ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
23 ნოემბერი, 2021


"ლიფტი"

როდესაც ბაჩომ დამირეკა,ჩვენი სამშენებლო კომპანია იმ ტერიტორიაზე  იწყებს კორპუსის მშენებლობას,რომელზეც დიდი ხანია ოცნებობო,სიხარულის ტაში შემოვკარი. ჩემი ოცნება იყო მაღალ სართულზე მეცხოვრა,რომ ქალაქის ხედებით დავმტკბარიყავი. ბაჩოს იმედი მქონდა,რომ ყველაფერს მომიგვარებდა და მომიგვარა კიდეც.მართალია,ორი წელი ველოდე მშვენებლობის დასრულებას,სამაგიეროდ დადგა ის ნანინანატრი დღეც და ბინის სანახავად გავეშურე,სადაც შიდა რემონტი დასასრულს უახლოვდებოდა. სადარბაზო საკმაოდ ფართო და ლამაზად იყო მოპირკეთებული,ორი ლიფტი,ერთი სამგზავრო,მეორე კი სატვირთო,მაცხოვრებლების განკარგულებაში იქნებოდა.

-აქა,მშვიდობა,-ვთქვი და  სადარბაზოში მარჯვენა ფეხი შევდგი.დედაჩემისგან ნასწავლი,თუ კი სადმე შედიხარ,ყოველთვის მარჯვენა ფეხით შედი და მშვიდობა უსურვე ყველასო, მეც დედის დარიგება-შესისხლხორცებულმა,ვთქვი და ლიფტთან თავმოყრილ ადამიანებთან მივედი.ოთხნი იყვნენ,როგორც მივხვდი,ახალ სამეზობლოს მოეყარა თავი.

-მშვიდობა ნუ მოგვიშალოს ღმერთმა,-რიხიანად გამომეხმაურა ულვაშიანი,მაღალი,ხმელი აღნაგობის მამაკაცი.
-მხოლოდ სატვირთო მუშაობს,სამგზავრო ჯერ არ გაუმართავთ,-ცოტა უკმაყოფილოდ თქვა თმაწითელა,ტანმდიდარმა  ქალბატონმა,რომელსაც ნიღაბი მთელ სახეს უფარავდა.კიდევ ერთხელ მოსინჯა სამგზავრო ლიფტის ღილაკი, რომელმაც დუმილით უპასუხა.
-არა და,გვითხრეს ყველაფერი რიგზეაო,-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ტატუ  მკლავებ-ფეხებ მოხატულმა გოგონამ.ინტერესით ავათვალიერე ხელოვნების ნიმუში და მზერა მეოთხე სავარაუდო მეზობელზე გადავიტანე,რომელიც უცნაურად ირყეოდა და მოშვებულ წვერზე წარამარა ნერვულად ისვამდა ხელს.
"ალბათ,ყველა მაღალი სართულის მაცხოვრებელია"-გავიფიქრე და მოთმინებით დაველოდე მათთან ერთად სატვირთო ლიფტს.
-გთხოვთ,ყველამ  გაიკეთოთ ნიღაბი!-ბრძანებასავით გაისმა თმაწითელა ქალბატონის ხმა.
-აცრილი ვარ,ქალბატონო,-ულვაშიანმა მამაკაცმა თავაზიანად გაუღიმა.
-აცრილი-აუცრელი არ ვიცი მე! დახურულ სივრცეში სავალდებულოა!-თქვა და ლიფტის ღია კარში შედგა ფეხი.
მე  მორჩილად მოვირგე ნიღაბი,რა მათქმევინებდა,რომ აუცრელი ვიყავი.აი,ულვაშიანი და მხატვრის შედევრი გაჯიუტდნენ და უნიღბოდ შემოხტნენ ლიფტში. წვერიანმა ცოტა დააგვიანა შემოსვლა,ვიფიქრე,რომ ვერ გადაეწყვიტა,აეკრა,თუ არა ნიღაბი და საერთოდ ემგზავრა,თუ არა,ჩვენთან ერთად.
-ვირუსი არ არსებობს,ძმაო!-თქვა მოულოდნელად და სანამ ლიფტის კარი დაიკეტებოდა,შემოსვლა მოასწრო და მასთან ერთად მოულოდნელად შემოხტა მეექვსე მგზავრი ხანშიშესული ქალბატონი,პატარა ძაღლით ხელში.
-გამარჯობა,-მოგვესალმა და გაგვიღიმა.
თმაწითელას გარდა ყველა მივესალმეთ.გაწიწმატებულმა მიახალა წვერიანს,
-რა არ არსებობს?!- და ეცადა უნიღბოებისგან  მოშორებით დამდგარიყო. მე ნიღბიანისკენ გადავიჩოჩე,თავდაცვის მიზნით.
-რის მაქნისია აცრა,თუ ისევ პირაკრულებმა უნდა ვიაროთ?-  ცოტა უმტყუნეს ნერვებმა ულვაშიანს.
-მე არ ვარ აცრილი, ძმაო,  და არც ავიცრები!-ისე შემოგვიბღვირა წვერიანმა,თითქოს გამზადებული ნემსით ვედექით თავზე.
-არც მე ვაპირებ, მეშინია ნემსის,- ტუჩები აიბზუა მხატვრის შედევრმა,გამეცინა,  მისი მრავალჯერ ნაჩხვლეტი სხეული ხელახლა შევათვალიერე და ოციანის ღილაკს მივაჭირე თითი.
-ოჰ,მეც მეოცეზე,რა დამთხვევაა,-ულვაშიანმა შინაურულად გამიღიმა.
-მეც აცრილი ვარ,-გვამცნო ძაღლიანმა და მეჩვიდმეტე სართული მონიშნა.
-მე მეცხრამეტეზე მივდივარ,-თმაწითელამ გაბრაზებით მიაჭირა თითი ღილაკს.
-მე მეთექვსმეტეზე,-ნახატმა სასურველ ღილაკს მიაჭირა.
-მე მეოთხეზე,-წვერიანმა თვალები დაგვიბრიალა და ხელი წაიღო ღილაკისკენ.
-ასე,ახლოს,თუ მიდიოდი,ფეხით ვერ ახვედი?-თმაწითელამ ათვალისწუნებულს შეუღრინა.
-თქვენ უნდა გკითხოთ,ფეხით ვივლი,ცხენით,თუ ლიფტით?- ხურდად დაუბღვირა.
ხურდაზე ძველი კორპუსების ლიფტები გამახსენდა და გამიხარდა,რომ ყოველ დღე აღარ მომიწევდა ათთეთრიანების ძებნა.
-ძალიან ბევრნი ვართ,სივრცე კი პატარა,- უკმაყოფილებას ვერ მალავდა თმაწითელა.
-და ახლა რა ვქნათ,ქალბატონო? ავალთ ყველა ჩვენ-ჩვენს სართულზე,მოითმინეთ ცოტა ხანს,-წვერიანმა ისევ დაუბღვირა და ჩვენი ლიფტიც დაიძრა,დიდხანს არ უმოძრავია,რაღაც უცნაური ხმები გამოსცა,ცოტა შეგვაჯანჯღარა კიდეც და გაჩერდა.სინათლე ლიფტში და ჩვენს მხედველობაში ერთად ჩაქვრა.
-გავიჭედეთ?!-სასოწარკვეთით დაიძახა ძაღლიანმა,ხმაზე ვიცანი.
-ვაიმე,გავიჭედეეთ?!-ნახატის ხმაც ვიცანი.
-მგონი,გავიჭედეთ,-ულვაშიანი მთლად ვერ დარწმუნდა რეალობაში.
-დედა,გავიჭედეეთ?!-მაშინღა მოეგო გონს თმაწითელა და ისე შეიცხადა,ინსტიქტურად წავიღე ხელი მისკენ,ვერ ვიპოვნე.
-ვახ ჩემი,გავიჭედეთ,ტო?- კი ვერ დავინახე,მაგრამ მივხვდი ხელს დაისვამდა წვერზე.
-პანიკა საჭირო არ არის!-წამოვიძახე ყველას დასამშვიდებლად და მობილური ტელეფონი მოვიმარჯვე. დაფას მივანათე და წითელ "შOშ"-ს ღილაკს იმედიანად დავაჭირე თითი.გაფუჭებულ კასეტიან მაგნეტოფონივით ახრიალდა ხმის გამომცემი და თითქოს ჩვენს ყურთან ათასი ფურცელს ერთდროულად ხევდნენ,ისეთი ფხრიწინი ატეხა.
-ეუჰ!-ყველამ ერთხმად წამოვიძახეთ და ვეცადეთ ასთორმეტთან ტელეფონიდან დაკავშირება. ექვსი ეკრანის განათებამ თვალებში სინათლე დაგვიბრუნა და იმედიც,რომელიც მალევე უიმედობაში გადაიზარდა.
-არ იჭერს?!-ისევ სასოწარკვეთით დაიძახა ძაღლიანმა.
-ვაიმე,არ იჭეერს?!-აჰყვა ნახატიც.
-მგონი,არ იჭერს,-ჩვეულად ჩაილაპარაკა ულვაშიანმა.
-დედა,არ იჭეერს?!-თვალები გადაატრიალა თმაწითელამ და სანამ ჩაიკეცებოდა ხელი წავიღე მისკენ,ამჟამად ვიპოვნე და დაცემას გადავარჩინე.
-ვახ,ჩემი,არ იჭერს,ტო?-წვერიანმა ნერვულად მოიქექა აბურდული წვერი.
-პანიკა საჭირო არ არის!-ხელმეორედ წამოვიძახე და კარს დავეჯაჯგურე. თავი ძველ ლიფტში მეგონა,რომელსაც ერთი ხელის მოსმით ვაღებდი,აქ კი,ნურას უკაცრავად,ძვრაც ვერ ვუყავი და ასე საკონსერვედ გამზადებულებმა გამოსავლის ძებნა დავიწყეთ.
-ასულიყავი ფეხით!-შეუღრინა თმაწითელამ  წვერიანს.
-თქვენ უნდა გკითხოთ,ფეხით ვივლი,ცხენით,თუ ლიფტით?- ხურდად დაუბღვირა.
-ზოგი ახლა იარე!- ისე მოუგო ნიშანი,თითქოს თავად ნარიყალაზე სეირნობდა.
-რა დროს კამათია,ვიღონოთ რამე?!- გაბრაზდა ძაღლიანი ქალბატონი.
-ვაიმე,რა დროს კამათია?!-გაბრაზდა ნახატიც.
-მგონი, კამათის დრო არ არის?!-ულვაშიანი მთლად დარწმუნებული არ იყო.
-დედა, რა კამათი?!-შეიცხადა თმაწითელამ.
-რა კამათი,ძმაო? ვაიასნებ,-წვერზე დაისვა ხელი.
-პანიკის დრო არ არის! მონაცვლეობით ვიყვიროთ,იქნებ ვინმეს მივაწვდინოთ ხმა!-ვთქვი და ორ კარს შორის გამყოფ ზოლს პირი მივაბჯინე.
-გვიშველეთ! გავიჭედეთ,ლიფტში ვართ!- მთლად ხმამაღლა არ გამომივიდა,მაგრამ არაუშავდა.
-გვიშველეთ! ლიფტში ვართ!-შემცვალა ძაღლიანმა.
-ვაიმე,გვიშველეთ,გავიჭედეთ!- ძაღლიანი ნახატმა შეცვალა.
-მგონი,ვინმემ უნდა გვიშველოთ,მგონი გავიჭედეთ!- ნახატიანი ულვაშიანმა ჩაანაცვლა.
-დედა,გვიშველეეთ,გავიჭედეეთ!-თმაწითელამ ულვაშიანი მუჯლუგუნით გასწია გვერდზე.
-ჩემი ძმა,გავიჭედეთ,უნდა გვიშველო,ტო!-ვის მიმართა არ ვიცი,მაგრამ საკმაოდ ომახიანად კი გამოუვიდა.
-ჩემთან ახლოს ნუ მოდიხარ!-შეჰკივლა თმაწითელამ და ამ უკანასკნელს თვალები დაუბრიალა.
-დეიდა,რა გინდა,ვაფშე,ტო?-ხელები გაუშალა.
-რა მინდა და კუთხეში დადექი,იქით!- თითის გაშვერით ანიშნა ძაღლიანისკენ.
-აქეთ რატომ? მე,რომ გადამდოს?-აპილპილდა ძაღლიანი,რასაც ძაღლის გაბმული ყეფა მოჰყვა პატრონის დაცვის მიზნით.
-შენც იქით,დადექი!-უბრძანა ნახატსაც.
-სადაც მინდა,იქ ვიდგები!-გაჯიუტდა შედევრი.
-მე ქალბატონო,მგონი,აცრილი ვარ,-დაასწრო ულვაშიანმა.
-შენ?!- თვალი დამასო.
-მე? მე ორგზის აცრილი ვარ!-ვიცრუე.
-შენ მოდი,აქეთ,-თავისკენ მიბიძგა.
-ტელეფონი მიჯდება!-წამოიძახა ძაღლიანმა და მის ხელში მოკვდა ნათებაც.
-ვაიმე,ჩემიც ჯდება,-აჰყვა ნახატი.
-მგონი,ჩემიც,-თქმა და ულვაშიანის ხელში დალია სული სინათლემ.
-დედა,ჩემიც სულს ღაფავს!-გამეტებით შეანჯღრია ტელეფონი თმაწითელამ.
-აუ,ჩემი! კვდება ეს ჩემის...- უწმაწურად დაასრულა გამოსვლა წვერიანმა.
-უზრდელი!- თმაწითელამ გაკიცხა.
-აუ,ეს ქალი გაიყვანე,რა ძმაო!- მე მითხრა.
-შენ გადი,მარილზე!- თვალები დააკვესა თმაწითელამ.
-აუ,მომშივდა,-მარილზე პური გაახსენდა ნახატს.
-მგონი,მეც,-ულვაშიანმა ნერწყვი გადაყლაპა.
-დედა,საჭმელს ნუ ახსენებთ!-თმაწითელამ ტანმდიდარ სხეულზე დაიხედა.
-აუ,ჩემი რა კიშკები დავტოვე სახლში?!-სინანულმა მოიცვა წვერიანი.
-ჩემს ნელიკოს აქვს საჭმელი,-ძაღლიანმა ჩანთიდან პატარა ქაღალდის შეფუთვა ამოიღო.
ჩემი სიცილი და ჩემი ტელეფონის გარდაცვალება ერთი იყო. უცებ,ისევ გავეხვიეთ უკუნეთში და ერთხმად წამოვიძახეთ.
-ეუჰ!
-ეხლა კი ნაღდად დაგვერხა,ძმაო!
-ვაიმე,დაგვერხა?!
-მგონი,დაგვერხა!
-დედა,დაგვერხა?!
-დაგვერხა?!
-პანიკის დრო არ არის!-ვეცადე ლიფტი დამემშვიდებინა,თუმცა ძაღლმა ისე გამაყრუებლად ატეხა ყეფა,სიბნელეში ერთმანეთს მივაწყდით ყველა.
-ვაიმე,გვიკბენს!
-მგონი,გვიკბენს!
-დედა,გვიკბენს?!
-აუ,ჩემი,არ გვიკბინოს,ტო?!
-არ იკბინება,ეშინია,თან შარდის ბუშტი აწუხებს!
-რა აწუხებს?-ვკითხე სიბნელეს.
-ფისები უნდა!-დამიკონკრეტა სიბნელემ.
-ვაიმე,ფისები უნდა?
-მგონი,ფისები უნდა!
-დედაა,ფისები უნდა?
-ვახ,ჩემი,მეც მინდა ფისები!
-უზრდელო!
-ვაიმე, მეც,-აწრიალდა ნახატი.
-მომიტევეთ და მგონი,მეც..
-მეც..-ამოიკნავლა ძაღლიანმა.
სოლიდარობის მიზნით მეც გამევსო შარდის ბუშტი და ლიფტიც გაივსო სინათლით.მოულოდნელ განათებაზე,ყველამ ინსტიქტურად ავიფარეთ ხელები სახეზე.
-ვაიმე,შუქი მოვიდა!
-მგონი,შუქი მოვიდა!
-დედა,შუქი მოვიდა!
-ვახ,ჩემი,შუქი,ტო!
-შუქი მოვიდა ნელიკო,მალე ავალთ,მოითმინე!- აღრენილ ძაღლს მიესიყვარულა.
-ხომ გითხარით,პანიკა საჭირო არ არის-მეთქი!-ამაყად გადავხედე სამეზობლოს და  ღილაკ ოცს მივაჭირე თითი.
-ოჰ,მეც მეოცეზე,რა დამთხვევაა,- ისევ შინაურულად გამიღიმა ულვაშიანმა.
-მე მეჩვიდმეტეზე,- ძაღლი ნელიკო ამოიღლიავა და ისე მიაჭირა ღილაკს თითი.
-მაშ თექვსმეტი?-მხიარულად წამოიძახა ნახატმა და ღილაკზე მიაწკაპუნა.
-ცხრამეტი!-ღილაკს გაბრაზებით მიაჭირა თითი ტანმდიდარმა.
-მე მეოთხეზე,ძმაო,-თავის ქნევით მითხრა.
-ფეხით ვერ ახვედი?!- ცხვირი აუბზუა თმაწითელამ.
-აუ,ეს ქალი,გაიყვანეთ,ტო!-მობეზრებულად დაიძახა და ნერვულად მიაჭირა ღილაკს თითი.
ჩვენდა სამწუხაროდ, ლიფტი არც დაძრულა,არც კარი გაღებულა.
-ვაიმე,რა ხდება?
-მგონი,რაღაც ხდება?!
-დედა,რა ხდება?!
-რა ხდება,ტო?!
-ლიფტი არ მუშაობს!-ნელიკომ ისევ ყეფა გააბა.
-პანიკა საჭირო არ არის!-ჰაერში შევაჩერე საჩვენებელი თითი,შემდეგ თავზე გადავიტანე და ჩაფიქრებულმა მოვიქექე.
-ვაიმე,ლიფტი არ მუშაობს?
-ხმა! ხმა არავინ ამოიღოთ!-აქამდე სიმშვიდე შენარჩუნებულს,ნერვებმა მიმტყუნა.
-მთავარია,სინათლე გვაქვს,-მათ შეშინებულ სახეებს გადავხედე და ცოტა მოვლბი.
ისევ "შOშ" ღილაკი მოვსინჯე. ისევ ქაღალდის ფხრეწვის ხმა გაისმა,თუმცა მალევე შეწყდა და მამაკაცის ხმა გაისმა.
-საავარიო სამსახური"გიშველი" გისმენთ?!
-ბატონო გიშველი, სასწრაფოდ უნდა გვიშველოთ,ლიფტში ვართ გაჭედილი ექვსი ადამიანი,გვშია,გვწყურია და ნელიკოს ეფსია!-მივაყარე სულმოუთქმელად.
-ბატონო?!
-ვაიმე,ლიფტში ვართ გაჭედილი ექვსი ადამიანი,გვშია,გვწყურია და ნელიკოს ეფსია!- ჩამენაცვლა ნახატი.
-როგორ?!
-ბატონო გიშველი,მგონი,ლიფტში ვართ გაჭედილი ექვსი ადამიანი,მგონი, გვშია,გვწყურია და მგონი,ნელიკოს ეფსია,მგონი, ჩვენც..
-რა ბრძანეთ?!
-დედა,რა ვერ გაიგე გიშველი?! ლიფტში ვართ გაჭედილი ექვსი ადამიანი,გვშია,გვწყურია და ნელიკოს ეფსია!
-რა ხუმრობაა?!
-აუ,ჩემი ძმა,შუტკების ნასტრაენიაზე არ ვარ! ლიფტში ვართ გაჭედილი ექვსი კაცი,გვშია,გვწყურია და ჩვენს დაიკოს ეფსია,ნელიკოს ტო!
-ცოტა სწრაფად,ვეღარ ითმენს!-მოუთმენლად ჩასძახა ნელიკოს პატრონმა.
-ერთი წუთით,მოითმინეთ?!-აშკარად გაოგნებული სახე ექნებოდა,ისე მოგვმართა.
-ხომ გითხარით,პანიკა საჭირო არ არის-მეთქი!-ისევ ამაყად მოვავლე თვალი ლიფტის წვერებს.
-საავარიო სამსახურის "გიშველის" სამაშველო ჯგუფი თხუთმეტ წუთში იქნება ავარიულ ობიექტზე! იქამდე,გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ერთმანეთისგან ერთი მეტრის დისტანციით დაიკავოთ ადგილები! - გვითხრა "შOშ" ღილაკმა და დადუმდა.
-ერთი მეტრიო,ხომ გაიგონეთ?!- ძერასავით მზერა მოგვატარა თმაწითელამ ხელით გაგვწი-გამოგვწია.
-ვაიმე,ვერ ვეტევით!
-მგონი,ვერ ვეტევით?!
-აუ,ეს ქალი გაიყვანეთ რა?!
-ასე გავიგუდებით,ნელიკოს ჰაერი უნდა!
-ჰაერზე და აბასთუმანზე ბოდიში!-მკვახედ მიახალა თმაწითელამ და ხელები განზე გაშალა,ერთი მეტრი მოიხაზა.
-თხუთმეტ წუთში თავისუფლები ვიქნებით,ნუ კამათობთ! პანიკა საჭირო არ არის!
-რომ დავირუსდები,მერე იჭიკჭიკე!-ახლა მე მომაფრინდა.
-ვაიმე,დავვირუსდებით?
-მგონი,დავვირუსდებით.
-ნამდვილად,დავვირუსდებით,თუ არ გაიწევით!-გაიბრძოლა ნელიკოიანმა.
-რა ვირუსი,ტო? ამაზე დიდი ვირუსი?- ტანმდიდარს გადახედა.
-უზრდელო!
-აუ,ჩემი!-ყბებს აუტეხა ღრჭიალი.
-მოვიდნენ!-წამოვიძახე და ექვსივე კარს მივაწყდით,დაგვავიწყდა დისტანცია.
-ვაიმე,აქ ვართ!
-მგონი,აქ ვართ!
-დედა,აქ ვართ,აქ!
-დიახ,აქ ვართ!
-ძმაო, აქ ვართ მთელი სხადნიაკი!
-გვიპოვეს,პანიკა საჭირო არ არის!
კარი გაიღო,თუ არა,ექვსივე ლიფტის კედელს მივაწყდით. სადარბაზოში თეთრ სკაფანდრებში გამოწყობილი არმია დაგვხვდა.
-ვაიმე, სხვა პლანეტაზე ვართ!
-მგონი,სხვა პლანეტაზე ვართ!
-დედა,უცხო პლანეტაზე ვართ?!
-ვახ,ჩემი! ამდენიც არ მომიწევია,ტო!
-დროზე,ჩაიფსა ნელიკომ!-პირველი ნაბიჯი გადადგა ძაღლიანმა.
-სათითაოდ გამოდით!-გვიბრძანეს. რა თქმა უნდა ბრძანებას დავემორჩილეთ,მაგრამ,როდესაც ჩვენი კლინიკაში გადაყვანა დააპირეს,აქ კი გადავირიეთ და ლამის გაკოჭილები შეგვსვეს რეანომობილში.
-ვაიმე,დადებითიაო!-ლამის ატირდა ნახატი.
-მგონი,დადებითიაო,- საგონებელში ჩავარდა ულვაშიანი.
-დედა,ყველაფერი უარყოფითი მაქვს,რაღა ეს მაქვს დადებითი?!-თმაწითელას სახეც აუწითლდა.
-აუ ჩემი,ნახალკებს მტენიან,ვირუსი გაქვსო!- წვერიანი გაკვირვებული  აიტრიალებდა ხელებს.
-რადგან ნელიკომ არ ჩაიფსა,რას დავეძებ!
მეც სოლიდარობის ნიშნად დადებითი ტესტი ვაჩვენე და ექვსივე ერთი დადებითი ხასიათის მქონე "მარშრუტკის" მძღოლს ჩაგვაბარეს ორკვირიანი საკარანტინე ფურცლებით ხელში.
სასტუმროს ფოიეში ორი ლიფტი იყო,რომელთაგან ერთი არ მუშაობდა.
-შენ ცუდი ფეხი გაქვს,კიბით ადი!-შეუბღვირა თმაწითელამ წვერიანს.
-აუ,ჩემი,ვინ არის ეს,ტო?!
-ვაიმე,ისევ ,რომ გავიჭედოთ?-გაეცინა ნახატს.
-მგონი,გავიჭედებით?!
-დედა, რომ გავიჭედოთ,თავს მოვიკლავ!
-აუ,ნეტა გავიჭედოთ!-წვერიანს გაეცინა,მეც მასთან ერთად.
-დროზე,შემოდი,-მითხრა ნელიკოიანმა.
ღრმად ჩავისუნთქე და ლიფტში შევრგე თავი.
-ღილაკი ასარჩევი არ გვაქვს,ყველა მეცხრეზე მივდივართ!-ვთქვი და ცხრიანს თითი მივაჭირე.
მხნედ დაძრული ლიფტი,შუა გზაში ციებანივით აძაგძაგდა და სინათლესთან ერთად მიყუჩდა.
- ვაიმე,არ არსებობს!
-მგონი,არ არსებობს!
-დედა,არ არსებობს!
-ვარიანტი არ არსებობს,ტო!
-გავიჭედეთ!
-პანიკა საჭირო არ არის!

დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები