ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 დეკემბერი, 2021


გარეჯსა და მამულიშვილებზე


მეექვსე საუკუნიდან მოყოლებული, - გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. გარეჯის მონასტრის წინამძღვარი - საქართველოს სამეფო დარბაზის წევრი იყო. გარეჯის მონასტრის წინამძღვარს უფლება ჰქონდა წელზე ხმალშემორტყმული ხლებოდა მეფეს.

გარეჯის მონასტერში აღიკვეცა ბერად დავით აღმაშენებლის შვილი - დემეტრე პირველი. გარეჯის მონასტერში ბერად აღიკვეცა ასევე სულხან ორბელიანი და ეწოდა საბა.

გარეჯის მონასტრის კედლებზე მხოლოდ და მხოლოდ ქართული წარწერებია. გარეჯის მონასტრის ფრესკებზე მხოლოდ და მხოლოდ ქართველი მეფეები - დავით აღმაშენებელი, დემეტრე პირველი, დემეტრე მეორე თავდადებული, თამარი, ბაგრატ მეოთხე და ლაშა-გიორგი არიან გამოსახულნი.

გარეჯში ეწამა 6 000 ბერი ქრისტეს რჯულისთვის...

გარეჯიდან დაიწყო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ახალი გარიჟრაჟი 1988 წელს.

1980-იან წლებში გარეჯის ტერიტორია რუსი სამხედროების პოლიგონად იყო ქცეული. 1988 წელს ეროვნული მოძრაობა მერაბ კოსტავას წინამძღოლობით გარეჯში ჩავიდა და რუს სამხედროებს კუდით ქვა ასროლინა.

მამულიშვილების ბრძოლამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 1991 წლის 9 აპრილს - ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა! სამწუხაროდ ზვიად გამსახურდიას სულიერი ძმა - მერაბ კოსტავა ვერ მოესწრო დამოუკიდებლობის აღდგენას, 1989 წლის 13 ოქტომბერს - ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ბორითთან.

მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც მისი სიტყვით გამოსვლა იყო რუსთაველის პროსპექტზე 1989 წლის 9 აპრილს. მერაბმა შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„მამულიშვილნო, ძმანო და დანო! საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი, წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!“

„წამებულნი 9 აპრილისანი!“ - ასე უწოდა ერისკაცმა - ზვიად გამსახურდიამ 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის ჯარის მიერ რუსთაველის გამზირის ბრძოლის ველზე მომწყდარ ქართველებს.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

შეწირულთათვის

ამ ქვეყნის მიწის ნაგლეჯი
ჩვენია, განა სხვისია!
საქართველოა გარეჯი,
ქართველთა ჯილაგისია!

ისევ მღერიან „ჩაკრულოს“,
ფოლკლორი ჩვენი განძია,
ბედნიერ მერმისს ნატრულობს
თვით სულხან-საბას ტანძია.

მინდა მგოსნებმაც შემინდონ,
თუ რამე კარგად ვერ ვთქვი მე,
ლოცვებში მოვიხსენიოთ
თაყაიშვილი ექვთიმე.

ვკითხულობ იმათ ცხოვრებას,
ვინც იყო ქვეყნის სინდისი...
ერს მუდამ ემახსოვრება:
ცხრა აპრილი და შინდისი.

მეც მტკივა ბერი თევდორე,-
დუშმანმა ხმლით რომ აკუწა...
ვარ იმის თანამედროვე,
ვინც დააფასა ქაქუცა.

ქვეყნად ყველაზე მთავარი
სამშობლოს სამსახურია,
დავითიც მიყვარს, თამარიც,
კოსტავაც, გამსახურდიაც.

მაოცებს ცოტნეს გმირობა,
ლომ-ვეფხვს ვადარებ, განა მგელს,
ვუქებ მამულიშვილობას
ცხრა ძმას და სამას არაგველს.

აწ ქეთევანიც ვახსენოთ,-
მარტვილი ქრისტეს რჯულისთვის...
ვაცოცხლებ, ვიდრე ვარსებობ,
ამ მიწის სიყვარულისთვის.

ვლოცულობ, დედა ღვთისმშობელს
წყალობას შევსთხოვ ქართველი,
ბიჭად-კაცს ცრემლშეუშრობელს
რომ არ ჩამიქრეს სანთელი.

ლექსში-ვით უხმლო ქარქაშში,
თუმც ყველა ვერ ჩავატიე,
შეწირულთათვის ტაძარში
მე ღამეები ვათიე.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები