ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 ნოემბერი, 2021


ემიგრანტობასა და დედაშვილობაზე

სასწაულის მოხდენა რომ შემეძლოს, პირველ რიგში დედაჩემს გავაცოცხლებდი, რადგან დედის გარეშე ცხოვრება - ეს იგივეა, ქართველი ადამიანი უცხო მიწაზე ცხოვრობდეს და სამშობლოს ნოსტალგია სტანჯავდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, დედა ისე მენატრება, როგორც ზვიად გამსახურდიას ენატრებოდა საქართველო დევნილობაში ყოფნისას.

ქართველები ბევრნი ვართ, საქართველოში ვართ ცოტანი. ვისურვებდი, რომ ყველა ემიგრანტი სამუდამოდ დაბრუნებულიყოს სამშობლოში. ჩემი ეს ორსტროფიანი ლექსი სწორედ ჩემივე სურვილის დადასტურებაა:

ო, ემიგრანტო! სამშობლოდან გადახვეწილო
ნუ დაივიწყებ საქართველოს - ცრემლებით ნამულს,
თუ საჭიროა ყველაფერი უნდა შესწირო,
კოსტავასავით ანაცვალო სიცოცხლე მამულს.

ო, ემიგრანტო! ანგელოზი გეძახის ფუძის,
დღემდე მოგელის სანატრელი შენი კერია,
არ დაივიწყო - ვინც გაწოვა სიმართლის ძუძუ,
შენი ჩამოსვლით გაახარე ეს ივერია.

ემიგრანტობის თემაზე კიდევ ერთი ლექსი მაქვს, რომელსაც ,,ემიგრანტი დედის წერილი“ დავარქვი.

ემიგრანტი დედის წერილი

მოგესალმები შენ - ჩემო შვილო,
გადახვეწილი უცხო მხარეში...
შენ უფლება გაქვს მე შემომჩივლო,
რომ ჩემს გამო გაქვს სევდა თვალებში.

თუმც ჩემო შვილო, ნუ განსჯი დედას,
მრავალჭირვარამ ვარ გამოვლილი...
შენი მშობელი უცხო ცას ხედავს
და სხვის მიწაზე დნება თოვლივით.

მინდა ვიწყებდე ცხოვრებას ახალს,
ისევ ჰყვაოდეს ჩვენს ბაღში ნუში...
მე ალბათ მალე ჩამოვალ, გნახავ
და რა თქმა უნდა, ჩაგიკრავ გულში!

არ არსებობს იმაზე ძვირფასი სიტყვა, ვიდრე
,,დედაშვილობა“.

დედაჩემის სიცოცხლეში (1958-2012) მხოლოდ ერთი ლექსის დაწერა მოვასწარი მასზე, მხოლოდ დედაჩემის გარდაცვალების მერე დამიგროვდა დედაზე ლექსები.

არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია.

დედაშვილურ სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობა არ არსებობს დედამიწაზე, ისევე როგორც არ არსებობს დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე უფრო დიდი ტკივილი, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილის გარდა.

ხშირად ჩაეხუტეთ დედებს... ცუდ ხასიათზე ვიყავი თუ კარგ ხასიათზე, დედას ყოველთვის ვეხუტებოდი. არა აქვს მნიშვნელობა ცუდად ხარ თუ კარგად, დედას ხშირად უნდა ჩაეხუტო (ვისაც აღარ გვყავს, ნათელში გვიმყოფოს უფალმა), ჩახუტებით სითბო გადადის. მშობლის სიყვარულიდან იწყება მოყვასის სიყვარული.

დედა სიცოცხლის ელექსირია! ბედნიერია ის ქალი, რომელსაც დედა ჰქვია, ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

არავის ეყვარები ისე, როგორც მშობელ დედას უყვარხარ, არავინ გიერთგულებს ისე, როგორც შენი დამბადებელი გიერთგულებს.

ჩვენ – ქართველებს ბევრი კარგი სიტყვა გვაქვს დედაზე: ,,დედაენა“, ,,დედაბოძი“, ,,დედა ისტორია“, ,,დედამიწა“ და ასე შემდეგ.

დაბოლოს, ისევ ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

იყო ქალი ერთგული

დედის ხსოვნას

ტელეფონზე წლებია,
დედა ვეღარ მირეკავს...
ბევრჯერ დამსიზმრებია,
ღმერთმა ასე ინება.

მენატრება ალალად
გაგონება დედის ხმის,
რომც მიშვილოს სხვა ქალმა,
დედას ვერც ის შემიცვლის.

ბავშვობაში დედასთან
ჩახუტებულს მეძინა,
გულწრფელი ვარ ყველასთან,
როგორც პეტრო შერბინა.

იყო ქალი ერთგული,
შვილი მკლავზე ეწვინა,
თვითონ მხოლოდ ქმრის მკლავზე,
მამაჩემთან ეძინა.

ტელეფონზე წლებია,
დედა ვეღარ მირეკავს...
ხშირად დამსიზმრებია,
ღმერთმა ასე ინება.

ჰოდა, აღარ მახარებს
არც ამქვეყნად ბოგინი,
მის გარეშე ცივია
მამაჩემის ლოგინი.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები