ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2021


Რესტავრაცია



უერთმანეთოდ, ინდივიდი თითოეულის
ისე გაქრება, როგორც შენი წიგნის ფურცლები,
თუმცა შენივე ქედმაღლობით რახან სნეული
შეიქენი და ამპარტავნის იმიჯს უცვლელად

ირგებ ჩემს წინაც, ერთადერთი მესაიდუმლის
წინაშეც, რახან ვერასოდეს გახდი მდაბალი,
მიუხედავად იმისა რომ მუდამ მიგულებ
შენი ტკივილის ჩემი ცელით გადასაბელად

გეტყვი: ხსნა გინდა, ხსნა კი არის ისეთი ძლევა
რაც შენ არასდროს არ მოგსვლია აზრად და გონად,
და ისე როგორც ედემიდან გაგდებულ ევას
ან ისე როგორც აჭრელებულ ზურგიან მონას

ან ისე როგორც დასაკლავად ქედმოხრილ კუროს,
ან თუნდაც ისე, როგორც შენით აღტყინებულებს
ზემოდან შენაც ვინმემ ისე უნდა გიყუროს,
ჰოდა შექმენი ვინმე მსგავსად ნათელცხებული,

ვინც შენს ქმედებას დაუწესებს განკარგულებას,
ვინც უმეტესად დაგხედავს და გაგიწევს კონტროლს,
ვინც შენი შიშით არასოდეს აღესრულება
აღსრულებულან განსწავლულნი აქამდე როგორც.

ქმენ, ვის წინაშეც შენც მოგიწევს პასუხის გება,
თორემ ხომ ხედავ, ქედმაღლობამ დაგასამარა
და დროთა მიღმა დროში ქრება მლოცველთა ხმები
და რჩები მხოლოდ ფანატიზმის მსხვერპლთა ამარა,

რად გინდა ეგრე? რას მოგიტანს, შენგან რას ელის,
ჩამორჩი დროს და არც კი გინდა გამოეკიდო,
ნახე, სამყარო შეიცვალა, მომეცი ხელი,
ნახე, მას მერე რაც ლურსმნებით ჯვარზე ეკიდე

ადამის მოდგმამ შენი ჯვარიც მოაოქროვა
და მოძრაობენ მანქანებით, ტელეფონებით,
და არ გაგივა ძველებურად მათთან მობყრობა,
და დროთა მიღმა არც არავის მოეწონები,

და დროთა მიღმა სულ გაქრება შენი ხსენება,
სიკვდილის მერე ვით ადამის მოდგმის სხეული,
და შემდგომ ამის, ჩემზე კარგად მოგეხსენება
უერთმანეთოდ ვერ ვიქნებით თითოეული,
ჰოდა ამიტომ, წრფელი გულით, მომეცი ნება
შენს ამ სრულყოფილ რეტრო სტილში სიახლის ნერგვის,
რომ ძველებურად მოისმინო ქვემოდან ქება
რომ აღმოცენდეს ჩათესილი შენივე ნერგი.
* * *
სამოთხე: თეთრი კედლები და ანგელოზები,
ქნარი, გალობა, შეშურდება იქაურ სოსანს
შენი სიმშვიდის დაუმცხრალი, უხვი დოზები,
შენი ოსანა, სულ ოსანა, ოსანა, ოსა

მაღალთა შინა, და წესები, წესები, წესებს
ადგენ და ადგენ, ადგენ რათა უნდა ადგინო
რომ თესონ რათა თესონ რათა შენც თესე, თესე,
რომ არ ანგრიონ რათა მერე არ აღადგინონ,

რომ ისევ თესონ, მერე რა რომ შენ აღარ თესავ,
რომ მდნარი მუდან მდნარი იყოს რათა ქმენ მდნარი,
რომ სულ გესმოდეს, სულ გესმოდეს უფალო, გესავ
სამოთხე, თეთრი კედლები და სულ ქნარი, ქნარი,

სისულელეა, დროს ჩამორჩა, დროში შთენილი
უკვე ღაწვებს წვავს და ვეღარც კი ქრიან ქარებად
როცა სამყარომ მოისმინა ლედ ზეპელინი
რა ანგელოზი, რა სითეთრე, რა ექნარება?

და შენ კი ამ დროს, დაჩვეული, ურცხვი იერით
ვიცი და მჯერა რომ არაფრით დამერწმუნები
მაგრამ სამყარომ დაამდაბლა ალეგიერი,
ჰაიკუ შექმნა და შენ ისევ ეფსალმუნები,

დროა შეწყვიტო ამ კედლებზე სითეთრის დახლა,
სანამ უწოდებს ფანატიზმით ქმნილიც ობიანს,
ალილუიას სხვანაირად მღერიან ახლა
და დამერწმუნე, შენს გალობას ბევრად ჯობია.

რად გინდა შიშის სიტყვა იყოს თავად ღმერთი და
შენი სახელით ერთმა ქმნილმა სხვა ქმნილს ატკინოს,
ფსიქიატრიულს გამოგიყოფ ჯოჯოხეთიდან
და ეგ კედლები მათ ჭკუაზე მოვახატინოთ,

რომ სამყაროში სიკეთეთა ჩადენა ღირდეს,
და რომ სასროლად აღარ იყვნენ მხოლოდღა ქვები,
თორემ ხომ გხედავ, პრე–რეტროში იხრჩობი ვიდრე,
ნელ–ნელა ქრები, და ნელ–ნელა მეც ვქრები... ვქრები...

და არავითარ შემთხვევაში არ მინდა გავქრე,
მეტოქედ დარჩეს სამუდამოდ შენი გენიაც,
იქროლოს რათა დაქრის, დაქრის და დაქრის, დაქრის,
და ჩავიდინო რაც აქამდეც ჩამიდენია,

და როგორც შენს თავს, მეც მომეცი შანსი ამისი,
თორემ ხომ ხედავ, მომავალი ცეცხლად აენთო
და მარადისში მოლიცლიცე მსხვერპლნი ჟამისა
დავრჩებით ერთად და მით უფრო უერთმანეთოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები