ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2021


ჭაღარა თვალები

თმაში ისე შემომერია თეთრი,
როგორც აზრებში - შავი
შეიღებევო -განა ვბრაზდები?!
ვხარობ და მადლიერი ვარ ამის.

მიხარია მათი სიშორე ბნელთან
და ვეგუები ამ სიმარტოვეს
ვერვის ვიმეტებ უფსკრულებისთვის
სადაც  ეულად დავიარები.

დავპატარავდი , გადიდდა სახლი არსებობის.
ორ უკიდეგანო უსასრულობამ ჩამყლაპა...
კენტ ნაწილაკად ვიქეცი,
ანიჰილაციის მოლოდინში და ისიც არ ჩანს
რომ დაასრულოს ეს ხეტიალი.

გაუძელიო - განა მწყინს?!
მიხარია მათი სიშორე სიმარტოვესთან
როგორ უნდა გავუძლო გაუსაძლისს?!
რომ იცოდნენ ხომ არ ამოსცრიდნენ?!
მეც მიხარია მათი უმეცრება!

სული მიყიდვისთვის მზადყოფნაში
შემრჩა და სად შევჩურთო აღარ ვიცი.
არც ღმერთი გამოჩნდა საშვველად
არც ეშმა - მუშტრად.

ან ღმერთი ვერ იყო სიკეთის განწყობაზე,
ან ეშმა ვერ არის საკმარისად ეშმა.
ან ჩემი სული ვერაა საკმარისად სანდომიანი
არვის სჭირდება - მათ შორის მეც.

აი, მდუმარენი კი...
მდუმარენი მაფრთხობენ.
რადგან არ ვიცი, არ ვიცი რამდენად ახლოს არიან
იმ უფსკრულებთან მე რომ გვერდს ვუვლი
ჩემდა უნებურად.

მათი მდუმარება თან იმედია - მაშველი ხელის
საჭირო დროს, საჭირო კიდესთან,
თან არ მემეტებიან კონვულსიებისა და
კოშმარებისთვის.

ან სად ვიპოვი ისეთს, სულზე მეტად ვუყვარდე
რომ დაესრულებინა ჩემი ხეტიალი?!
მხოლოდ თმის მღებავები, მკერავები, მჩხიბავები, „იმედების“ ტრანსფარანტები...
ჩემს ჭაღარა თვალებს კი ვინ გადაღებავს,
თუ არა დახუჭვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები