ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2021


გაშეშობანა

ჩვენ ობლები ვართ,
ჩვენი თევზები პლასტმასისა
და პლასტელინისა
ვერ ცურავენ.
ჩვენი ტაშტები სავსეა ჩვენი ბავშვობით
და საპნიანი წყლით.
ვერც ნაცარები,  ყურცქვიტები
ვერ დავინახეთ ყურმოკრულით
და მოუთხრობლად.
მხოლოდ გავშეშდით.

გაშეშობანა ჩვენზე იყო
ზედგამოჭრილი.
აი დევნა, აი მოედანი
აი ნადავლი.
სწრაფად სირბილი რომ  ვიცოდით
რა ხეირი.
იმის  შიშით
რომ  ვერ დაგვიჭერდნენ,
ვნელდებოდით.

მე როგორ მძულდა ეგ უწყინარი ხელის შეხება.
მოლანდებები კანკალებენ ლოთი კაცივით.
ჭირშიც და ლხინშიც ჩემს ხერხემალს
“ასე ეწერა” თამაშ-თამაშით
გაშეშება და შიში, შიში.

(რა ცივი იყო, ღმერთო, ცივი ღმერთის შეხედვა.
და მაინც იქით,  ამ ღმერთის იქით
ჩვენ რაღაც გვქონდა.)

ჩვენ დავათრევდით პლასტამასის თევზებს კანაოებში.
ჩავსვამდით შიგნით გვიხაროდა არ იხრჩობოდნენ.
გაშეშებული ქანაობდნენ რა ექნათ მეტი.
ქანაობით ხომ გვახარებდნენ
ხან და ხან, ზოგჯერ.

სიზმარში დედა მორჩებოდა კერვას ან ქარგვას.
ფანჯრიდან თოვლი რა თბილად და ლამაზად იდო.
ჩვენ კი საწოლში კანკალისგან ხან მოგვიშარდავს,
რა ცივი იყო, ღმერთო, ცივი ღმერთის დანახვა.

***

მერე სულ მერე გაზაფხულზე ბლები აყვავდა.
შეუძლებელი აყვავება, ბედის არევა.
“რა კარგი იყავ სიყვარულო” იყავ და
არ ხარ. 
ჩვენი თევზები არ ცურავენ, პლასტმასისაა

და მაინც იქით. იმ ღმერთის იქით,
ჩვენ რაღაც გვქონდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები