ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2021


* * *

გღლიდა ტრანსპორტი, სამსახური, ბანკი გაჭრიდა.
დამთავრდა ყავა, სიგარეტი, შენ კი, პოსტავდი-
რომ ხეივანი , ჩვენი სახლის დიდი ფანჯრიდან,
ხმელი ფიჭვების ხეივანი- იმ ძველ ფოსტამდე

გზაა წვიმების, მოხუცების. სკვერი, ნარგავი.
ცივი ხელებით ეხებიან როცა ერთმანეთს.
რა უსაშველოდ მტკივნეული არის, ღმერთმანი,
მიაცილებენ, ივიწყებენ, უხმოდ კარგავენ.

წყალია, წყალი.
მართალი ხარ ყველას წინაშე.
გიხმობენ დიდი ქალაქები, ვენა, ათენი.
უკანასკნელად ძველ უბანში ღამეს ათენებ
და სიგარეტზე ლამობ გასვლას ასეთ წვიმაში.

ქუჩის ძაღლებმა აგილოკეს ძველი იარა,
მყუდროდ მოთავსდი სავარძელში,
ჩამქრალ ბუხართან
და არაფერი აღარ დარჩა,
შენგან კი არა
- ჩემგან, რომელსაც ასე უყვარდა.

გაუგონარი უზნეობა
- აი , ცხვრის ტყავში ვიმოსები ,
გიყვები, დახლთან მეყვავილეს
როგორ ვევაჭრე.
როდესაც დადგა უმზეობა,
როდესაც აკრძალეს მიმოზები
და პეპლის მდევრებს თმები შეაჭრეს.

წიგნები აიღეს დახლებიდან,
შხამად აქციეს დარიჩინი,
ეკლებიანი მავთულები,
ბარიკადები.
ქუჩაში გააგდეს ძაღლებიდა და
შავი კატები გაიჩინეს
და მტრედებს ჭამენ შავი კატები.

მართავდნენ აწყობდნენ ატარებდნენ
ლექსების აღწერას, მათარების.
და რგავდნენ ხეებს, უნაყოფოს,
ბერწს , უსახელოს .
ბავშვი კი, მისდევდა მატარებელს,
ბავშვი ოცნებობდა მატარებლის
ერთხელ მიწვდომოდა სახელურს.

გამაიაფეს, გამაძვირეს.
მღვრიე თვალებით ვიყურები
და როგორ გითხრა ჩემი გული
რისი მსგავსია-
გინახავს ყანები მზესუმზირის?!
მიტოვებული სადგურები...
გულიც ასეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები