ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2021


ვინთაჟი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ვინთაჟი

გვიყვარდა ძველი სურათების თვალიერება.
დღეს გამახსენდა,
გამახსენდი!
(არ დაგავიწყდეს, შენ აირჩიე არწამოსვლა)
ვიყავი სადღაც,
“ვინთაჟ- ფოტოატელიეში”.
ეს აქ ახალი
გართობაა თავისებური.

შედიხარ სადღაც, ნახევარბნელში,
გორგოლაჭიან საკიდრებზე - ყველა ზომის და სტილის კაბაა,
ერთ გრძელ თაროზე -  ათასნაირი ფეხსაცმელი;
შლაპა, ცილინდრი, კეპი,
ხელჩანთა,
აქსესუარებს  თაროიანი მთელი კედელი უჭირავს და ვეღარ ეტევა.

ყველა სურათი დადგმულიაო, მეუბნებოდი.
იმ დროს ფოტოგრაფს  გარდერობი მზადა ჰქონდაო,
მიხვიდოდი და ჩაიცმევდიო,
სარკეს ოთახში არ კიდებდნენო,
იცი, რატომო?!
ქალების გამო,
ტანისამოსის ამორჩევას აღარასოდეს მორჩებოდნენო.

დადგმულიაო ყველა ფოტო,
გინდ მინდვრად იყოს გადაღებული.
მთელ ცხოვრებაში, 
დაბადებიდან სიკვდილამდე მეტი-მეტი, ათი ფოტო გადაეღოთო.
თუ იცი, რატომ არ იღიმება ამ ფოტოებზე არავინო?
გგონია, რამე წესი იყო ან ეტიკეტი დასაცავიო?
ბავშვები - მშობლებს ედარებოდნენ,
ხოლო იმ მშობლებს
გაქანებული კარიესისგან წინა კბილები ოცი წლიდან სცვიოდათო.
მერე და მერე პროტეზები კი შემოვიდა,
მაგრამ ყველა ვერ წვდებოდაო
და უხერხული გამოდიოდა,
ჯგუფურ სურათში ერთს - პროტეზები გამოეჩინა,
ხოლო მეორე - ტუჩმოკუმული მჯდარიყოო.

დადგმულიაო ყველა ფოტო:
პოზირებული სხეულები,
თვალები, სახე,
კომპოზიცია - ჯგუფურისთვის,
ფონზე - ნაკაწრი.
გრაფიკული დამუშავება…

როცა ვერაფერს მივაგენი,
ტანად პატარა,
პირყვითელა ასისტენტმა,
წარმოიდგინე, ვინ იქნებოდი,
ამ ასი წლის წინ რომ გეცხოვრაო.
რა არ ვიფიქრე, არ გამოვიდა ჩემგან  არც ლედი და არც ქალი-ელეთ-მელეთი,
და როგორც იქნა, ვიპოვე  თავი:
ხავერდის ჟილეტს ოქროსფერი შევაბი ძეწკვი,
პისტოლეტი  - შიდა ჯიბეში;
შეკეცილ თმაზე მამაკაცური  მოვირგე შლაპა,
გადმოვილაგე კამათლები, კარტის დასტები…

ესეც სურათი!
ამ სამ დღეში მოგივა ფოსტით,
ვიცი, რომ ჩემგან წერილს სულ ელი.
ზედ ეწერება:
“ნინო - შულერი”
გახსნი და
ბარი,
ჭიქები,
დანა,
“ჯერ დენიელსი”-
ერთიც - მაგიდა,
ზედაც - კარტი,
მეტი რა გინდა,
მისისიპელი თუ მისურელი
ესეც -
შულერად გადაცმული ქალი სულელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები