ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პროზა
18 ნოემბერი, 2021


"..და შეწუხდა ჩემზეჩემი სული"

ტელეფონის გრძელი შნური ქსელიდან გამორთო.კარგა ხანს აწვალა ხელში.ბევრი ფიქრის შემდეგ ხელი გაიწვდინა,  კარადის უჯრიდან მაკრატელი ამოიღო და მრავალ ადგილას გადაჭრა."აი,ასე!"-გაუღიმა საკუთარ თავს სარკეში.-"ყველაფრისა და ყველას გარეშე!".გაიმეორა აკვიატებული ფრაზა.
        მანამდე მეგობარს ესაუბრა,ქალაქიდან გავდივარ-სოფელი მომენატრა და დღესასწაულებზე იქ მინდა ყოფნაო.
        რამდენ ხანს ეხვეწა თანაშეზრდილი:-იქნებ გადაიფიქრო,ერთად ვიყოთ,ბავშვობა გავიხსენოთ,გავხალისდეთო.არა და არა! ერთხელ რომ თქვა...
  ...მთელი თვის განმავლობაში ხედავდა,ესმოდა როგორი ხალისით და მოლოდინით იყვნენ გაჟღენთილნი მის გარშემომყოფნი.გული წყდებოდა,მას არ უხაროდა-უკვე მესამეჯერ უწევდა მარტო ყოფნა მაშინ,როცა უნდოდა საოცარი სითბო გაეცა,გაელამაზებინა ისედაც ლამაზი დღეები სასურველი ადამიანებისთვის.
მას არ უხაროდა,არც შურდა,მხოლოდ სურდა თვითონაც ებედნიერა.აივანს მიაშურა."მარტოსულო!"-ენა გამოუყო საკუთარ თავს.კორპუსებს თვალი მოავლო-ყველა ფანჯარა განათებული იყო.
    საოცარ სიმშვიდეს და ტკივილს მოეცვა მისი სული.სიცივემ ოთახში შეაბრუნა.მაგიდას მიუჯდა,მისალოცი ბარათები დაუტოვა ფოსტაში ადამიანებს,ვინც გულთან ახლოს ყავდა-წრფელი,კეთილი სურვილებით სავსე.
    წლის ახალი წყნარი და მზიანი დილა თენდებოდა..ისევ გარეთ გაიხედა,არავის ელოდა-ჩვევა ჰქონდა!ყინული ჩაეწურა გულში,როცა ეზოში ჩამოძონძილ ტანსაცმელში სახედასიებული მოხუცი ბუნკერში თავჩარგული დაინახა.პალტოს ნარჩენებზე იცნო მიუსაფარი კაცი,ხშირად ხვდებოდა მაღაზიასთან მოწყალებას რომ ითხოვდა."როცა მათხოვრის განკითხვასაც ვეღარ ახერხებ,როცა აღარავინ გისმენს და გიხმობს,როცა აღარავინ გიკითხავს,მათხოვარიც ხარ,ყრუ-მუნჯიც,ობოლიც და უპატრონოც".გაახსენდა წაკითხული.
    '"არც არაფრით ვარ მასზე მეტი!"-გაიკლაკნა გონებაში ფიქრი.
ერთი ხელის მოსმით გამოაცარიელა მაცივარი,ჩაყარა პოლიეთილენის პარკში რაც კი გააჩნდა და კიბეზე დაეშვა.აჩქარებით მიაჩეჩა ხელში მოხუცს და მსწრაფლ შემობრუნდა.
    ისევ ფანჯრისაკენ გაექცა თვალი.მოხუცს იქვე გაემართა ნადიმი.აქვარიუმს მიუბრუნდა,რომელშიც ერთადერთი თევზი ცურავდა-"სითბო"-ასე მონათლა როცა შეიძინა.მის მეტი საზრუნავი არავინ ყავდა და ზედ ყვებოდა.ესაუბრებოდა.თევზიც თითქოს უსმენდა და ხშირად ისე გაიდგაფუნებდა,წყლის წვეთებით უნამავდა სახეს.
....დღე-ღამე აერია.უსაშველოდ მიიზლაზნებოდა დრო.ვერც უძილობას გრძნობდა.ერთი-ორჯერ მაცივარი გამოაღო,რომელიც უკვე მერამდენე დღე იყო ტყუილა იღლებოდა მუშაობით.
  მთელი დღეების განმავლობაში იმეორებდა ფსალმუნიდან ნაწყვეტს:
                  "და შეწუხდა ჩემზე ჩემი სული..
                  ჩემს შიგნით დანაღვლიანდა გული ჩემი...
                  ვიხსენებ ადრინდელ დღეებს
                  ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე...."

....გულითადმა ჯერ ზარი დარეკა,ცოტა ხნის შემდეგ სათადარიგო გასაღები მოარგო კარის საკეტს.უხმაუროდ შეაღო კარი.გაუნიავებელი,მძიმე  სუნი გაბოტილიყო სახლში.ოთახის სიღრმიდან ფირზე ჩაწერილი გალობის ხმა ისმოდა.
  მიუახლოვდა,ფრთხილად შეეხო.  თვალი მაგიდაზე გაშლილი ფურცლისკენ გაექცა:"ყველა მიყვარდით,მე გავილიე."

....აქვარიუმში "სითბო"აწყდებოდა კედლებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები