ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2021


კვესელავა ნიკას

ფაუსტოელს

და მალე დადგება წელიწადი,
თვალებზე ხელი რომ ავიფარეთ,
მიწა მიგვახმა ყველა თითზე
თითებით სახლი რომ ჩაგაცვით.
როგორ დაღონდა მინდორ-ველი,
შენი კიბე და სახელური,
სადაც მამა იყო მეტად მკვდარი,
შენი ძმაკაცები განრიგში.

და ყველას თვალი,ყველას სხივი როგორ არ მახსოვს,
როგორ აყვავდნენ ის ცრემლები,რომ ჩაგისახლეთ.
აქ ქალაქია მეგობარო ისევ ისეთად,
ყველაფერია გარდა იმის,რასაც ვეტრფოდით.

კარალიოკები დაგვეკარგა და ის მზეები,
როგორც თილისმა,
და ის გზა-შარა,ღიმილები,მერე წყენები,
შენ მახსენებდი რომ გაგვფენენ როგორც სარეცხებს,
მოგვიპარავენ,წაგვიღებენ ისეთ თავსხმაში.

ჩვენ ხომ მოვყევით,
სად დაინგრა ჩვენი წისქვილი,
ენგურს მიჰქონდა ყველა  წიგნი,ჟინი ცხოვრება,
ის მოცახცახე,-ის ცაცხვები,მაგრამ ისინი...
დღემდე გვივლიან,გვაკითხავენ,მერე გვიძლებენ,-
ფანჯრის რაფაზე ამოსულებს.

ჩვენ ხომ გვერჩივნა რტოზე შერჩენას,
ქარების ფრთებზე მუდამ სიკვდილი.
მე ვეღარასდროს დავინახავ იმ ცისფერ ზეცას,
იმ ცისფერ თვალებს ვეღარასდროს ჩავუსახლდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები