ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2021


***

-გახსოვს? მითხარი,
ტბებიაო შენი თვალები, ტბები.
-მე კი გეუბნები, რომ გუბეებია.
ჩადექი გუგებში და გატოპე.
 
მეტი პოეტურად რა გითხრა, რომ მოგეხმარო.
არაფერი იტკინო.
 
მხოლოდ წარმოიდგინე, როგორ გტკივა
და ამაზე წერე.
 
როცა ჩემს ფინჯანს წეროები უსველდება რეცხვისას,
შენ მახსენდები.
ვდგავართ სარდაფთან და ხელს ვუქნევთ წეროებს.
ისინი სხვასთან მიაფრენენ ჩვენს სველ შვილებს
 
და უფრო პოეტურად რა გითხრა.
შენ არაფერი იტკინო, ისე წერე.

***
 
ახლა მშრალი ვარ და გუბეებიც დამიშრია.
უკვე შემიძლია დავბინავდე.
ზამთრში შეკრული კუბო, უფრო საშიშია.
ცივა გაყინვამდეც და მას მერეც.

 ნეტავ, ესეც პოეტური იყოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები