ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: სკისკიტატორი
ჟანრი: თარგმანი
20 ნოემბერი, 2021


ნიგლის ფოთოლი

ნიგლის  ფოთოლი
ჯ.რ.რ.ტოლკინი

ცხოვრობდა ოდესღაც კაცუნა სახელად ნიგლი, რომელსაც დიდი მოგზაურობა ჰქონდა შესასრულებელი. ნიგლს წასვლა არ უნდოდა და ყველაფერი, რაც ამ მგზავრობას უკავშირდებოდა მისთვის შემაზიზღებელი იყო; თუმცა თავს მაინც ვერ დაიძვრენდა. იცოდა, რომ ოდესღაც უნდა დაეწყო, მაგრამ მომზადებას  მაინც არ ჩქარობდა.
ნიგლი მხატვარი იყო. ვერ იტყოდი, რომ ძალიან წარმატებული ნაწილობრივ იმ მიზეზით, რომ სხვა ბევრი რამის კეთებაც უწევდა. ამ საქმეებიდან უმეტესობა მას სიამოვნებას არ ანიჭებდა, მიუხედავად ამისა, როდესაც მათგან თავს ვერ იძვრენდა (რაც, მისი აზრით, ძალიან ხშირად ხდებოდა), მათ მაინც საკმაოდ კარგად ასრულებდა. უარსაც ვერ ამბობდა, რადგან ამ მხარეში ძალზედ მკაცრი კანონები მოქმედებდა. არსებობდა სხვა დაბრკოლებებიც: ზოგჯერ მას უბრალოდ სიზარმაცე მოეძალებოდა და საერთოდ არაფერს არ აკეთებდა. ზოგჯერ დაბრკოლების მიზეზი მისი თავისებური გულკეთილობა იყო. ხომ იცით, არსებობს ასეთი გულკეთილობა: რაიმეს გაკეთებას კი არ უბიძგებდა, უფრო ხშირად იგი მას უხერხულობას აგრძნობინებდა; მაშინაც კი, როდესაც რაიმეს აკეთებდა, იგი არ დაუშლიდა მას ბუზღუნს, მწყობრიდან გამოსვლასა და გინებას (ძირითადად გულში). სწორედ ამ გულკეთილობით ხდებოდა, რომ იგი ასრულებდა უამრავ უცნაურ დავალებას თავისი მეზობელი პარიშისთვის , რომელიც კოჭლი იყო. ხშირად იგი უფრო შორეულ მეზობლებსაც ეხმარებოდა, თუ დახმარების სათხოვნელად მოვიდოდნენ. დროდადრო კი თავისი მოგზაურობაც გაახსენდებოდა და არეულად იწყებდა ნივთების ჩალაგებას: ასეთ დროს იგი ბევრს არ ხატავდა.
მას უკვე სურათების საკმაო რაოდენობა დაუგროვდა: მათი უმეტესობა ძალიან დიდი და ზედმეტად ამბიციური იყო, თუკი მის შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ. იგი ისეთი მხატვარი იყო, რომელიც ფოთლებს უკეთესად ხატავს, ვიდრე ხეებს. ძალიან დიდ დროს ანდომებდა ერთეული ფოთლის დახატვას: ცდილობდა გამოეყვანა მისი ფორმა, მზის შუქზე მისი ბრწყინვალება, მის კიდეებზე ნამის ბზინვარება. თუმცა მისი სურვილი იყო დაეხატა მთლიანი ხე, რომლის ყველა ფოთოლი იქნებოდა ერთი სტილის და ამავდროულად განსხვავებული.
განსაკუთრებით ერთი სურათი არ აძლევდა მოსვენებას. სურათი დაიწყო ქარში გამოქროლილი ფოთლით და შემდეგ ხედ გარდაიქმნა. ხე კი იზრდებოდა, იგი ურიცხვ შტოებს იძლეოდა და სრულიად წარმოუდგენელ ფესვებს იდგამდა. ყურადღება უნდა მიექცია იმ ჩიტებზე, რომლებიც მოდიოდნენ და სხდებოდნენ ხის ტოტებზე. ხოლო შემდეგ ტყის გარშემო და მის უკან ფოთლებსა და კორძებს შუა დატოვებულ ღია სივრცეში მიწამ დაიწყო გამოსახვა; გამოჩნდა ტყისა და თეთრად დაფარულ მთათა სილუეტებიც. ნიგლს თავისი სხვა სურათებისადმი ინტერესი გაუქრა. ზოგიერთ მათგანს იგი უბრალოდ იღებდა და თავისი დიდი სურათის კიდეებში ათავსებდა. სულ მალე ტილო ისე გაიზარდა, რომ მას კიბის მოტანა დასჭირდა. ხან ავიდოდა კიბეზე, ხანაც ჩამოვიდოდა, სურათს ხან ერთ პწკარს მიუმატებდა, ხან ერთ „ბზარს“ მოაკლებდა. როდესაც ვიღაც ესტუმრებოდა იგი საკმაო თავაზიანობას იჩენდა, მაგრამ მაინც თავის დაფაზე საღებავებს ეპოტინებოდა. ისმენდა, თუ რას ეუბნებოდნენ, თუმცა გულში სულ თავის დიდ ტილოზე ფიქრობდა, რომლისთვისაც გარეთ, ბაღში მაღალი ფარდული აშენდა (იმ ადგილას, სადაც ოდესღაც იგი პომიდვრებს ზრდიდა).
თავის გულკეთილობას ვერაფერს ვერ უხერხებდა. „ნეტავ, ცოტათი ცივსისხლიანი ვყოფილიყავი!“ ეტყოდა ხოლმე საკუთარ თავს, რაც გამოხატავდა მის სურვილს, რომ ასე ძალიან არ შეწუხებულიყო სხვა ადამიანთა გაჭირვებებით. მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში სერიოზულად იგი არავის არ შეუწუხებია. „ყოველ შემთხვევაში, სანამ იმ წყეულ მოგზაურობაში წავიდოდე, ეს ერთი სურათი უნდა დავასრულო, ჩემი ნამდვილი სურათი“ - ასე იტყოდა ხოლმე. მაგრამ ნელ-ნელა იმასაც ამჩნევდა, რომ მოგზაურობის დასაწყისს უსასრულოდ ვერ გადადებდა. სურათს უბრალოდ უნდა შეეწყვიტა კიდევ უფრო მეტად გაზრდა და დასასრულისკენ წასულიყო.
ერთ დღეს ნიგლი თავისი სურათისგან ცოტათი მოშორებით იდგა და მას უჩვეულო ყურადღებითა და განყენებულობით აკვირდებოდა. ვერ იგებდა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ. ნატრობდა, რომ ჰყოლოდა მეგობარი, რომელიც ეტყოდა, თუ რა უნდა ეფიქრა. სინამდვილეში, მისთვის სურათი არადამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ ამავდროულად საყვარელიც - ერთადერთი მშვენიერი სურათი სამყაროში. ამ წამს რეალურად, რაც უნდოდა ის იყო, რომ ეხილა, თუ როგორ შემოდის იგი თავად ოთახში, მხარზე ხელს წამოჰკრავს საკუთარ თავს და ეუბნება (სრული გულწრფელობით): „ნამდვილი საოცრებაა!“ ზუსტად ვხვდები, რაც ჩაგიფიქრებია. დაასრულე და სხვა ნურაფერზე ნუ იღელვებ! ჩვენ ვიზრუნებთ საზოგადოებრივი პენსიის მოპოვებაზე, რათა შენ არაფერი არ მოგაკლდეს.“
თუმცაღა არანაირი საზოგადოებრივი პენსია არ გამოჩენილა. ერთ რამეს ხვდებოდა: საჭირო იყო კონცენტრირება, მუშაობა, მძიმე, განუწყვეტელი მუშაობა, რომ სურათი დაესრულებინა თუნდაც იმ ზომით, რაც მას ამჟამად ჰქონდა. სახელოები აიკაპიწა და კონცენტრირებას შეუდგა. ცდილობდა, რომ რამდენიმე დღე სხვა არაფრით არ დაკავებულიყო. მაგრამ შემდეგ მთელი რიგი დაბრკოლებები გაჩნდა. მის სახლში ყველაფერი აირ-დაირია. სასამართლოში ნაფიც მსაჯულად წასვლა მოუხდა; შორეული მეგობარი ავად გახდა; ბატონ პარიშს ჭვალი აღმოაჩნდა; ხოლო სტუმრები მოდიოდნენ და მოდიოდნენ. გაზაფხული იყო და ყველა მონდომებული იყო აგარაკზე უფასო ჩაი დაელია: ნიგლი ცხოვრობდა კომფორტულ, პატარა სახლში, რომელიც კილომეტრებით იყო ქალაქისგან დაშორებული. გულში სტუმრებს წყევლიდა, მაგრამ ვერ უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ზამთარში მან თავად დაპატიჟა ისინი, როდესაც დაბრკოლებად არ მიაჩნდა  მაღაზიებში სტუმრობა და ნაცნობებთან ჩაის მირთმევა. ცდილობდა გულქვა გამხდარიყო, მაგრამ სულ ტყუილად. მნიშვნელობა არ ჰქონდა მიიჩნევდა ამას მოვალეობად თუ არა, მაგრამ იყო ბევრი რამ, რაზეც უარს უბრალოდ ვერ ამბობდა; ასევე იყო რაღაცები, რისი გაკეთებაც მას ევალებოდა განურჩევლად მისი სურვილისა და დამოკიდებულებისა. ზოგიერთი მისი სტუმარი შენიშნავდა, რომ მისი ბაღი მოუვლელი იყო და მასთან შესაძლოა ინსპექტორი მოსულიყო. ცხადია, მისი სურათის შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცოდა, მაგრამ რომც სცოდნოდათ ამას დიდი განსხვავება არ ექნებოდა. ეჭვი მაქვს, ისინი მასში ვერანაირ ღირებულებას ვერ დაინახავდნენ. ვფიქრობ, არც ისეთი კარგი სურათი იყო, თუმცა რამდენიმე კარგი პასაჟი კი ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ტყე საინტერესო იყო. თავისებურად საკმაოდ უნიკალური. იგივე შეიძლება ვთქვათ ნიგლზეც; თუმცაღა იგი სრულიად უბრალოდ და მოსულელო კაცუნა იყო.
საბოლოოდ, ნიგლის დარჩენილი დრო მართლა ძვირფასი გახდა. შორეული ქალაქიდან მის ნაცნობებს ახსენდებოდათ, რომ კაცუნას სახიფათო მოგზაურობა ჰქონდა შესასრულებელი და ზოგიერთმა იმის გამოიანგარიშება დაიწყო, თუ კიდევ რამდენ ხანს შეეძლო მას გადადება. ფიქრობდნენ, თუ ვის დარჩებოდა სახლი და შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ბაღის გაკეთილშობილება.
ამასობაში, შემოდგომაც დადგა, თანაც ძალიან წვიმიანი და ქარიანი. პატარა მხატვარი თავის სახელოსნოში ფუსფუსებდა. იგი კიბეზე იდგა, ცდილობდა თოვლიანი მთის წვერზე ჩამავალი მზის ნათება დაეჭირა, რომელიც მან ხის ფოთლებით დაფარული  ერთი შტოს მარჯვნივ დალანდა.  იცოდა, რომ მალე გამგზავრება მოუწევდა: შესაძლოა, შემდეგი წლის დასაწყისში. ამ დროისთვის უნდა დაესრულებინა სურათი და ისიც ნაწილობრივ: იყო სურათის გარკვეული, ჯერ კიდევ შეუქმნელი კუთხეები, რომლებსაც იგი, დროის უქონლობის გამო, მხოლოდ თუ მიანიშნებდა.
კარზე დააკაკუნეს. „მობრძანდით!“ მკვეთრად დაიყვირა მან და კიბიდან ჩამოძვრა. იატაკზე იდგა და თან ხელში ფუნჯს ატრიალებდა. ოთახში მისმა მეზობელმა, პარიშმა შემოაბიჯა. პარიში მისი ნამდვილი მეზობელი იყო. ყველა სხვა მასთან ძალიან შორიდან მოდიოდა. თუმცაღა, იგი ამ კაცს ძალიანაც არ ჰყვარობდა: ნაწილობრივ იმის გამო, რომ პარიში მუდმივად რაღაც უსიამოვნებაში ეხვეოდა და მუდამ დახმარების სათხოვნელად მოდიოდა; ასევე იმ მიზეზით, რომ მას მხატვრობა არ ადარდებდა, მაგრამ ძალიან კრიტიკული იყო მებაღეობისადმი. როდესაც პარიში ნიგლის ბაღს შეხედავდა ხოლმე (რაც ხშირად ხდებოდა) ძირითადად სარეველა ბალახს ხედავდა; ხოლო როდესაც ნიგლის სურათებს დააკვირდებოდა (რაც იშვიათი იყო) მწვანე და რუხ ლაქებსა და შავ ხაზებს ხედავდა მხოლოდ, რომლებიც, მისი აზრით, უაზრო იყო. არაფრად არ უღირდა, რომ ეხსენებინა სარეველები (მეზობლური მოვალეობა), მაგრამ სურათებზე ნებისმიერი აზრის გამოთქმისაგან თავს იკავებდა. ფიქრობდა, რომ ეს კეთილშობილური იყო, მაგრამ ვერ აცნობიერებდა, რომ კეთილშობილური რომც ყოფილიყო, საკმარისი არ იყო. სარეველების მოცილებაში უშუალო დახმარება (და, იქნებ სურათების შექება) კიდევ უკეთესი იქნებოდა.
„აბა, რა ხდება, პარიშ?“ - თქვა ნიგლმა.
„ვიცი, არ უნდა გაწუხებდე,“ - თქვა პარიშმა (სურათისთვის არც კი დაუხედავს) „დარწმუნებული ვარ, ძალიან დაკავებული ხარ.“
თითქმის იმავე რამის თქმა ნიგლს თვითონაც უნდოდა, მაგრამ ახლა შანსი ხელიდან გაუშვა. ყველაფერი, რაც თქვა იყო: „ჰო.“
„არ ვიცი სხვა ვისთან მივიდე,“ თქვა პარიშმა.
„ნამდვილად“ თქვა ნიგლმა და ამოიოხრა. ეს ისეთი ამოოხვრა იყო, რომელსაც შეწუხებული ადამიანი, თითქოს, თავისთვის ამბობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სხვებისთვისაც გასაგონია. „რით შემიძლია დაგეხმარო?“
„უკვე რამდენიმე დღეა ჩემი ცოლი ავადაა და მე უკვე ვღელავ.“ - თქვა პარიშმა. „ქარმა კიდევ ნახევარი კრამიტი უკვე გადააძრო სახურავიდან და წყალი პირდაპირ საძინებელში ჩამოდის. ვფიქრობ, ექიმი უნდა მოვიყვანო. მშენებლებიც მოსასვლელები არიან, მაგრამ მოსვლას ძალიან აგვიანებენ. ვფიქრობდი, ხომ არ მოგეძებნებოდა ზედმეტი ხე და ტილო, რომ ხვრელები სულ რამდენიმე დღით ამოვავსო.“ ახლა კი სურათს უყურებდა.
„ღმერთო ჩემო!“ - თქვა ნიგლმა - შენ მართლაც უიღბლო ხარ. იმედია, შენი ცოლი უბრალოდ გაცივებულია და მეტი არაფერი. ახლავე მოვალ და დაგეხმარები პაციენტის დაბლა ჩამოყვანაში.
„დიდი მადლობა“ - თქვა პარიშმა ცივად - „მაგრამ გაცივებული კი არა, სიცხიანია. გაცივებაზე არც შეგაწუხებდი. ჩემი ცოლი უკვე დაბლაა, საწოლში. ლანგრებით ასე ზევით-ქვევით ვერ ვირბენ, მით უმეტეს ასეთი ფეხით. მაგრამ ვხედავ, რომ დაკავებული ხარ. მაპატიე, რომ შეგაწუხე. იმედი მქონდა, რომ ჩემი უბედურების შემხედველი, რაღაც დროს გამონახავდი ექიმთან წასასვლელად და ასევე მშენებლებზე დასაძახებლად, თუკი მართლაც არ გაქვს ზედმეტი ტილო.“
„რა თქმა უნდა“ - თქვა ნიგლმა - თუმცა გულში სულ სხვა რამ ედო. მისი გული ახლა უბრალოდ მოლბა, მაგრამ კეთილი მაინც არ ყოფილა. „შემიძლია წავიდე. წავალ, თუ მართლა ასე ღელავ.“
„ვღელავ, ძალიან ვღელავ. - ნეტავ, კოჭლი არ ვყოფილიყავი.“ - თქვა პარიშმა.
ასე რომ ნიგლი წავიდა. უხერხულობა იყო: პარიში მისი მეზობელი იყო, ხოლო ყველა სხვა შორს ცხოვრობდა. ნიგლს ველოსიპედი ჰქონდა, პარიშს კი არა და ვერც ატარებდა. პარიში კოჭლი იყო, რის გამოც ძალიან დიდ ტკივილს გრძნობდა - ეს უნდა გაგეთვალისწინებინა ისევე, როგორც მისი მჟავე გამოხედვა და მოწუწუნე ხმა. რა თქმა უნდა, ნიგლს სურათი ჰქონდა, ხოლო მის დასამთავრებლად დრო კი თითქმის არ ჰქონდა. მაგრამ ისე გამოდიოდა, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ ნიგლი ითვალისწინებდა, ხოლო პარიში კი საერთოდ არა.  თუმცა პარიშს თითქმის სულ არ ადარდებდა სურათები და ამას ნიგლი ვერაფერს მოუხერხებდა. „ჯანდაბა ამისი თავი!“ თავისთვის ჩაილაპარაკა მან, როდესაც ველოსიპედი გამოჰყავდა.
ნესტიანი და ქარიანი ამინდი იყო, ციოდა, დღის შუქი ინავლებოდა. „დღეს მეტად ვეღარ ვიმუშავებ!“ გაიფიქრა ნიგლმა და მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ველოსიპედს ატარებდა იგი ან თავისთვის ილანძღებოდა, ან წარმოიდგენდა თავისი ფუნჯის გასმებს მთაზე ან მთის გვერდზე ფოთოლთა გროვაზე, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე ჩაიფიქრა. მისი ხელები იკრუნჩხებოდა ველოსიპედის სახელურებზე. ახლა ფარდულიდან გამოვიდა, მან უცბად დაინახა, თუ როგორ უნდა გამოესახა ფოთოლთა ბრჭყვიალა გროვა, რომელთა შუა გამოკრთებოდა მთის შორეული ხედი. მაგრამ ახლა უცნაური გრძნობა დაეუფლა, შიში, რომ შესაძლებლობა არ ექნებოდა, რათა ეს დეტალი ტილოზე გამოეცადა.
ნიგლმა ექიმი იპოვა, ხოლო მშენებელთან წერილი დატოვა. სახელოსნო დაკეტილი დახვდა, ექიმი კი სახლში წასულიყო ბუხართან გასათბობად. ნიგლი თავით ფეხებამდე დასველდა და გაცივდა კიდეც. ექიმს ქალაქი ისე სწრაფად არ დაუტოვებია, როგორც ნიგლს. იგი მეორე დღეს მოვიდა, რაც მისთვის ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა, რადგან უკვე ორი პაციენტი ჰყავდა სანახავი, ორივე მეზობელ სახლებში. მაღალი ტემპერატურით ნიგლი საწოლში იწვა და ფოთოლთა გასაოცარი სურათები, ერთმანეთზე გადახლართული ტოტებით ისახებოდა მის გონებასა და ჭერზე. საერთოდ არ უნუგეშებია იმ ცნობას, რომ ქალბატონ პარიშს ციება ჰქონდა მხოლოდ და მალე საწოლიდანაც წამოდგებოდა. მან თავი კედლისკენ მიაქცია და ფოთლებში ჩაიძირა.
რაღაც დროით ლოგინად იყო. ქარი ქროლას აგრძელებდა. პარიშის სახურავიდან საკმაოდ ბევრი კრამიტი მოაძრო, ნიგლის სახურავიდანაც ჩამოყარა რამდენიმე: უკვე მისი სახურავიდანაც წვეთავდა წყალი. მშენებელი არ მოსულა. რაღაც დროით ნიგლს არაფერი ეს არ ადარდებდა. შემდეგ კი გარეთ გამოძვრა საჭმლის მოსაძებნად (ნიგლს ცოლი არ ჰყავდა). პარიში არ მოდიოდა: ფეხში წყალი ჩაუვიდა და ასტკივდა. მისი ცოლი დაკავებული იყო დასველებული იატაკის წმენდით და თან ფიქრობდა ხომ არ დაავიწყდა „ამ ნიგლს“ მშენებლებზე დაძახება. რაიმე სასარგებლო რომ დაეგულებინა ნიგლთან მაშინვე გაგზავნიდა პარიშს სათხოვნელად, მაგრამ ვერაფერ მსგავსს ვერ იფიქრებდა, ამიტომ ნიგლი სრულიად მარტო აღმოჩნდა.
სადღაც კვირის მიწურულს კვლავ ბარბაცით გაემართა სახელოსნოსკენ. სცადა კიბეზე აძრომა, მაგრამ თავბრუ დაეხვა. დაჯდა და ნახატს შეაცქერდა, მაგრამ იმ დღეს მის გონებაში არ გამოკვეთილა არც ფოთოლთა კონტურები და არც მთის სილუეტები. შეეძლო დაეხატა ქვიშიანი უდაბნოს შორეული ხედი, მაგრამ ენერგია არ ჰყოფნიდა.
შემდეგ დღეს თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა. კიბეზე აძვრა და ხატვას შეუდგა. ის-ის იყო მუშაობა დაეწყო და უცბად კარზე კაკუნი გაისმა.
- ჯანდაბა! - წამოიძახა ნიგლმა. მაგრამ ისე გამოვიდა თითქოს ზრდილობიანად ეთქვას „მობრძანდით“, რადგან კარი მაშინვე გაიღო. ამჯერად, შემოვიდა ძალიან მაღალი კაცი, სრულიად უცნობი.
- ეს კერძო სტუდიაა, - თქვა ნიგლმა - დაკავებული ვარ. მიბრძანდით.
- მე სახლების ინსპექციიდან ვარ, - თქვა კაცმა და თან თავისი მოწმობა მაღლა ეჭირა, რათა ნიგლს მაღლა კიბიდან დანახვა შესძლებოდა.
- აჰ - წამოიძახა მან.
- თქვენი მეზობლის სახლი საშინელ ვითარებაშია. - თქვა ინსპექტორმა.
- ვიცი, - თქვა ნიგლმა - სამშენებლოში დიდი ხნის წინ შევატყობინე, მაგრამ მაინც არ მოსულან. შემდეგ კი ვავადმყოფობდი.
- გასაგებია, - თქვა ინსპექტორმა - მაგრამ ახლა ჯანმრთელად ხართ.
- კი მაგრამ, მე ხომ მშენებელი არ ვარ. პარიშმა საჩივარი უნდა მისწეროს ქალაქის საკრებულოს და დახმარების სერვისით უნდა ისარგებლოს.
- ისინი გაცილებით უფრო სერიოზულ დაზიანებებს უმკლავდებიან, ვიდრე აქ არის, - თქვა ინსპექტორმა - ხეობაში წყალდიდობა მოხდა და მრავალი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. მეზობელს უნდა დახმარებოდით, რათა დროებით მაინც შეეკეთებინა სახლი და ამით უზრუნველყოფდით, რომ სარემონტო სამუშაოები უფრო არ გაძვირებულიყო - ეს კანონია. აქ საკმაო მასალაა: ტილო, ხე და წყალგაუმტარი საღებავი.
- სად? - თქვა აღშფოთებულმა ნიგლმა.
- აი. - თქვა ინსპექტორმა და ნახატზე მიუთითა.
- ჩემი ნახატი! - წამოიყვირა ნიგლმა.
- ჰო, რა თქმა უნდა, - თქვა ინსპექტორმა - მაგრამ სახლი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია - ესეც კანონია.
- მაგრამ მე არ შემიძლია.. - ნიგლს მეტი არაფერი არ უთქვამს, რადგან იმავე წამს კიდევ ვიღაც შემოვიდა. ძალიან ჰგავდა ამ ინსპექტორს, თითქოს მისი ტყუპისცალი ყოფილიყოს: მაღალი და მთლიანად შავებში გამოწყობილი.
- წამოდი, - თქვა მან - მე მძღოლი ვარ.
ნიგლი ბორძიკით ჩამოვიდა კიბიდან. როგორც ჩანს, კვლავ სიცხე შეუბრუნდა - თავბრუ ესხმოდა და ამცივნებდა.
მძღოლი, მძღოლი? - წაიბუტბუტა მან - რისი მძღოლი? - შენი და შენი ეტლის - თქვა კაცმა - ეტლი დიდი ხანია შეკვეთილია. საბოლოოდ იგი მოვიდა კიდეც. გელოდება. მინდა გითხრა, რომ შენი მოგზაურობა დღეს იწყება.
- აი, ასეა. - თქვა ინსპექტორმა. - თქვენ წასვლა მოგიწევთ. რა თქმა უნდა, ცუდია, გზის დაწყება მაშინ, როდესაც აქ დაუმთავრებელი საქმეები გაქვთ. თუმცა, ამ ტილოს ახლა რაღაცაში მაინც გამოვიყენებთ.
- ვაიმე, - თქვა საწყალმა ნიგლმა და თან ეტირებოდა - ის ხომ ჯერ, ჯერ დამთავრებულიც კი არ არის!
- დამთავრებული არ არის? - თქვა მძღოლმა - ყოველ შემთხვევაში შენი საქმე გათავებულია მასთან მიმართებით. წამოდი!

ნიგლიც საკმაოდ ჩუმად წავიდა. მძღოლმა ბარგის ჩალაგების ნებაც კი არ დართო, რადგან, მისი თქმით, ეს დიდი ხნის წინათ უნდა გაეკეთებინა და ახლა თუ ამას შეუდგებოდა მატარებელზე დაიგვიანებდნენ; ამიტომ რისი წაღებაც მან შეძლო ეს იყო პატარა ყუთი დერეფანში. მან აღმოაჩინა, რომ ჩანთაში იყო მხოლოდ სახატავი ყუთი და პატარა წიგნი მისი ესკიზებით. ჩანთაში არ იყო არც საჭმელი, არც ტანსაცმელი. მატარებელს მოუსწრეს. ნიგლი ძალიან დაღლილი იყო და ეძინებოდა. წესიერად ვერც კი ხვდებოდა, თუ რა ხდებოდა, როდესაც თავის კუპეში მოათავსეს. დიდად არც ადარდებდა: დაავიწყდა, თუ საით მიდიოდა, ან რისთვის მიდიოდა. მატარებელი მაშინვე შავ გვირაბში შევიდა.
ნიგლმა გაიღვიძა ძალიან გრძელსა და ბნელ რკინიგზის სადგურზე. ვაგონთა გასწვრივ პორტერი ყვირილით მიმოდიოდა, მაგრამ იგი ამ ადგილის სახელს არ ამბობდა. ის, რასაც იძახდა, იყო: ნიგლი!
ნიგლი სასწრაფოდ გამოვიდა, უცბად აღმოაჩინა, რომ პატარა ჩანთა უკან დარჩა. მობრუნდა, მაგრამ მატარებელი წასული დახვდა.
„ა, აი სად ხარ! - თქვა პორტერმა. - აქეთ! რა! ბარგი არ გაქვს? გამოსასწორებელ სახლში მოგიწევს წასვლა.
ნიგლმა თავი სუსტად იგრძნო და ბაქანზე გული წაუვიდა. მათ იგი სასწრაფო მანქანაში მოათავსეს და გამოსასწორებელი სახლის ლაზარეთისკენ წაიყვანეს.
მკურნალობა მას საერთოდ არ მოსწონდა. წამლები, რომლებსაც აძლევდნენ მწარე იყო. ზედამხედველები და თანმხლები პირები არაკეთილგანწყობილები, ჩუმები და მკაცრები იყვნენ; სხვა არავინ არ უნახავს, გარდა ძალიან მკაცრი ექიმისა, რომელიც მას ხანდახან სტუმრობდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საავადმყოფოში კი არა, ციხეში იმყოფებოდა. განსაზღვრულ დროებზე მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდა:  ეთხარა, სადურგლო სამუშაოები შეესრულებინა, ცარიელი დაფები უნდა შეეღება -  ყველა ერთ მოსაწყენ ფერში. გარეთ გასვლა აკრძალული ჰქონდა, ხოლო ფანჯრები გარეთ არ გადიოდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მას სიბნელეში ამყოფებდნენ, „დასაფიქრებლად“ - ამბობდნენ ისინი. დროის სათვალავი დაეკარგა. თავს უკეთ სულაც არ გრძნობდა, თუკი ამას იმით შევაფასებთ, გრძნობს თუ არა ადამიანი სიამოვნებას რაიმეს კეთებისას. ის კი ხალისს ვერაფერს ატანდა, ლოგინში ჩაწოლასაც კი.
თავდაპირველად, დაახლოებით პირველ ასი წლის განმავლობაში (თვითონ ასე ფიქრობდა) უაზროდ განიცდიდა წარსულს. როდესაც ბნელში აღმოჩნდებოდა, ერთსა და იმავეს უმეორებდა საკუთარ თავს: ნეტავ, პირველსავე დღეს დამეძახა პარიშისთვის, როდესაც ძლიერი ქარები დაიწყო. ვაპირებდი. პირველი მოშვებული კრამიტების შეკეთება მარტივი იქნებოდა. მაშინ ქალბატონი პარიში არც გაცივდებოდა. მეც არ გავცივდებოდი. ამ შემთხვევაში ერთი ზედმეტი კვირა მექნებოდა! - მაგრამ დროთა განმავლობაში დაავიწყდა მაინც რისთვის სჭირდებოდა ეს ზედმეტი კვირა. ამის შემდეგ კიდევ თუ რამეზე დარდობდა - ეს იყო სამუშაოები, რომლებსაც საავადმყოფოში ასრულებდა. ისინი დაგეგმილი ჰქონდა, მოიფიქრა, თუ რა დროში დაზეთავდა ერთ დაფას, რათა მას ჭრიალი შეეწყვიტა, რამდენ ხანში ჩამოხსნიდა ძველ კარებს და ახალს დააყენებდა და როდის შეაკეთებდა მაგიდის საფეხურს. შესაძლოა, მართლაც სასარგებლო გახდა, მაგრამ მისთვის ეს არავის არ უთქვამს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა მიზეზი რატომაც აკავებდნენ საწყალს საავადმყოფოში ასე დიდხანს. ალბათ, ელოდებოდნენ, თუ როდის გახდებოდა „უკეთესად“ -  უკეთესობას აქ თავიანთი უცნაური სამედიცინო მახასიათებლით განსაზღვრავდნენ.
ყოველ შემთხვევაში, საწყალი ნიგლი სიცოცხლისგან არანაირ სიამოვნებას არ იღებდა; უფრო სწორად, იმას ვერ იღებდა, რასაც მანამდე სიამოვნებად თვლიდა. ნასიამოვნები ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ არც იმის უარყოფა არ შეიძლება, რომ მას ერთგვარი კმაყოფილების გრძნობა გაუჩნდა: დაახლოებით ისე, როდესაც მურაბა არ არის, მაგრამ პური კი ბლომად. ახლა მას შეეძლო ზარის დარეკვისთანავე დაეწყო ერთი საქმე და გვერდზე გადაედო იგი, თუკი სხვა მოთხოვნა შემოვიდოდა, გადაედო კოხტად და გამზადებულად, რათა მომავალში, საჭირო დროს კვლავ გაეგრძელებინა. დღის განმავლობაში უკვე საკმაოდ ბევრი რამის გაკეთებას ახერხებდა. პატარ-პატარა საქმეებს გამართულად ასრულებდა. „საკუთარი თავისთვის“ დრო არ რჩებოდა (გარდა იმ დროისა, როდესაც საწოლში იძინებდა), მიუხედავად ამისა, იგი ხდებოდა საკუთარი დროის ბატონ-პატრონი. იგი იაზრებდა, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა დრო. საჩქარო არაფერი არ იყო. შინაგანად უკვე უფრო მშვიდი იყო და მოცალეობისას მართლა შეეძლო დაესვენებინა.
შემდეგ მოულოდნელად მათ მთელი მისი გრაფიკი შეცვალეს; დაძინების საშუალებას თითქმის არ აძლევდნენ. სადურგლო სამუშაოებიდან მთლიანად ჩამოაშორეს და ყოველდღიურად მხოლოდ და მხოლოდ ათხრევინებდნენ. ეს საკმაოდ ნორმალურად მიიღო. დიდი ხნის განმავლობაში უკვე დავიწყებული გინებებიდან საჭიროს შერჩევასაც კი არ ცდილობდა. იგი იქამდე თხრიდა, სანამ წელი ლამის არ გადაუტყდა, ხელები გადაუტყავდა და სანამ არ იგრძნობდა, რომ ბარს ხელში ვერ აიღებდა. მადლობა არავის გადაუხდია. ექიმი შემოვიდა და დახედა.
„დააგდე“ - თქვა მან. - სრული დასვენება სიბნელეში.
სრულად მოსვენებული ნიგლი სიბნელეში იწვა. არც არაფერს არ გრძნობდა, არც არაფერზე არ ფიქრობდა - ვერც კი ხვდებოდა ასე რამდენი ხანი დაჰყო. მაგრამ ახლა ხმები ესმოდა: მსგავსი ხმები მანამდე არასდროს არ გაეგონა. იქვე ახლოს, გვერდითა ოთახში, როგორც ჩანს, სამედიცინო პერსონალი შეკრებილიყო ან, შესაძლოა,  საგამოძიებო სხდომა იმართებოდა. ოთახის კარი გაღებული იყო, თუმცა სინათლე იქ არ იყო.
„ახლა კი ნიგლის საქმე,“ - თქვა ხმამ, მკაცრმა ხმამ, უფრო მკაცრმა, ვიდრე ექიმის ხმა იყო.
„რა სჭირდა ნიგლს?“ თქვა მეორე ხმამ, რომელიც შეიძლება ნაზად მოგჩვენებოდათ, მაგრამ ნაზი ეს ხმა არ ყოფილა - ეს იყო ავტორიტეტის ხმა, ერთდროულად იმედისმომცემი და მწუხარე. „რა სჭირდა ნიგლს? მას გული ჰქონდა.“
„ასეა, მაგრამ სათანადოდ არ მოქმედებდა,“ - თქვა პირველმა ხმამ. – „გონებაც საკმარისად მოკრებილი არ ჰქონდა: ზოგადად იშვიათად თუ აზროვნებდა. შეხედე, რამდენი დრო აქვს დაკარგული, თანაც იმაშიც კი არა, რომ სიამოვნება მიეღო! მოგზაურობისთვის მაინც ვერ მოემზადა. საკმარისად შეძლებული იყო, აქ კი ღარიბად გამოგვეცხადა; მოგვიწია ღარიბთა ნაწილში მოგვეთავსებინა. ვშიშობ, მძიმე საქმეა. ვფიქრობ, კიდევ ცოტა ხანი აქ უნდა გაჩერდეს.“
„შესაძლოა, მას ეს ზიანს არ მოუტანს“ - თქვა მეორე ხმამ. „მაგრამ, ჩვენ, ხომ, კარგად ვიცით, რომ იგი ჩვეულებრივი კაცუნაა. მისგან დიდი მაინც არაფერი არ უნდა გამოსულიყო და ძალიან ძლიერიც არ ყოფილა. მოდით, ჩანაწერებს ჩავხედოთ. ჰო, იცი, არის რამდენიმე დეტალი, რაც მის სასარგებლოდ მოქმედებს.
„შეიძლება,“ - თქვა პირველმა ხმამ - „მაგრამ მათგან ძალიან ცოტა თუ გაუძლებს გამოკვლევას.“
„ასეა თუ ისე, აი, ესენია,“ - თქვა მეორე ხმამ - იგი ბუნებით მხატვარი იყო. ცხადია, სუსტი. თუმცაღა ნიგლის ფოთოლს“ თავისი მომხიბვლელობა აქვს. ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული ფოთლებში, მათ მათივე გულისთვის ხატავდა. მაგრამ არასოდეს უფიქრია, რომ მას ეს ხდიდა მნიშვნელოვნად. ჩანაწერებში ერთი ხაზიც კი არ არის, რომელიც გვაჩვენებდა, რომ ნიგლი კანონით დავალებული საქმეების უგულებელყოფას თავისი შემოქმედებით ამართლებდა, თუნდაც საკუთარ თავთან.“
„ამ შემთხვევაში, ასე ძალიან მაინც არ უნდა უგულებელეყო.“ - თქვა პირველმა.
„ამავდროულად, იგი ბევრ თხოვნასაც ასრულებდა.“
„ძალიან ცოტას, ისიც მარტივ საქმეებს და თანაც მათ შეფერხებებს უწოდებდა. ჩანაწერები სავსეა ამ სიტყვით. უამრავი ჩივილებითა და სულელური ლანძღვებით.“
„მართალია, მაგრამ, ცხადია, საბრალოს ეს ყველაფერი შეფერხებებად ეჩვენებოდა. აქვე ესეც უნდა დავამატოთ: არასდროს არ ელოდებოდა საზღაურს, როგორც ამას სხვები უწოდებენ. არის პარიშის საქმე, რომელიც მოგვიანებით შემოგვივიდა. იგი ნიგლის მეზობელი იყო, ნიგლისთვის საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია და იშვიათად თუ გამოხატავდა მადლიერებას მისდამი. მაგრამ ჩანაწერებში არსად არ გვხვდება, რომ ნიგლი მისგან მადლიერებას ელოდებოდა; როგორც ჩანს, ამაზე არც კი უფიქრია.“
„ჰო, ეს მისაღებია,“ - თქვა პირველმა ხმამ. - მაგრამ საკმარისი არ არის. ვფიქრობ, ნიგლს უბრალოდ ავიწყდებოდა. პარიშისთვის გასაკეთებელ საქმეებს იგი უსიამოვნებებად მიიჩნევდა და ასეთებად რჩებოდა ისინი მის გონებაში.“
„მაინც არის ეს ბოლო ჩანაწერი,“ - თქვა მეორე ხმამ. - წვიმაში ველოსიპედით წასვლა. მე ამ ამბავზე გავამახვილებდი ყურადღებას. ცხადია, რომ ეს ნამდვილი მსხვერპლი იყო: ნიგლმა იცოდა, რომ იგი ამით კარგავდა თავის უკანასკნელ შანსს, რათა ნახატზე ემუშავა და იმასაც ხვდებოდა, რომ პარიში ტყუილუბრალოდ ღელავდა.“
„ვფიქრობ, შენ აჭარბებ,“ - თქვა პირველმა ხმამ, - მაგრამ ბოლო სიტყვა შენზეა. ეს შენი მოვალეობაა, რომ მოვლენებს საუკეთესო ახსნა მოუძებნო, თუ ისინი ამის საშუალებას იძლევა. რას გვთავაზობ?“
„ვფიქრობ, ახლა უფრო ნაზი მოპყრობაა საჭირო.“ - თქვა მეორე ხმამ.
ნიგლმა გაიფიქრა, რომ ცხოვრებაში ამ ხმაზე უფრო დიდსულოვანი არაფერი არ გაუგონია. მან „ნაზი მოპყრობა“ ისე წარმოთქვა თითქოს ეს ძვირფას საჩუქრებთან ყოფილიყო დაკავშირებული და თითქოს სამეფო ნადიმზე პატიჟებდა. ნიგლს უცბად შერცხვა. იმის გაგონებამ, რომ მას „ნაზად მოპყრობისთვის“ განაკუთვნებდნენ, შეაშფოთა იგი და სიბნელეში წამოწითლდა. ეს იმას ჰგავდა, რომ საჯაროდ შეექეთ მაშინ, როდესაც შენც და აუდიტორიამაც იცით, რომ ქება დაუმსახურებელია. სირცხვილისგან ნიგლი საბნის ქვეშ დაიმალა.
სიჩუმე იყო. შემდეგ პირველი ხმა ნიგლს ძალიან ახლოდან გამოელაპარაკა: „შენ ისმენდი.“ - თქვა მან.
„დიახ.“ - თქვა ნიგლმა.
„მაშ, რას იტყვი?“
„შეგიძლიათ, პარიშის შესახებ მომიყვეთ?“ - თქვა ნიგლმა. – „მინდა კვლავ ვნახო. იმედი მაქვს, ძალიან ავად არ არის. შეგიძლიათ, მისი ფეხი განკურნოთ? ძალიან სტანჯავდა. და, გთხოვთ, ნუ ღელავთ ჩემსა და მის ურთიერთობაზე. იგი ძალიან კარგი მეზობელი იყო, კარტოფილს ძალიან იაფად მაძლევდა, რასაც ხშირად გადავურჩენივარ.“
„მართლა?“ - თქვა პირველმა ხმამ. – „სასიამოვნოა ამის მოსმენა.“
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. ნიგლს ხმები უკვე უფრო შორიდან ესმოდა. „ჰო, თანახმა ვარ,“ - შორიდან გაიგონა მან პირველი ხმის სიტყვები. „უფლება მივცეთ, რომ მეორე ნაწილზე გადავიდეს. თუ გინდა ხვალ.“
როდესაც ნიგლმა გაიღვიძა აღმოაჩინა, რომ შტორები მოხსნილი იყო და მისი ოთახი მზის სხივით გაბრდღვიალებულიყო. ლოგინიდან რომ წამოდგა ნახა, რომ მისთვის გამზადებული იყო არა საავადმყოფოს უნიფორმა, არამედ კომფორტული ტანსაცმელი. საუზმის შემდეგ ექიმმა მის გადატყავებულ ხელებს მოუარა: წაუსვა მალამო, რითაც მაშინვე განკურნა. მისცა კარგი რჩევა და მატონიზირებელი სასმელიც (ყოველი შემთხვევისთვის). შუადღისას ნიგლს მოუტანეს ორცხობილა და ერთი ჭიქა ღვინო; შემდეგ კი ბილეთიც მიაწოდეს.
„ახლა კი შეგიძლია რკინიგზის სადგურისკენ წახვიდე,“ - თქვა ექიმმა. „პორტერი მოგხედავს. ნახვამდის.“
ნიგლი მთავარ გასასვლელში გაძვრა და თვალები ცოტათი აეწვა. მზე ძალიან ნათელი იყო. ასევე მას მოლოდინი ჰქონდა, რომ გავიდოდა ვრცელ ქალაქში, რომელიც შეესაბამებოდა სადგურის მოცულობას; მაგრამ ასე არ მომხდარა. იგი იდგა  გაშიშვლებული და მწვანე გორაკის თავზე, რომელსაც მკვეთრი და ძლიერი ქარი სცემდა. იქ სხვა არავინ არ იყო. შორს, გორაკის ქვემოთ მას შეეძლო გაერჩია სადგურის განათებული სახურავი.
სადგურისკენ, დაბლა ცოცხლად, მაგრამ აუჩქარებლად ჩავიდა. პორტერმა მაშინვე შენიშნა.
„აქეთ,“ - თქვა მან და ნიგლს იქითკენ წაუძღვა, საითაც ძალიან სასიამოვნო, ადგილობრივი მატარებელი ჩამომდგარიყო: ერთი ვაგონი და პატარა თბომავალი ერთდროულად ძალიან ნათელი, სუფთა და სულ ახლახან მოხატული. თითქოსდა დღეს პირველ რეისს ასრულებდა. ის გზაც კი, რომელიც თბომავლისკენ მიდიოდა, ახალივით იყო: რელსები ბრწყინავდა, კბილანები მწვანედ ბზინავდა, ხოლო ლიანდაგი კი მზის ქვეშ ახალი ტარის სასიამოვნო სურნელებას გამოსცემდა. ვაგონი ცარიელი იყო.
„საით მიდის ეს მატარებელი?“ - იკითხა ნიგლმა.
„არა მგონია, ჯერ იმ ადგილისთვის სახელი მიეცათ,“ - თქვა პორტერმა. – „მაგრამ შენ მოგეწონება.“ - თქვა და კარი მოხურა.
მატარებელი მაშინვე დაიძრა. ნიგლი სავარძელში ჩაჯდა. თბომავალი ფუხფუხით მიემართებოდა მაღალ, გამწვანებულ, ღრმა ნაჭრევებს შორის, რომელთაც თავზე ლურჯი ზეცა გადაჰკვროდა. სულ ცოტა ხანში თბომავალმა დაუსტვინა, მუხრუჭები ჩაირთო და მატარებელი გაჩერდა. არც სადგური არ ყოფილა, არც წარწერა, მწვანე საფრამდე მხოლოდ რამდენიმე საფეხური აღმართულიყო. მათ ბოლოში კოხტა მესერთან ჭიშკარი დაედგათ. კარებთან მისი ველოსიპედი იდგა, ყოველ შემთხვევაში, მისას ჰგავდა. საჭეზე ყვითელი დაფა მიემაგრებინათ, რომელზეც დიდი, შავი ასოებით მიეწერათ: „ნიგლი.“
ნიგლმა ჭიშკარი გამოაღო, ველოსიპედს შემოახტა და გაზაფხულის მზის ქვეშ გზას დაბლა დაუყვა. მალე აღმოაჩინა, რომ ბილიკი, რომლითაც გზას მოუყვებოდა გაქრა და ველოსიპედი ახლა ჯადოსნურ კორდს მიუყვებოდა. იგი ხშირი სიმწვანით დაფარულიყო და მაინც ყველა ბალახს სათითაოდ ჭვრეტდა. ეჩვენებოდა, რომ ასეთი ბალახი სადღაც უკვე ენახა ან დასიზმრებოდა. მიწის რკალები როგორღაც ნაცნობი იყო. ჰო: აი, ახლა თანაბრად წავა, ახლა კი კვლავ ამაღლდება. ნიგლსა და მზეს შუა დიდი მწვანე ჩრდილი აღიმართა. ნიგლმა მაღლა აიხედა და ველოსიპედიდან გადმოვარდა.
მის წინაშე იდგა ხე, მისი ხე, დასრულებული. თუკი შეიძლება ასე ვილაპარაკოთ ცოცხალ ხეზე, მისი ფოთლები იშლებოდა, ტოტები იზრდებოდა და ქანაობდა იმ ქარში, რომელსაც ნიგლი ასე ხშირად გრძნობდა და გონებაში იხელთებდა, მაგრამ რომლის ტილოზე გადმოტანა ყოველთვის ასე ძალიან უჭირდა. იგი ხეს ჭვრეტდა, ნელ-ნელა ხელები აღმართა და ფართოდ გაშალა.
„ეს საჩუქარია!“ - თქვა მან. იგი თავის შემოქმედებასა და შედეგზე ამბობდა; მაგრამ ახლა ამ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით იყენებდა.
იგი კვლავ ხეს უყურებდა. იქ იყო ყველა ის ფოთოლი, რომელზეც მას უმუშავია, არა ისეთი, როგორც მან დახატა, არამედ ისეთი, როგორც მან ჩაიფიქრა. იქ იყო ისეთი ფოთლები, რომლებიც ეს-ეს იყო, რაც მის გონებაში ჩაისახა, ისეთებიც, რომლებიც ჩაისახებოდა მას დრო რომ ჰქონოდა. მათ მცირე წუნიც არ ჰქონდათ. ეს იყო უბრალოდ საოცრად დახვეწილი ფოთლები, რომლებსაც კალენდრის დღეებივით ნათლად წაიკითხავდი. ზოგიერთი მათგანი - თანაც ნიგლის სტილის ყველაზე სახასიათო და დასრულებული ნიმუშები - ნამდვილად ბატონ პარიშთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ შექმნილი - სხვანაირად ვერ იტყვი.
ხეზე ფრინველები ივანებდნენ. საუცხოო ფრინველები: მერე, რა გასაოცრად მღეროდნენ! ისინი წყვილდებოდნენ, კვერცხებს დებდნენ, ფრთები ეზრდებოდათ და მის თვალწინ სიმღერა-სიმღერით მიფრინავდნენ შორს, ტყისკენ. ახლა ხედავდა, რომ ტყეც იქვე იყო, რომელიც ორივე მხრიდან იშლებოდა და შორეულ სივრცეებში მიემართებოდა. შორეთში მთები გამომკრთალიყო.
რაღაც დროის შემდეგ ნიგლი ტყისკენ მიბრუნდა. არა იმ მიზეზით, რომ იგი ტყემ დაღალა, არამედ იმის გამო, რომ ხე გონებაში უკვე ნათლად ჰქონდა აღქმული და იცოდა ხისა და მისი ზრდის შესახებ მაშინაც კი, როდესაც მას არ უყურებდა. როდესაც ხეს მოშორდა უცნაური რამ აღმოაჩინა: ტყე, ცხადია, შორეული ტყე იყო, თუმცაღა შეეძლო მას მიახლოებოდა, შესულიყო კიდეც მასში ისე რომ ტყე სიშორის თავის ამ მომხიბვლელობას არ კარგავდა. მანამდე ვერასდროს ვერ ახერხებდა ისე დაეპყრო სიშორეები, რომ არ ექცია ისინი უბრალო შემოგარენებად. ამ მხარეში სიარულს კი განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა, რადგან სიარულისას ახალი სივრცეები იშლებოდა: სივრცეები ორმაგდებოდა, სამმაგდებოდა და ოთხმაგდებოდა ისე რომ ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ უფრო მომაჯადოებელი ხდებოდა. შეგეძლო გევლო და გევლო და მთელი სამყარო გქონოდა ბაღსა (ან თუ გნებავთ ნახატში). შეგეძლო გევლო და გევლო, მაგრამ, ალბათ, სამუდამოდ არა. უკნიდან მთები გადმოჰყურებდა. მართალია, ძალიან ნელა, მაგრამ მაინც ახლოვდებოდა. თითქოსდა ამ ნახატს არ ეკუთვნოდა, ან ეკუთვნოდა, როგორც რაღაცასთან დამაკავშირებელი რგოლი, მთლიან ნახატში მთები ჩანდა, როგორც რაღაც განსხვავებულის, შემდეგი საფეხურის: სხვა ნახატის გაელვება ხეებს შორის.
ნიგლი აქეთ-იქით დადიოდა, მაგრამ ეს არ ყოფილა ბოდიალი. ირგვლივ დაკვირვებით იცქირებოდა. თვითონ ხე დასრულებული იყო, მაგრამ მისი საქმე კი არა. „ახლა იმის მეორე მხარეს აჩვენებს, რაც მანამდე იყო.“ - ფიქრობდა იგი. მაგრამ ტყეში შეხვდებოდით დაუსრულებელ მხარეთა დიდ რაოდენობას, რომლებიც კიდევ საჭიროებდა ფიქრსა და დამუშავებას. შეცვლას არაფერი არ საჭიროებდა, ახლა ყველაფერი სწორად იყო შესრულებული, მაგრამ ეს საჭიროებდა გარკვეულ ზღვრამდე მისვლას. ნიგლმა ზუსტად იცოდა, თუ რა ზღვრამდე უნდა მიეყვანა ყველა კონკრეტული მხარე. ნიგლი ერთი ძალიან ლამაზი, შორეული ხის ქვეშ ჩამოჯდა - ეს ხე დიდი ხის ვარიაცია იყო, მაგრამ საკმაოდ უნიკალურიც, უფრო სწორად იქნებოდა უნიკალური, ცოტათი მეტი ყურადღება რომ მიგექცია - იგი დაფიქრდა, თუ საიდან დაეწყო მუშაობა, სად დაესრულებინა და რამდენი დრო დასჭირდებოდა ამისათვის. გეგმას მთლად წარმატებით ვერ ადგენდა.
„რა თქმა უნდა,“ - თქვა მან. „პარიში მჭირდება. უამრავი რამაა მიწის, მცენარეებისა და ხეების შესახებ, რაც მან იცის, ხოლო მე კი - არა. ეს ადგილი უბრალოდ ჩემს პირად ბაღად ვერ დარჩება. მე დახმარება და რჩევა მჭირდება: მანამდეც უნდა მეთხოვა.
ადგა და იმ ადგილისკენ დაიძრა, სადაც განზრახული ჰქონდა მუშაობის დაწყება. პიჯაკი გაიხადა. შემდეგ, შორიდან ძლივს შესამჩნევ, გადახურულ, პატარა ფუღუროში შენიშნა კაცი, რომელიც ირგვლივ გაოგნებული იმზირებოდა. იგი ნიჩაბს ეყრდნობოდა, მაგრამ ნაღდად წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რა უნდა გაეკეთებინა. ნიგლმა მას შესძახა: „პარიშ!“
პარიშმა ნიჩაბი მხარზე გადაიდო და მისკენ გამოემართა. ცოტას კიდევ კოჭლობდა. ისინი არ ლაპარაკობდნენ, როგორც ადრე, ბილიკზე შეხვედრისას სჩვეოდათ ხოლმე, ახლაც უბრალოდ თავს აქნევდნენ. მაგრამ ახლა ერთად, მხარდამხარ მიდიოდნენ. სიტყვების გაცვლის გარეშე შეთანხმდნენ, თუ კონკრეტულად სად აეგოთ პატარა სახლი და ბაღი, რომლებიც თითქოსდა საჭირო იყო.
ერთად მუშაობისას ცხადი გახდა, რომ უკეთ ამ ორიდან უკვე ნიგლი არეგულირებდა თავის დროს და თავს ართმევდა საქმეებს. უცნაურია, მაგრამ სწორედ ნიგლი ჩაითრია მშენებლობამ და მებაღეობამ, მაშინ როდესაც პარიშს ხშირად იტაცებდა სანახაობა ხეებისა და, განსაკუთრებით, ხის სახით.
ერთ დღეს ნიგლი დაკავებული იყო ლერწისთვის მესრის შემოღობვით, პარიში იქვე ახლოს წამოწოლილიყო და დაჟინებით აკვირდებოდა მშვენიერსა და მცირე ფორმის ყვითელ ყვავილს, რომელიც მწვანე კორდზე იზრდებოდა. დიდი ხნის წინ ნიგლმა ბევრი ასეთი დარგო თავისი ხის ფესვებს შორის. მოულოდნელად, პარიშმა ამოიხედა: მისი სახე მზეში ბზინავდა, იგი იღიმოდა.
„რა დიდებულია!“ - თქვა მან. „აქ არ უნდა ვიყო, მართლა. მადლობა რომ ჩემთვის სიტყვა ჩააქსოვე.“
„არაფერია“ - თქვა ნიგლმა. „არც მახსოვს რა ვთქვი, მაგრამ საკმარისი მაინც არ უნდა ყოფილიყო.“
„რას ამბობ, სწორედაც რომ იყო.“ - თქვა პარიშმა. – „შენი ნათქვამის წყალობით გაცილებით ადრე გამოვედი. ის მეორე ხმა, ხომ ხვდები: აქ მან გამომგზავნა; მან თქვა, რომ შენ ჩემი ნახვა მოითხოვე. შენზე დავალებული ვარ.“
„არა, შენ მეორე ხმაზე ხარ დავალებული,“ - თქვა ნიგლმა. „ჩვენ ორივე.“
ასე აგრძელებდნენ ისინი ერთად ცხოვრებასა და მუშაობას: არ ვიცი რამდენ ხანს. აზრი არ აქვს იმის უარყოფას, რომ თავდაპირველად მათ შორის ზოგჯერ უთანხმოება ჩამოვარდებოდა ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაღლილები იყვნენ. დასაწყისში მართლაც იღლებოდნენ. აღმოაჩინეს, რომ მატონიზირებელი სასმელით ორივე მოუმარაგებიათ. ორივე ბოთლს ერთი იარლიყი ჰქონდა: ნაკადულის წყალში რამდენიმე წვეთი უნდა გახსნათ - დასვენებამდე.
ნაკადული ტყის შუაგულში იპოვეს; ნიგლმა იგი მხოლოდ ერთხელ, დიდი ხნის წინათ წარმოიდგინა, მაგრამ არასოდეს არ დაუხატავს. ახლა მიხვდა, რომ ეს ნაკადული იყო შორს გამომკრთალი ტბისა და ყველა იმ სიცოცხლის წყარო, რომელიც ირგვლივ მიდამოებში იზრდებოდა. რამდენიმე წვეთმა წყალი მჟავე და მწარე, მაგრამ ამავდროულად ძალის მომნიჭებელი გახადა; ამან მისი გონება გაწმინდა. დალევის შემდეგ ერთად დაწვნენ; შემდეგ კვლავ წამოდგნენ და ყველაფერი ბედნიერად გაგრძელდა. ასეთ დროს ნიგლი ახალ, მშვენიერ ყვავილებსა და ფოთლებს წარმოიდგენდა, ხოლო პარიშმა ყოველთვის იცოდა, თუ როგორ დაერგო ისინი და ყველაზე უკეთ სად გაიზრდებოდნენ. სასმელების გამოლევამდე ისინი უკვე აღარც სჭირდებოდათ. პარიში აღარ კოჭლობდა.
როდესაც მათი საქმე დასასრულს უახლოვდებოდა თავს უფლებას აძლევდნენ, რომ უფრო მეტი ხნით ესეირნათ, მიწაზე წამოწოლილიყვნენ, ემზირათ ხეებისთვის, ყვავილებისთვის, სინათლეებისა და ჩრდილებისთვის. ზოგჯერ ერთად მღეროდნენ; მაგრამ ნიგლმა ისიც შეამჩნია, რომ ახლა უფრო და უფრო ხშირად თვალები მთებისკენ გაურბოდა.
მალევე ფუღურო სახლი, ბაღი, ბალახი, ტყე, ტბა და მთელი მიდამო თითქმის ისე მომზადდა, როგორც ჯერ არს. დიდი ხე ბოლომდე გაფურჩქნილიყო.
„ამ საღამოს დავასრულოთ,“ - თქვა პარიშმა ერთ დღეს. „შემდეგ ძალიან ხანგრძლივ სეირნობას მოვაწყობთ.“
მეორე დღეს გზას გაუყვნენ. იარეს იქამდე, სანამ კიდეზე სივრცეებს არ მიადგებოდნენ. რა თქმა უნდა, კიდე არ ჩანდა: არ იყო არც ხაზი, არც ღობე, არც კედელი; მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ამ მხარის ნაპირს მიუახლოვდნენ. მათ დაინახეს კაცი, რომელიც მწყემსს ჰგავდა; იგი მათკენ მოდიოდა და მოუყვებოდა იმ ბალახოვან ფერდობს, რომელიც მთებისკენ ადიოდა.
„წინამძღოლი გჭირდებათ?“ - იკითხა მან. „გინდათ გზის გაგრძელება?“
უცბად, თითქოს ჩრდილი ჩამოწვა ნიგლსა და პარიშს შორის, რადგან ნიგლმა იცოდა, რომ მას გზის გაგრძელება სურდა და (გარკვეული აზრით) მართებდა კიდეც, ხოლო პარიშს არ სურდა და ჯერ არც ყოფილა მზად, რომ წასულიყო.
„ჩემს ცოლს უნდა დავუცადო,“ - უთხრა პარიშმა ნიგლს. „თავს მარტოსულად იგრძნობს. როგორც ვხვდები, ადრე თუ გვიან, როდესაც მზად იქნება და მეც მისთვის ყველაფერს მოვამზადებ, მასაც ჩემკენ გამოგზავნიან. სახლი უკვე გავამზადეთ იმდენად, რამდენადაც შეგვეძლო; მაგრამ მინდა მასაც ვაჩვენო. ვფიქრობ, იგი შეძლებს მის უკეთ მოწყობას: უფრო შინაურულს გახდის. იმედი მაქვს, ეს მხარეც მოეწონება. მწყემსს მიუბრუნდა. „თქვენ მეგზური ხართ?“ - იკითხა მან. „შეგიძლიათ ამ მხარის სახელი მითხრათ?“
„შენ რა, არ იცი?“ - თქვა კაცმა. „ეს ნიგლის სამყაროა. ნიგლის ნახატია, ან მისი ძირითადი მხარე: მისი მცირე ნაწილი ახლა პარიშის ბაღს უკავია.“
„ნიგლის ნახატი!“ - გაოცებით შეჰყვირა პარიშმა. „შენ მოიფიქრე ეს ყველაფერი, ნიგლ?“ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი გონებამახვილი იყავი. რატომ არ მითხარი?“
„კარგა ხანია შენთვის ამის თქმას ცდილობდა,“ - თქვა კაცმა; „მაგრამ შენ შეხედვაც არ გინდოდა. მაშინ ტილო და საღებავები ჰქონდა მხოლოდ, ხოლო შენ მათით სახურავის გადახურვა გინდოდა. ეს ყველაფერია ის, რასაც შენ და შენი ცოლი „ნიგლის სისულელეს“ და „ნიგლის ნაჯღაბნს“ ეძახდით.“
„მაგრამ მაშინ, ხომ, ასეთად არ ჩანდა, იგი ნამდვილი არ ყოფილა,“ - თქვა პარიშმა.
„არა, მაშინ მხოლოდ გაელვება იყო,“ - თქვა კაცმა. „შესაძლოა ამ გაელვებისთვის თვალიც კი მოგეკრა, თუკი, რა თქმა უნდა, მას შეხედვის ღირსად ჩათვლიდი.“
„მე საშუალებასაც არ გაძლევდი,“ - თქვა ნიგლმა. „არასდროს არ მიცდია, ამეხსნა. მოხუც თხუნელას გეძახდი. „მაგრამ ამას უკვე რა აზრი აქვს? ახლა ჩვენ უკვე ერთად ვიცხოვრეთ და ვიმუშავეთ. ყველაფერი შეიძლება სხვანაირად მომხდარიყო, მაგრამ უკეთ ვერ იქნებოდა. ასეა თუ ისე, ვშიშობ, უნდა წავიდე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ კვლავ შევხვდებით: კიდევ ბევრი რამაა, რისი გაკეთებაც ერთად შეგვიძლია. ნახვამდის!“ პარიშს ხელი თბილად ჩამოართვა: ეჩვენა, რომ პარიშს კარგი, ძლიერი და გულწრფელი ხელი ჰქონდა. მობრუნდა და ერთი წამით უკან მოიხედა. დიდი ხის ყვავილობა ცეცხლოვან ნათებას გამოსცემდა. ყველა ჩიტი ცაში ირაოს ჰკრავდა და მღეროდა. შემდეგ გაიღიმა, პარიშს თავი დაუკრა და მწყემსთან ერთად წავიდა.
აპირებდა, მეტი გაეგო ცხვრისა და მაღალი საძოვრის შესახებ, უნდოდა შეეხედა ფართო ზეცისთვის, უფრო და უფრო შორს ევლო მთებისკენ - მუდამ აღმართით. ამის შემდეგ არ ვიცი მას რა ბედი ეწია. პატარა ნიგლსაც თავის ძველ სახლში შეეძლო თვალი მოეკრა შორეული მთებისთვის, რომლებიც მისი ნახატის საზღვრებზე მოექცა; მაგრამ სინამდვილეში რას წარმოადგენენ მთები, მათ იქით რა არის? ამის თქმა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც მათზე ამძვრალა.

„ვფიქრობ, სულელი კაცუნა იყო,“ - თქვა მრჩეველმა ტომპკინსმა. „სრულიად გამოუსადეგარი; საზოგადოებისთვის არანაირი სარგებელი არ მოჰქონდა.“
„ო, არ ვიცი,“ - თქვა ატკინსმა, რომელიც თავად არაფერს არ წარმოადგენდა, სკოლის უბრალო მასწავლებელი იყო. „ასე დარწმუნებით ვერ ვიტყვი: გააჩნია რას გულისხმობთ სარგებელში.“
„ვგულისხმობ იმას, რომ არანაირი პრაქტიკული ან ეკონომიკური სარგებელი არ მოჰქონდა,“ - თქვა ტომპკინსმა. „გავბედავ და ვიტყვი, რომ გამოსადეგი ჭანჭიკი მისგანაც გამოვიდოდა, თქვენ, მასწავლებლებმა საქმის კეთება რომ იცოდეთ. მაგრამ არ იცით, შედეგად კი მის მსგავს უსარგებლო ხალხს ვიღებთ; ქვეყანას მე რომ ვმართავდე მას და მისნაირებს შესაფერის საქმეს მოვუძებნიდი, საზოგადოებრივ სასადილოში თეფშებს დავარეცხვინებდი ან რაღაც მსგავსი, უზრუნველვყოფდი, რომ კარგად ემუშავათ. ანდაც საზოგადოებას საერთოდ მოვაშორებდი. მას დიდი ხნის წინ მოვაშორებდი.
„როგორ თუ მოაშორებდით? თქვენ ამბობთ, რომ მოგზაურობაზე დროზე ადრე გაუშვებდით?“
„ჰო, თუ ამ ძველ, უაზრო გამოთქმას ამჯობინებ. გვირაბით პირდაპირ დიდ ნაგავსაყრელზე მოვისროდი: აი, რას ვგულისხმობ.“
„გამოდის, თქვენ მხატვრობას არაფრად აგდებთ, მიგაჩნიათ, რომ არ ღირს ნახატის შენახვა, გაუმჯობესება და გამოყენება.“
„რა თქმა უნდა, მხატვრობა ღირებულია,“ - თქვა ტომპკინსმა. „მაგრამ მისი მხატვრობა რაში უნდა გამოიყენო. უდიდესი გასაქანი აქვთ იმ მამაც ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან ახალ იდეებსა და მეთოდებს. მაგრამ მის ძველებურ ნაჯღაბნებს მომავალი არ აქვს. ეს ხომ ვიღაც კარჩაკეტილის ზმანებებია. თავის გამოსაკვებად ერთი წესიერი აფიშაც კი ვერ დაუხატავს. ყოველთვის ფოთლებსა და ყვავილებს ეპოტინებოდა. ერთხელ ვკითხე ამას რატომ აკეთებდა. მიპასუხა, რომ მისთვის ისინი მშვენიერები არიან. წარმოგიდგენია? „მშვენიერებიო!“ - ასე თქვა. „რა არის მშვენიერი, მცენარეების მომნელებელი და გენიტალური ორგანოები თუ რა? - ვუთხარი მე. ამაზე ვერაფერი მიპასუხა. სულელი ბოდიალა.“
„ბოდიალა,“ - ამოიოხრა ატკინსმა. – „ჰო, საცოდავი კაცუნა, ბოლომდე არაფერი მიუყვანია. ეჰ, ასეა თუ ისე, მას შემდეგ, რაც წავიდა მისი ტილოები „უკეთესი მიზნებისთვის“ გამოიყენეს. მაგრამ, არ ვიცი, ტომპკინს.. ის დიდი ტილო გახსოვს, აი ის, რომლითაც გვერდითა დაზიანებული სახლი გადაფარეს ძლიერი ქარებისა და წყალდიდობების შემდეგ? მისი კუთხის ნაგლეჯი ვიპოვე, მიწაზე ეგდო. დაზიანებული იყო, მაგრამ მაინც მკაფიოდ ჩანდა: მთის წვერო და ფოთოლთა გროვა. გონებიდან არ ამომდის.“
„საიდან?“ - თქვა ტომპკინსმა.
„თქვენ, ვისზე ლაპარაკობთ?“ - ჩაერთო უცბად პერკინსი, დაძაბულობის განსამუხტად: ატკინსი წამოწითლდა.
„სახელის გამეორება არც ღირს,“ - თქვა ტომპკინსმა. „არც ვიცი მასზე საერთოდ რატომ ვლაპარაკობთ? ქალაქში არ ცხოვრობდა.“
„არა,“ - თქვა ატკინსმა. „მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი სახლისთვის თვალი გქონდათ დადგმული. ამიტომაც მიდიოდით, ეძახდით და მასხრად იგდებდით მას, როცა მასთან ჩაის ხვრეპდით. მაშ, ახლა ეს სახლი თქვენს ხელშია ისევე, როგორც ქალაქის სახლი, მის სახელს მაინც ნუ აწყენინებთ. ნიგლზე ვსაუბრობდით, პერკინს, თუ გაინტერესებს.“
„ო, საწყალი, პატარა ნიგლი.“ - თქვა პერკინსმა. „არ ვიცოდი, თუ ხატავდა.“
ალბათ, ეს ბოლო შემთხვევა იყო, როდესაც ნიგლის სახელი ვინმემ ახსენა საუბრისას. თუმცაღა ატკინსმა უცნაური კუთხე შეინახა. მისი ძირითადი ნაწილი ჩამოიფხრიწა, მაგრამ ერთი, მშვენიერი ფოთოლი ხელუხლებელი დარჩა. ატკინსმა იგი ჩარჩოში ჩაასმევინა. მოგვიანებით ქალაქის მუზეუმს დაუტოვა და რაღაც დროით „ნიგლის ფოთოლი“ იქ შეფარებულ ადგილას დაეკიდათ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ შეამჩნევდა. საბოლოოდ კი, მუზეუმი დაიწვა და ნიგლიცა და მისი ფოთოლიც მის ძველ ქვეყანაში დავიწყებას მიეცა.
„მართლაც, ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა“ - თქვა მეორე ხმამ. „დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. უბადლოა გამოჯანმრთელებისთვის და არა მხოლოდ, რადგან უამრავისთვის ეს არის საუკეთესო შესავალი მთებში სამოგზაუროდ. ზოგ შემთხვევაში სასწაულებს სჩადის. უფრო და უფრო მეტს ვგზავნი იქ. უკან იშვიათად თუ ბრუნდებიან.“
„ჰო, ეგრეა.“ - თქვა პირველმა ხმამ. - ვფიქრობ ამ რეგიონს სახელი უნდა დავარქვათ. რა იდეა გაქვს?“
„პორტერმა ამაზე უკვე იზრუნა,“ - თქვა მეორე ხმამ. „უკვე კარგა ხანია ასე ყვირის: ჩასხდომა მატარებელზე ნიგლის სამრევლო. ნიგლის სამრევლო . წერილი ორივეს გავუგზავნე, რომ ეს მეცნობებინა.“
„რა თქვეს?“
„ორივემ გაიცინა. ისე იცინოდნენ, რომ მთები ზანზარებდა.“





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები