ნაწარმოებები



ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2022


ისევ დედაჩემზე

კვდება დედაჩემი და ვერაფერს ვაკეთებ.
კვდება და მე ისევ ისე-
შიშისა და გაუგებრობის  ტყვეობაში ვარ.
ჩემი  ქოლერიკი  ძმის კიდევ უფრო დაგრძელებული,
კიდევ უფრო დაბერილი  მკლავები
მჭიდროდ  შემოაგრაგნია დედის საწოლს სხივგაუმტარ,
ხმაგაუმტარ,
გრძნობაგაუმტარ მავთულხლართებად.
თვითონაც იქვეა ჩამჯდარი.
სჯერა- დარაჯობს.

დედაჩემი კი კვდება და მე მხოლოდ
სიტყვების დალაგება და მეხსიერების დაძაბვა შემიძლია წარსულში გადასანაცვლებლად,
საჩემო სიმშვიდის შესაგრძნობად,
იმაში დასარწმუნებლად,
რომ მეც მათი, თუმცა  დასავიწყებლად გამეტებული ნაწილი ვარ.

ფიქრის  აკრძალვის მეთოდი  ჯერ  არ დაუმუღამებია მსოფლიოს.
შესაბამისად- არც ჩემს ძმას,
ამიტომ  მე თავისუფლად ვფიქრობ
და ვდარდობ ქალზე,
რომელიც  თვრამეტი წელი
მოდიოდა  ჩემს გასაცნობად,
მაგრამ  არც მომდევნო თვრამეტმა
და დღემდე ჩავლილმა  არცერთმა  წელმა
უფლება არ მისცა უკეთ გავეცანი.

ვფიქრობ დედაჩემის უცნაურ,
ახირებულ  სიყვარულზე,
უტეხ ხასიათზე,
სიხარულის,
სიმშვიდის,
კომფორტის დათმობის უიშვიათეს ნიჭზე
და მიკვირს,
ასე როგორ შეუძლია,
რანაირად შეუძლია  ცხოვრებას
დედების გულს  ცალმხრივად უბრძანოს სიყვარული,
სიცოცხლე,
სიკვდილი
და გულიც დაემორჩილოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები