ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: იუმორისტული
11 ნოემბერი, 2021


" ხუთი ბოქლომი"

-ისევ ერევა კალამი ბედმწერს,ისევ სასმელში ახრჩობს გონებას,შარლატანების რიგში მდგომ ნეკნებს, უჭკუობა ართმევთ ქონებას,-წარმოვთქვი ექსპრომტად და რიტას,ჯულის და კლარას დამცინავად გადავხედე.
-ვაი,შენს პატრონს!- მომაძახეს სამ ხმაში,თუმცა მათი გაწბილებული სახეების  დანახვაზე  სიცილი ამიტყდა.
-სასაცილოა, გოგო?! - იფეთქა ჯულიმ.
-აბა,რა არის?!-ვთქვი და ხელმეორედ ავტეხე კისკისი.
-მეგობარიც ასეთი უნდა,- გაბრაზდა რიტაც.
-რა გაცინებს,ჯანა? ვერა ხედავ,ობი გვეკიდება,-კლარას უიმედო ხმამ ძირს დამცა.
-სამივეს ერთიანად გამოგეცალათ ტვინი!- თავი დავიქნიე და ზუსტად, იმ თავში მომხვდა ჯულის ნასროლი ბალიში.
-შენ რა გენაღვლება,ჯანა,კი საღდები!-მომატირა კლარამ.
-ჯერ ბოლომდე არ გასაღებულა!-შეუსწორა რიტამ. მართალიც იყო, არ იცოდნენ,რომ ზუსტად, იმ დღეს ჯერ არ დაწყებულ რომანს თავშივე მოვკვეთე ფეხები. ეს რომ გაეგოთ,სიხარულის ყიჟინას დასცხებდნენ.ამიტომ თავი შევიკავე და არ ვუთხარი. სჯობდა, ცოტა ხნით კიდევ გაეგრძელებინათ ფრჩხილების კვნეტა.
-იმედია,გადაიფიქრებს ის ჩვენი ცოდვით სავსე და ისევ გვერდში მოგვიჯდები,-თვალები დამიბრიალა ჯულიმ.
-სულ ვფიქრობ,ასეთი ბოროტები რატომ მიყვარხართ?!- სამივეს დავეჯღანე და ფეხზე ავდექი.-დავლიოთ ცოტა,თორემ ვერ მოინელებთ შარლატანის ოინებს!-სიცილით ვთქვი და სამზარეულოსკენ გავეშურე.
-თემოსაც დაურეკე!-მომაძახა რიტამ.
ჰო,თემურის გარეშე,ნამდვილად არ ჩაგვივიდოდა სასმელი ყელში. რომ გაეგო,მის გარეშე დავლიეთ,საყვედურების სეტყვა არ აგვცდებოდა. სანამ მე კარტოფილი შევწვი და სალათა მოვამზადე,თემოც მოვიდა.
- მოკვდა ვინმე?-ჩემს გარდა სამივე შეათვალიერა.ისეთი,ტრაგიკული სახეებით ისხდნენ,თითქოს მართლაც სამძიმარზე ყოფილიყვნენ.
-იმედი,ჯანაა!-მიატირა კლარამ.
-ეუჰ, პრინცი ჩკა?!- შუბლზე იტკიცა ხელი თემომ.
-ჩკა,ჩკა,-დავუდასტურე და მეც ვეცადე  ტრაგიკული სახე მიმეღო,არ გამომივიდა,პირს ვერ მოვუყარე თავი.
-არა,ხომ ვიცოდი,რა მასხრაც იყო,რა მინდოდა?!-რიტამ ინანა თემოსთან,რომ დამარეკინა. ხელები გულზე გადაიჯვარედინა და ცხვირაბზუებული დაჯდა.
-გველხოკერები!-მოგვაძახა ჯულიმ და რიტას მიუჯდა.
-რა ხდება,ანო?-ჩუმად მკითხა თემომ.
-რა ხდება და მოგიწევს კიდევ მრავალი წელი ამათი წუწუნის მოსმენა,-ბედნიერი სახით მივახალე.
-ოღონდ,ეგ არა!-ლამის ჩაიკეცა თემო.
-მარტო ჩვენი არა,ცოტა ხანში შენიც!-მომაძახა რიტამ.
-ამინ!- ჭერში აღაპყრო ხელები კლარამ.
-ღმერთო,ოღონდ ესენი გაათხოვე,ჩემს თავს აღარ დავეძებ!- მეც ჭერისკენ მივმართე ხელები.
-რაო,იმ ავთანდილმა?-თემო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარედ მიაჩერდა შინაბერებს.
-ავთანდილი და ჯანდაბა იმას, თქვენი "ზამოკი" არ გაიხსნებაო,გაიგე,ბიჭო? კლარას "ზამოკი ზაკრიტა", ჯულისი და რიტასიც,"ვსო,კანეც ფილმა!"- გულმოსაკლავად ამოიტირა კლარამ.
-ვა,როგორ ,თუ "ზაკრიტა"?-პირი დააღო თემომ.ვიცოდი,ცოტაც და გადაიხარხარებდა,ან აქამდე როგორ იკავებდა თავს,მიკვირდა.
-ვა,დაყრუვდი? "ზამოკ ნე ატკრივაეტსა"!- აჰყვა რიტაც.
-მაიცა,მაიცა,მაგ "ზამოკის კლუჩიკი" არ არსებობსო?-თემომ ისე შეიცახდა,შეკავებული სიცილისგან გავწითლდი.
-არსებობს! თანაც სამი! ვენერა ბაბოს საფლავში!- თვალების ჭყეტვით და საზარელი ხმით თქვა ჯულიმ.
-რაოო?!-მე და თემოს ტანში გაგვცრა.
-იძახეთ ეხლა,რაო და  რაო? აი,ასე,ვიღაცას ჩვენი ბედი ჩაუკეტავს და "კლუჩიკები" ვენერა ბაბოსთვის გაუტანებია!- ისევ ავიშვიშდა კლარა.
-ვინ ვენერა ბაბო,ჩვენი ბაბო?-დაბნეულმა თემომ საჩვენებელი თითი კარისკენ გაიშვირა.
-დიახ,ჩვენი ბაბო ვენერასი,-უპასუხა ჯულიმ.
-რას ბოდავენ ესენი?-თემომ გაკვირვებით შემომხედა.
-რას ბოდავთ?!-მივმართე სამივეს.
- ჩვენი სიყვარული დამარხულია!- ამოიოხრა რიტამ.
-თუმცაა..- მრავალმნიშვნელოვნად წამოიწყო ჯულიმ.
-არა!-წამოვიძახე ელდანაცემივით.
-არა,არა!-თემოც უცებ მიხვდა ჯულის ჩანაფიქრს.
-სხვა გზა არ არის,უნდა ამოვთხაროთ!-ჯულიმ დაწვრილებული თვალები მოგვატარა.
-"ტი ჩტო,სუმა საშლა"?-ფეხზე წამოხტა კლარა.
-არა და,მოკვდები ასე გაუთხოვარი,უბედური და უიღბლო,უბედო,უკაცო,უშვილო!-მიაყარა რიტამ.რითიც მივხვდით,რომ ისიც ჯულის აზრზე იდგა.
-მართლა გაგიჟდით?!- სერიოზულად შეშფოთდა თემო.
-არა და ამ ყველაფერში შენ დაგვეხმარები!-მკაცრად უთხრა ჯულიმ.-შენც ქალბატონო!- მეც მომიტრიალდა.
- ვიღაც მკითხავის სისულელეებს უსმენთ? ნუ გადამრიეთ!- მეც აღვშფოთდი,ვინაიდან სერიოზულ და დანაშაულებრივ  სახეს იღებდა მათი ახირება.
- ვიღაცაა,გოგო, ავთო?! მთელი თბილისის ელიტა მაგასთან დადის,გიჟები კი არ არიან?!- უკმაყოფილოდ შემომხედა კლარამ.
-მიბრძანდით ბატონო,გაიდეთ მხარზე ნიჩბები და გაუყევით გზას! ღმერთო,მე მაინც მიშველე,ამათ მაინც  აღარაფერი ეშველება!- პირჯვარი გადავიწერე.
-უთხარი,მეც მიშველოს!-ამყვა თემოც.
-მეგობარი ჭირში იცნობაო,- ჯულიმ მკვლელის თვალებით შემოგვხედა.
-ანო,დროზე დავლიოთ,თორემ გადავირევი.მტერმა უსმინა ამათ ფხიზელი ყურებით,-თემომ კონიაკის ბოთლი მოიმარჯვა.
-რაღაც ვერ ვარ კარგად,მეც დამისხი,-კლარამ ჭიქა გაუწოდა.
-დღეს უნდა გავითიშო!-მუქარასავით გამომივიდა.
-ამ საკითხზე ხვალ ვისაუბრებთ სერიოზულად!-სასმელის დანახვაზე,საფლავის თემა საღამოს წესრიგიდან ამოიღო  ჯულიმ.
-აუცილებლად!-დაუდასტურა რიტამ და თემოს ანიშნა მეც დამისხიო.
-ხვალიდან ქალაქიდან ვქრები,-მიჩურჩულა თემომ.
-მეც,-ვუჩურჩულე და მოწყურებულივით გამოვცალე ჭიქა.
-ხვალ,ხუთივე აქ ვიკრიბებით,საღამოს შვიდ საათზე! ჩვენს მომავალ შეხვედრას და მიზნის მიღწევას გაუმარჯოს!-თქვა რიტამ და სულმოუთქმელად გადაკრა კონიაკი.
-დღეიდან ვქრებით,თემო,-იდაყვი წავკარი.
-მასე აჯობებს,-სიცილით დამეთანხმა.
-იცით,მე რას ვფიქრობ?-წამოიწყო კლარამ.ყველამ მისკენ მივმართეთ მზერა.
-უეჭველი,რომელიღაც ჩვენი მეზობლის გაკეთებულია ეს ჯადო!
-ჰმ,ახალი ამბავი,-ჩაიცინა ჯულიმ.
-ნატოს გაკეთებულია,მაგას ყოველთვის შურდა ჩვენი,- თქვა რიტამ.
-ნატო და გულნარაც,მაგათი გაკეთებული მგონია,- თავის ქნევას მოჰყვა კლარა.
-სანამ დამნაშავეს იპოვნით,მე დავლევ,-თემომ თავისი ჭიქა პირამდე გადაავსო.
-რამდენი ბოროტია ამ ქვეყანაზე?!-ამოიოხრა ჯულიმ და კონიაკი ლამის ჭიქიანად გადაყლაპა.
-ეგ ავთო აფერისტია,მაგას როგორ უჯერებთ?- ვთქვი და  მწარე სითხე მეც მივაშველე ყელს.
- გაიხსენეთ კარგად,როცა ვენერა ბაბო მოკვდა,რაღაც საეჭვოდ ტრიალებდნენ ნატო და გულნარა მის კუბოსთან!- ისე ავად მოწკურა თვალები რიტამ,შემეშინდა.
-ორივეს ხელი ურევია! ხომ იცით,როგორ ვერ გვიტანენ?!-დაასკვნა ჯულიმ.
-ვკითხოთ მერე,ტყუილად რომ არ ვთხაროთ საფლავი,-თემოს სიცილი აუტყდა,აშკარად სასმელმა გაათამამა,თორემ ამ კლანჭიანების წინაშე ამდენს ვერ გაბედავდა.
-აი,შენ,ხვალ ნიჩბების საყიდლად წახვალ!-ჯულიმ თითი წაკრა თემოს.
-უთენია!- თავი დაუქნია თემომ და მე თვალი ჩამიკრა.
-ხუმრობის დრო არ არის,ჩვენი ბედი უნდა გავხსნათ,-ამოიტირა კლარამ.
-ნამდვილად!-დავეთანხმე მეც და მეორე ბოთლი კონიაკი გამოვაძვრინე კარადიდან.
გვიანობამდე შევყევით. ბედჩაკეტილები ვერა და მე და თემო კი კარგად გავერთეთ. სიცილისგან გვერდები ამტკივდა.ისე ოხუნჯობდა მეორე დღის გეგმებზე.
სასმელი საკმაოდ გვქონდა მოკიდებული ხუთივეს,უკვე დაშლას ვაპირებდით,რომ მოულოდნელად  ფეხზე წამოხტა კლარა და საჩვენებელი თითი ჰაერში შეაჩერა,თითქოს რაღაცას უყურადებსო,ისე მოატარა ირგვლივ წაგრძელებული კისერი.ჩვენც რაღაცის მოლოდინში გავისუსეთ და თვალებით მივყევით მის მოძრაობას.
-ვენერა ბაბოს სული უნდა გამოვიძახოთ,თეფში დავატრიალოთ!-დაიძახა კლარამ  და საკუთარი იდეით კმაყოფილს სახე გაუნათდა.
არცერთი არ გავნძრეულვართ.
-ჯანაა?!-რადგან პასუხი არ გავეცით ,გაკვირვებულმა გადმოგვხედა.
-რა თეფშიო?-თემო ვერაფრით მიხვდა. ისეთი გაოგნებული იყურებოდა,სიცილი ამიტყდა.
-კლარა!გენაცვალე მაგ თავში!-ტაში შემოჰკრა ჯულიმ.
-ახლავე,ამ წუთას,მადლობა ღმერთო!-  აჰყვა რიტაც.
არასდროს დამავიწყდება მათი ბედნიერი სახეები.თითქოს,უკვე ტაძრის კართან იდგნენ თეთრი კაბებით. სიცილი შევწყვიტე და მკაცრად გადავხედე სამივეს.
-ჩემს სახლში ეგ არ მოხდება!
-აბა,სად?!-სამივემ კოპები შეკრა.
-სადაც გინდათ,ოღონდ აქ არა!
-მოიცა,ანო-ჯან,ვენერა ბაბო შენს წინ ცხოვრობს,ტოისტ ცხოვრობდა,უფრო ახლოა,სანამ წინა კორპუსში მოვა ჩემთან,თან ლიფტი არ მუშაობს,შეიძლება არც ამოვიდეს,აქა სჯობია!-ჩემი შეხუჭუჭება დაიწყო კლარამ.
-აქ სჯობია!-დაეთანხმა ჯული.
-ყველაზე კარგი ვარიანტია!-რიტამაც კუდი აუწია ორივეს.
-მე წავალ,-თემომ გაპარვა გადაწყვიტა,მაგრამ ისე დაუბრიალეს თვალები,მორჩილად დაჯდა ადგილზე.
-დროზე,ავალაგოთ სუფრა!-დაფაცურდნენ და ჩემი თანხმობის გარეშე შეუდგნენ მზადებას.
-არ არსებობს! ჩემთან ეგ საქმე არ გამოვა!-ამაოდ ვუარობდი.
-მე წავალ,- ისევ დააპირა თემომ.
-ვერსად წახვალ! - ისევ სამი წყვილი თვალი ესროლეს.
-უუხ!ცხოვრებაში ცოლს არ მოვიყვან!- სიმწრით თქვა თემომ და სკამზე გაბრაზებით დაენარცხა.
-შენნაირების გამოა,ამ დღეში,რომ ვართ!-გაავებით ეცა რიტა.
-შენ ვინ გამოგყვება ცოლად?!-არც ჯულიმ დააკლო.
-რატომ,ჯანა?მშვენიერი ბიჭია,-კლარას შეეცოდა.
-შენც თქვი რამე,-საცოდავად შემომხედა თემომ.
-მე მინდა,რომ ყველა წახვიდეთ,- ვთქვი საწყლად.
-მიდი,ფურცელი მოიტანე,თეფში და კალამი,ჰო,სანთლებიც და სარკეც!-ჩემს წუწუნს ყურადღება არ მიაქცია ჯულიმ და სანამ მის ბრძანებას შევასრულებდი,თავადვე დაიწყო ძებნა.
-პური,წყალი და მარილიც გვჭირდება,-თქვა კლარამ.
-რისთვის აალაგეთ სუფრა?- გამეცინა.
-ჰო,კატა არ უნდა იყოს სახლში,თუმცა არც გვყავს.
-როგორ არ გვყავს? აგერ ხართ სამი კატა,ელოს არ ვთვლი,ეს ლეკვია,-თავი წამოყო თემომ.
-მთვრალები ვართ,მოდი ხვალისთვის გადავდოთ,- გავიბრძოლე,იქნებ ფხიზელ გონებაზე გადაეფიქრებინათ ეს საშიში რიტუალი.
-ამაღამ!-ისე დასჭექეს,უცებ შევეგუე ბედს.
სანამ გოგოები რიტუალისთვის ემზადებოდნენ,მე და თემო ჩუმად ვადევნებდით თვალს. ძალიანაც,რომ მოგვენდომებინა ვერ გადავაფიქრებინებდით. ბავშვობიდან ასეთი ჯიუტები,თავის ნათქვამები იყვნენ.მე და თემოს კი თითქმის ერთნაირი ხასიათი გვქონდა,უფრო დამთმობები ვიყავით.
ჩვენი მეგობრობა ჯერ კიდევ, საბავშვო ბაღიდან დაიწყო. ერთი უბნელებიც ვიყავით და ამან უფრო გააღრმავა ჩვენი ურთიერთობა. უერთმანეთოდ არსად დავდიოდით,ლამის ერთად გვეძინა და გვეღვიძა. ალბათ,ღვიძლი და ან ძმა რომ მყოლოდა,ამათზე მეტად არ მეყვარებოდა. მართალია,გაუთავებელ კინკლაობაში ვიყავით მუდამ,მაგრამ ერთმანეთისადმი სიყვარულს ასე გამოვხატავდით. "მწარე" სიტყვებით ვეფერებოდით ერთმანეთს.არცერთს გვწყინდა. შემწვარ-მოხრაკულს ვიცნობდით ერთმანეთს. დედაჩემმა სახელიც კი დაგვარქვა"ერთი შარვალი და ოთხი ჩითის კაბა",ქართული ფილმიდან გადააკეთა და  მოგვარგო. ჩვენც მშვენივრად მოვირგეთ. მთელი უბანი ასე გვეძახდა და დღემდე ასე გვეძახის.
-მზადაა!-რიტას ხმამ ფიქრებიდან გამომიყვანა. თემოს გავხედე,თვლემდა.
-შუქი ჩააქრეთ და მოდით!-კლარამ ასანთი მოიმარჯვა.
-ჯერ სანთელი აანთე,-ვუთხარი და გამომრთველს წავატანე ხელი.
-ვის სულს იძახებთ,აქ არ გვყავს მკვდარი?-უკმაყოფილოდ გახედეს ნახევრად მიძინებულ თემოს.
-გაიღვიძე,ბიჭო!-ხელი წავკარი. ზანტად გაიმართა წელში და მობეზრებულად მოგვატარა თვალი.
სიბნელეს სანთლის შუქი შევაპარეთ და ფურცელზე თარაზულად ჩაწიკწიკებულ ქართულ ანბანის ასოებს დავაჩერდით.
-რომელიმემ თუ იცით,როგორ უნდა გამოვიძახოთ?-ხმადაბლა ვიკითხე. ტანში უსიამოვნოდ მივლიდა ამოუცნობი ტალღა. მგონი შიში ერქვა.
-მე ვიცი,დამაცადეთ გავიხსენო,-კლარა ჩაფიქრებული მოჰყვა ბუტბუტს.
-კლარა-ჯან,მარტო ვენერა ბაბო,ხომ იცი? მთელი საიქიო არ გამოიძახო,იცოდე,-თემომ სიცილით დაუქნია თითი.
-მოემზადეთ,ვიწყებ!
ხუთივე მაგიდის გარშემო სუნთქვაშეკრული ვისხედით და ველოდით,როდის დაიწყებდა კლარა.
-სულთა მბრძანებელო-ჯან, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ჩვენი ვენერა ბაბოს სული,-ცოტა გაუბედავად თქვა და შავ ისარ მიხატულ თეთრ თეფშს დააკვირდა.
-რა ჯან,გოგო,რა ჯან?- გაუბრაზდა ჯული.
-ვაა,ვეფერები,აბა ვუბრძანო?-ეწყინა კლარას.
-იქ იმდენი ვენერა ბაბო იქნება,დაიბნევა მასე,ზუსტად უთხარი სახელი,გვარი,მამის სახელი,მისამართი და პირადობის ნომერი,ან მარტო პირადობის,დანარჩენს იქ ამოყრის,-ახარხარდა თემო.
-ვენერას მამას რა ერქვა?-მთელი სერიოზულობით იკითხა კლარამ.
აქ, უკვე ყველას აგვიტყდა სიცილი.
-სუსკაც!-კლარამ კარისკენ გაიხედა.უცებ მოვსხიპეთ პირები და ჩვენც კარის მიმართულებით წავიღეთ თვალები.
-მოვიდა?!-ძლივს ამოვთქვი.
-არა,კარები ღია დავტოვოთ,სჯობია,-თქვა კლარამ.
-მე გავაღებ!-ფეხზე წამოხტა თემო. ამას ვჭამდით? უკან დავსვით და მე წავედი კარის გასაღებად. ოდნავ გამოვაღე და მაგიდამდე ისეთი სირბილით მივედი,მეგონა ვენერა ბაბო მომდევდა უკან.ისევ დავალაგეთ თითები თეფშზე და კლარას ვანიშნეთ,დაეწყო.
-სულთა მბრძანებელო,მკვდარი სულების მეუფევ, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ვენერა ბაბოს,ტოისტ, ვენერა აზმაიფარაშვილის სული,მამის სახელი არ ვიცი,ბოდიში,დედამისს ანიჩკა ერქვა,ხშირად ახსენებდა,-სხაპასხუპით თქვა კლარამ და ლამის სკამებიდან გადავცვივდით,ისე ავფხუკუნდით მე და თემო.
-მიწას დაგაყრით!-ჯულიმ თვალები დაგვიბრიალა.
-გამოძახებულია?-ჩუმად იკითხა კლარამ. ყველა, ყურადღება ისარმიხატულ თეფშზე გადავიტანეთ.
შიშისგან ვჭყიტეთ თვალები,როდესაც თეფში გამოძრავდა და გეზი იმ სიტყვისკენ აიღო,სადაც "დიახ" ეწერა. ყველამ უნდობლად შევხედეთ თემოს და ის იყო, უნდა ავფეთქებულიყავით,რომ კარის მიჯახუნების ხმა გაისმა.
ელდისგან ერთმანეთს მივაწყდით.
-მოვიდა?!-ერთხმად აღმოგვხვდა და სარკეში გაელვებულმა ლანდმა ფეხზე წამოგვყარა. ვინღას ახსოვდა "კლუჩიკები",ერთმანეთს ვასწრებდით კარის გაღებას.თუმცა ძვრაც ვერ ვუყავით,არ გაიღო და მორჩა.უარესად დავპანიკდით. თემო ასეთი მშიშარა,თუ იქნებოდა,არ მეგონა,მთელი ძალით ეჯაჯგურებოდა კარს,თან ოთახისკენ იყურებოდა.ტყუილად გავიოფლეთ.კარი კედლად იქცა. აქ მივხვდით,რომ სერიოზულ შარში გავყავით თავი.
-ვაი,მამაჯან,ვაი,- კლარამ სახეზე აიფარა ხელები.
-მიდი,ეხლა დაჯექი და გაუშვი უკან,თორემ ხვალ შენს სულ გამოვიძახებ!-თემო წაწვდა მხარში.
-მართლა მოვიდა,თუ მოგვეჩვენა?-ლამის ატირდა რიტა.
-გაჩერდით,ასე უარესია,-ჯული ჩვენს დამშვიდებას შეეცადა,თუმცა ისეთი ხმა ჰქონდა,ძლივს ვიცანი.
-გითხარით,არ გვინდა-მეთქი,დეგენერატები ხართ!-მივაძახე სასოწარკვეთილმა.
-დაწყნარდით და წამოდით!-გვიბრძანა ჯულიმ და ფეხაკრეფით გაემართა ოთახისკენ. ჩვენც ფეხაკრეფით მივყევით უკან.ვინმეს,რომ დავენახეთ,უეჭველი ქურდბაცაცები ვეგონებოდით,ისეთი სიფრთხილით მივიწევდით წინ. ოთახის შესასვლელთან ჯული მოულოდნელად შეჩერდა,რასაც ჩვენი წაბორძიკება მოჰყვა და ერთმანეთზე წაქცეულ დომინოს ქვებივით მივეწყვეთ.
-რა ხდება?-თემომ დაზაფრული ხმა ამოუშვა.ჩემს უკან იდგა და ისე მყავდა ჩაფრენილი წელზე, ჩამილურჯა.
-მომყევით,-ისევ განაგრძო გზა ჯულიმ.ჩვენც ისევ დავიძარით და ასე შიშით,სვენებ-სვენებით მივაღწიეთ მაგიდამდე და უარესად გვეცა ელდა,როდესაც ფურცელს დავხედეთ,სადაც ანბანის ქვეშ სამი გასაღები ეხატა.
-ვაი,მამაჯან,ვაი,ვაი,-დაიყვირა კლარამ და დაჭერა ვერ მოვასწარით,გულწასული გაიშოტა ძირს.
პირველი რაც მოვიმოქმედე,ის იყო,რომ შუქის ჩამრთველს ვეცი.თუმცა, არ აინთო.
-დენი არ არის,თუ საშინელებათა ფილმში ვართ?!-ლამის ავტირდი.
-დროზე წყალი!-დაიძახა რიტამ.
-უხ!-სიმწრით წამოიძახა თემომ და მაგიდაზე ვენერა ბაბოსთვის გამზადებული წყალი კლარას სახეზე დაუშვა.
კლარა მოსულიერდა,თუმცა ადგომა არ უცდია.სანთლის შუქზე  მოჩვენებებს ვგავდით მგონი,ისეთი შეშინებული თვალებით გვიყურებდა.
-მომისმინეთ,ყველა უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ადგილს,ბოლომდე მივიყვანოთ საქმე,სხვა გზა არ არის!-ჯულიმ კლარას წამოყენება სცადა.
-აღარ მინდა არაფერი,აღარც კლუჩი,აღარც გათხოვებაა,-ერთიანად აცახცახდა კლარა.
-არ გინდა,კი არა,ადექი,გაუშვი ის ქალი!-თემო გაბრაზდა და ახლა იმან სცადა კლარას წამოყენება.
-დროზე რა,- მეც დავწვდი.
რიტაც მოგვეხმარა და კლარა სულ ძალით დავსვით სკამზე.
-დაიწყე!-თვალები დავუბრიალე კლარას და დანარჩენებს ვანიშნე თითები თეფშზე დაედოთ.
-ოჰ,-ამოიოხრა და დაიწყო.
-ვენერა ბაბო,აქა ხარ?
თეფშმა ისევ, სიტყვა "დიახ" მიმართულებით დაიწყო ცოცვა. ისევ ერთმანეთს მივაწყდით,თუმცა არ წამოვმხტარვართ,ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
-გენაცვალე,ვენერა ბაბოჯან,როგორა ხაარ?- ამოიტირა კლარამ.კინაღამ გამეცინა.თემოს შევხედე,ფერი არ ედო,არც რიტას,მარტო ჯული იჯდა ცოტა მხნედ.
-რას ეკითხები,გოგო?-კბილებში გამოსცრა ჯულიმ.
-რა ვკითხო?-დაიბნა კლარა.
-ტფუი!-გაბრაზდა ჯული და კლარას ჩამოართვა წამყვანის უფლება.
-ვენერა ბაბო,მართლა თქვენთან არის ჩვენი ჩაკეტილი ბედის გასაღები?
თეფშმა ისევ "დიახ" გვანიშნა.
-მე გამიშვით,-ისეთი მუდარა იყო თემოს ხმაში,ისევ შემეცოდა,მაგრამ იდაყვი წავკარი და ხმა ჩავაწყვეტინე. ჩვენი მიტოვება,ბრძოლის ველიდან გაქცევის ტოლფასი იქნებოდა და არ მინდოდა მთელი ცხოვრება მოღალატეს იარლიყი ეტარებინა.
-ვენერა ბაბო,ვინ გაგვიკეთა ჯადო?-ჯულიმ ისეთი კითხვა დაუსვა,გულმა მიგრძნო,მეორე დღეს სამეზობლოში ცუდი ამბავი დატრიალდებოდა.
თეფშმა ანბანის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა და თან გაიყოლა ჩვენი თითებიც.
"ვერ გეტყვით" თეფშმა ჩემი დახმარებით აკინძა ასოები,სხვა გზა არ მქონდა.
-რატომ აფარებს ხელს?-რიტას ეწყინა.
-ხმა,გოგო!-შევუბღვირე და ჯულის ვანიშნე ,შემდეგი კითხვა დაუსვი მეთქი.
-ვენერა ბაბო,სად არის ბოქლომები და გასაღები?
აქ უკვე თავი შევიკავე და თეფშს მივენდე.მეც მაინტერესებდა,რა პასუხი იქნებოდა.
"ჩემი" "კუბო" თეფშმა ასოები მოხაზა და მაშინვე დაგვიბნელდა თვალებში ხუთივეს.
-ვაი,მამაჯან,ვაიი,-ისევ მოთქმით გააბა კლარამ.
-მე წავედი!- თემო ისევ ფეხზე წამოხტა.
-დაჯექი!-მკლავში დავქაჩე.დამემორჩილა,თუმცა ვხვდებოდი,რომ ცუდად იყო,სახეზე ისეთი ტანჯვა ეწერა.არა რა,სუსტები არიან მამაკაცები,ქალებზე უფრო მშიშრები.დავასკვენი და ახლა მე გამოვედი კითხვით.
-ვენერა ბაბო,ხომ არ დაიღალეთ?
თეფში დუმდა. გაგვიკვირდა.
-მოკვდა მგონი,-მიჩურჩულა თემომ.
-ვენერა ბაბო,დაიღალეთ?-ისევ გავიმეორე,იქნებ ვერ გაიგონა მეთქი.
თეფშმა ზოზინით მიაღწია სიტყვასთან "დიახ".
-უნდა გავუშვათ,არ შეიძლება,-გამოცოცხლდა კლარა. უცებ დავეთანხმეთ.
-მკვდარი სულების მეუფევ, გთხოვთ წაიყვანოთ ვენერა აზმაიფარაშვილის სული!-კლარამ ისე დაქაჩა თვალები,ყველას გაგვეცინა,თუმცა მოგუდულად.
-სულების მეუფევ,წაყვანილია ვენერა აზმაიფარაშვილის სული?-კლარას მოუთმენლობა ეტყობოდა.
თეფში სიტყვა "არა"-სთან ,რომ მიცოცდა,შეშინებულებმა შევხედეთ ერთმანეთს.
-აქ,რომ დატოვოთ,ვერ გადამირჩებით!-ნერვებმა მიმტყუნა და წამოვიყვირე.
-დაწყნარდი,ანო,გავუშვებთ,-ჩემს დამშვიდებას შეეცადა თემო.
კლარამ ისევ სცადა.ისევ უარი გვტკიცა სულთა მეუფემ.მე პანიკამ მომიცვა,ვინაიდან ყველამ სათითაოდ ვთხოვეთ ,თემომაც კი.სულ ტყუილად,ცოცხალი თავით არ მიდიოდა ვენერა ბაბო. ბოლოს ლამის მუხლებზე ვიდექით და ისე ვეხვეწებოდით,ოღონდაც წასულიყო და შევპირდით,რომ ცხოვრებაში აღარ ვახსენებდით მის სახელს.
-იქნებ,რამეს არასწორად ვაკეთებთ?-ჩაფიქრდა კლარა.
-თუ არ იცოდი,რას მატრაკვეცობდი?!-შევუღრინე გამწარებულმა.
-მოიცათ,იქნებ,რამის თქმა უნდა და იმიტომ არ მიდის?-თქვა ჯულიმ.
-ჰკითხე,მერე!-ახლა ჯულის ვეცი.
ისევ მოვარგეთ თითები თეფშს და იმედიანად დავაჩერდით ზემოდან.
კითხვაზე,რამის თქმა,უნდოდა,თუ არა ვენერა ბაბოს სულს,ისრიანი თეფში "დიახ" სიტყვასთან მიცურდა,თან ისე სწრაფად,ცოტა არ იყოს,ეჭვი შემეპარა,რომელიმემ ხომ არ იეშმაკა-მეთქი.
-გვითხარით,ვენერა ბაბო,-შეევედრა ჯული და თეფშმაც დაუყოვნებლივ დაიწყო ანბანის მიმართულებით ცურვა.
"მოდით ჩემთან"-დაიწერა და ადგილზე გავხევდით ყველა.
-სად უნდა მოვიდეთ?-ისევ ჩაეკითხა ჯული.
"საფლავი" "კუბო" თეფშზე მიხატული ისარი ისეთ სიტყვებს კრეფდა,შიშისგან გვზარავდა ხუთივეს.
-უნდა,რომ გასაღები მოგვცეს,-დაასკვნა რიტამ.
-მასეა!-დაეთანხმა ჯული.
-ვაი,მამაჯან..-ისევ გააბა კლარამ.
-გაუშვით რა,ხომ გვითხრა,რაც უნდოდა?!-მე ჩემი გასაჭირი მადარდებდა. სულაც არ მინდოდა,ვენერა ჩემთან დარჩენილიყო და ამის გამო ბინა გამეყიდა.
-წესით,უნდა წავიდეს,-იმედიანად მითხრა ჯულიმ და სულების მეუფეს უკვე მეასედ სთხოვა წაეყვანა ვენერა ბაბოს სული.რაზეც თანხმობა მივიღეთ და შვებით ამოვისუნთქეთ.ყველაზე მეტად მე გამიხარდა დადებითი პასუხი.ტრილიონჯერ გადავიწერე პირჯვარი და ღმერთს მადლობა გადავუხადე,რომ არ გამწირა ტანჯვისთვის.
იმ ღამეს,ყველა ჩემთან დავტოვე.სად გავუშვებდი? დილამდე კლარას ფეხებს ვიყავი ჩახუტებული და ძილში, დრო და დრო სტრესისგან ვხტოდი.რაზეც კლარა ბუზღუნებდა,წადი ჯულისთან დაწექიო. ჯულისთან რა დამაწვენდა,საშინელი ძილი  იცის,მთელი ღამე ბორგავს და დადის საწოლში. ვერც რიტას მივუწვებდი,ვინაიდან ვიწრო ტახტზე იწვა და ადგილი არ გვეყოფოდა.თემო კი საცოდავად,სავარძელში იჯდა მოკუნტული და პირღიას ეძინა.
დილისკენ ისე ღრმად ჩამეძინა,ვერ გავიგე როდის გაიღვიძეს.მე რომ თვალები გავახილე,ისინი უკვე ჩაის მიირთმევდნენ მურაბასთან ერთად და წინა ღამის ამბებზე ჩაბჟირებამდე იცინოდნენ.
-ადე,ანოჯან,ადე,დიდი დღეა,დღეს,-პირველი თემომ შემამჩნია.
-რა ხდება?-ნამძინარევი თვალები მოვისრისე.
-ადექი და გეტყვით,-მითხრა ჯულიმ და ლეღვის მურაბით სავსე კოვზი პირში გამოისვა.
კლარას გავხედე, მურაბა არ მოეწონა,თუ ძილი ვერ დაისრულა,უკმაყოფილო სახით კი იჯდა.
-ვიცი,კარგს არაფერს მეტყვით,-საწოლზე წამოვჯექი და წარბებქვეშიდან შევათვალიერე ოთხივე.გული მიგრძნობდა,წინა ღამის გაგრძელება ექნებოდათ გეგმაში.არც შევმცდარვარ. მაცნობეს,რომ შუაღამეს,სრული შემადგენლობით  ვენერა ბაბოს საფლავს უნდა ვსტუმრებოდით,ეს გადაწყვეტილი იყო და  გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.თავზარი დამეცა.ყველაზე მეტად კი,თემოს რეაქციამ გამაკვირვა,შიშის ნატამალი აღარ ეტყობოდა და უფრო მეტიც,აქტიურობდა კიდეც.
-ნამდვილად ჩაის სვამთ?-მაგიდას გადავხედე.
-ანოჯან,შენ მაინც უთხარი რამე,ჩემი არ ესმით,-შემომჩივლა კლარამ.
-ჩაია,ჩაი და გემრიელი მურაბაც,ადექი,დეტალებზე უნდა მოვილაპარაკოთ,-თემომ ხელის მოძრაობით მანიშნა ფეხზე ადგომა.
-გასაოცარი პირდაპირ! წუხელ ლამის ქვეშ ჩაიფსი და ეხლა რამ გაგათამამა?!
-შენგან განსხვავებით ჩვენი ბედი აღელვებს!- დამიღრინა რიტამ.
-ანოჯან,ესენი გიჟები არიან!-დაასკვნა კლარამ.
-არც შენ ჩამორჩები!-შევუბღვირე კლარას.
-ე,მე რას მერჩი,გოგო?
-ზუსტად შენი ბრალია!თეფშები და სულები, ჩაკეტილი ბედი და გასაღები, ყველა გიჟები ხართ! მე არსად წამოვალ,თავში ქვა გიხლიათ!-გამწარებული წამოვხტი, აბაზანაში შევვარდი და კარი მივიჯახუნე. მთელი ჯავრები კბილის ჯაგრისზე ვიყარე.იქამდე ვახეხინე კბილები,სანამ პირში ტკივილი არ ვიგრძენი.
მეგონა ჩემი სიბრაზე შედეგს გამოიღებდა.პირიქით მოხდა,ისეთი დაგეშილები დამხვდნენ,ლამის საკუთარი სახლიდან გამაქციეს.
-შენ ჩვენი ბედნიერება არ გინდა!-მაჯახა ჯულიმ.
-ამას უნდა,რომ მთელი ცხოვრება უბედურები ვიყოთ!-არც რიტა ჩამორჩა.
-ანოჯან,მე  ეს იდეა კი არ მომწონს მაგრამ სხვანაირად ჩვენი "ზამოკი" არ გაიხსნება,გაიგე,ჯანა?-კლარამ ცოტა რბილად შემომიტია.
-მე,როგორც ჩემი მეგობრების კეთილდღეობის მსურველი,თავს ვერ მივცემ უფლებას,განზე გავდგე და გასაჭირში მივატოვო ჩემთვის ძვირფასი ადამიანები.ამას  ჩემი ზნეობა და მორალი არ დაუშვებს!-მეგონა ,თემო ტრიბუნაზე იდგა მიკროფონით ხელში.
-არა,ეს ცხადი არ არის,სიზმარია!-ოთახში მოვყევი სიარულს.
-ცხადია,ცხადი,-მომაძახეს ოთხ ხმაში.
შუადღემდე მოუნდნენ ჩემს დაყოლიებას,იმდენი ქნეს,მაინც თავისი გაიტანეს და თემო ნიჩბების საყიდლად გავუშვით.

***
ღამის პირველი საათისთვის ხუთკაციანი ჯგუფი სრულ მზადყოფნაში ვისხედით თემოს მანქანაში და სასაფლაოს მიმართულებით მივქროდით.
-ვაი,მამაჯან,ვაი..-მთელი გზა ოხრავდა კლარა.
-კლარა,ნუ მოსთქვამ,დავითარსებით!-მუჯლუგუნი წაჰკრა რიტამ.
-ეს რა დღე დამიღამდაა,-უარესად ავიშვიშდა.
-გაჩუმდი,თორემ გადაგსვამ მანქანიდან!-დაემუქრა თემო.
-ოღონდაც გადამსვი,მაღარიჩი ჩემზე იყოს,ვაი,მამაჯაან..
-მეც გადამსვით,-ამოვიკნავლე.
-გაჩუმდით,მოვედით!-ჯულიმ დაგვიცაცხანა.
მერჩივნა ავარიაში მოვყოლოდით,ვიდრე სასაფლაოს კარი დამენახა. იმედით მაშინ გამინათდა სახე,როდესაც კარი დაკეტილი დაგვხვდა. ჩემი წამიერი ზეიმი უცებ ჩაიშალა,როდესაც ჯულიმ გალავანზე გადაძრომა დაიწყო.
-ღმერთო,ასე არასდროს მომანდომო გათხოვება!- ვთქვი და მეც გალავანს ავეკარი კატასავით.
-მე აქ ვერ გადავძვრები,ჯანა,არ შემიძლიაა,-უარზე დადგა კლარა.ვინ მოუსმინა? რიტამ და თემომ ერთიანი ძალებით შეასკუპეს ქვის კედელზე.
-ვაი,გული,ვაი..ეს რამდენი "კლადბიშებია",სად უნდა ვიპოვნოთ ის ჩვენი ცოდვით სავსე?-ნახევრად ტირილით თქვა კლარამ.
-გახსოვთ ვენერას საფლავი?-ვუჩურჩულე ჯგუფის წევრებს.
-დაახლოებით,-გამომეპასუხა ჯული და დაიძრა. უკან მიჰყვა რიტა,რიტას უკან მე,ჩემს უკან კლარა და სულ ბოლოს,ნიჩბებით ხელში თემო მოგვყვებოდა. სიბნელეში,როგორც პარტიზანები ისე მივიწევდით წინ.
-მეშინია,არ გვინდა, რაა,- რიტას დავეკიდე მაისურზე.
-ხელს ნუ მკიდებ!-არანაკლებ შეშინებული იყო რიტაც.
-სხვისი საფლავი არ ამომათხრევინოთ,ჯანაა,-ისევ აკნავლდა კლარა.
სასაცილო იყო,სატირალი,რომ არ ყოფილიყო ჩვენი მდგომარეობა. მზარავდა სიბნელე და ამ სიბნელეში აჩრდილებად ამოზრდილი საფლავების ქვები. გულისრევასაც ვგრძნობდი,ალბათ არა მარტო მე. რაც უფრო ვექცეოდით სასაფლაოს შუაგულში,მით უფრო მეტად მრჩებოდა ფეხები უკან. ერთიანად ვკანკალებდი. იმ წუთში დავიწყევლე გაჩენის და ამ გადარეულების გაცნობის დღე,საკმაოდ ხმამაღლა გამომივიდა. რაზეც ჯულიმ მითხრა,რომ შემეძლო უკან გავბრუნებულიყავი.
-ეხლა მეუბნები ხომ მაგას?! -გავცეცხლდი. სად ვიყავი გამბრუნებელი? მარტო კი არა,ოთხი ადამიანის გარემოცვაში შიშისგან ვლევდი სულს.
-მგონი,აქ არის!- ჯიბის ფარანი მიანათა ჯულიმ ერთ-ერთი საფლავის ქვას. ყველამ ვიცანით ჩვენი ვენერა ბაბოს სურათი. ფოტოშიც კი ჩვეული ეჭვნარევი  გამოხედვა ჰქონდა,როგორ სიცოცხლეში იცოდა ხოლმე. ყველაფერი აინტერესებდა და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდა.ჩვენს მეგობრობასაც კი,სულ ეგონა,რომ თემო,ჩვენი რომელიმეს შეყვარებული იყო.მგონი ნახევარი ცხოვრება ამაზე ფიქრში გაატარა,ვერა და ვერ გაიგო მაინც რომელს გვეკუთვნოდა. არ გამოვრიცხავ ჩვენზე დარდმაც გამოაჭამა გული და ეჭვებისგან გარდაიცვალა.
-დრო არ ითმენს,აიღეთ ნიჩბები!- გვიბრძანა ჯულიმ და თემოს ერთი ნიჩაბი გამოართვა.ყველა შევიარაღდით და საფლავის გარშემო განვლაგდით.
-მე ვერა,ვერა..-ატირდა კლარა.
-ნუ კნავი,მაგის დრო არ არის!-შეუტია თემომ და გამხმარ მიწას ნიჩბის წვერი ჩაარჭო,თან ფეხიც მიაშველა,სიღრმეში რომ წაეღო.
-მიდით!-ჯულიმაც თემოს მოძრაობა გაიმეორა. რიტაც გაბედულად მოიქცა.მე და კლარა ვიდექით აცახცახებულები და ირგვლივ ვიყურებოდით. ხან რა მეჩვენებოდა,ხან რა.
-ვაი,მამაჯან,სულ,რომ უკაცოდ მოვკვდე,მე ვერ ვიზამ ამას,-კლარამ ნიჩაბი ძირს დააგდო.
-კლარა,მოგკლავ!-ჯულიმ ისეთი ხმით უთხრა,მე შემეშინდა და მიწას ნიჩაბი ვუჩხვლიტე.
-მომკალი ჯანა,მომკალიი..-კიდევ აპირებდა რეპერტუარის გაგრძელებას,არ დასცალდა. თემომ წამოიყვირა უცებ.
-მგონი რაღაც ვიპოვნე!
მაშინვე მასთან მოვიყარეთ თავი.მიწას ფარანი მივანათეთ და ერთხმად წამოვიყვირეთ.
-არ არსებობს!
თემოს ფეხებთან სამი ცალი ჩაკეტილი ბოქლომი ეგდო თავის გასაღებებთან ერთად.
-აბა,კუბოშიო?-ჯულიმ სამივე ბოქლომი ხელში აიღო და დაათვალიერა.
-იქნება ამოგვაწოდა,ჯანა?
-ვინ ამოგვაწოდა,ქალო?-გული გამისკდა.
-ვენერა ბაბომ,ვინ ამოგვაწვდიდა, ჯანა?-სიხარული შეეპარა ხმაში.
-ეს სასწაულია! -რიტა გაოგნებული იყურებოდა. მე თემოს დავაკვირდი,ტუჩებს ისე საეჭვოდ იჭამდა,მივხვდი,მისი გაჩალიჩებული იყო და ლამის იქვე დავუკოცნე ის ჭკვიანი თავი.
-ნამდვილად ამოგვაწოდა!-ბეჭედი დავსვი უცებ.
-ვაა,-ჯული განცვიფრებული ატრიალებდა ხელში ბედის "ზამოკს".
-დროზე,მიაყარეთ მიწა,დროზე!-თემომ ისევ მოიმარჯვა ნიჩაბი და მიწის ბელტების უკან დაბრუნებას შეუდგა. ასე სიხარულით ჯერ არცერთი საქმე არ მიკეთებია. მთელი მონდომებით ვემხმარებოდი. კლარაც კი ჩაერთო და ლამის ხელითაც კი დატკეპნა.ამ გამალებით მუშაობაში ვიყავით,რომ ფეხის ხმა მოგვესმა და ადგილზე გავშვეშდით.
-არ გაინძრეთ!- ხმას განათებაც მოჰყვა და კლარას გულის წასვლაც.

***
პოლიციის განყოფილებაში,წინასწარ დაკავების საკანში  ვისხედით და ნერვიულობისგან და შიშიგან გამშრალ პირს ვერ ვამოძრავებდით.ჩვენ კიდევ არაფერი,აი,კლარა კი ჰგავდა ხუთი დღის მიცვალებულს.სახე გაყვითლებული და ტუჩებ გალურჯებული. თვალდახუჭული იჯდა და მგონი არც სუნთქავდა.
-კლარა,ცოცხალი ხარ?-იდაყვი გავკარი.
-მმმ,-სუსტი ხმით აზუზუნდა.
-აქ არ მოკვდე,გთხოვ.
-აბა,სადა,ჯანა?-თვალები ოდნავ გაახილა.
-მაგას მერე გეტყვი,ოღონდ აქ არ მოკვდე,ჰასმიკა გაგიჟდება,ხომ იცი?-დედამისი ვუხსენე.
-ჰასმიკას დანახვას,აქ სიკვდილი მირჩვენია,ანოჯან,-წაუტირა.
-თარსი ხარ,რა!- გადმოსძახა თემომ.
-ჰოდა,სად მიგყავდი,თემოჯან?
-ბოქლომის გახსნა მაინც მომესწრო,-დანანებით თქვა ჯულიმ.
-რა ვიცი,მაშინ მოგინდათ,საფლავის მოპირკეთება,მთავარი საქმე კი გადადეთ!-რიტამ სიმწრით გაიქნია თავი.
-რა გვეშველება?-კლარა დრო და დრო ცოცხლდებოდა.
-მოვლენ ადვოკატები და გვიშველიან,-იმედიანად კი ვუთხარი,მაგრამ მეც არ ვიცოდი რა ბედი გვეწეოდა.
ჩვენი დაკითხვა კომედიური ჟანრის ფილმს ჰგავდა.კლარამ სულ დეტალებში ჩააჭიკჭიკა ყველაფერი.რაზეც ვერც გამომძიებელმა და ვერც მისმა თანაშემწემ და საერთოდ,მთლიანად პოლიციის განყოფილებამ ვერ შეიკავა თავი სიცილისგან. ისე ხარხარებდნენ,ცოტა არ იყოს,გვეწყინა. უფრო მეტად კი  თემოზე იმოქმედა ამ ტრაგიკომედიამ. გამწარებულ გულზე იქვე მოგვახალა,ის რაც მე ისედაც ვიცოდი. ბოქლომები მე მოვიტანე საფლავზეო.ამაზე ჯული გადაირია და საპასუხოდ ესროლა ,რომ თეფშს მე ვაწერინებდი ყველაფერსო. აქ კი, მეც ავიფოფრე,ჯადოს გამკეთებლების ვინაობის დამალვა მე დავწერე-მეთქი. რიტამ ჯერ გვიყურა და ჯულის მიახალა,ჩემს წვლილს რატომ არ ამბობ,ფურცელს წინასწარ ,რომ დავახატეთ სამი გასაღები უკანა გვერდზე და ამოტრილება მოვასწარი ,სანამ მაგიდასთან მივიდოდით ყველაო.
-უსინდისოებო!-ისე წამოიყვირა კლარამ,ოთხივე გავშეშდით.
-კლარა,-ვეცადე რაღაც მეთქვა,თუმცა ენა დამება.
-ანო,შენგან არ მოველოდი! აი,ესენი კი,ვიცოდი რა  პირქვე დასამარხებიც იყვნენ!-გაავებული წამოხტა ფეხზე და გისოსებს ეცა.
- გამიყვანეთ აქედან,თორემ თავს მოვიკლავ!
წყენა და ბრაზი ერთიანად მორეოდა.შემრცხვა მეც და დანარჩენებიც არ იყვნენ კარგ დღეში.სათითაოდ ვცდილობდით დაგვეწყნარებინა,ამაზე უარესად გადაირია და ისეთი ისტერიკა მოაწყო,შეგვეშინდა.გვეგონა,რომ ჭკუიდან შეცდა. სანამ მორიგე არ მოვიდა,მანამდე ვერ დამშვიდდა. რომელმაც გვახარა,რომ ჩვენი ადვოკატები მოვიდნენ და ცოტა ხანში გაგვიყვანდნენ მათთან შესახვედრად.
-მე,თუ აქედან ცოცხალი გავედი და თქვენც,იცოდეთ,არ გიცნობთ,არ მიცნობთ!-გვითხრა კლარამ და ჩვენგან მოშორებით დაჯდა. ხმა არცერთს ამოგვიღია.მდუმარედ ვისხედით და ველოდით,როდის გაგვიყვანდნენ.

***

უკვე სამი დღე იყო გასული ჩვენი გათავისუფლებიდან. უბანში ისეთი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი ჩვენს ამბავზე,სირცხვილით თავს ვერ ვყოფდით გარეთ. ხუთივე ჩვენს სახლებში ვიყავით შეყუჟული და "ქარიშხლის" ჩადგომას ველოდით.ათასი კუდი გამოგვაბეს და ლამის სატანისტური სექტის წევრებადაც გამოგვაცხადეს.ყველაზე მეტად კი ნატო და გულნარა აქტიურობდნენ,ლამის ეზოს შუაგულში კოცონი დაანთეს და სათითაოდ შეგვბრაწეს. სერიოზულად დამაეჭვა მათმა საქციელმა.ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი,რომ ავთო მთლად შარლატანი არ უნდა ყოფილიყო და მართლაც ბოროტ ძალასთან მოგვიწია შეჯახება.
იმ საღამოს ცა ფეხად ჩამოდიოდა.ისე გრუხუნებდა ზეცა,მეგონა სადაცაა ჩამოიმტვრევა და ჩამოიშლება-მეთქი.ხასიათ წამხდარი ,მობუზული ვიჯექი სავარძელში და ვცდილობდი,დეტალებში აღმედგინა  ვენერა ბაბოს დაკრძალვის დღე.მინდოდა,რაღაც ხელჩასაჭიდი მეპოვნა. ამ ფიქრთა ამბოხში ვიყავი,რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. უცებ წამოვხტი ფეხზე,ვიფიქრე,რომ ოთხეული იქნებოდა.სიხარულით ვეცი კარს და ვენერა ბაბოს შვილის დანახვაზე ელდა მეცა.მეგონა,რომ ისევ საჩხუბრად მოვიდა. რაც მაშინ დღე გვაწია,ჰასმიკა დეიდა მონაგონი იყო.
-საჩხუბრად არ მოვსულვარ,- მითხრა ხმადაბლა და დაუპატიჟებლად შემოვიდა.შვებით ამოვისუნთქე და გაკვირვებული მივყევი უკან.
-რა მოხდა,მანანა?-ძლივს ამოვიდგი ენა.
-მოდი,დავსხდეთ,არ ვარ კარგად,-მაშინღა შევნიშნე,რომ ხელები უკანკალებდა.
-წყალს მოგიტან.
-არა,არა,დაჯექი,-მითხრა და თვითონაც ჩამოჯდა დივანზე.
-ფერი არ გადევს,მანანა.
-რა დროს ფერია,ანო,შენ არ იცი,რა მოხდა,-სახე სატირლად მოამზადა.
გულზე შემომეყარა.ვერაფრით მივხვდი,რა სჭირდა.სათქმელსაც აგვიანებდა.
-ნუ მაშინებ,მანანა,-მეც შემეცვალა სახე.
-დაურეკე დანარჩენებს,ამოვიდნენ.
-ვის?-უცებ ვერ გავიაზრე.
-შარვალ-კაბებს.
რომ არა ეს ამბავი,ალბათ გამეცინებოდა მის ნათქვამზე. დაფიქრებული წავედი ტელეფონისკენ.ოთხივეს დავურეკე და ოთხივეს გაოგნებული ხმა ჰქონდა.ვერაფრით იჯერებდნენ,რომ ჩემს სახლში მანანა მშვიდად იჯდა და მათთან შეხვედრა უნდოდა. დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირვებია,მალევე მოვიდნენ და თითქოს დასახვრეტად მიმყავდა,ფეხათრევით შემომყვნენ ოთახში.თან თვალებით მეკითხებოდნენ,რა ხდებაო? მეც არ ვიცოდი და რა მეთქვა?
-დასხედით,-თქვა მანანამ და ხალათის ჯიბიდან ტილოში გახვეული რაღაც ამოიღო,უცებ ბურთიც კი მეგონა,მაგრამ,რომ გაიჩხაკუნა,ხმაზე მივხვდი,რკინა იყო.
ჩვენს წინ მაგიდაზე, დიდი სიფრთხილით გაშალა ტილო და მოულოდნელობისგან  ხუთივემ ერთხმად წამოვიყვირეთ.
-არ არსებობს!
ჩვენს წინ ხუთი ჩაკეტილი ბოქლომი იდო,თავის გასაღებებთან ერთად.
-ვაი,მამაჯან,ვაი,ვაი..-კლარა ლამის მოსასულიერებელი გაგვიხდა. თემო ენა ჩავარდნილი იჯდა.არც დანარჩენები ვიყავით ნაკლებ დღეში.
-მანანა,საიდან ეს ბოქლომები,ან რას ნიშნავს ეს ყველაფერი?-ჯული ხელებს ვერ იმორჩილებდა,ისე ცახცახებდა. რიტა ტიროდა.
-მეც არ ვიცი,საიდან დავიწყო,-მანანასაც ცრემლები წასკდა.
ყველა დაძაბული ვუყურებდით  და ველოდით,როდის დაიწყებდა მოყოლას.
-სრულიად შემთხვევით ვიპოვნე სახლში,-მძიმედ დაიწყო.
-სახლში?!-პირები დავაღეთ.
-ჰო,სახლში,დედას კარადაში.
-და რატომ გადაწყვიტე,რომ ესენი ის ბოქლომებია,რომელსაც ჩვენ ვეძებდით? თან ჩვენ სამს ვეძებდით და არა ხუთს,-მოუთმენლად ვკითხე.
-გეტყვით..ბოქლომები გუშინ ვიპოვნე,მეც შემეშინდა,მოსვენება დავკარგე.როდესაც ჩემს ქმარს ვაჩვენე,ასე ტილოში გადახვეული,მაშინ შემოირტყა თავში ხელი. იმანაც არ იცოდა რა იყო,ისე ამოაცალა დედაჩემს დასაფლავების წინ ჩასასვენებლიდან.ხომ იცით,ჩვენი წესები?რაღაცას ჩაუდებ მიცვალებულს და ის აუცილებლად უნდა ამოაცალო ისევ.მე მაშინ ამის თავი არ მქონდა. კაკომ ითავა ეს საქმე,არც უნახავს,ისე მიუცია თავისი დისთვის,დამ  კი კარადაში შეინახა ისე, რომ არავის მიუქცევია ყურადღება,რა იყო გახვეული ტილოში,-დაასრულა და ატირდა.
გაოგნებულებმა კარგა ხანს ვერ ამოვიღეთ ხმა.
ისევ ჯული გამოძრავდა. ბოქლომები სათითაოდ დაათვალიერა და ისე დაგვიწყო ცხვირწინ,რომ კარგად დაგვენახა ბოქლომებზე შავი ასოებით დაწერილი  ჩვენი სახელები.

"ანო" "თემური" "ჯულიეტა" "კლარა" "რიტა"

დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები