ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 ნოემბერი, 2021


შეწირულთათვის

ლევილის მწუხრში

(მერაბ კოსტავას)

ლევილის მწუხრში დავრჩით მარტონი,
ხილვა იყო თუ გამოღვიძება, -
ქრისტეს პერანგში მერაბ ბატონი
იდგა ღვთის წინ და პირჯვარს იწერდა.

არც რას ამბობდა, არც რას იტყოდა,
ცა ეღვრებოდა სულში იოდად,
ყრმას ცხრა აპრილის ყველა ჭრილობა
გულში სჭირდა და გული სტკიოდა.

ვერ მივეშველე, ვერ მივაშველე,
ქართულ ნაღვერდალს სიტყვა ქართული,
აქეთ მაწვდიდა სანთელ-საკმეველს,
მრევლში საფრენად ფრთებშემართული.

შავ ცხენზე იჯდა წმინდა გიორგი,
წინ წამებულის დიდი გზა იყო,
მკლავკურთხეულის ყველა გმირობის
ხმალი ვადაში გადამტყდარიყო.

ხტოდა, ცმუკავდა კერპთა კავშირი,
იყო სპექტაკლი, როგორც მკვლელობა,
სდუმდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი
და ვალმოხდილ ძმას, ვით ძმას ელოდა...

გუნდი გალობდა - „შენ ხარ ვენახი!“
და იყო რაღაც ენით ართქმული...
და მთაწმინდიდან მამრის შეძახილს
ექოდ ერწყმოდა გენი ქართული.

მზე ჩადიოდა... ვწუხდით მარტონი,
მაგრამ კვლავ დუღდა სისხლი იბერთა, -
ქრისტეს პერანგში მერაბ ბატონი
იდგა ღვთის წინ და პირჯვარს იწერდა.

მორის ფოცხიშვილი

1989

.......................................................................................................................................................................

ზვიად, ვიზიარებ შენს მწუხარებას

(მერაბ კოსტავას გარდაცვალების გამო)

ლევილში შეგვძრეს ქართვლის ზარებმა,
სიკვდილმა ისევ იბრუნა პირი,
მე ვიზიარებ შენს მწუხარებას
და შენთან ერთად უცრემლოდ ვტირი...

ზვიად, ვიზიარებ შენს მწუხარებას!

ვგრძნობ, როგორც ქართველს ვალი რამ მმართებს
თქვენი და ღმერთს ვთხოვ ჭკუიდან ნუ მშლის,
წამებულ რაინდს დავუნთებ სანთლებს
და შენი სევდით ჩაგიკრავ გულში...

ზვიად, ვიზიარებ შენს მწუხარებას!

იქნებ სათქმელი ბოლომდე ვერ ვთქვით,
იქნებ არც რად ღირს საწუთრო მრუმე,
მაგრამ ხომ ვამბობთ - „ჩვენთან არს ღმერთი!“
და ღმერთი იგი ჩვენთან არს თურმე!

ზვიად, ვიზიარებ შენს მწუხარებას!

და თუმც ურჩხული ქართულ წყლულს ლოშნის,
მაინც გრძელდება სიცოცხლე ჩვენში, -
თავისუფლების ქართული დროშით
შემოსილია ვაჟკაცის ნეშტი.

ზვიად, ვიზიარებ შენს მწუხარებას!

გახეთქილი აქვს ქართულ ცეცხლს ღვიძლი
და მოჭრილი გვაქვს ძირში მარჯვენა,
მაგრამ მოჭრილი მარჯვენაც იბრძვის,
ფრთების ქართულის გადასარჩენად...

ზვიად, ვიზიარებ შენს მწუხარებას!

ბრდღვინავს ეპოქა მშიერ დათვივით,
და კვლავ სისხლიან თათებს ილოკავს,
და თუ დღეები ჩვენც გვაქვს დათვლილი,
ვინ ამოკემსავს ქართულ ჭრილობას?!

ზვიად, ვიზიარებ შენს მწუხარებას!

მაგრამ განგება ცოტა ხანს გვაცლის,
სულს მოვითქვამთ და მოვა დიდება, -
ხმალზე ხელს იკრავს ქართველი კაცი
თავისუფლების დასამკვიდრებლად!

ზვიად, ვიზიარებ შენს მწუხარებას!

მორის ფოცხიშვილი

1989

..............................................................................................................................................................................................................................................

შეწირულთათვის

ამ ქვეყნის მიწის ნაგლეჯი
ჩვენია, განა სხვისია!
საქართველოა გარეჯი,
ქართველთა ჯილაგისია!

ისევ მღერიან „ჩაკრულოს“,
ფოლკლორი ჩვენი განძია,
ბედნიერ მერმისს ნატრულობს
თვით სულხან-საბას ტანძია.

მინდა მგოსნებმაც შემინდონ,
თუ რამე კარგად ვერ ვთქვი მე,
ლოცვებში მოვიხსენიოთ
თაყაიშვილი ექვთიმე.

ვკითხულობ იმათ ცხოვრებას,
ვინც იყო ქვეყნის სინდისი...
ერს მუდამ ემახსოვრება:
ცხრა აპრილი და შინდისი.

მეც მტკივა ბერი თევდორე,-
დუშმანმა ხმლით რომ აკუწა...
ვარ იმის თანამედროვე,
ვინც დააფასა ქაქუცა.

ქვეყნად ყველაზე მთავარი
სამშობლოს სამსახურია,
დავითიც მიყვარს, თამარიც,
კოსტავაც, გამსახურდიაც.

მაოცებს ცოტნეს გმირობა,
ლომ-ვეფხვს ვადარებ, განა მგელს,
ვუქებ მამულიშვილობას
ცხრა ძმას და სამას არაგველს.

აწ ქეთევანიც ვახსენოთ,-
მარტვილი ქრისტეს რჯულისთვის...
ვაცოცხლებ, ვიდრე ვარსებობ,
ამ მიწის სიყვარულისთვის.

ვლოცულობ, დედა ღვთისმშობელს
წყალობას შევსთხოვ ქართველი,
ბიჭად-კაცს ცრემლშეუშრობელს
რომ არ ჩამიქრეს სანთელი.

ლექსში-ვით უხმლო ქარქაშში,
თუმც ყველა ვერ ჩავატიე,
შეწირულთათვის ტაძარში
მე ღამეები ვათიე.

ოთარ რურუა

2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები