ის კაცი, მუდამ მარკეტის კუთხესთან იჯდა, ცალი ხელი ება მხოლოდ მის სხეულს, და სირცხვილისაგან სახეზე ჰქონდა აფარებული, ვერც მოწყალებას ითხოვდა სირცხვილისაგან, სირცხვილისაგან, ვერც უხელობის ისტორიას ჰყვებოდა, თეთრმა ბავშვებმა, რომლებიც იქვე დარბოდნენ ხშირად, არ იცოდნენ ვინ იყო ის კაცი. თუმცა დარბოდნენ თეთრი ბავშვები მარკეტთან ახლოს, თამაშობდნენ და ასანთის ღერებს აკვეხებდნენ pay-box_ის აპარატში. და ყველა მათგანს ეგულებოდა ცალხელა კაცი მარკეტის კუთხესთან, ყველა მათგანს ბავშვობაში აშინებდნენ მშობლები ცალხელა კაცით, ძველი ქურთუკით და მოჭრილი ხელით ცნობდნენ, რაც შიში გაქრა, გამარჯობასაც ეუბნებოდნენ და გაუთვითცნობიერებლად ელოდებოდნენ ცალხელა კაცის შიმშილით სიკვდილს. კორპუსებში კი ძველებურად გრძელდებოდა ყოფა, ზოგან შიმშილი თუხთუხებდა ცარიელ ქვაბში, ზოგან ფრინველთა გენოციდსაც განიცდიდა სამზარეულო, ზოგან ბაასი მიდიოდა პოეზიაზე, ზოგან კამათი გრძელდებოდა ღვთიურ სასჯელზე, ზოგან უფრთხოდნენ პანდემიას, ზოგან ნაკლებად, და ყველა სახლში ირთვებოდა ნაძვისხეები.
არა, იმ ზამთარს ახალ წელსაც არ უთოვია, არ გაყინულა ცალხელა კაცი სიცივისაგან, სახლშიც, რომელიც არავინ იცის ჰქონდა თუ არა უფრო მეტი ხურდა წაიღო იმ დღეს, სოციალური დახმარებაც ნამდვილად მიიღო და მოხალისე ჯგუფებმაც კი მიუტანეს შაქარი და მაკარონი, თუმცა თვალები, რომელიც შორს არის რეალობიდან უფრო მეტს ითხოვს.
მუდამ ირბენენ თეთრი ბავშვები და იცელქებენ, მუდამ იქნება ვინმე ვინც მოწყალებას მოითხოვს, მუდამ იმსჯელებენ კორპუსებში სოციალურ პირობებზე, მაგრამ კადრები კადრებად რჩება და ახლა თვალებს ეზიზღება პოლიციელი, რომელიც მისდევს თეთრ ბავშვებს რადგან აღმოფხვრას pay-box_ში ასანთის რერების გაკვეხება. ცალხელა კაცი კი ვინ იცის, იქნებ ომზე ფიქრობს, ანდა იმ დროზე როცა ჰქონდა მეორე ხელი, ანდა იმ დროზე როცა ბავშვი იყო და მის გარშემო მორბენალი თეთრი ბავშვებივით გაურბოდა პოლიციელებს, იქნებ ბავშვობის სიყვარულზე ფიქრობს ან იქნებ რაიმე ტკბილზე, რაც დააკლდა მისი ახალი წლის სუფრას.
* * * ახალი წლის დილაა ახლა, თეთრი ბავშვები ვერ ბედავენ pay-box_თან მიახლოვებას, ცალხელა კაცი ისევ იქ ზის როგორც ყოველთვის, ცალივე ხელი სახეზე აქვს აფარებული, არავინ იცის მისი სახე, არც ბავშვებმა და არც პოლიციელმა. თონეში მომუშავე მცხობელმაც კი არ იცის მისი სახე. იგი ყოველთვის პარავს უფროსს ერთ მოზრდილ ლავაშს, შუაზე ყოფს და ერთ ნახევარს ქუჩის ძაღლს აძლევს, მეორეს იმ კაცს, ვინც მარკეტთან ახლოს ზის და ცალი ხელი სახეზე აქვს აფარებული. არაფერია აქ ტრაგედია, გარდა იმისა, რომ, გზის მოპირდაპირე მხარეს შემთხვევით ჩავლილმა ფოტოგრაფმა უცხო ჩიტი შეამჩნია და ფოტო გადაუღო, ხოლო კორპუსში მცხოვრებმა პოეტმა სახელმწიფო პრემია დაიმსახურა. არა, ის კაცი ვინც მარკეტთან ზის გამუდმებით, არ ყოფილა მათხოვრის ფორმაში ჩაცმული ქრისტე, არც მსგავსი ლირიკული პერსონაჟების მსგავსად დაუსრულებია სიცოცხლე, არც არაფერი მომხდარა მსგავსი, უკვე ახალი წლის მეორე დღეა, ის დღე, რომელიც ჯერ–ჯერობით არც კი დამდგარა, და ახლაც იქ ზის, ცალი ხელი სახეზე აქვს აფარებული, იქვე დარბიან თეთრი ბავშვები და პურის მცხობელს, ნახევარი პური მოაქვს ცალხელა კაცთან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|