ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2021


* * *

მომინდა ვინმესთვის  მიმეწერა და გამახსენდა,
რომ არავინ მეგულება ისეთი, 
ვინც მომისმენს.
არც არავინ მყავს და
არც ვის ველი.

ავდექი და ვილოცე.
ყველაზე მძიმე ლოცვა იყო.
უცრემლო და უხმო.
ბოდვისმაგვარი.

ვგრძნობდი, მისმენდა.
ჩემგან კარგა ხნის წინ გადახვეწილ
მფარველ ანგელოზს მოუხმობდა,
ალბათ, რომ ეთქვა:
მიმიხედე, სიცოცხლე არ გადაიფიქროს.
არ ეგონოს, რომ  ჩვენც  გავწირეთ.
ვეღარ გაუძლო ვერცერთ გამოცდას,
მიხვდა ადამიანად ყოფნის აბსურდულობას.
ნუ მივატოვებთ.
 
მე არ ვიცი რატომ იბადებიან ადამიანები.
რატომ არსებობენ ოცნებები- ახდენილები და აუხდენლები.
რაა სიკეთე და რა- ბოროტება,
ან ცხონება და წარწყმედა მაშინ,
როცა ყველა გზა ჯერაც დაბადებამდე გარკვეულია.
როცა აზრი არა აქვს- რას დაგეგმავ,
გულს ვის გაუთბობ,
რას დააშავებ, გამოასწორებ,
გაიღიმებ თუ აიკრძალავ ყველაფერს ნამდვილს
და ცრუ  რუტინას დაუზავდები.

არ არსებობს  ბედნიერი დასასრული.
არსებობს მხოლოდ ილუზია
ბედნიერების და სიყვარულის.

გგონია გიყვარს.
უყვარხარ და ეს სიყვარული მიწას ცად გიქცევს,
მაშინ როდესაც ფესვგადგმული ხარ  ქვა-ღორღში  და
საკუთარი, ჯერარდაღვრილი  სისხლის გუბე
ყელამდე გწვდება.

ისიც ვიცი,
რომ წამიერადაც არაფერი შეეტყობა ჩვეულ სიჭრელეს,
არც დედამიწის ბებერ სიზმრებს და გათანგულ დროს.

მხოლოდ საკუთარ თავს მოვუკვდები.
ერთადერთხელ და საბოლოოდ,
განსხვავებით იმ პატარ- პატარა სიკვდილებისგან,
რომელიც ღირდა არსებობად.

მოვუკვდები ღმერთსაც,
რადგან მას ნამდვილად არ უნდოდა
ასე მეწამა.
არც პატარა გოლგოთა სურდა ჩემთვის.
ეს მე მივბაძე.
ვცადე მასავით მყვარებოდა.
ვერ კი  გავთვალე,
რომ სიყვარული ღმერთისთვისაც
ჯვარცმით  დასრულდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები