ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ტინნე
ჟანრი: პროზა
21 ნოემბერი, 2021


ოცნება: ავსტრალია ( 11. უდაბნო )

          მესერი გაჭირვებით გადავლახე, გადახტომა მომიწია. არცთუ ისე მაღალი იყო მაგრამ ძალაგამოცლილი მუხლებით თავის შემაგრება ვერ მოვახერხე და მიწაზე მტკივნეულად დავეცი. ვეცადე დაზიანებული მხარი კიდევ ერთი დარტყმისთვის ამერიდებინა, თუმცა კარგად არ გამომივიდა. ძლივს წამოვდექი, მთლიანად გამტვერილი ტანსაცმლისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რატომღაც მარჯვენა მიმართულება ავირჩიე და სასწრაფოდ გზას დავადექი.
          დიდი მანძილის გავლა არ მომიწია რომ გაკვირვებისგან შევდექი. წამიერად ვიფიქრე რომ თავი პლანეტა მარსზე ამოვყავი. ჩემს თვალწინ უკიდეგანო უდაბნო გადაიშალა, ირგვლივ ყველაფერი აგურისფერ-ცეცხლისფრად ღვიოდა. ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივები უდაბნოს ტალღოვან ზედაპირზე ირეკლებოდა და ქვიშის წითელი მარცვლები მომაჯადოვებლად ციალებდა, თითქოს ჩემს გარშემო ყველაფერს ცეცხლი ეკიდა. ნიავი უბერავდა და დღის განმავლობაში გახურებული, ჯერ ისევ ცხელი ჰაერი თმაში მიძვრებოდა. საბადოს ოქროსფრად შეფერილი ნიადაგის შემდეგ, გარემოს ასეთმა მკვეთრმა ცვლილებამ უცებ კი გამიფანტა ყურადღება, მაგრამ თავის ხელში აყვანა სწრაფად მოვახერხე და დასავლეთის მიმართულებით დავიწყე მოძრაობა.
        დროდადრო უკან ვიყურებოდი, ჯერჯერობით არავინ ჩანდა. დაბნელებამდე რაც შეიძლება დიდი მანძილის გავლა უნდა მომესწრო. მდევარზე ფიქრის გარდა გაურკვეველი მარშრუტიც მაწუხებდა და თანდათან მოახლოვებული ღამეც. მეტისმეტად მაშინებდა ასე ღია ცის ქვეშ, შუაგულ უდაბნოში, უკუნეთ სიბნელეში დარჩენაც და დაძინებაც. ფხიზლად ყოფნა რომც მომეხერხებინა მეორე დღეს გზის გაგრძელებას ნამდვილად ვეღარ შევძლებდი. ისედაც გამოფიტული ორგანიზმი უძილობას ვეღარ გაუძლებდა. უსასრულოდ გადაჭიმული, ალბათ ზებუნებრივი ძალების მიერ გაყინული ქვიშის ტალღები ახლო ტერიტორიაზე სანუგეშოს არაფერს მეუბნებოდნენ.
        მიუხედავად შფოთისა წინ რაღაც მიზიდავდა, ვერ ვხვდებოდი რა... ეს ამოუცნობი ინსტიქტი იყო თუ მე მინდოდა რომ ასე ყოფილიყო, არ ვიცი. მუხლებში ძალა ჩამიდგა, თითქოს მეორე სუნთქვა გამეხსნა და ადრენალინის საოცარი მოზღვავება ვიგრძენი. თვალუწვდენელი, ერთგვაროვანი დიუნები სულმოუთქმელად გავიქროლე. გარემოს თანდათან ბინდი მოეძალა. დედამიწამ, ჩამავალი მზის მომაკვდავი სხივების ფონზე, გაღვივებული ნაკვერჩხლების ფერი დაიდო. უკანასკნელ, საკმაოდ მაღალ ქვიშის მთას წვერზე მოვექეცი და ირგვლივ მიმოვიხედე. მაინტერესებდა, წინ კიდევ წითელი უდაბნო მედო თუ ისევ მოულოდნელად შეიცვლებოდა მიწის საფარი საბადოს მსგავსად. ასე ორიოდე, მსგავსი მთის შემდეგ კლდის მასივი შევნიშნე. ალაგალაგ დაბალი, უშნოდ გაჩეჩილი ბუჩქებიც მოჩანდა. შვებით ამოვისუნთქე. ღამის გადაგორება ტრიალი უდაბნოს ნაცვლად, რაღათქმაუნდა კლდის ძირას მერჩივნა. ფეხს უფრო მეტად ავუჩქარე. რამდენჯერმე ქვიშის ხალიჩაზე დავცურდი კიდეც მაგრამ არად ჩამიგდია. გონების თვალით, დანიშნულების წერტილად, მხართეძოზე გაწოლილი კლდეები მოვნიშნე და მისკენ, მთელი არსებული თუ არარსებული შემართებით გავემართე.
    ქვის უზარმაზარი, ალაგ-ალაგ გაბნეული მთები უტყვად შემომეგება. მათ შორის დავიგულე თუ არა თავი, მაშინვე საოცარი სიმყუდროვის შეგრძნება დამეუფლა და ყურადღებით მოვათვალიერე მიდამო. ღამის გასათევად მოსახერხებელი კუთხის პოვნა მინდოდა. მზე წუთიწუთზე ჩაესვენებოდა და მალე ვეღარაფერს დავინახავდი. უფრო წინ წავიწიე, გადავწყვიტე კიდევ ღრმად შევსულიყავი და დასამალად უფრო უსაფრთხო ქვაბული მეძებნა. მდევარს დიდი დედუქციისა და ლოგიკის უნარის გამოყენება არ დასჭირდებოდა იმის მისახვედრად, რომ თავს აქაურობას შევაფარებდი. მაქსიმალურად კარგად უნდა მოვმზადებულიყავი. ისეთი მონაკვეთი მეპოვა, საიდანაც მტრის მოახლოების შემთხვევაში სხვა ადგილას უჩუმრად გადასვლას შევძლებდი. ადვილი არ აღმოჩნდა.
    მზე კლდეების უკან მოექცა და ზოგი შეღრმავება უკვე სიბნელეს მოეცვა. მათი შესწავლა უკუნეთში და თანაც უდაბნოში მარტივი საქმე ნამდვილად არ იყო. დანამდვილებით ვერავინ იტყოდა, ამ ღამით იმ ტერიტორიის დასაკუთრება, სულიერთა შორის, მხოლოდ მე გადავწყვიტე თუ არა. ასე ოცი ნაბიჯის შემდეგ, უცნაურად წამოწეული კლდის შვერილი შევნიშნე, მივყევი. სიღრმეში შემიყვანა. მაღლა ავიხედე. ჩემს თავს ზემოთ კედლები ისე აჭრილიყვნენ ზეცაში რომ ვიფიქრე, ცისკიდური გაეხვრიტათ და სადაცაა იქედან დადენილ წვიმის წვეთებს სახეზე შევიგრძნობდი. მარჯვნივ შევარდნილი ადგილი გამოჩნდა, შევედი და ტეხილად გამოჭრილ, ბუნებრივ საფეხურებს დაკვირვებით მივაჩერდი. უნდა ავსულიყავი, მეცადა სადამდე მიმიყვანდა. ზედა შვერილებს მაგრად მოვეჭიდე და ნელ-ნელა, ფრთხილად ავუყევი. ციცაბო იყო, გამიჭირდა, მაგრამ არ შევეპუე.
შედეგი წვალებად ღირდა. კლდის ფერდზე მოქცეულს, თვალწინ ისეთი საოცარი ხედი გადამეშალა რომ სუნთქვაც კი შემეკრა და რამდენიმე წუთით მდევრის შიშიც კი დამავიწყდა. ამ წუთას ხატვის ნიჭი, ხელსაწყოები და შესაფერისი სიტუაცია ვინატრე. ნებისმიერი ხელოვანი ისურვებდა ასეთ არაამქვეყნიურ პეიზაჟს, წინ ცხადად გადაშლილს. შევეცადე მეხსიერების ძალით მის მკვეთრად დამახსოვრებას. აქამდე განცდილი ემოციები და ამ ზღაპრული სილამაზის ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ დარწმუნებით ვიტყოდი სიკვდილამდე დაუვიწყარიც...
    ფერდი ოდნავ დაქანებული კი იყო, მაგრამ ღამის გასათევად გამოდგებოდა.  უდაბნოს ღამის სიცივე ადვილი ასატანი არ იყო და შეძლებისდაგვარად კარგად უნდა მოვმზადებულიყავი. კლდეში ღრმად შეჭრილი მყუდრო ქვაბული შევარჩიე, გამჭოლი ნიავისთვის თავი მაქსიმალურად უნდა ამერიდებიდა. ჯერ დაღამებამდე დრო მქონდა და სანამ ადამიანური მხედველობა ძალას დაკარგავდა მიდამო მოვათვალიერე. ქვაბულის უკან კლდეს, დაახლოებით ერთი მტკაველის სიგანის დამრეცი ბილიკი მიუყვებოდა. არცთუ ისე უსაფრთხო იქნებოდა მასზე გავლა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მდევარი მიპოვიდა, თავის გადასარჩენად სხვა გზა ფიზიკურად არ არსებობდა. ბილიკი ორ-სამ მეტრში მკვეთრად უხვევდა მარჯვნივ და შეუძლებელი იყო დაგენახა სად მთავრდებოდა. ფრთხილად შევდექი ზედ, ორივე ხელით კლდის ზედაპირს დავეყრდენი და ნელა გავუყევი. შევეცადე, სიმაღლის შიშისთვის ყურადღება არ მიმექცია და ფრიალო მხარეს ზურგი ვაქციე. მაინც ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ოდნავ მორიალე ნიავი მხრებზე მებღაუჭებოდა და ჩემი დაბლა გადაგდება უნდოდა. ღრმად ჩავისუნთქე და სვლა გავაგრძელე. მზისგან გავარვარებულ ქვას სიმხურვალე ჯერ ისევ შეენარჩუნებინა და ხელისგულებს ოდნავ  მწიწკნიდა. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და მოსახვევს გავცდი, ბილიკმა მომცრო მოედანზე გამიყვანა და მასზე ფრთხილად  გადავინაცვლე, გამოდგებოდა. კარგად შეთვალიერების შემდეგ მივხვდი ჩიხში აღმოვჩნდი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. მზე ჰორიზონტს სადაცაა ჩასცდებოდა და ალტერნატიული თავშესაფრის მოძებნის დრო აღარ რჩებოდა. უნდა გამერისკა, აქ გადარჩენის მეტი შანსი მქონდა ვიდრე ღია უდაბნოში.
    უკან გამოვბრუნდი. გამოქვაბულის ყველაზე ღრმა მხარე კარგად მოვათვალიერე და კუთხეში მოვთავსდი. დაჯდომისას შარვლის საქამრეში დამაგრებულმა, მივიწყებულმა იარაღმა შემახსენა თავი, ხელში მძიმედ და უხეშად მომხვდა. შებინდებულზე უკეთ რომ დამენახა თვალებთან ახლოს მივიტანე. მსხვილი, მუქი ყავისფერი ტარი და მოკლე ლულა ჰქონდა. გადავხსენი და მხოლოდ ორი ტყვია დავინახე. გრძელი, ჭაობისფერში გარდამავალი ვაზნები ავტომატის ტყვიებს უფრო ჰგავდა ვიდრე ნაგანისას. ისევ ჩავკეტე და გვერდით გადავდე. სპორტული მოსაცმელი გავიხადე და მხრებზე მოვიხვიე, ასე უკეთ დავიცავდი თავს ღამის სიცივისგან. მის შიგნით შემალული, ჩემი მწირი საკვებიც იარაღის გვერდით დავდე. საჭმელს კი როგორღაც გამოვიზოგავდი მაგრამ უწყლოდ სადამდე გავძლებდი ვერ ვიტყოდი. მხოლოდ ღმერთისა და ბედის ანაბარად დავრჩი. ზურგით სიპ კედელს მივეყრდენი და გავყუჩდი. 
    ჩემს სმენას ოდნავი გაფაჩუნების ხმაც კი არ ეპარებოდა. ბუნების, სხვა დროს თითქმის შეუმჩნეველი ბგერები უმალ და უტყუარად მესმოდა. თანდათან სიფხიზლე და ძილი ერთმანეთში აირია. გაორებამ მომიცვა, გონებას გათიშვა არ უნდოდა მაგრამ სხეული მედგარ წინააღმდეგობას უწევდა და ძილის საუფლოში მექაჩებოდა. ორ-სამჯერ საკუთარი თავის გადაქანებამ შემაფხიზლა, შეშინებულმა, სრულ სიბნელეში, უცებ ვერც კი გავარკვიე სად ვიყავი. მალე გადაღლამ თავისი საქმე გააკეთა და გონებაც გაითიშა.
    გამთენიის გაუსაძლისმა სუსხმა და სხეულის აუტანელმა კანკალმა გამაღვიძა. ჯერ ისევ ბნელოდა. ფეხზე გაჭირვებით წამოვდექი და ქვაბულის ნაპირას მივედი, გარემო გარინდებულიყო და უკუნეთში თვალიც ვერაფერს ხედავდა. გასათბობად მოძრაობა მჭირდებოდა და ვარჯიში დავიწყე. კიდიდან კიდემდე სწრაფი ნაბიჯით დავიწყე მიმოსვლა, თანდათან ტემპს ავუჩქარე და ბოლოს სირბილზე გადავედი. ცოტა ხანში სასიამოვნოდ დამთბა და დღის სინათლემაც თანდათან იმძლავრა. კვლავ ჩემს კუთხეს დავუბრუნდი და ჩამოვჯექი. დაჯდომა და ადგილზე გაქვავება ერთი იყო, შიშმა ერთიანად გამთანგა და კიდურების უეცარი დამბლა გამოიწვია. ზუსტად ჩემს ფეხებთან კუდაპრეხილი, მთელს სხეულზე ეკლებით დაფარული რეპტილია იდგა და წერტილივით თვალებით მომჩერებოდა. მოულოდნელობისა და მოვარდნილი პანიკისგან სუნთქვაც კი შევწყვიტე და ირგვლივ ყველაფერი ბურუსმა მოიცვა. ვეცადე არ მემოძრავა და უფრო არ გამომეწვია, მარტივი არ გამოდგა. ამასობაში საკმაო დრო გავიდა, თავის ხელში აყვანას შევეცადე და ნელ-ნელა გამომივიდა კიდეც. როგორცკი სუნთქვა მწყობრში ჩადგა, ტვინის ფუნქციაც აღსდგა და გონება გამინათდა. ჩემს წინ მდგარი, საოცრად საშიში გარეგნობის არსება უდაბნოს "ეკლიანი ეშმაკი" იყო. სწორედ მისმა უცნაურმა და უჩვეულო შესახედაობამ მიიქცია თავის დროზე, ინფორმაციის მოძიებისას, ჩემი ყურადღება. ამ არსების სხეული სრულად იყო დაფარული ეკლებივით კონუსებითა და ფარებით, რომლებიც თავის დაცვასა და შენიღბვასთან ერთად, წყლის შემნახველი რეზერვუარის ფუნქციასაც ასრულებდნენ. ეკლების ფერები ყავისფერიდან ღია ყვითლამდე მერყეობდა და შესანიშნავად ერწყმოდნენ უდაბნოს ქვიშისფერ და მშრალ გარემოს. ენა საოცრად გრძელი ჰქონდათ და ჭიანჭველების ოსტატურად დასაჭერად იყენებდნენ. ისინი ხვლიკის გვარს მიეკუთვნებიან და მოყვანილობით ჰგვანან კიდეც მათ. მიუხედავად იმისა, რომ მათი გარეგნობა თავზარდამცემია, ადამიანებისთვის სრულიად უვნებლები არიან.
    ამის გახსენებამ თანდათან დამამშვიდა და სხეულს მოძრაობის საშუალება მივეცი. თვალებგაფართოებული მივჩერებოდი მის შავ, ღილებივით თვალებს და ყურადღებით ვსწავლობდი მისი სხეულის უცნაურ მოყვანილობას. ხელი ნელ-ნელა გავიწვდინე, მინდოდა შევხებოდი მაგრამ მყისიერად გადავიფიქრე და სასწრაფოდ უკან გამოვწიე. ვიცოდი უსაფრთხო არსება იყო და არაფერს დამიშავებდა მაგრამ ცნობისმოყვარეობა შიშმა დაჯაბნა.  თვითონაც შეირხა, ეკლები აამოძრავა და თავი ირგვლივ მოატარა. დარწმუნებული ვიყავი აქვე ახლოს ჭიანჭველების ბუდე ეგულებოდა და მყუდროება ამიტომ დამირღვია. მეც მიმოვიხედე, რამდენადაც ახალამოსული მზის სინათლე საშუალებას მაძლევდა, მიდამო მოვათვალიერე და რადგანაც ტერმიტების ქვიშა-კოშკს ვეძებდი, ვერაფერი დავინახე. ჩემი სტუმარი დაიძრა და ეკალა-კუდის გრაციოზული რხევით თანდათან გამშორდა. შვებით საბოლოოდ ამოვისუნთქე. ვერაფერს იტყვი, ეს დილაც მშვენივრად დაიწყო...
    რამდენიმე წუთს მაინც გარინდებული ვიჯექი. ბუნების უცნაურობებზე ფიქრმა შორს გამიტაცა. გათენდა.
    ავდექი და ქვაბულის კიდესთან მივედი. წითლად მობრდღვიალე მზემ თვალი მომჭრა, ქვეყნიერების ნამდვილი დედოფალივით ტაატით მიიწევდა ზეცისკენ. ახალი დღის დასაწყისში უდაბნო ცოცხალი არსებასავით სუნთქავდა.
    უეცრად შევნიშნე რომ ჰორიზონტის უსასრულო კიდესთან ქვიშის მტვერი ავარდა, მზერა დავძაბე მაგრამ გამიჭირდა რაიმე გამერჩია. მტვრის ქულა ნელ-ნელა გაიზარდა და მანქანების კონტურები გარკვევით გამოჩნდა. თავიდან ფეხებამდე სიცივემ ისე დამიარა თითქოს უსხეულო არსება ვიყავი, კანის თითოეული უჯრედი წამიერად გამეყინა. უკან-უკან დავიხიე და ინსტინქტმა მაშინვე გაქცევა მიკარნახა. ნივთებს ვეცი, წამოვკრიფე, მაგრამ იარაღის დანახვამ მყისიერად შემაჩერა. თითქოს ახალი სიცოცხლე შთამბერესო საოცარი გამბედაობა ვიგრძენი, რამხელა სიძლიერე ჰქონია ამ ერთი შეხედვით პატარა რკინის ნაჭერს...
    გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მოვიდა. ყველა ღონეს ვიხმარდი რომ არ ვეპოვე, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში ცოცხალი არ ჩავბარდებოდი. ნაგანში ჩაწყობილი ორი ტყვია თვალწინ დამიდგა და ხელი მაგრად ჩავავლე, ყველას თუარა ერთი მათგანის საიქიოში გაყოლებას ნამდვილად მოვახერხებდი.  კლდის განაპირას ფრთხილად მივედი, სათვალთვალოდ კარგი რაკურსი შევარჩიე, ჩავიმუხლე და თვალებად ვიქეცი. მიღებულმა გადაწყვეტილებამ სრულიად დამამშვიდა და მთელი ყურადღება უდაბნოში დიდი სიჩქარით მოძრავ მანქანებზე გადავიტანე. პირდაპირ კლდის მასივისკენ მოიწევდნენ, რათქმაუნდა პირველად ამ ტერიტორიას შეამოწმებდნენ. კარგად იცოდნენ რომ საღამოჟამს გაქცეული შორს წასვლას ვერ შევძლებდი. ჩვენს შორის მანძილის შემცირებასთან ერთად, ნათლად ვხედავდი როგორ იკლებდა ჩემი გადარჩენის შანსებიც მაგრამ როგორც ცხოვრების სხვა ეტაპებზე, ამჯერადაც ბოლომდე ბრძოლას ვაპირებდი...
    მანქანები ქვაბულებთან ერთდროულად შეჩერდნენ და ქვიშის კორიანტელი მოიყოლეს. ერთი მანქანიდან ერთი გადმოვიდა, მეორიდან-ორნი. ჩემი აზრით, ორი ავტომობილი სამ ადამიანს მხოლოდ იმისთვის დასჭირდებოდა რომ კლდეების შემოწმების შემდეგ სხვადასხვა მხარეს გაშლილიყვნენ, დრო მოეგოთ. მორიელი მაშინვე ვიცანი, რათქმაუნდა ის წამოვიდოდა ჩემზე სანადიროდ. მან ხომ ერთხელ უკვე გამიშვა ხელიდან და ახლა ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ შეცდომა გამოესწორებინა. დანარჩენი ორი არ მეცნობოდა. თუ აქამდე ნანახ სხვა დამნაშავეებსაც გავითვალისწინებდი, ცხადი ხდებოდა რომ საქმე არცთუ ისე პატარა კრიმინალურ დაჯგუფებასთან მქონდა. ისინი გარემოს მტრული თვალით ზვერავდნენ და ადგილზე ტრიალებდნენ, თითქოს უფროსის ბრძანებას ელოდებოდნენ. მზერა მორიელზე გადავიტანე და მისმა ამაყმა გამომეტყველებამ მაშინვე მიმახვედრა რომ ამ პატარა ჯგუფის ბოსი ის იყო. შავი სათვალე მოერგო და არ ჩქარობდა. მისი მშვიდი მოძრაობა მონადირის ქცევას ჰგავდა, მონადირის რომელმაც ზუსტად იცის მსხვერპლი ვერსად გაექცევა. კლდეების დაკვირვებით შეთვალიერების შემდეგ მხლებლებს მიუბრუნდა და ხმადაბლა რაღაც გადაულაპარაკა. სხვადასხვა მხარეს გაიშალნენ. ჩემი შანსები მინიმუმამდე დაეცა, ამოსასვლელს მალევე იპოვიდნენ და მერე უფალიც კი ვეღარ მიხსნიდა. იარაღის ტარი ხელში მაგრად ჩავბღუჯე, მხოლოდ ის თუღა გადამარჩენდა.
    აშკარად ძალიან ფრთხილად მოძრაობდნენ რადგან არაფერი მესმოდა, სმენა ასმაგად დავძაბე. ვიცოდი მათაც ეცოდინებოდათ რომ იარაღი გამოვიტაცე და საფრთხეს წარმოვადგენდი. ჩემი ქვაბულის ამოსასვლელს თვალის კუთხით კარგად ვხედავდი. ვეცადე ისეთი პოზიცია დამეჭირა რომ გარემოც მეთვალიერებინა და ამოსასვლელიც არ გამომპარვოდა მხედველობიდან. მანქანებს კიდევ ერთხელ გადავხედე და ერთერთი მათგანის გამოღებულმა კარმა ჩემი გონება მთლიანად დაიმორჩილა...
    მდევრის მოძრაობაზე ყურადღება გამახვილებულმა სუნთქვაც კი შევაჩერე. მგონი ჰაერის მასების შეუმჩნეველი გადაადგილებაც კი თვალნათელი გახდა ჩემთვის. მოპირდაპირე კლდის დამრეც ფერდობზე ერთერთი დავინახე, ისე მოძრაობდა როგორც მტაცებელი მსხვერპლის შემჩნევისას. მისმა თვალთვალმა ყურადღება გამიფანტა და საკმაოდ გვიან მომესმა ჩემი ქვაბულისკენ ამომავალ  ბილიკზე ნაბიჯების დახშული ხმა. ცალ მუხლს დავეყრდენი, იარაღი თვალისდახამხამებაში მოვიმარჯვე და ამოსასვლელს დავუმიზნე. სანამ ვინმეს დავინახავდი, მეორეს გავხედე მოპირდაპირე მხარეს, მის ქვემოთ ნახევრად ჩამოქცეულმა კლდემ თავისით მიკარნახა რა უნდა მექნა. პისტოლეტს მიმართულება დაუფიქრებლად შევუცვალე და გავისროლე...
    იარაღმა ხმა არ გამოსცა, მაგრამ იმავე წამში ჩამოქცეული კლდის გრიალმა და ადამიანის განწირულმა ყვირილმა ჩამოწოლილი ავისმომასწავებელი სიჩუმე მყისიერად გაფანტა. ოდნავ წამოვიწიე კარგად რომ დამენახა მომხდარი, ისედაც მოშლილი ლოდები მდევარს ფეხსქვემოთ გამოსცლოდა და თავადაც თან ჩაჰყოლოდა. მისკენ საშველად გაქცეულმა თანამზრახველებმა გზა უნებურად გამითავისუფლეს, ფრთხილად წამოვდექი და ჩასასვლელს მივუახლოვდი, აღარავინ ჩანდა და სვლა ქვემოთ გავაგრძელე. ხელახლა მოწოლილმა ადრენალინმა მუხლები ამიკანკალა, მარცხენა ხელით კლდის ზედაპირს მივებჯინე რომ თავი შემემაგრებინა, ვეცადე მტრის მოკლეხნიანი დაბნეულობით მესარგებლა და იქაურობას რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი. გზა არაფერს გადაუღობია და გასასვლელამდე დაუბრკოლებლად მივედი. ქიმთან შევჩერდი და გარემო ქურდულად დავზვერე, ალბათ რამდენიმე წამი მექნებოდა სანამ მდევარი გონს მოვიდოდა და დაშავებულს მანქანამდე მოიყვანდა. საკუთარ სხეულს წინ ვუბიძგე და ექვს ნაბიჯში ავტომობილთან გავჩნდი, უკვე ღია კართან მდგომი რაღაცამ შემაჩერა. მეორე ჯიპს გადავხედე, მათთვის გამოდევნების საშუალება არ უნდა მიმეცა. იარაღში დარჩენილი მეორე ტყვიით საბურავი გავხვრიტე  და საჭესთან სწრაფად მოვთავსდი, უსაფრთხოების ღვედის გაკეთების შემდეგ, პირველ რიგში საწვავის მარაგი შევამოწმე. ნახევარზე ქვემოთ იყო მაგრამ უნდა მყოფნოდა, სხვაგვარად შეუძლებელი იყო..
    ძრავის ხმადაბალი ღმუილი ჩემს სმენას ნეტარების ექოდ ჩაესმა და ფეხი გაზის პედალს მთელი სიძლიერით დავაჭირე. დიდი სისწრაფით დაძრული მანქანა ქვიშაზე მოცურდა და ირგვლივ მტვრის ბუღი დაატრიალა. წამიერად უკან მიბრუნებულმა ჩემსკენ გამოქცეული ორი მათგანი შევნიშე, გააფთრებულები მეორე ავტომობილის კარებს ეცნენ. ყურადღება საჭეზე გადავიტანე და სიჩქარეს მოვუმატე.
    წარმოდგენა არ მქონდა საით უნდა მიმემართა მანქანა. იქით, საიდანაც მდევარი მოვიდა, გამორიცხული იყო. გონების თვალით ავსტრალიის რუქა წარმოვიდგინე, ზუსტად თუ არა, დაახლოებით მაინც ვიცოდი სად ვიმყოფებოდი და სად იყო საბადო. პერთში უნდა ჩავსულიყავი, როგორმე ბიძია ტომასის მეგობრის ფერმა უნდა მეპოვა. მათ გარდა აქ და ამ ეტაპზე ვერავის ვენდობოდი. იქნებ მარკოს შესახებაც გამერკვია რაიმე. ახლა მთავარი იყო საწვავი მყოფნოდა, როგორმე დასახლებული ტერიტორიისთვის მიმეგნო და ეს თვალუწვდენელი უდაბნო გადამელახა. უკანა ხედვის სარკე გავასწორე რომ მდევარი მეკონტროლებინა. მადლობა უფალს, ჯერჯერობით არავინ ჩანდა. მინები თითქმის ბოლომდე ავუწიე რომ საბურავების სისწრაფისგან აყრილი უდაბნოს ქვიშა სალონში არ შემოსულიყო.
    როგორც კი მოსახლეობას ვიპოვიდი მანქანა მაშინვე უნდა მიმეტოვებინა, მისით დიდხანს სარგებლობა საფრთხის შემცველი იქნებოდა. ავტომობილი უახლესი სისტემებით იყო აღჭურვილი, ისე მოძრაობდა არამყარ სავალ ზედაპირზე თითქოს წინ გადაჭიმული ავტოსტრადა ედო. რომ არა ის სიტუაცია რაშიც ვიმყოფებოდი, მისი მართვით ნამდვილი სიამოვნების მიღება იქნებოდა შესაძლებელი.
    თვალწინ მდევრის განრისხებული სახეები წარმომიდგა და მოულოდნელად გულიანად გამეცინა. თითქოს ჩამესმა კიდეც მორიელის ახსნა-განმარტება თავის უფროსთან, თუ როგორ დაუსხლტა ხელიდან უკვე მერამდენედ, ერთი კაფანდარა, სუსტი არსება და როგორ დატოვა ტრანსპორტის გარეშე, შუაგულ უდაბნოში სამი გამოცდილი კრიმინალი.
    განვლილ გზაზე არავინ ჩანდა, თანდათან სიჩქარე დავაგდე და მიდამო კარგად შევათვალიერე. კვლავ უსასრულო სივრცე, გადამხმარი დაბალი ბუჩქები და ალაგ-ალაგ შემაღლებული დიუნები ჭარბობდა. ნელი სვლა იმის საშუალებასაც მაძლევდა რომ სავალი უკეთ შემერჩია და მანქანით არსად გავჭედილიყავი. სამი-ოთხი კილომეტრის შემდეგ გავჩერდი, კარი გავაღე და დაბლა ჩამოუსვლელად, ფეხის წვერებზე აწეულმა მიმოვიხედე. კლდოვანი უდაბნო თანდათან სრულდებოდა და ადგილს ღია ტერიტორიას უთმობდა. მზეც თანდათან მძლავრობდა და ტემპერატურა ზევით იწევდა. გზა გავაგრძელე, ალალბედზე მივდიოდი, ოდესღაც ხომ ექნებოდა ამ უდაბნოს დასასრული...
    კიდევ ოთხი კილომეტრის გავლის შემდეგ პირდაპირ გზატკეცილს მივადექი. მანქანა დაუფიქრებლად მარჯვნივ შევაბრუნე და გახარებულმა სისწრაფეს მოვუმატე. ორ მკვეთრ მოსახვევს გავცდი და ცივილიზაციის კონტურები თანდათან გამოჩნდა. პირველივე სახლთან გავჩერდი რომ ქალაქის სახელი მეკითხა, ის აღმოჩნდა რასაც ვეძებდი...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები