ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: იუმორისტული
8 დეკემბერი, 2021


"მე,კამა,ავე და მევლუდ დარდი" (ნაწილი 1 )

"ვინერვიულებთ თქვენს მაგივრად,სწრაფად და ხარისხიანად"
ტელ. 577-404-4...

სახლის კარზე გაკრულ განცხადებას დავაკვირდი.მეგონა მეჩვენებოდა,სამჯერ გადავიკითხე გაოცებულმა. არადა,იმდენი სანერვიულო მქონდა დაგროვებული,ნამდვილად მესაჭიროვებოდა შემცვლელი.გამეცინა,ხუმრობად კი აღვითქვი, მაგრამ ,მაინც მოვახიე ტელეფონის ნომერი.
საღამოს მაკამ აღელვებულმა დამირეკა. მოვდივარ,სახლში დამხვდი, გიზოს ვშორდებიო. გულს შემომეყარა. ჩემი დათოსთან განშორება არ მქონდა მონელებული,ახლა მაკა მემატებოდა.
სანამ მოვიდა,ჩემი დამემართა.ადგილს ვერ ვპოულობდი,ძუ მგელივით დავძრწოდი ოთახებში.
მოაღწია.
კარი გავაღე და შევკივლე.
-რას გავხარ ,მაკა?!- მის ყალყზე დამდგარ თმას  გაოცებულმა შევხედე.
-სალონიდან მოვდივარ,- ტანის გრეხვით წავიდა სამზარეულოსკენ.
- რა სალონიდან?!- გაოგნებული მივყევი უკან.
-სალონი არ იცი,გოგო?- სკამზე დაჯდა და ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა.
-აბა,გიზო?-შევახსენე სტუმრობის მიზეზი.
-ზუსტად,მაგის ბრალია,თმა რომ შევიჭერი!- სიგარეტს გაუკიდა და ეცადა ლამაზად გამოეშვა კვამლი.
- ისეთი აღელვებული ხმა გქონდა ტელეფონში,მეგონა კისერზე ყულფით მოხვიდოდი,- უკმაყოფილოდ ვუთხარი და ყავის მომზადება დავიწყე.
-ყულფს იმ ვაჟბატონს ჩამოვაცვამ!
-რა მოხდა აღარ იტყვი?
- სახლში მოიყვანა კუ და გველი!
-რა კუ და გველი?- ლამის ფინჯანი გამივარდა ხელიდან.
-კუ,არ იცი რა არის?ან გველი? ბაკანი,ოთხი ფეხი და გველივით კისერი და კიდევ გრძელი გველი!-ზიზღისაგან გააჟრჟოლა.
- მერე,მაგის გამო შორდები?-ვთქვი და მეც ზიზღი აღმებეჭდა სახეზე.
-იცის,რომ ვერ ვიტან! ცუდად ვხდები, რომ ვხედავ და სპეციალურად მოიყვანა.თან იცი,რამხელები არიან?!
- რა სულელური მიზეზია,ხომ იცი უყვარს ქვეწარმავლები,-გადავიჩოჩე გიზოს მხარეს, მათი ოჯახის შენარჩუნების მიზნით.
-ნაკლები გველი ვყავარ?რას მიწუნებს?!- დაიჯღანა.
-მაგაში მართალი ხარ,მეც მეწყინებოდა,-ავკისკისდი და ისევ ყავას მივუტრიალდი.
- სახელებს არ იკითხავ?!-აიფოფრა.
-რა დაარქვა?- ფხუკუნზე გადავედი.
-გველს კამა და  კუს ავე!
-ბატონო?! რა კამა და ავე?- მივანებე თავი ყავას და დავჯექი.
-ვერ მიხვდი?!
-ვერ-ა,-თავი გავაქნიე.
-ჰმ,შენ ხომ ყველაფერი უნდა დაგიღეჭოს ადამიანმა!-გაბრაზებით  ჩასრისა სიგარეტის ნამწვი საფერფლეში.
-მაკა-კამა, ევა-ავე,მიხვდი?!
-ვაიმე! არ არსებობს! - წამოვიძახე და ისეთი სიცილი ამიტყდა,ვეღარ ვჩერდებოდი.
- რა გაცინებს?!
-დამაცადე,არ შემიძლიაა,- სიცილიც აღარ ერქვა,ჭიხვინზე გადავედი.
-ცხენი მაინც მოეყვანა,- მიკბინა.
-დედაშენი მიხვდა?- სულს ვეღარ ვითქვამდი.
- ვერ მიხვდა,მაგრამ მე ვეტყვი!- ბოროტ დედინაცვალივით მოჭუტა თვალები.
-არც გაბედო!-წამოვიძახე შეშინებულმა.
-აი, ქალბატონ ევას კი ვერ გადაურჩება ,- ნაპერწკლებმა გაიელვეს მის თვალებში.
-იმედია,გონება დაგეწმინდება და მაგას არ იზამ!- წარბი შევუკარი. გიზო ძმასავით მიყვარდა.მისნაირი სიძე მთელ სადაქალოში არ გვყავდა. ყველანაირად დადებითი ხასიათის და ქცევის. ერთადერთი "ნაკლი" რაც ჰქონდა ,იყო ის,რომ თუკი სადმე ქუჩაში ცხოველს წააწყდებოდა,სახლში მიჰყავდა. რასაც მაკას აღშფოთება მოჰყვებოდა და გამუდმებით კამათობდნენ.ერთი პერიოდი შეწყვიტა გიზომ ეს "მავნე" ჩვევა და მათ ცხოვრებამაც იდილიაში გაცურა.
- არა,ბიჭოს,ასე ტექნიკურად ვაკბენინებ ჩვენზე!- დაიმუქრა და მეორე ღერი სიგარეტი მოიმარჯვა.
- ძალიან საყვარელია გიზო,ვგიჟდები მის იუმორზე,-სიცილით წამოვდექი.
-არსად დაგეკარგოს!- უკმაყოფილოდ მითხრა და კვამლი გაბრაზებით გამოუშვა ჩემსკენ.
კიდევ დავაპირე სიძის სასარგებლოდ მეთქვა რაღაც,კარზე კაკუნმა არ დამაცადა.
-ვაიმე!- შევყვირე კარის გაღებისთანავე  და უკან გადავხტი.
-რა იყო,გოგო?გიზო ვარ,- გაკვირვებულმა შემომხედა.
-შენ გიცანი,მაგრამ ეგ რა ჯანდაბა გიჭირავს ხელში?- სახე დამეჯღანა.
-ნუ დაიწყე შენი დაქალივით.ეს კამაა,ეს ავე,გაიცანი,-შუშის ორი პატარა აკვარიუმი გამოსწია ჩემსკენ.
განწირული მზერა გავაცოცე  სამზარეულოსკენ,მაკა მიყურებდა ცალწარბაწეული.
-აქ არის?-ჩურჩულზე გადავიდა გიზო.
უხმოდ დავუქნიე თავი.
-ეუჰ!-წამოიძახა და თვალები აატრიალა.
-მაგ ვაჟბატონს უთხარი,გაქრეს თავის ტერარიუმიანად!-ფეხზე წამოხტა მაკა.
-კაი,რა გჭირს? ნახე რა საყვარლები არიან?- სხვა გზა არ მქონდა,უნდა მეთამაშა,სანამ ომი ატყდებოდა.
-კამიკოო,-მივესიყვარულე შლანგივით დახვეულს.-შენ ავეკუნები? სიყვარულები,ბაკანუკები?-მოვიჩლიქე ენა,თან გიზოს მუშტები მოვუღერე.
-ხომ მაგარი ტიპები არიან?-გიზოც ამყვა თამაშში.
-გადავირიე,ასეთი სილამაზეები სად იპოვნე?-ლამის ავტირდი ჩემს უნიჭო სპექტაკლზე.
-ვაი,თქვენს პატრონს!- მაკამ ჩანთას წამოავლო ხელი და შურდულივით გავარდა კარში.
-დავიღუპე!-წამოიძახა გიზომ,აკვარიუმები  ფეხებთან დამიწყო და ცოლს გაეკიდა. გაოგნებული და შეშინებული დავრჩი ადგილზე. ისე დაიკლაკნა კამა,კედელს ავეკარი. თავი,რომ წამოსწია,სულ გადავირიე. ავეს რა უჭირდა,  დაცოცავდა თავისთვის პატარა კუნძულზე.
-ღმერთო,ოღონდაც მალე დაბრუნდეს,-ჩუმად ვთქვი და კამას სამფლობელოს ოდნავ მივკარი ფეხის წვერი. უცებ გამოყო ორკაპა ენა და მტრულად შემომხედა.
-შენი თვალების ბრიალიღა მაკლდა,-დავუცაცხანე და აზუზუნებულ ტელეფონისკენ წავედი.
- უნდა მიშველო და ამაღამ შეიფარო ავე და კამა,-მომაყარა გიზომ.
- არ არსებობს!-ნერვულმა სიწითლემ გადამიარა სახეზე.
- ოჯახი მენგრევა, ჟანეტ!-გულმოსაკლავად ჩამყვირა.
-ჩემს დანგრეულ ფსიქიკას შენი უშველი მერე?!-მეც ჩავყვირე.
-გეფიცები,მე გატარებ ექიმთან,ოღონდაც დღეს გადამარჩინე შენს იქით, გზა არ მაქვს,-მუდარაზე გადავიდა.
-ექიმი რად უნდა მიცვალებულს?-ცრემლი გამერია ხმაში.
-კარგი რა ჟანეტ,მასე ტრაგიკულადაც ნუ მიუდგები.ძალიან ჭკვიანები არიან,არაფერს დაგიშავებენ,არც შხამიანები არიან,უნდა დამეხმარო,შენი იმედი მაქვს!- ჩამისხაპასხუპა და გამითიშა.
სიმწრით გამეცინა. გადარეკვას აზრი აღარ ჰქონდა. აკვარიუმებთან ჩავიმუხლე. ავეს ეძინა მგონი,გაუნძრევლად იდგა,აი,კამას კი მოსვენება ჰქონდა დაკარგული.გაკვანძვამდე ამოძრავებდა სხეულს.
-ჩემს პრობლემებს ესღა უნდოდა?- საცოდავად ჩავკიდე კისერი და მდგმურების თვალიერებას მივყვევი.ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნეს და აფუტფუტდნენ. შუბლში შემოვიკარი ხელი. ვერაფრით გავძლებდი დილამდე მათ გვერდით.სასწრაფოდ მოვძებნე  გიზოს ნომერი.
-ჟანეტ, ვიცი ,რისთვისაც  მირეკავ,შიათ ხო?- სანამ ხმას ამოვიღებდი,დამასწრო.
- გიზო, ზუსტად ხუთ წუთში გაჩნდი აქ! ზუსტად ხუთ წუთში!- ჩავძახე გააფთრებულმა და გავუთიშე.
ხუთი არა და ნახევარ საათში კი მოვიდა. გაღიმებული შემოვიდა, ქაღალდის პატარა  პაკეტი დადო სამზარეულოს მაგიდაზე და ყურებამდე გახსნა პირი.
- გიზო, ამ სახლიდან მაკას და ევას გარეშე ვერ  გახვალ!-თვალები დავუბრიალე.
- კამა და ავე ,გოგო,- ჩაიცინა.
- ისინი ხომ გადაიყვანე ჭკუიდან,ახლა ჩემი ჯერია?- სულაც არ მეცინებოდა,გაკაპასებული ვიყავი.
- აქ საჭმელია, ვაჭმევ მე თვითონ და წავალ..ჟანეტ,ახლა სიბრაზის დრო არ არის,შენი დაქალი მაინც შეიცოდე,ოჯახი დაენგრევა,მერე აქ დაგიჯდება ოცდაოთხი საათი და უსმინე მის გაუთავებელ წუწუნს,გინდა ასე?
- რატომ მაგდებ ნამუსზე?- უარესად გავბრაზდი.
- მე მხოლოდ მომავალი დაგიხატე,დანარჩენი შენ იცი,- საცოდავი სახე მიიღო და აკვარიუმებისკენ წავიდა.
-არტისტი ხარ რა! ძალიან,რომ არ მიყვარდე,არ ვიცი,რას დაგმართებდი.

ბედს შევეგუე.აბა,რა მექნა? სჯობდა მე მენერვიულა,ვიდრე მეგობარს დანგრეოდა ოჯახი. ნერვიულობაზე განცხადება გამახსენდა.ნეტავ,მართალია,თუ ხუმრობა? გულს მაინც გადავაყოლებ-მეთქი,ვიფიქრე და გიზო გავისტუმრე,თუ არა, სასწრაფოდ მოვიმარჯვე ნომერი.
- მოგესალმებით, თქვენს მაგივრად ნერვიულობის ცენტრი, ოჯახის წევრებზე სანერვიულოდ მითხარით ციფრი ერთი, მეგობრებზე სანერვიულოდ ციფრი ორი,მეზობლებზე სანერვიულოდ ციფრი სამი,სამსახურზე სანერვიულოდ ციფრი ოთხი, იმედგაცრუებულ სიყვარულზე ციფრი  ხუთი,- მიპასუხა მამაკაცის მომნუსხველმა ხმამ  და ამავდროულად დამაბნია. ჯერ ის,რომ სერიოზულად არ მეგონა ეს ყოველივე,მეორე ის,რომ ამდენი სანერვიულოდან ვეღარ ვიგებდი,რომელი ციფრი მაწყობდა.
-ხუთი,-ვთქვი და დაველოდე.
-მოგესალმებით თქვენს მაგივრად ნერვიულობის ცენტრი. თქვენ მითხარით ციფრი ხუთი,იმედგაცრუებული სიყვარული.მე გახლავართ მევლუდ დარდი, შემოგთავაზებთ ნერვიულობის უმაღლეს ხარისხს. გვაქვს ცრემლით და უცრემლოდ მომსახურეობა,აგრეთვე უხმო და ხმიანი, გისმენთ?!- ტელეფონი ყურთან გამიშეშდა და ენაც ჩამივარდა.
-გესმით ჩემი?- კიდევ გამომეხმაურა მევლუდ დარდად წოდებული.
-გამარჯობა,ბატონო მევლუდ,-ძლივს ამოვღერღე.
-თქვენი სახელი ქალბატონო?
-ჟანეტი.
-ო,ჟანეტ! ძალიან ლამაზი სახელი გაქვთ,- ყელში ხრინწი გაუჩნდა და მსუბუქი ჩახველებით ჩაწმინდა.- რა ფერის თვალები გაქვთ?-მკითხა  ხმადაწმენდილმა.
-თვალის ფერი რა შუაშია?-გამიკვირდა.
- ო,ქალბატონო ჟანეტ,თვალები ყველაზე მისტიური ორგანოა ადამიანის.მე აუცილებლად უნდა ვიცოდე,რა ფერის არის ის, რომ იმის და მიხედვით შევუდგე ნერვიულობას!
-უცნაურია,- ჩემთვის ჩავილაპარაკე,თუმცა მევლუდ დარდს გადასარევი სმენა ჰქონდა.
-რატომ არის უცნაური?
-ცისფერი,-ამოვიკნავლე.
-ო,ჟანეტ, თქვენს თვალებს ცრემლით ნერვიულობა მოუხდება.წარმოიდგინეთ,როგორც ცას  უხდება წვიმა,ასევე ცისფერ თვალს უხდება ცრემლი,-კმაყოფილმა გაიღიმა, ხმის ინტონაციაზე მივხვდი.
"ეს მთლად ჯანსაღ ჭკუაზე არ უნდა იყოს" გავიფიქრე და გადავწყვიტე ყურმილი გამეთიშა.
- ბოდიში,ბატონო მევლუდ,რომ აგაფორიაქეთ, უნდა დაგემშვიდობოთ,-თავაზიანობა არ დამიკარგავს.
-მოითმინეთ ჟანეტ! უცრემლოდაც შეიძლება,უბრალოდ მეტი ეფექტისთვის შემოგთავაზეთ,თან ცრემლს როდესაც ატანთ დარდს,უფრო მალე ეშვება გულს..სულს,- პასუხის მოლოდინში გაჩუმდა.მეც გავჩუმდი. ვერ ვწყვეტდი,გამეგრძელებინა,თუ არა,ეს უჩვეულო სეანსი.
- დავიწყოთ?- მომთხოვნად მკითხა.
-სიმართლე გითხრათ, იმედგაცრუებულ სიყვარულზე მეტად, დღევანდელი სანერვიულო მინდოდა გადმომეცა,- ლამის გამეცინა ჩემს სიტყვებზე.
-ბრძანეთ,არ არის პრობლემა,ჩვენ ყველაფერზე ვნერვიულობთ,-დამაიმედებლად მითხრა და სმენად იქცა.
-არ ვიცი,როგორ დავიწყო,-ენა დამება.
-თავიდან დაიწყეთ,სათავეს ჩაეჭიდეთ,-გამამხნევა.
-საქმე მდგომარეობს შემდეგში,-რიხიანად დავიწყე და სიტყვა-სიტყვით მოვუყევი გიზოს მიერ ძალით შემოჩეჩებულ ტერარიუმის შესახებ.ყურადღებით მისმენდა,დასასრულს კი ორივეს მხრიდან პაუზა მოჰყვა.
-როგორ ბრძანეთ,რა ჰქვიათ?-მოგუდული სიცილი მომესმა.
-კამა და ავე,ანუ მეუღლის და სიდედრის შებრუნებული სახელები.
-კარგი იუმორი ჰქონია,-გულიანად გაეცინა მევლუდ დარდს და მეც ამიყოლია.
-კი მეცინება,მაგრამ მართლა ძალიან ვნერვიულობ,გული მიგრძნობს,მდგმურები კარგა ხანს დაჰყოფენ ჩემთან,-უკმაყოფილოდ დავასრულე წინადადება.
-მდაა..ნერვიულობის მთელი ცხოვრების სტაჟი მაქვს და არასდროს მქონია შემთხვევა კუ და გველზე მევიშვიშა,-სიცილი აუტყდა.
-თქვენ რა,მაშაყირებთ?!-წარბი შევყარე.
-არა,ქალბატონო ჟანეტ,უბრალოდ,ცოტა კურიოზულია,მაპატიეთ,-უცებ დასერიოზულდა.
-ამ ეტაპზე ჩემი სანერვიულო ეს არის!- ვუთხარი და დაველოდე სეანსის დასაწყისს.
-გასაგებია, თქვენ მშვიდად იყავით,ერთ საათში შემოგეხმიანებით.
-როგორ,მე არ უნდა დავესწრო სეანსს?-გამიკვირდა,რაღა სეანსია,თუ მეც არ ვიქნებოდი.
-თქვენ,რომ დაესწროთ,აზრი? ორმაგად მოგიწევთ ნერვულობა,ახლა დავჯდები და მთელი მონდომებით გამოგაცლით დარდს თქვენს სამსახურში მყოფი მევლუდ დარდი!-მგონი თავიც დამიკრა,ისეთი არტისტიზმი იგრძნობოდა.
-რა გაეწყობა,-უკან დავიხიე.
-დროებით,ქალბატონო ჟანეტ..
-დროებით,ბატონო მევლუდ..დარდი,-ბოლო სიტყვა ჩუმად ვთქვი და გავთიშე ყურმილი.იმედია ვერ გაიგონა.
ცოტა არ იყოს და,მსუბუქად ვიგრძენი თავი.რადგანაც კამა და ავე ნერვიულობის ცენტრს მივაჩეჩე. დივანზე არხეინად წამოვგორდი და თვალები დავხუჭე.ვიგრძენი ,თუ როგორ გადიოდა ჩემი სხეულიდან დარდები და მევლუდს ესხმოდნენ თავს. ამ შეგრძნებამ ისე გამიტაცა,რომ მარტო "მდგუმრების" კი არა,ისეთ დაუკრეფავ დარდებშიც გადავედი,ცოტა არ იყოს და შემრცხვა,ფეხზე წამოვხტი და აკვარიუმებთან მივედი. კამას თავი და ბოლო ვერ გავუგე,ისე იწვა ჩახვეული,ავე და დაბობღავდა სახლაკიდებული. გამეცინა,როცა გავიაზრე მისი მდგომარეობა. სხვის სახლში,სხვისი სახლით,თავის სახლში იჯდა.წარმოგიდგენიათ? ჩემი სახლი,აკვარიუმი და თავად აკიდებული ბაკანი. ისეთი სიცილი ამიტყდა,კამამ თავი წამოყო,აღარ შემშინებია და აღარც დარდები მადარდებდნენ.
-მევლუდმა იკითხოს,მე რა?!- წამოვიძახე და კარისკენ წავედი,ვიღაც ანგრევდა.
-შენც იცოდი, ხომ?- გამოვაღე,თუ არა,აფოფრილი დეიდა ევა და  პირკატა ერთად მეცა.
-ევა დეიდა..-ენა გამეკვანძა.
-გოგო,შვილივით მყავხარ,მაკასგან არ გამირჩევიხარ და ასე უნდა?! გველი მყოლიხარ უბეში!-თვალები დამიბრიალა.გველის ხსენებაზე კამასკენ გამექცა მზერა.
-არაფერი ვიცოდი,ევა დეიდა,დედას გეფიცებით!
-ჰმ,არ იცოდა,ახლა ხომ იცი,ახლა ხომ უვლი ჩემს სხენიას?!-მომახალა და მკაცრი გამომეტყველებით ამიარა გვერდი. აკვარიუმებთან შეჩერდა და "ნათესავებს" დააკვირდა.
-არა,რატომ მაინც და მაინც კუ? გამაგებინე ერთი? ასე ვგავარ?! - უკმაყოფილოდ მკითხა.
-ხომ იცით,გიზო რა ოხუნჯია,- თავი მოვისაწყლე.
-ოხუნჯი კი არა,უტაქტოა! -გაბრაზებით მითხრა და მაკას მსგავსად სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა და სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა ჩანთიდან.
-ყავა გამიკეთე,უშაქრო,- სიგარეტს გაუკიდა და ეცადა ლამაზად გამოეშვა კვამლი.
"როგორ გვანან ერთმანეთს"- გავიფიქრე და ფინჯნები გადმოვიღე.
-როდემდე უნდა უყარაულო მაგათ?-ცხვირაბზეკით მკითხა.
-არ ვიცი,სანამ არ მოაგვარებს მაკასთან..
-ჩემს სახლში ცხოვრობს ეგ ვაჟბატონი! ის ქალბატონიც!-მიაყოლა თავისი შვილიც.
-ცოტა იუმორით შეხედეთ დეიდა ევა..
-რას შევხედო იუმორით,დედა? კუს დაარქვა ჩემი სახელი,მაკაზე არ ვსაუბრობ,თუ უნდა ნიანგი მოიყვანოს და იმას დაარქვას თავისი ცოლის სახელი,მაგრამ მე? გამაგებინე,გოგო,მე?!-უარესად აიფოფრა და ჯეზვედანაც გადმოიფოფრა ყავის ქაფი.
-უჰ,სად იყურები? მაგ ყავას რაღა გემო ექნება?- დამიცაცხანა.
-ახალს მოვადუღებ,-დავფაცურდი.
-მაგდენი დრო არ მაქვს,დაასხი ეგ რაც არის და გამიხვიე  ისინი,მე ვიცი,რასაც ვუზამ მაგათ  და იმ ვაჟბატონ შაპიტოსაც!
გული გამისკდა. იქამდე,თუ ავეს და კამას სახლიდან გაძევებას ვაპირებდი,ახლა ისე შევშინდი,ფერი დავკარგე.
-ვერ გაგატანთ,ევა დეიდა?!
-რას მეუბნები,გოგო? რას ვერ გამატან?-ბრაზიანად ჩასრისა სიგარეტის ნამწვი საფერფლეში.
-კუს და გველს,ჩაბარებული მყავს,რა პასუხი გავცე მერე გიზოს?
-ჰმ,ასეც ვიცოდი! შენ იმაზე უარესი ხარ! შენ იმაზე უარესი ხარ!-გაკაპასებული წამოხტა,ჩანთა გამწარებულმა მოიგდო მხარზე და ზუსტად მაკასავით ჩამიქროლა.კარი ისე გაიჯახუნა,სახლი აზანზარდა.
-მევლუდი!-წამოვიძახე და ტელეფონს ვეცი.
-ზუსტად,ახლა ვაპირებდი თქვენთან დარეკვას,ჟანეტ,- უფრო შინაურულად მომმართა,ქალბატონოების გარეშე.
-რა სულსწრაფი ვარ..ჩემი ბრალი არ არის..სანერვიულო დამემატა და უცებ თქვენ გამახსენდით,-უხერხულობისგან ძლივს დავასრულე წინადადება.
-ვიცი,- საეჭვოდ დაუთბა ხმა.
-რა იცით?
-სანერვიულო,რომ დაგემატათ,გიზოს სიდედრი,ხომ ასეა?
-თქვენ საიდან იცით? მითვალთვალებთ?!- შეშინებულმა მოვატარე ოთახს თვალი.
-არა,უბრალოდ,მოსალოდნელი იყო,ამის მეტი რა ვიცი,- თავმომწონედ მითხრა.
დავეჭვდი.ასე სიზუსტით,რანაირად უნდა მიმხვდარიყო? უნდობლობამ გამკრა გულში და სეანსების შეწყვეტა გავიფიქრე.
-იცით,ბატონო მევლუდ..
-ვიცი,უნდობლად განეწყვეთ ჩემს მიმართ,შეშინდით.
უარესად დავიძაბე,კიდევ მოვატარე ოთახს თვალი.
-ჟანეტ,ნუ იძაბებით,ყველაფერი რიგზეა,ჩემი გამოცდილებიდან გესაუბრებით,-ჩემს დასამშვიდებლად უფრო დაათბო ხმა.არა ხმა მართლაც ხავერდოვანი და მომნუსხველი ჰქონდა,მომაჯადოვებლად მოქმედებდა ჩემზე.
-მგონი,ვიჩქარე თქვენთან დარეკვა,-შორიდან მოვუარე.
-ჟანეტ,მე ვერაფერს დაგაძალებთ,თქვენს ყველანაირ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ,თუ რამე შეიცვლება,შემეხმიანეთ,- რა საჭირო იყო შორიდან მოვლა,როდესაც ამოსუნთქვაზეც კი ხვდებოდა,რისი თქმა მინდოდა.
-მაპატიეთ,ასე,რომ გამოვიდა.. დროის საზღაური როგორ ხდება?-გამახსენდა,რომ მისთვის ნერვიულობის თანხა მქონდა გადასახდელი.
-ჩათვალეთ,რომ მეგობრულად დაგიდექით გვერდში,-მისმა ხმამ ადგილზე ჩამომღვენთა.
-უხერხულია,-მართლაც უხერხულად ვიგრძენი თავი.
-დროებით,ჟანეტ.
-ნახვამდის,-გულდაწყვეტით ვუთხარი,გასაშვებად არ მემეტებოდასავით.
ტელეფონით ხელში კარგა ხანს ვიდექი ჩაფიქრებული.კარზე ზარის ხმამ გამომაფხიზლა.გული გადამიტრიალდა,ისევ ევა დეიდა,რომ ყოფილიყო,იმ წუთში მევლუდთან დარეკვა კი არა, ფეხით გავიქცეოდი მასთან. სათვალთალოში გავიხედე,გიზო იყო.
-მობრძანდი!- კარი ფართოდ გამოვაღე და  რევერანსით დავუთმე გზა. გაკვირვებულმა შემომხედა და შემოსვლა შეაყოვნა.
-რა ხდება,ვინმეა?-ხმადაბლა მკითხა.
-მეც გეყოფი,მობრძანდი!
-აგაშენა ღმერთმა,ვიფიქრე ევა იყო,-შვებით ამოისუნთქა.
-გამოიცანი,იყო!
-ეუჰ,მერე?
-რა მერე? მეც შენთან ერთად შემწვა ტაფაზე!
-ესე იგი,რაა,-მობეზრებულად თქვა.
-კამას და ავეს წაყვანა უნდოდა,არ გავატანე.
-კარგი გოგო ხარ,ჟანეტ,ამ სიკეთეს არ დაგივიწყებ,-როგორც ლეკვს,ისე გადამისვა თავზე ხელი.
გამეცინა,მაგრამ უცებ მოვუკარი პირს თავი,ძალიან ,რომ არ გათამამებულიყო ჩემი სტუმართმოყვარეობით და მუდმივად არ ჩაესახლებინა თავისი შვილობილები.
-სიკეთეს არ დამივიწყებს! ნერვიულობას რა ვუყო? რომ არა მევლუდ დარდი,ალბათ,გავაფრენდი!-წამომცდა.
-ვინ მევლუდ დარდი,გოგო?-გაკვირვებულმა ამათვალიერა.
-ნერვიულობის ცენტრია,ხალხის მაგივრად ნერვიულობენ,იქ მუშაობს,-ბოლომდე გამოვუტყდი.
-სად მუშაობს,გოგო?-ახლოს მოიწია და ფსიქიატრივით მომატარა თვალი.
-რანაირად მიყურებ?-უკან გავიწიე.-განცხადება ვნახე ,დამაინტერესა და დავრეკე,პროფესიონალები მუშაობენ,როგორც ჩანს,ყველაფერზე შეუძლიათ ნერვიულობა,-ბოლოსკენ ხმა გამეპარა,ისეთი სახით მიყურებდა გიზო.
-მოიცა,რა ჰქვია?-უცნაურად დაებერა ყელზე ძარღვები და გაწითლდა.
-მევლუდ დარდი ჰქვია,რა გჭირს?
-ვახ,ჩემიი!-წამოიძახა და ისეთი ხარხარი ატეხა,აკვარიუმებში მსხდომი ავე და კამა შუშებს  მოაწყდნენ.
-რა ჯანდაბა გაცინებს?-გიზოს კი ვუთხარი,მაგრამ მეც მეცინებოდა.
-მევლუდ დარდიოო..- ჩაბჟირდა.
-არანორმალური ხარ,რა,-მოჩვენებითად გავუბრაზდი.
-აუ,გაჩერდიი,-ხველა აუტყდა სიცილისგან.
-სიგარეტს მოუკელი,ხომ ხედავ,"დიხანია"არ გყოფნის,-რჩევა-დარიგების ღილაკი ჩამერთო.
-მევლუდ დარდიო,ბიჭოო,-იქამდე იცინა,სანამ კარზე ბრახუნი არ ატყდა,მაშინ კი უცებ მოსხიპა პირი და თვალების მოძრაობით მანიშნა,ვინ არისო?
-მე რა ვიცი?- ფეხაკრეფით მივედი კართან და სათვალთვალოში ევა და მაკა,რომ დავინახე,ლამის ადგილზე ჩავიკეცე.
-არ გააღო!- ჩემს გამომეტყველებაზე მიხვდა,ვინც იდგნენ კარს მიღმა.
-გაგიჟდი?-ჩურჩულს საფეთქელთან თითის დატრიალებაც მივაშველე.
-გაგიჟება მერე ნახე,ეგენი,რომ შემოცვივდებიან,-ხმა დაეძაბა.
-ღმერთო მიშველე..გვიშველე!- ჭერში აღვაპყარი ხელები და გასაღები გადავატრიალე.
უნდა დამეჯერებინა გიზოსთვის.ისეთი ამბავი ატყდა,აბაზანაში გადავმალე ავე და კამა და ფრონტის წინა ხაზზე გავიჭერი.
- უსირცხვილო!-დეიდა ევა  ფეხებს ფლამენკოს მოცეკვავესავით აბაკუნებდა.
-უნამუსო!-მაკა უფრო ქართულ ტრადიციულ ცეკვის ილეთებს იყენებდა,კერძოდ მთიულურის.
-შენი ბრალია!-ვეცი მაკას.-რა გალაპარაკებდა,ეს გინდოდა?!
-შენც მაგის კუდი ხარ!-მომიტრიალდა გაავებული.
-სრულ ჭკუაზე ხარ,გოგო?!-ხმას ავუწიე.
-დიახ,დიახ,შენ უწყობ ხელს!-აი,ასე ხელაღებით დამადანაშაულა.
-რას ბოდავ.მაკა?!-ყვირილზე გადავედი.
-სად გადამალე,გამოიყვანე!- დეიდა ევა გაზეთმომარჯვებული იდგა,ალბათ ცხოველების გასახვევად მოიტანა.
-გადამრევთ თქვენ,რას ერჩით ცხოველებს? სად მიუძღვით ბრალი?ვინც მოსაკლავია,ის მოკალით!-საითაც გიზო მეგულებოდა,იქით გავიხედე.სადღა იყო? როდის გაიპარა არ ვიცი,ორომტრიალში,თუ ოთხომტრიალში,თვალსა და ხელს შუა კი გამქრალიყო.
-ღირსი ხარ,ახლაც აუწიე კუდი!-ნიშნისმოგებით მითხრა მაკამ,დეიდა ევას ხელმკლავი გამოსდო და ორმაგი ძალებით გაიჯახუნეს კარი.
-მევლუდი!-სასოწარკვეთით წამოვიძახე და ტელეფონს ვეცი.
-საღამო მშვიდობისა,ჟანეტ,-თითქოს მელოდა,მისალმება დამასწრო.
-საღამო მშვიდობისა,-მისი ხმის გაგონებისთანავე სიმშვიდემ მომხვია მკლავი და მესიამოვნა.
-ცოტა აღელვებული მეჩვენებით,მოხდა რამე?
-მოხდა და მაშინვე თქვენ გამახსენდით,-მორცხვად ვუთხარი.
-გისმენთ,ჟანეტ,
-არა,ნერვიულობას არ გთხოვთ,უბრალოდ დრო,თუ გაქვთ,რომ მომისმინოთ?
-რა თქმა უნდა,ძვირფასო,თქვენთვის ყოველთვის მაქვს დრო.
ღმერთო! ხმა! მისი ხმა ყურიდან მთელ სხეულზე განაწილდა და ენა ჩამივარდა.
-ჟანეტ?
-დიახ..
-მომიყვებით,რა მოხდა?
-მეგონა მიხვდებოდით,როგორც დილით,-საყვედური გავურიე ხმაში.
-მაპატიე,-აშკარად გაიღიმა,მივხვდი.
-თქვენთან საუბარი ძალიან მამშვიდებს,-გულწრფელად ვუთხარი.
-მეც არანაკლებ,ჟანეტ,სიამოვნებით გისმენ,-შინაურულად მომმართა,მეც რადგან მსმენელად დავიგულე,ყველაფერი მოვუყევი.თხრობის დროს ერთხელაც არ შევუჩერებივარ.
-ბოდიში,რომ ჩემს პრობლემებს გახვევ თავზე,-მეც შინაურულად დავაყოლე ბოლოს და ამოვისუნთქე.
-ჟანეტ,ნუ მებოდიშები,ჩვენ ადამიანებმა ყოველთვის უნდა ვუსმინოთ ერთმანეთს და ერთმანეთის ცუდიც და კარგიც გავიზიაროთ,გავითავისოთ,უნდა შეგვეძლოს დახმარება.
-კი,მაგრამ,დრო,რომ წაგართვი? თან სრულიად უცხო ვარ..
-უცხო? უკვე იმდენი რამ გამიზიარე,უცხო ნამდვილად აღარ ხარ და რომც იყო,ამით არაფერი შეიცვლება,ყოველთვის შენს გვერდით მიგულე.დროს კი ამაზე უკეთესში ვერ გამოვიყენებთ.
-ძალიან კარგი ადამიანი ხარ,მევლუდ დარდი,-მხიარულება შემერია ხმაში.
-ჟანეტ,ჟანეტ..
მისმა სიყვარულით ნათქვამმა ჩემმა სახელმა შემაცბუნა.
-უნდა გავთიშო,- ვუთხარი და სანამ რამეს იტყოდა,სასწრაფოდ დავაჭირე თითი წითელ ღილაკს.
-რას გადავეკიდე ამ კაცს?!-ჩემს თავზე გავბრაზდი და მოტაცებულ პატარძალივით გადამალული ავე და კამა გამოვაბრძანე სააბაზანოდან. რაღაც აღარ მაშინებდა მათთან  სიახლოვე.ვაჭამე კიდეც და უკეთესადაც გავიცანით ერთმანეთი. არც ისე საშიშები ყოფილან,როგორც მეგონა. ის კი არადა,გავბედე და თითითაც კი შევეხე ორივეს. ამ სიამტკბილობაში ვიყავით,გიზომ,რომ დამირეკა.
-წავიდნენ?-მკითხა სიცილით.
-წავიდნენ და წაიყვანეს შენი დედოფლები,- შურისძიება გადავწყვიტე.
-რას მეუბნები,ჟანეტ,დამღუპე?!
-დიახ! როგორც შენ დამღუპე!
- შენ მაგას არ იზამდი!
-გეგონოს!
-გაგიჟდი? მართლა გადაყრიან!
-მაგაზე შენ ინერვიულე,მე და მევლუდ დარდმა უკვე გავიარეთ ეგ ეტაპი.
-ფჰიუუ,-ჩაუსტვინა.
-უსტვინე და იყავი, -უდარდელად ჩავძახე.
-მითხარი,რომ მატყუებ?!
-მე და ტყუილი?!- შევიცხადე.
-მატყუებ! ორ წუთში მანდ ვარ!-მიმიხვდა.
მგონი სადარბაზოდან მირეკავდა,ორი წუთიც არ დასჭირვებია,კარზე ატეხა კაკუნი.
-საყვედურები მოგვიანებით მომაყარე შენს გაზრდ- გახარებას,ისედაც ჭკუიდან ვარ გადასული,-ვედრებით სავსე მზერა მომაპყრო.
-არა,მე რას მერჩით,მეტყვით?!- თვალების ბრიალით მივაცილე სამზარეულომდე.
-მოვაგვარებ ყველაფერს,თუ გინდა,დღესვე წავიყვან ამათ,-ნამუსზე ამაგდო.
-სად წაიყვან? ახლა იქ გამართეთ კონცერტები!
-აბა,რა გავაკეთო? შენ უარზე ხარ,ევამ შენი ფეხი აღარ იქნება ჩემს სახლშიო,მაკამ გშორდებიო,წავალ,რიყეზე  გავშლი კარავს და იქ ვიცხოვრებ!
-ნწ,ნწ,რა საწყალია,-თავი გადავაქნიე.
-ჰო,არავის ვუნდივართ,-საცოდავი სახე მიიღო,თუმცა ეცინებოდა.
-ზოოპარკში,რომ ჩააბარო?
-ვინ,მაკა და ევა? მოუწევთ!
-გიზო,მოგხვდება!
-აბა,ავეს და კამას რას ერჩი?
-იყვნენ ჩემთან,ჯანდაბას შენი თავი,თან ისე აღარ მეშინია,-ყველა კბილი გამოვაჩინე.
-ხუმრობ?-ცერად შემომხედა.
-მართლა გეუბნები,იყვნენ,ოღონდ ოჯახი შემოირიგე.
-ვაჰ,რა ხდება შენს თავს,ჟანეტ? ეტყობა,ის დარდი-მანდა კარგად მუშაობს.
-მევლუდი ჰქვია და საკმაოდ კარგი მსმენელია,-ცხვირი ავუბზუე.
-ის უბედური,-ხელი ხელს დაჰკრა.
-ახლა ისე ნუ იზამ,მართლა  საკარვე ადგილი ეძებო!
-მაგ ტიპის ნომერი მომეცი რა,მეც გავესაუბრები,თან იმდენი დარდები მაქვს,ა,აქამდე,-ყელთან გაისვა საჩვენებლი თითი.
-მორჩი ახლა!-კოპები შევუკარი.
-კარგი,კარგი,ვაჭმევ ჩემს სიყვარულებს და წავალ,-ფეხზე წამოდგა.
-ვაჭამე უკვე,შეგიძლია მშვიდად ეახლო ოჯახს.
-ოქრო ხარ,ჟანეტ! - ცერა თითი ასწია.
-ვიცი!-გავიპრანჭე.
-წავედი და ხვალამდე,თუ  ცოცხალი გადავრჩი,მოვალ ისევ.
გასვლამდე აკვარიუმებში ჩაძვრა,ისეთი სიტყვებით ეფერა ორივეს,სიცილს ვერ ვიკავებდი.
***
გვიანობამდე ვერ დავიძინე,ხან კამას და ავეს დავტრიალებდი თავს,ხან უაზროდ ვედებოდი ოთახებს.რაღაც მოუსვენრობას ვყავდი შეპყრობილი,უფრო სწორად მევლუდ დარდის ხმა არ მასვენებდა,რომელიც მელოდიასავით ჩამესმოდა ყურში,განსაკუთრებით, მისი ბოლო ნათქვამი-"ჟანეტ,ჟანეტ". იმდენი ვიფიქრე მასზე,ბოლოს ეშმაკი შემიძვრა,დარეკვა გადამაწყვეტინა.
-ჟანეტ,ჟანეტ..-ისევ დამასწრო და ისევ დამადნო.
-მაპატიე,გვიან გირეკავ,მგონი გაგაღვიძე,-თავის მართლებას მივყევი.
- გაპატიებ,-გაეცინა.
-მეც არ ვიცი,რატომ დაგირკე,-ჩემი დაბნეულობა გავახმოვანე.
-  სურვილი, ადამიანთან გასაუბრების.
-ჰო,ასეა,-ჩავილაპარაკე უხერხულად.
-კამა და ავე როგორ არიან?
-ჩემთან ვტოვებ,რამდენ ხანს არ ვიცი,შეიძლება სამუდამოდაც.
-რა შეიცვალა ასე უცებ?- გაკვირვებულმა მკითხა.
-ვგრძნობ,რომ კარგი ფეხი აქვთ,ნუ ავეს,კამას მუცელი.
-ჰო? რაღაც კარგი ხდება,როგორ ჩანს,მეტყვი?- თბილი ჭიები გამოუშვა ჩემსკენ.
-ჯერ არაფერი,მაგრამ გული მიგრძნობს,მოხდება,-წინასწარმეტყველობამ მიჩქმიტა.
-მშვენიერია,მომწონს შენი ასეთი განწყობა.
-სანერვიულო აღარ გექნება,-ავკისკისდი.
-სიამოვნებით გავიზიარებ სიხარულსაც,მარტო სანერვიულოს კი არა,-თვითონაც გაეცინა.
-რამდენი წლის ხარ,ყველას დარდის მატარებელო?-გავუთამამდი.
-ყველასი არა,-ამოიოხრა.
-აბა?-ხმა შემეცვალა.
-მხოლოდ შენი.
-ვინ ხარ?-ცხელი ჭია,ეჭვის ჭიად მექცა.
-ნერვიულობის ცენტრის დამფუძნებელი მევლუდ დარდი,- მშვიდად მიპასუხა.
-ცუდი ხუმრობაა!-გავბრაზდი და მაშინ გავიაზრე,რომ ვიღაცის მახეში გავები.
-არ ვხუმრობ, სიამოვნებით ვიტვირთავ შენს პრობლემებს,თუ ნებას მომცემ,-მთელი სერიოზულობით მითხრა.
-რა გქვია?ვინ ხარ? მიცნობ?-გაკაპასებულმა მივაყარე კითხვები.
-ჟანეტ,ნუ ღელავ,დამშვიდდი,-ცოტა არ იყოს,შეშინდა.
-კითხვებზე გამეცი პასუხი!-რქები მოვირგე.
-ხვალ გაგცემ პასუხს,ასე სჯობია,ახლა გაღიზიანებული ხარ.
-ხვალინდელი დღე არაფერს შეცვლის, უარესად ვიქნები,ახლავე მეტყვი!-გავჯიუტდი. ერთი სული მქონდა გამეგო,ვინ იყო და რა განზრახვა ჰქონდა ჩემდამი.
-კარგი ახლა  იყოს!- მითხრა და ყურმილი გამითიშა.
გავოგნდი და თან გავცეცხლდი,ასე უტიფრად როგორ გამიბედა. ახლიდან ავკრიბე მისი ნომერი,სულ ტყუილად,გათიშული ჰქონდა.
-ესეც ავეს ფეხები და კამას მუცელი!- ვთქვი გამწარებულმა და ვერ მოვასწარი ოფოფების ბოლომდე ამოსხმა,კარზე კაკუნი გაისმა.
-ვინ არის?-შემკრთალი ავისვეტე სათვალთვალოსთან,საიდანაც მხოლოდ სიბნელე მიმზერდა.
-მე ვარ,-ნაცნობი ხმის გაგონებაზე პირი დავაღე.
-ვინ შენ?-დასაზუსტებლად ვკითხე.
-მევლუდი,-ამის მოსმენა და დაღებულ პირზე ხელის აფარება ერთი იყო.
-რა გინდა?!-კარს შევუბღვირე.
-"კრასკა"-გაეცინა.
-რა ფერი?-ინსტიქტურად წამომცდა.
-შენფერი,-პასუხმაც არ დააყოვნა.
გული ისე მიცემდა,უეჭველი ესმოდა კართან მდგომ დაუპატიჟებელ ღამის სტუმარს.
-ნუ გეშინია, ჟანეტ,კითხვებზე  გაგცემ პასუხს და წავალ.
-შუქი აანთე!-ვუბრძანე.მინდოდა დამენახა,იქნებ ადამიანი არც იყო.
-მგონი,ნათურაა გადამწვარი,არ ინთება,- ჩამრთველის ტკაცუნის ხმა გავიგონე.
-ასე სწრაფად როგორ მოხვედი?!-უცებ გამიელვა თავში,იქნებ ჩემი მეზობელია-მეთქი?
-გამიღე და გეტყვი,ნუ გეშინია,არაფერს დაგიშავებ,დედას გეფიცები!-გულწრფელი ჩანდა,თუმცა გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა,რამდენჯერაც წავიღე ხელი საკეტისკენ,იმდენჯერ მოვმუშტე თითები.
-კარგი ანეტ,წავალ,ღამე მშვიდობისა,-მითხრა დანანებით და ფეხის ხმაც გაისმა.
"მიდის"-გავიფიქრე და ფრთხილად გამოვაღე კარი,იმის იმედით,რომ გავიგებდი,რომელ სართულზე შეწყდებოდა ფეხის ხმა.
-ვაიმე!-გულზე ვიტაცე ხელი,როდესაც კართან მდგომი უცხო მამაკაცი დავინახე.
-არ შეგეშინდეს,მე ვარ,-თბილად გამიღიმა და მის მომნუსხველ ხმას შერწყმულ მომნუსხველ ღიმილზე ხელმეორედ ვიტაცე  გულზე ხელი.
-გამარჯობა,ჟანეტ,-თავი დამიკრა და დაელოდა ჩემს მოფერიანებას.
-აბა,წავედიო?-ძლივს ამოვღერღე.
-მოვბრუნდი,-ხელები განზე გაშალა.
-თავხედობაა,ჯერ შუა ღამეს დაუკითხავად სტუმრობა და უარესი,ტყუილიც!
-უნდა მაპატიო,-ისევ გამიღიმა და თვალებით მანიშნა,შემოსვლა შეიძლებოდა,თუ არა.
-რა გაეწყობა,მობრძანდი,-რაც იქნება,იქნება-მეთქი,გავიფიქრე და ჩემი ყოფილი  დარდების მატარებელი სახლში შემოვუშვი.
ცოტა შიში კი მგვრიდა,მაგრამ იმდენად სიმპათიური იყო,ყველანაირ შიშს გადავაბიჯე და სასტუმრო ოთახისკენ გავუძეხი.
მოხერხებულად მოკალათდა სავარძელში და დაჟინებული მზერა მომაპყრო.
-ახლა შემიძლია ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხო,-მითხრა ღიმილით.
-დამაბნია შენმა მოსვლამ,ისიც კი დამავიწყდა,რა გკითხე,-მის მოპირდაპირედ ჩამოვჯექი და წვალება დავუწყე თითებს.
-ეგ არაფერი,მალე წავალ,დიდხანს არ მოგიწევს უხერხულად ყოფნა,-მზერას არ მაცილებდა,თვალებით მბურღავდა,რასაც ჩემი სახის ვარდისფრად ალეწვა მოჰყვა.
-მიცნობ,ხომ?- მეც გავუსწორე თვალი.
-გიცნობ,-თავი დამიქნია.
-საიდან?
- შენს გვერდით ბინაში ვცხოვრობ,ერთი კედელი გვყოფს,აივანიც,ჰო, სადარბაზოც,-წარბები აათამაშა.
-რას ამბობ?!-თვალები ვჭყიტე.
-ჰო,ასეა, უკვე ორი თვეა,რაც საცხოვრებლად შენს მეზობლად გადმოვედი.
-არასდროს მინახიხარ,-გაოცებული დავაკვირდი.
-სამაგიეროდ,მე მინახიხარ,-გაეცინა.
-მატყუებ!-დაუჯერებლად მომეჩვენა.გამორიცხული იყო,ერთხელ მაინც ,რომ არ შემხვედროდა.
-არ გატყუებ,თუ გინდა,გაჩვენებ ჩემს საცხოვრებელს.
-არ მინდა.. რატომ დაგჭირდა თამაში? სხვა ვერაფერი მოიფიქრე,ჩემს გასაცნობად?
-სიმართლე გითხრა,არც მეგონა,თუ გაამართლებდა,ვცადე და გამოვიდა,უფრო სახალისოდ,თორემ სხვა გზებიც არსებობს,სერიოზული და ეფექტური,თუმცა ეს მომეწონა,-ლამაზად გაიცინა.
-უცნაური ხარ,მევლუდ დარდო,-ჩავიფხუკუნე.
-კიტა მქვია,-მითხრა და წამოდგა.
-რაა? -მეც წამოვხტი.
-ყველა კითხვაზე გაგეცი პასუხი,ახლა ჩემი წასვლის დროა,ღამე მშვიდობისა ჟანეტ,-დამემშვიდობა და სანამ კარს გაიხურავდა,ჩემსკენ შემოტრიალდა.
-მომავალში,ხომ გამაცნობ კამას და ავეს?
მივხვდი,ამ კითხვით,ნებართვას იღებდა ჩემს კიდევ  სანახავად.
-არ ვიცი,-მხრები ავიჩეჩე.
ცოტა ხანს ღიმილით მიყურა და შემდეგ წავიდა.
-კიტა-ო? - ვთქვი და დივანზე მოწყვეტით დავჯექი.
რაღა დამაძინებდა,ჩემს კედლის იქით, მევლუდ-კიტა მეგულებოდა.ჭიქა მოვიმარჯვე და ჩვენს გამყოფ კედელს მივაბჯინე ყურთან ერთად. მშვიდი მუსიკის ხმა გარკვევით მომესმა,იმდენ ხანს ვიდექი მიყუდებული,ცალკე ფეხები დამიბუჟდა,ცალკე ყური. თავი ვანებე და საწოლში ვისკუპე. ცოტა ხანს ვიწრიალე,ჩამძინებოდა,ამას დილით მივხვდი,როცა გამომეღვიძა.საათს შევხედე,სამსახურში წასვლამდე ჯერ  დრო მქონდა. ჩემი მობინადრეები ვასაუზმე,თან  ღამის სტუმარზე მეფიქრებოდა და მეცინებოდა. სანამ სახლიდან გავიდოდი,აივნიდან ცნობისმოყვარედ გადავიჭყიტე ჩემს ამაფორიაქებელ მეზობლის აივანზე,ვერაფერი დავლანდე. "ალბათ,სძინავს"-გავიფიქრე და სამსახურისკენ  გავეშურე.
მთელი დღე თავში მიტრიალებდა კიტა-მევლუდი,მევლუდი-კიტა.ძლივს ჩავამთვარე სამუშაო საათები,მეძინებოდა კიდეც.ერთი სული მქონდა,სახლში როდის მივიდოდი,რომ მაშინვე მოვრგებოდი საწოლს.
ლიფტიდან გამოვედი,თუ არა,თვალში მომხვდა ჩემს კარზე გაკრული ფურცელი.
"ვამზადებთ ყავას სხვადასხვა გემოვნური აქცენტით,სწრაფად და ხარისხიანად"
ტელ.577-404-4...
სიცილით გადავაქნიე თავი და ფურცელი ხელში მოვიქციე. ავე და კამა მოუსვენრად დამხვდნენ,ეტყობა შიმშილი აწუხებდათ.სასწრაფოდ დავაპურე ორივე და გიზოს დავურეკე.მაინტერესებდა სახლში შეუშვეს,თუ სადმე ხის ძირში მოუწია ღამის გათენებამ.მის ტელეფონზე მაკამ გამაგონა,თან გამიხარდა,თან არა,გაბრაზებული ვიყავი  და არ მინდოდა მასთან საუბარი.
-გიზო სად არის?-მისალმების გარეშე ვკითხე.
-გამარჯობა მაინც გეთქვა?!-ჩამსისინა.
-გამარჯობა,გიზო სად არის?
-აქ ვარ,ჟანეტ,როგორ ხარ?-მხიარულად ჩამძახა გიზომ.
-რა იყო,ერთხელ,მაინც მოგეკითხე,მე ,თუ არა,ჩასახლებულები მაინც?!-მაშინვე საყვედურების ფუთა ვესროლე.
-დაიჯერებ? ზუსტად ახლა ვაპირებდით შენთან გამოსვლას მე და მაკა,-ბედნიერი ხმით მახარა.
-მეგონა, კარავს დგამდი სადმე,-ირონიულად ჩავიცინე.
-გადავრჩი!-სიცილი აუტყდა.
-ევა?-ხმადაბლა ვკითხე,ვიცოდი,ტელეფონზე  ყური ჰქონდა მოდებული მაკას.
-დედა ევა ჯერ ვერ შემოვირიგე,თუმცა რაღაც ძვრები არის,- იმედიანად მითხრა.
-რადგან იდილიაში ცურავ,აღარ მოგაცდენ,-დამშვიდობება გადავწყვიტე.
-გამოვალთ ცოტა ხანში,-ისევ შემახსენა.
-მაგ ქალბატონზე ძალიან გაბრაზებული ვარ! -მივახვედრე,რომ სულაც არ მინდოდა მაკასთან შეხვედრა.
-კარგი რა,ჟანეტ,ჩემს გამო მაინც?
-დაღლილი ვარ,დასვენება მინდა,ვიძინებ!-ვუთხარი და ყურმილი გავუთიშე.
სანამ საწოლს შევერწყმებოდი,ისევ ჭიქა მოვიმარჯვე და მეზობელთან გამყოფ კედელს  ყურთან ერთად მივაბჯინე.მაინტერესებდა ,სახლში იყო,თუ არა. ჩამიჩუმი არ ისმოდა. ყური შევცვალე,იმის იმედით,რომ მეორე სასმენი ორგანო გაიგონებდა რამეს,ამაოდ ვიწვალე,არაფერიც არ ისმოდა. ყურებზე ჭიქა მიხატული უკმაყოფილოდ გავემართე მოსასვენებლად. დავწექი ,თუ არა,ტელეფონზე შეტყობინებამ დაიწკაპუნა.
"საღამო მშვიდობისა, მეზობელო კედლისაო"
ისეთი სიხარული ვიგრძენი,გავიბადრე.
"საღამო მშვიდობისა, მევლუდ-კიტა" უცებ დავუბრუნე პასუხი.
"ვიფიქრე,დროა გავიცნო ავე და კამა-მეთქი,რაც მე მაგათზე ვინერვიულე,მგონი ვიმსახურებ,რას იტყვი?"
უცებ წამოვფრინდი საწოლიდან და სარკეს ვეცი. სწრაფად მოვიწესრიგე თავი და შეტყობინება ვაფრინე კედელს იქით.
" ნამდვილად ბევრი ინერვიულეთ ბატონო მევლუდ დარდო,შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩემი ოჯახის ახალი წევრების გასაცნობად. პ.ს. ყავა ტკბილი მომწონს".
"მშვენიერია,გესტუმრებით"-მეტი რა უნდოდა?
ვიცოდი,მალე მოვიდოდა,აფორიაქებული ცხრაჯერ მივაწყდი სათვალთვალოს. ჩემს ჯიბრზე იგვიანებდა.მოთმინების ფიალა მევსებოდა და უკვე გადმოდინებას იწყებდა,რომ მოვიდა.მოვიდა და რა მოვიდა,კარი გავაღე და თავი შევიკავე, რომ არ დამტყობოდა მისი  დანახვით გამოწვეული ღელვა.
-ჟანეტ..ჟანეტ..- თქვა და გამიღიმა. ჩემს მფეთქავმა გულმაც არ დააყოვნა ყელში ამოხტომა.
-შემოდი,-გზა დავუთმე.
-მადლობა,რომ კიდევ მოისურვე ჩემი ნახვა,-მითხრა და ორი,ყავით სავსე  ქაღალდის ჭიქა გამომიწოდა.-იმედია,შენს გემოვნებას დაემთხვევა.
-იმედია,თორემ მესამედ სტუმრობის შანსი აღარ გექნება,-გამეცინა.
- ვინერვიულებ იცოდე,-კიტასაც გაეცინა.
-მაგ საქმის პროფესიონალი კი ხარ.
-მე ბევრი საქმის პროფესიონალი ვარ!
-ნუთუ?-ცხვირი ავპრიხე.
-დიახ,დიახ,-თავის დაქნევით გაამყარა ნათქვამი, ისევ წუხანდელ სავარძელს მოერგო და ჟურნალების მაგიდაზე,მისთვის,საგანგებოდ გამომზეურებულ ავეს და კამას აკვარიუმებს დააკვირდა.
-ამათ გამო როგორ მანერვიულე?-გვერდულად გამომხედა.
-რატომ?-გამიკვირდა.
-ნახე რა ლამაზები არიან, საუცხოო ფერებში.
-ფერებს კი არ ვუწუნებ? უბრალოდ უჩვეულოა,არასდროს მყოლია ცხოველი სახლში, დიდი პასუხისმგებლობაა.
-პასუხისმგებლობა კი,გეთანხმები,იმედია დაიტოვებ,თუ პრობლემა შეგექმნება ისევ,შემიძლია ჩემთან წავიყვანო,რამდენ ხანსაც გინდა,-მითხრა და კამა ამოსვა აკვარიუმიდან. კამა უცებ დაეხვია კიტას ხელს.
-ვაიმე,-მისმა გამბედაობამ შემაშინა.
-დაწყნარდი,მოდი,მოკიდე ხელი,სრულიად უწყინარია,-ადგა და ჩემსკენ წამოვიდა.
-არა რაა,არ შემიძლია,ჯერ მასე ვერ ვუთამამდები,- სავარძლის საზურგეს ავეკარი.
-გაბედე,ნუ გეშინია,-ახლო მომიყვანა.
-ვაიმე,რანაირად იკლაკნება,-მე უარესად დავიკლაკნე,რაზეც კიტას გულიანად გაეცინა.
-გავხარ,-მითხრა და კამა ისევ აკვარიუმს დაუბრუნდა.
-მაგ მსგავსებაზე ომი მქონდა,- დეიდა ევა გამახსენდა.
-ვიცი,მესმოდა.
-კაცმა,რომ გკითხოს,გამოცდილება გალაპარაკებდა,-თვალები დავაწვრილე.
-მართლა დაიჯერე,რომ არსებობდა ასეთი სამსახური?-ისევ გაეცინა.
-არა,ვიცოდი,რომ ხუმრობა იყო,უბრალოდ აგყევი,-რა მათქმევინებდა,რომ კინაღამ დავიჯერე ასეთი სამსახურის არსებობა.
-რა მიზეზით ამყევი?-ახლა კიტამ დააწვრილა თვალები.
-გასართობად,თან ინტერესიც,ასეთი იდეა ვის მოუვიდა თავში-მეთქი,მინდოდა გამეგო.
-კარგი მასე იყოს,-ჩაიცინა.
-მართლა მასე იყო!
-მჯერა,ჟანეტ..
-აბა,ისე მიყურებ,თითქოს ჩემი გამოჭერა გინდა,- კოპები შევუკარი.
-და რა-ში უნდა გამოგიჭირო?
-რა ვიცი,რას ფიქრობ,-მხრები ავიჩეჩე.
-არაფერს,მჯერა,-თქვა და ახლა ავეს დასწვდა.-ამისიც გეშინია?
-კამას მიუგავს თავი,-  ვერც ავეს მოვეფერე.
-აბა,როგორ აპირებ ამათთან ერთად ცხოვრებას?
-იმედია,შევეჩვევი,-ვუთხარი და ის იყო ყავის ჭიქას დავწვდი,კარზე მომთხოვნი კაკუნი გაისმა. ჭიქა ხელში გამიშეშდა,არავის მოსვლა მაწყობდა.უცებ გამახსენდა,რომ შეიძლება გიზო და მაკა ყოფილიყვნენ და შუბლში შემოვიკარი ხელი.
-რა მოხდა?-გაოცებულმა შემომხედა კიტამ.
-მგონი გიზო და მაკა არიან,-ჩუმად ვთქვი.
-მერე? ა,გასაგებია,ჩემი აქ ყოფნა უხერხულობას გიქმნის,-მიხვდა.
თავი დავუქნიე. ტყუილი არ მეხერხება,რა ვქნა?!
-გააღე კარი,არ ინერვიულო,-თვალი ჩამიკრა და წამოდგა.
დაფიქრებული წავედი კარისკენ,გზადაგზა გონებაში ვალაგებდი აზრებს,გიზოს,რომ გაეგო ეს ის მევლუდ დარდი იყო,მეტიც არ უნდოდა,მისი ყბიდან ვეღარც ამოვიდოდი,მაკას კიდევ ტვინი უნდა გაეხვრიტა ათასი კითხვებით.
-მართლია,ჩვენი სტუმრობა დიდად არ გაგიხარდება,მაგრამ უნდა დავილაპარაკოთ,-გავაღე,თუ არა კარი,მაკა შემოკაკუნდა ტანის გრეხვით და კიტას დანახვაზე ადგილზე შედგა.გიზომაც მიბაძა და გამჭოლი მზერა ჯერ კიტას,შემდეგ მე მესროლეს.
-გამარჯობა,მაპატიეთ,კარი ჩამეკეტა და რომ არა კეთილი მეზობლის აივანი,დავრჩებოდი გარეთ,-გვითხრა და აივნისკენ წავიდა. ინსტიქტურად მივყევით სამივე. კიტა ისე ოსტატურად გადაძვრა თავის აივანზე,გააზრებაც ვერ მოვასწარით.
-ვინ არის გოგო, ეს ტარზანი?-მომიტრიალდა გიზო.
-ვერ გაიგონე? მეზობელი!-სიცილი ძლივს შევიკავე.
-მე არ მახსოვს ეგ მეზობელი?!-მაკამ კლანჭები გამოაჩინა.
-ახალი გადმოსულია და უბრალოდ,ჯერ  ვერ აუღო ალღო საკეტს,რა მოხდა?
-სანამ ალღოს აუღებს,ასე უნდა იაროს "ჩერეზ პადიეზდ-ბალკონი?"-ვერ დაცხრა.
-იაროს მერე,რა მოხდა? მე არ მაწუხებს,-წარბი ავუწიე,რითიც მივანიშნე,რომ ამ თემაზე საუბარი მორჩა.
-იაროს,მე რაა,- ვითომ უდარდელად თქვა,კარგად ვიცოდი,მისი ხასიათი.არ დაიჯერა. აივანზე გავიდა და კიტას მხარე დაზვერა.
-დამშვიდდი?- ზურგზე მივკარი თითი.
-მართლა აქ ცხოვრობს,გოგო? რა მაგარი ტიპია,შენს ადგილას იმ საკეტს საერთოდ მოვუშლიდი,-აკისკისდა.
-ვისაც მოუშალე საკეტი,იმას მომხედე აქ,-  შეუბღვირა გიზომ.
- ჰმ,ეჭვიანი,-ჩაიცინა მაკამ და სამზარეულოსკენ წაბაკუნდა.
-ყოველ შემთხვევსთვის ისინი ამის თვალს მოაცილე,-მიჩურჩულა გიზომ.გასაგები იყო,ავე და კამა ჩემს საძინებელში შევაბრძანე და ფანჯრის რაფაზე მივუჩინე ადგილი.
-სხვათაშორის,მე წყენა არ გამსვლია,-სამზარეულოში შევედი,თუ არა,მაკას ვესროლე მწარედ.
-გიზო,ამას მაცივარში ვიცი წყალი ექნება,ნახე ერთი,-ხურდა დამიბრუნა უცებ.
-ოღონდაც,ისევ არ ატყდეთ,სიმშვიდე მჭირდება!-გიზომ თითი აღმართა ჰაერში.
- ავტობუსის ნომერი გითხრა,თუ მარშრუტკის,რომელი უფრო გაწყობს?-მივუბრუნდი გიზოს.
- პირდაპირ დამკრძალავი ბიურო გამოიძახე,-მიმიხვდა რასაც ვგულისხმობდი.
-ჯვარი სწერია!- მაკამ სამჯერ შეაფურთხა გიზოს და სიგარეტის ღერი გაიქანა პირში.
-რა ვიცი,გუშინ კი აუღეთ ზომები შენ და დეიდამ ევამ,ახლა მოგხვდა გულზე?-კიდევ წავკბინე და მართლაც ცივი წყალი გამოვიღე მაცივრიდან.
-სადამდე უნდა მეკინკლავო?- ნაწყენი ხმით მითხრა მაკამ.
-იქამდე,ვიდრე არ გაიაზრებ დანაშაულს!
-და აქ,რომ ვზივარ,არაფერს გეუბნება?-სიგარეტის კვამლი ზედ თვალებზე შემომაბოლა.
-აი,იცი,რომ ვერ ვიტან მაგ ქცევას და მიწვევ!-სულის შებერვით გავფანტე კვამლი.
-მაშინ შემირიგდი,-გაიცინა.
-ფერი-ფერსა ხართ შენ და შენი ოხუნჯი ქმარი!-მეც გამეცინა და ჩვენს შორის ჩაზნექილმა ხიდმაც  ტანი გაისწორა.
გიზომაც ამოისუნთქა და ჩვენც შორს მოვისროლეთ "ცუდი ამინდი". გვიანობამდე დაყვეს ჩემთან.მაკამ მითხრა,ჩემი თავი ჯანდაბას, ავიტან როგორღაც,მაგრამ ევას ვეღარაფრით დავანახვებ ცხოველებს,სულ,რომ კლაუდია შიფერები დავარქვაო. მე ისედაც შეგუებული ვიყავი,რომ ჩემთან უნდა ეცხოვრათ შლანგს და ბაკანუკებს. პრობლემაც აღმოიფხვრა და ბედნიერი ოჯახი ბედნიერად გავაცილე სახლიდან.
კარი დავკეტე,თუ არა,მაშინღა დავინახე ჟურნალების მაგიდაზე კიტას მოტანილი ყავა და დამცხა. გონებაში უკან გადავახვიე კადრები და ზუსტად იმ მომენტზე შევაჩერე,გიზომ ,რომ  ირონიული ღიმილით გახედა ჭიქებს და უფრო დამცხა.
-მიხვდებოდა,იმას რა გამოეპარებოდა!-ავწრიალდი. მაკას არ ეტყოდა,ამაში დარწმუნებული ვიყავი,მაგრამ მე ამიკლებდა შაყირით.ამის ფიქრი და ტელეფონზე შეტყობინებამ დაიწკაპუნა.
"ამის შემდეგ,იმ ტარზანს უთხარი,ჩვენს გამო კისერს ნუ მოიტეხს"
წარმოვიდგინე ამის დაწერისას,თან როგორ ქირქილებდა.
"კუკია"-მხოლოდ ერთი სიტყვა გავუგზავნე.
"სამარე ვარ"-უცებ დამიბრუნა პასუხი.
გამეცინა. დიდხანს არ გასტანა ჩემმა მომღიმარმა სახემ,ისევ გიზომ მომწერა.
" მევლუდ დარდი-მანდი" თან თვალის ჩაკვრის სიცილაკი მოაყოლა.
"ავეს ევა მოენატრა"-მუქარის უსტარი გავუშვი.
შეტყობინებამ დაიგვიანა.ალბათ,იფიქრა,მართლა არ მომადგეს ავესთან ერთადო,ის კი ვიცოდი,რომ მოსვენებას არ მომცემდა. ისევ აზუზუნდა ჩემი ტელეფონი,გიზო მეგონა და უფრო მწარე მუქარებისთვის მოვემზადე,თუმცა, შევცდი.
"ყავას მომაწვდი,თუ ისევ მოკლეზე გადმოვიდე?"
წავიკითხე და ისე ავკისკისდი, მგონი კედელს იქითაც გაიგონა კიტამ.
"მოგაწვდი"-ვუპასუხე და ყავის ჭიქიანად გავედი აივანზე.გარეთ დამხვდა.
-ბოდიში,რა,-ჭიქა გავუწოდე.
-მე,თუ ყოველ შენთან  სტუმრობისას ასე მომიწია სიარული,გპირდები,უმოკლეს ხანში ევერესტს დავიპყრობ,- მითხრა სიცილით და მისკენ გაწვდილი ყავა გამომართვა.
- რა გინდა,შენს პროფესიებს მთამსვლელიც დაემატება.
-კი არ დაემატება,უკვე ვარ,-თვალი ჩამიკრა.
-ხუმრობ?
- არ ვხუმრობ,ალპინისტი ვარ.
-ვაუ!-აღტაცებისგან ტაში შემოვკარი.
-გინდა,წაგიყვანო ჩემთან ერთად?-გამომწვევად შემომხედა.
-სად?-გული ამიჩქარდა.
- მწვერვალების დასაპყრობად.
-არაა,მაგდენს ვერ შევძლებ,-უკან დავიხიე.
-შეუძლებელი არაფერია,მთავარია მონდომება.
-რას ამბობ,სწორ გზაზე მიბრუნდება ფეხი,ციცაბო კლდეზე ჩამოსატანი გაგიხდები,-ავკისკისდი.
-ვცადოთ?-არ მომეშვა.
-არა,არა,-თავი გავაქნიე.
-მაშინ,პატარა ექსკურიასზე წაგიყვან,თანახმა ხარ?
-მე და შენ?-იდეა კი მომეწონა,მაგრამ მასთან ერთად სადმე წასვლაზე არც მიფიქრია.
-ჰო,რა მოხდა?
-არ ვიცი..
-არ მენდობი,მესმის შენი,-დანანებით ჩაილაპარაკა.
-ლოგიკურია,მე ხომ კარგად არ გიცნობ?
-ხოდა,უკეთესად გავიცნობდით ერთმანეთს,გადაწყვიტე და მითხარი,კარგი?
-ვიფიქრებ,-შევპირდი და თითების მოძრაობით დავემშვიდობე.
-ღამე მშვიდობისა,ჟანეტ,-გამიღიმა და დამელოდა როდის შევიდოდი ოთახში.
"ჯენტლმენ"-გავიფიქრე კმაყოფილებით სავსემ. მისმა შემოთავაზებამ მოსვენება დამაკარგინა. გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა.
-გავყვები,ხომ არ შემჭამს!-ბევრი ფიქრის შემდეგ ვუთხარი ჩემს თავს და ბალიშს უკეთესად მოვერგე.
გაგრძელება>>>

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები