ნაწარმოებები



ავტორი: ჯოანა
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2022


რეზინობანა ანუ აღარასოდეს აღარ გაგიშვებ


გაზაფხული რომ მექცა ტანჯვად
ეს ამბავი უნდა იცოდე.
მარტი, აპრილი, მაისი -
ზღაპარი დღისით მკვდარისა და ღამით ცოცხლისა,
ან უკეთ თუ ვიტყვით ცოცხალ-მკვდარისა.
და რომ მცოდნოდა ხელს არასოდეს არ გაგიშვებდი,
ავდგებოდი და ჩემს კაბის კალთას გამოვაკერებდი შენს ლურჯ მაისურს.
და რომ მცოდნოდა  არც ერთი წამი არ გაგიშვებდი,
შენს ოქროს თმებში ვიპოვიდი
ჩემს ნატვრისთვალებს.
ნეტავ იმ ღამეს, აბრეშუმის წითელ თავსაფრით ნატვრისთვალს რომ დავეძებდი.
ბროლის ბურთად რომ წარმომედგინა,
სინამდვილეში კი ფუძის გველ-ანგელოზის ხვითო ყოფილა.
მკვდრის სხეულიდან გველის მიერ დაზადებული.
იმ მთვარიან, ჩახჩახა ღამით, რას ვიფიქრებდი, რომ წლების მერე ამივთქვამდი:
ნეტავ მეპოვნა!
დაგიტოვებდი სამუდამოდ ჩემს გულთან ახლოს, არ გაგიშვებდი.
ამბობენ სამყაროს ხმების შენახვა შეუძლიაო, მოგონებების, მგონი სიტყვებიც რჩებიან სადღაც.
და თუ სიჩუმის მოსმენა იცით,
თუ ყურს დაუგდებთ,
თეთრ დეკემბერში, ნისლების მიღმა,
უნდა გაიგოთ ერთი ბიჭის სიცილ-კისკისი,
შემონახული უძველესი ღმერთების მიერ.
იმასაც ამბობენ, წარსული აწყმოსთან ერთად არსებობს, როგორც მომაბეზრებელი გეომეტრიის გაკვეთილზე ახსნილი
პარალელური ხაზები და მათი თვისებები.
რომლებიც ერთმანეთს არ კვეთენ
და თუ გადაკვეთენ
საკუთარ პარალელურობას აუცილებლად დაკარგავენ.
ბავშვობის თამაში რეზინობანა - ვდგები აწყმოზე, სამკერვალო, უბრალო რეზინის პარალელურ ხაზზე.
ვიკრიბავ ძალებს
ღრმად ჩავისუნთქავ
და წარსულში ვხტები.
ვაითუ ავცდე და აწყმოდან
წარსულში კი არა
უბრალო "არსად"-ში აღვმოვჩნდე.
სრულ სიცარიელეში (იქნებ ვიპოვო ნანატრი სიმშვიდე?!)
არჩევანის ნაცვლად არადანი უნდა ვყოფილიყავი, და გათვლაში გამომრჩა სიტყვა - რაღაც უაზრო "აბრადაკაბრას" მსგავსი, მაგრამ მაგიური.
და რომ გადავხტები წარსულის ხაზზე
რომ დავეშვები შენს ტკბილ სახესთან
რომ ჩაგიხუტებ
აღარასოდეს აღარ გაგიშვებ,
გამოგიკერავ კაბის კალთაზე და
შენ ოქროს თმებში
ვიპოვი ნატვრისთვალს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები