ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
8 ნოემბერი, 2021


"თალასა"

ზღვის სანაპიროზე ვიჯექი და ვუყურებდი ნარინჯისფერ მზეს,რომელიც ნელ-ნელა ეპარებოდა ზღვას და ურცხვად აპირებდა მის მკლავებში ჩაძინებას. მონუსხული შევყურებდი სამყაროს სასწაულს.
-საოცარია,არა?!- გვერდიდან ვიღაცის ხმამ ჩემი სიმშვიდე დაარღვია.
უკმაყოფილოდ გავხედე. პირღიმილიანი გაჰყურებდა ჰორიზონტს.
-გგონია,რომ ერთი ხელის გაწვდენაზეა,- თქვა და ხელი მზისკენ გაიშვირა.
-იცი,ცურვა?- მკითხა მოულოდნელად.
-რა თქმა უნდა,- გამეცინა.
-ვცადოთ?
-რა ვცადოთ?-გაკვირვებულმა შევხედე.
-მზემდე მივიდეთ!
-ხუმრობთ?-ეჭვიანად შევათვალიერე.
-არა!
-შეუძლებელია მზესთან მისვლა,-ვუთხარი და უფრო კარგად დავაკვირდი.
-მომენდეთ,- მისი თლილი თითები ხელზე ვიგრძენი.
-ეს..ეს წარმოუდგენელია..- მისმა სურვილმა ცოტა არ იყოს,შემაცბუნა.
-ყველაფერი შესაძლებელია,მთავარია მონდომება! -მითხრა და ჩემს პასუხს აღარ დაელოდა, წყლისკენ გამიტაცა და ჩემთან ერთად სირბილით შეუერთდა ტალღებს.
-მომენდე! - პატარა ბავშვივით აკისკისდა და ცურვით დაწინაურდა.
გამიკვირდა. დელფინივით მიიწევდა წინ. დრო და დრო გამომხედავდა  ცელქი ღიმილით. შეგნებულად არ ავუჩქარე მკლავს. ისე ლამაზად აპობდა ზღვას,ლამის სუნთქვა შემიჩერდა.
- მზეო!- დაუყვირა ნარინჯისფერ დისკოს და წყლის ქვეშ გაუჩინარდა.
ამოსვლა,რომ დააგვიანა,ავღელდი და მისკენ წავედი. არსად ჩანდა.
-სად ხარ?!-სახელიც არ ვიცოდი მისი.-სად ხარ?!-კიდევ გავიმეორე შეშინებულმა და მეც ჩავყვინთე.
მხედველობა დავძაბე და ბუნდოვნად დავინახე,ზღვის ფსკერზე იჯდა ფეხმორთხმით,თავი მაღლა აეწია და თვალები დაეხუჭა. მის ჟღალ თმას კი პატარა,ფერად-ფერადი  თევზები შესეოდნენ
წამიერად გავშეშდი, ქალღმერთს ჰგავდა.
ჩემი მზერა იგრძნო,თუ არა,ერთი ხელის მოსმით ამოცურდა ჩემსკენ და მკერდზე ამეკრა. ისე დავიბენი,მხოლოდ წყლის ზედაპირზე ასვლა მოვახერხე.თან ამომყვა და ეშმაკურად გამიცინა.
-მომყევი!- ჩემი დაბნეულობა გაფანტა. ისევ დელფინივით განაგრძო ცურვა.
ისე სწრაფად მიიწევდა წინ,რამდენჯერაც დავაპირე გავსწორებოდი,იმდენჯერ უკან ჩამომიტოვა. წყლის მაცხოვრებელს უფრო გავდა,ვიდრე მიწისას.
-მზეო!-კიდევ შეეხმიანა ნარინჯისფერ დისკოს,რომელიც საწადელს უახლოვდებოდა.
- ძალიან შორს ვართ,უკან ვეღარ გავბრუნდებით,-ნაპირისკენ გავიხედე,საკმაოდ დიდი მანძილით ვიყავით დაშორებული.
-გეშინია?-ჩემსკენ მოცურდა და შემომცინა.
რა მათქმევინებდა,რომ მეშინოდა.კარგი მოცურავე კი ვიყავი,მაგრამ არა იმდენად,რომ მზემდე მეცურა.
-არა!-ვუთხარი მტკიცედ.
-მზეო,დამელოდე!- დაიძახა აღტაცებით.
მზეს გავხედე,ცოტაც და გაეხვეოდა ზღვის მკლავებში.
-რა გქვია?-მივუბრუნდი ქალღმერთს.
-თალასა,-გამიცინა და ჩაყვინთა.სანამ მე ცურვა განვაგრძე, ჩემგან საკმაოდ მოშორებით,თალასა ტალღასავით ამოვარდა ზღვიდან,ჟღალი,გრძელი თმა ყალყზე ედგა და ზედ ისევ ის ფერადი თევზები ეხვია.
-ადამიანი ხარ?!-ხმამაღლმა ვკითხე გაოგნებულმა.
-მე ვარ ძალა,მე ვარ სამყაროს მაცოცხლებელი,მე ვარ სტიქია,მე ვარ სიყვარული!-დამიყვირა და ზღვაში თავით ჩაეშვა.
-თალასა?!-დავუძახე შეშინებულმა და ისევ ნაპირისკენ გავიხედე.ზოლად მოჩანდა ხმელეთი.
-უნდა გავბრუნდე,-ვთქვი და ვერ მოვასწარი მკლავის მოსმა,თალასა მთელი  სისწრაფით ამოვარდა ჩემს წინ,მჭიდროდ მომეხვია,დამაბზრიალა და წყლის ქვეშ გამიტაცა. არ ველოდი,ჰაერიც არ ამიღია,ლამის დავიხრჩე,განწირულმა ვეცადე მის მკლავებიდან თავი დამეხსნა. თალასა  უფრო შემომეჭდო,წამიერად ამიტაცა წყლის ზედაპირზე და ისევ წყლის ქვეშ გამაუჩინარა. კიდევ კარგი ჩასუნთქვა მოვასწარი,მაგრამ სადამდე მეყოფოდა ჰაერი არ ვიცოდი. მარწუხებივით მქონდა შემოხვეული მისი მკლავები და გასაქანს არ მაძლევდა,უფრო მეტიც,  ჩემზე ჩაფრენილმა მთელი სისწრაფით გაჭრა წყალი.სად მივყავდი,გაუგებარი იყო,იმას კი მივხვდი,რომ ცოტა ხანში ნამდვილად დავიხრჩობოდი. ჩემი ბრძოლა ფუჭი აღმოჩნდა,ვერაფრით  დავეხსენი,ძალაც გამომელია და ვიგრძენი,რომ გონებას ვკარგავდი. მიხვდა,თუ რა იყო,არ ვიცი,წამიერად ისევ წყლის ზედაპირზე ამიტაცა.ძლივს მოვასწარი ფილტვების ჟანგბადით გავსება, რომ ისევ ფსკერისკენ წავედით.
ვეღარ ვიგებდი,რა უნდოდა ჩემგან,არც მკლავდა,არც მაცოცხლებდა. მთელი ძალები მოვიკრიბე და ვეცადე მისი მკლავები მომეცილებინა ჩემი სხეულიდან.მოულოდნელად გაჩერდა, სახე ახლოს მომიტანა, თვალი თვალში გამიყარა, გამიღიმა და  როგორც ბურთი ისე ამისროლა ზევით.
***
-ცოცხალია! ცოცხალია!-ჩემს სიახლოვეს ხმები მომესმა. ვიგრძენი,როგორ ჩამავლეს ხელები და კატარღაზე ამათრიეს.ბუნდოვნად ვხედავდი ადამიანების სახეებს,შეშფოთებულები,რომ დამცქეროდნენ ზემოდან. თავი ოდნავ წამოვწიე და მზისკენ გავიხედე. ნარინჯისფერ დისკოს წინ დიდი ტალღა ამოიზვირთა,მაშინვე ვიცანი,ჟღალ თმაზე ფერადი თევზების გუნდი ესხდა. ჩემსკენ გამოიხედა და გამიღიმა. ცოტა ხანს მიყურა,შემდეგ მზეს მოეხვია და მასთან ერთად ჩაიძირა ზღვაში.

დასასრული


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები