ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პროზა
19 ნოემბერი, 2021


ფინიკის სურა VI

ქრრრ... ქრრრ... ქრრრ...
ბაზარში, როცა ჩამოვჯდები სადმე ჩაიზე, ან სახლში, მშვიდად, ვაშლის არომატს, მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოს, საშუალოდ მძიმეს, ვქაჩავ ჩემს შიშას, ტვინს ვთიშავ სრულად, თითქოს საფეთქელთან რაღაც გადატრიალდება - წკაპ! არაფერზე ვფიქრობ და ხშირად მგონია იმ მომენტში არც კი ვარსებობ, ბევრი რამ ვცადე, არც ცოლი დამირჩა, არც შვილი, მეორედ კი შეცდომას აღარ გავიმეორებ, იმ კრეტინების რიგში ვერ ჩავეწერები, ვისაც სიყვარულის მრავალჯერადობის სჯერა, არც სახლზე ვდარდობ, არც მანქანაზე, სამუშაოზე ხომ მით უფრო, სამწუხაროა, მაგრამ, ხშირად ძალიან მოსაყირჭებელია ყოველდღიურობა, რაც არ უნდა მოგწონდეს შენი გარემო, შენი კომფორტული ზონა, შენი თავისუფალი სულის მიღმა, არის ხოლმე მოწყენის წითელი ხაზი, ხანდახან უბრალოდ იღლები, ზიხარ და არაფერი... გინდა მხოლოდ ნარგილეს შუშის მუცელი ბუყბუყებდეს, ქრრრ... ქრრრ... ქრრრ... არც იქეთ ხარ, არც აქეთ, გამოთიშული, ყველას, ყველაფერს, ისვენებ შენს ოქროს შუალედში, გეკარგება საკუთარი თავი და აზროვნების ირიალურ ნისლში ყოველივე აზრს კარგავს.
ხალიდი ჩვენი ლექტორია. მონადირეა. უყვარს სტუდენტი გოგონების გულის გადაშლა, ჩვენამდე მყოფი სტუდენტებიც ასე უყვარდა, დღესასწაულებზე საჩუქრებს ხშირად ცვლიან.
ხალიდი ჩვენი პლატონია, ნეოპლატონიც, არ ეზარება ლექციების ადგილის შეცვლა, გამოგვყრის აუდიტორიიდან და ხან გარეთ დაგვსვამს მოგვამინდორებს, ჩვენ ქუფიებით, ყუთრებით, ჯინსებით, კეპებით, გაფაციცებულები ვუსმენთ, როგორ კითხულობს ტაჰა ჰუსეინს, რაღაცას დაუწუნებს ხოლმე, ოღონდ თავისთვის ჩაილაპარაკებს, თან ჩაის მოწრუპავს, დებადებს გვიწყობს საად საბაჰზე, სამიჰ კასიმზე, ნიზამზე, ძალიან უყვარს უხვსიტყვაობა, ჰიპოთეზების მუჭებით სროლა, სწავლულთა გვერდით დგომა.
ხალიდი ჩვენი იმედია, ჩვენი სხივია, ჩვენ ვეკითხებით, ის კი გვპასუხობს, ის გვეკითხება, ჩვენ ყველა ვდუმვართ. ქვებივით ჩუმად. ესაა ჩვენი გულწრფელობა, მისი სილაღის წილ.
ხალიდი ჩვენი ხიდია, როდესაც რამე საცდურს ამბობს, ჩვენ თავს ვუქნევთ, როდესაც ჩვენ ვაცდუნებთ, ის თავს გააქნევს, ხან გაკვირვებულ თვალებს მივაპყრობთ, ის შეშფოთებულ თვალებს მოგვაპყრობს. დიდხანს ვართ ხოლმე ასე გაურკვევლობაში.
ხალიდს არ სჯერა სასწაულების, ფულით სასწაულების ჩადენის - კი, მისი დილა ფულით იწყება, საჭიროებებით, ღამით ტკბილ ძილსაც ფულზე ფიქრით ჰპოვებს. შუა ლექციაზე დააძრობდა ხოლმე ჯიბიდან დინარების შეკვრას, ბანანებს გვერდზე გადადებდა, ჰა, გინდათ ახლა მოგაჯადოვოთ? გაიღიმებდა, ყავისფერ გრძელ ცხვირს მაღლა ასწევდა, თეთრ, ქათქათა კბილებს გამოაჩენდა, თვალებს გამალებით აცეცებდა აქეთ-იქეთ, ხელს ჩამოიქნევდა, ისე თითქოს რვიანს ხაზავსო ჰაერში, ‘‘შუბბაქ რუბბაქ’’, შელოცვა დასრულებია და ყველა საქმე მოგვარებულიაო. სხვადასხვა გამოცანებს და ანდაზებს გვეუბნებოდა, შორეულ წარსულის ამბებზე, ხშირად ისტორიულზე, მითილოგიურზე, ზღაპრებიდან ათასგვარ შეკითხვას გვისვამდა, ვინც რაიმეს გამოიცნობდა ან სწორად უპასუხებდა ჯერ ბანანით დაჯილდოვებდა, როცა ბანანები გაუთავდებოდა, წვრილი ქუვეითური დინარებით, ფულს არ გვაჩვევდა, იმიტომ რომ ჩვენ ჯიბეცარიელები ვიყავით, სტიპენდიის აღება რომ დავიწყეთ, მერე თამაშები კითხვებთან ერთად გართულდა, არასწორი პასუხის შემთხვევაში კი, ან შენ უნდა მიგეცა ბანანი, ან მინიმუმ ხუთ დინარიანი მაინც, დაბრუნების პერსპექტივა კი არ იყო. საკუთარ თავზე ბევრს არ საუბრობდა, თუმცა ოჯახის ამბებს გვიყვებოდა, როგორც ყველა შეგნებულ და განათლებულ ადამიანს, ბევრ რამეზე სწყდებოდა გული, თვითონ სტაჟიან ლექტორს და ხარისხის მქონეს მშობლები ჰყავდა, რომლებმაც წერა-კითხვა არ იცოდნენ, ფულის მნიშვნელობაც კი არ ესმოდათ, როდეს ჩემი უფროსი ძმა სამსახურში მოეწყო და შინ ხელფასის მიტანა დაიწყო, დიდად უკვირდათ რომ ქაღალდები მიიტანაო, ნელ-ნელა მიეჩვივნენ და დაიჯერეს, რომ ამ გაურკვეველი წარმომავლობის ქაღალდით, შეიძლებოდა საკვები შეეძინათ. მშობლები არც ისე ასაკოვნები დაეღუპა, იმაზე წუხდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებს ვერ მოერგნენ, თუმცა არც უკვირდა, რადგან მამამისსაც კი, მთელი ახალგაზრდობა კარავში ჰქონდა გატარებული, იქ დაიბადა და გაიზარდა თავის წვრილ და-ძმასთან ერთად. კარავში ცხოვრობდა თავის ცოლთან და ორ უფროს შვილთან ერთად, ცოლთან, რომელმაც იცოდა ცოტა რამ ყურანის შესახებ და საკმაოდ კარგად ესმოდა ხალხური პოეზია. ძალიან ტკბილად და გულდაწყვეტით იხსენებდა დედას, ყველანი ასე გავიხსენებთ დედას, როცა ჩვენს ცხოვრებაშიც დადგება ეს დრო, ყველანი ვინანებთ, რომ მეტი დრო არ გავატარეთ მათთან, მეტად არ შევიწუხეთ თავი, მეტად ვერ გავეშვით ცხოვრებისეულ, ყოველდღიურ რუტინულ პრობლემებს. ფეხმორთხმით უყვარდა ჯდომაო, თუ რომელიმე შვილს მოწყენილს დაინახავდა, დაუძახებდა, კალთაში თავს დაადებინებდა და ზღაპრებს უყვებოდა, ლეგენდებს, გადმოცემებს, ცნობილი არაბი მხედართმთავრების, დიადი მეომრების და გმირების შესახებ. ხუჭუჭა თმებზე მეფერებოდა ხოლმეო, გადაისმევდა გამელოტებულ თავზე ხელს ხალიდი, ჩვენ გვეცინებოდა, გეყოფათ, ეს ახლა, თორემ თქვენს ასაკში არაფერი დამეწუნებოდაო. დედაჩემი ვერაგმა კიბომ შეიწირა, მაშინ არ ვიცოდი, რომ კიბო ყველაზე ტკბილს ჭამდაო...
ამ დროს თვალები დახარა, თითქოს უდაბნო წამოიქცაო, მთელი მოხალული ქვიშა, მზეზე დამწვარი კანი, ქარიშხლიანი დიუნი და ზღვის სევდიანი მოქცევა.
ყველანი დარწმუმებული ვიყავით, რომ ამ ლექციის შემდეგ, ხალიდი იპოვიდა, რაიმე შინაურ, განცალკევებულ ადგილს, ყველასგან შორს და თავის ვაშლის არომატიან ჩილიმს გააბოლებდა.
ქრრრ... ქრრრ... ქრრრ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები