ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 დეკემბერი, 2021


William Shakespeare – Sonnet LXI (61)

უილიამ შექსპირი - სონეტი LX I (61) - თარგმნა ოთარ ცისკაძემ


დაღლილ ქუთუთოს რომ ვერ ვხუჭავ მშვენი სახების
ღამეულ ჭვრეტით, ასეთია შენი წადილი?
რადგან უთუოდ ძილს გამიკრთობ, თუ მენახვები
თვლემამორეულს და მაწამებ მსგავსი აჩრდილით.

შენი სულია მოჩენილი ჩემთვის მოენედ
და დააკისრე მითვალთვალოს თავგამოდებით,
ეჭვშეპყრობილი რადგან რწმენით ვეღარ მომენდე,
ის წარმოგზავნე, აღმინუსხოს ქცევაც, ცოდვებიც?

არა! გიყვარვარ, მაგრამ განა გარდარეულად!
ჩემი ტრფობაა მღვიძარების შემაწევარი,
ძილი დავკარგე სიყვარულზე გადაგებულმა,
შენი გულისთვის გავხდი მარად ღამის მთევარი.

შენ გყარაულობ, დაძინებაც არ მსიამოვნებს,
ჩემგან შორსმყოფი, როცა ფხიზლობ სხვის სიახლოვეს.

1 დეკემბერი, 2021 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://nosweatshakespeare.com/sonnets/61/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები