ნაწარმოებები



ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2022


პაპა აბრამის ბატკანი

""

პაპაჩემს აბრამი ერქვა.
მამა არა, მაგრამ პაპა აბრამის
ბატკანი გამოვდექი.

ბატკანივით მართალი
კი მიწას ვერ გავცდი.

მიწას ჩემზე კარგად გლეხიც ვერ იცნობს.
ის თუ კარტოფილს თესავს, მე ადამიანები დავრგე.
ბატკანივით მორჩილად, არანაირი
მოგება.
არაფერი ამოსულა მიწიდან.
-დიდია განგება -  მეთქი
ვიმეორებდი და ვრგავდი.

ბოლოს, მიწა მე თვითონ გადავუსწორე.
რა თქმა უნდა სწორი არ იყო.
რა თქმა უნდა სწორი ვერ იქნება
ვერაფერი რასაც შევეხები.

ვიღაც მუდმივად მიმეორებს, რომ
არ ვიცი ვერხვები როგორ შრიალებენ.
არ ვიცი ლიანებს რა შევუყუდო, რომ გაძლონ.
რა თქმა უნდა არ ვიცი.

რაც ვიცი, ქვებისგან ცეცხლის დანთებაა და
ნადირის მოგერიება.
უშვილო ღმერთის გერობაც
არ გამოვიდა.

ჩემი სასაცილო სიმართლით
მიწას ვერ გავცდი
და ვცრი,  ვცრი წლებია,  მიწისგან მიწას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები