ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნინო--
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2021


ქალაქიდან

წლებია აქ გულს
ვერაფრით ვითბობ,
გავყურებ ქუჩებს,
სევდა მოფენილს,
გამიუცხოვდა,
ქალაქი თითქოს,
და
მენატრება,
ჩემი სოფელი...
ორღობეებით,
ფიცრული სახლით,
გვალვიან სიცხით,
მიწა დამსკდარი,
სუნი, მოროდზე
გამხმარი ჩალის,
ბუხარში,
ხმელი
შეშის ტკაცანი.
მწვანე კორდების
წყება და წყება,
მთვარე,
შარა-გზის ტბებში
გაჩრილი,
გუთანში წყვილად
ხარების შებმა,
და დატვირთული
შეშით მარხილი.
დილა ადრიან
ძაღლების ექო,
ღობის მესერზე
ჭახჭახი შაშვის,
ნიგვზის ფოთლების
სუნი და წენგო,
ბოჩოლა,
ფურს რომ
ვერ აწვდენს ძახილს.
ნისლის ბურანი,
შილიფად მხრებზე,
ეზოში
თონის პურების
სუნი,
ტყეში,
საძებრად საქონლის,
მეხრე,
მასპინძლის ღვინით,
პირსავსე ჭური.
შემოდგომის პირს,
წვიმიან სეზონს
ცეცხლს და კერიას,
მიმთბარი ბავშვი,
მწვანე თვალება,
კოპწია ეზო
ათასფერად რომ
ჰკრთება და ჰყვავის.
ჭაღარა თმებით
ტკბილი ბაბუა,
მოგონებით და
ზღაპრებით სავსე,
ხანდახან მაინც,
იტყვის სამდურავს,
დიდი ხანია,
რომ ვეღარ მნახე.
ჩემი მზეები,
იქ პირს იბანენ,
ჩემი დღეებიც,
იქ იწყებს თოვას,
ო,
რა ხანია დავიგვიანე,
როგორ განვიცდი,
რომ ისევ შორს ვარ.
ვნატრობ ბავშვობას,
სითბოს უშორესს
და სიყმაწვილე
მიდგება თვალწინ,
ცარიელ კედლებს
თვალს ვერ ვუსწორებ,
აქ დროც სხვაგვარი
ფიქრებით გადის.
ბეღურა ჩიტიც
სოფლად გაფრინდა,
ბაბუას ზღაპრებს
ვინღა მოუსმენს,
მე ასფალტს ვუმზერ,
რკინის ფანჯრიდან,
ცივი სიჩუმე,
ზვერავს კორპუსებს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები