრილი ნაღვერდალი ვერ მიანელა.
ბიბლიოთეკის
კიბეებზე ახლაც დავლანდე,
ფართქალა ბელა და ფიქრივით ნაზი მანოლა.

შენ ალბათ გახსოვს...
თუმცა ხსოვნაც მოკვდა დაღლილი...
ცხრაას ოთხმოცში ნაჩუქარი ვნახე "ულისე".
პროფკავშირების
სახლთან ისევ ყვავის აპრილი
და თავს იფეთქებს "ტერორისტკა"- ბროწეულის ხე.

შენ ალბათ გახსოვს...
ხსოვნა სკივრში ვეღარ ეტევა,
დაუწერელ ლექსს თეთრ ფურცელზე ვინღა მიგიტანს.
რვა მარტის ღამე,
ზღვის ნაპირზე, ვით გამეთევა,
როცა დრომ თვითონ ამოშალა დღის წესრიგიდან.

შენ ალბათ გახსოვს...
ვიდრე ხსოვნა მოიკრებს ძალას,
ჩემთვის ადგილი დაიბევე ქარონის ნავში.
იმ დღეს...დღეისსწორს,
შეეჯახა ჭლექიან ქალაქს,
ბებუთით ვენებგადაჭრილი პოეტი- ბავშვი.

შენ ალბათ გახსოვს...
შეჩენილი ხსოვნაა მახრა,
ოხერი ხსოვნა ვინ მოთოკოს და ვინ განაგოს.
ეს მოგონება,
თითქოს,
რას არ მოყვება, მაგრამ,
სიყვარულივით მუნჯია და არ ლაპარაკობს.

შენ ალბათ გახსოვს...
ახლა სხვები სხვა ხსოვნას წერენ,
ფრთა გტკიოდა და
ცალფა ფრთითაც ცისკენ იწევდი.
თითქოს იცოდი, ნაადრევი სიკვდილის მერე,
მე ამ საზარელ და მტირალა ლექსს დაგიწერდი.

შენ ალბათ გახსოვს...
მაგრამ რაღა გემახსოვრება,
მიწით და ვარდით შეიზვინა ციცქნა სამარე.
ორ თარიღს შორის
ჩაიჭედა შენი ცხოვრება,
გაქვავებული დროისა და სივრცის ამარა.

შენ ალბათ გახსოვს...
და ეს ხსოვნაც მოჰგავს მოძახილს,
თუმცა, მოძახილს
მოსაძახიც არა დარჩა რა...
დაკეტილია, ქალბატონო, თეთრი ოთახი,
დახურულია ზღვისპირისკენ ღია ფანჯარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები