ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 ოქტომბერი, 2021


დედასა და დედაშვილობაზე

დედამიწაზე არავინ და არაფერი უნდა გააღმერთო დედისა და დედაშვილური სიყვარულის გარდა. ჯერ კიდევ როდის თქვა გენიოსმა ვაჟა-ფშაველამ:

,,ლამაზად შვილის აღმზრდელი
დედა მიცვნია ღმერთადა“.

არ არსებობს იმაზე ძვირფასი სიტყვა, ვიდრე
,,დედაშვილობა“.

დედაჩემის სიცოცხლეში (1958-2012) მხოლოდ ერთი ლექსის დაწერა მოვასწარი მასზე, მხოლოდ დედაჩემის გარდაცვალების მერე დამიგროვდა დედაზე ლექსები.

არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია.

დედაშვილურ სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობა არ არსებობს დედამიწაზე, ისევე როგორც არ არსებობს დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე უფრო დიდი ტკივილი, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილის გარდა.

ხშირად ჩაეხუტეთ დედებს... ცუდ ხასიათზე ვიყავი თუ კარგ ხასიათზე, დედას ყოველთვის ვეხუტებოდი. არა აქვს მნიშვნელობა ცუდად ხარ თუ კარგად, დედას ხშირად უნდა ჩაეხუტო (ვისაც აღარ გვყავს, ნათელში გვიმყოფოს უფალმა), ჩახუტებით სითბო გადადის. მშობლის სიყვარულიდან იწყება მოყვასის სიყვარული.

დედა სიცოცხლის ელექსირია! ბედნიერია ის ქალი, რომელსაც დედა ჰქვია, ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

არავის ეყვარები ისე, როგორც მშობელ დედას უყვარხარ, არავინ გიერთგულებს ისე, როგორც შენი დამბადებელი გიერთგულებს.

ჩვენ – ქართველებს ბევრი კარგი სიტყვა გვაქვს დედაზე:

,,დედაენა“, ,,დედა ბოძი“, ,,დედა ისტორია“, ,,დედამიწა“ და ასე შემდეგ.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

მითხარ: რამე სანუგეშო...

ვწევარ... ვმარცვლავ კრიალოსანს,
თვალებში კი მიდგას სევდა,
ვით ბუნების ფშაველ მგოსანს,
ისე მენატრება დედა.

არ მიშრება თვალში ცრემლი,
მითხარ: რამე სანუგეშო,
მაგრამ ვეჭვობ: თავი ჩემი
რაიმეთი ანუგეშო.

ატირდები, - შენც რომ მნახო
ასე ცრემლშეუშრობელი,
მინდა მყავდე გულთან ახლოს
და მწყალობდეს ღვთისმშობელი.

ასეთია ბედისწერა,
აგატირებს, - რომც არ გსურდეს...
და ჯიბეში სევდის მწერალს
ძვირფას მშობლის ფოტო უდევს.

ისევ ვმარცვლავ კრიალოსანს,
დამემართოს ლამის ბნედა,
ვით ბუნების ფშაველ მგოსანს,
ისე მენატრება დედა.

ვიდრე მიწას ჩავბარდები,
მითხარ: რამე სანუგეშო...
იქნებ ერთხელ თავი ჩემი
რაიმეთი ანუგეშო.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები