ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2021


***

მე იმაზე ვწერ, რაც ჩემს სულში ცოცხალი დარჩა,
რაღაც მცირედზე, ჯიუტად რომ აგრძელებს ფეთქვას
და სულ უმიზნოდ ჩადინებულ დღეების გარდა
არაფერია, მეტი რასაც სიცოცხლე ერქვა.

თუმცა სიზმრები... აქ ყოველთვის მაშინ მოდიხარ
როცა ვფიქრობ, რომ საიმედოდ კარი ჩავრაზე
და შენ ჯიუტად მოაბიჯებ მაინც შორიდან
და ეხეთქები მიმორყეულ ნერვებს-დარაბებს
და რა თქმა უნდა, ვერ გიძლებენ- მაგრამ ცხადია,
არც მე მიცდია, ამეჭედა ყველა ღიობი,
შენი სიზმრებში დაბრუნება არ მინანია,
მხოლოდ, მარტო რომ ვიღვიძებდი, მაშინ მტკიოდი
და ჩემს ოთხ კედელს, პირამიდას, სადაც მხვდებოდა
ბევრი სიჩუმე, მცირე შიში, ცოტაც აზარტი,
ვესალმებოდი და არავინ მესალმებოდა,
მერე მთელი დღე შენს ნასიზმრალ სახეს ვხატავდი
იმავ კედლებზე, ერთგულებზე, რომლებიც მშვიდად
უსმენდნენ ბლუზს და ჩემთან ერთად სვამდნენ კონიაკს-
არ იყო თრობა... იშლებოდა თავისთვის სულში
მუქიისფერი ოლეანდრი-მელანქოლია.

და ახლა, როცა ცხრა გრადუსი სითბოა გარეთ
და ცას ღრუბლები შემოუცვამს ტანზე შილიფად
მე წერას ვიწყებ... ისეთია განცდა, რომ თითქოს
თვეების შემდეგ პირველ ნაბიჯს ვადგამ შინიდან
რკინის ქალაქში, სადაც ვცოცხლობ, სადაც ვსუნთქავ და
ეჭვით ვუყურებ ძველ კედლებზე ბზართა ღიობებს.
არჩევანია, არ გიყვარდეს და არ იცოცხლო
ან იცოცხლო და გიყვარდეს და მუდამ გტკიოდეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები