 | ავტორი: ნეფერტარი ჟანრი: თარგმანი 3 აპრილი, 2022 |
მაიკ გელპრინი
ზარი სწორედ მაშინ აწკრიალდა, როცა ანდრეი პეტროვიჩს ყოველგვარი იმედი გადაეწურა.
- გამარჯობა, განცხადების გამო ვრეკავ. თქვენ ლიტერატურას ასწავლით? მართლა ასეა?
ანდრეი პეტროვიჩი ვიდეოფონის ეკრანს დააკვირდა. იქიდან ოცდაათ წლამდე, კლასიკურად ჩაცმული მამაკაცი შემოსცქეროდა, კოსტიუმი, თეთრი პერანგი და ჰალსტუხი. იღიმებოდა კიდევ, მაგრამ მზერა სერიოზული ჰქონდა. ანდრეი პეტროვიჩს გულმა რეჩხი უყო. უკვე ათი წელი იყო გასული, რაც მხოლოდ ჩვეულების გამო აქვეყნებდა განცხადებას ინტერნეტში. მთელი ამ ხნის მანძილზე, მხოლოდ ექვსმა დარეკა, მათ შორის სამს ნომერი შეეშალა, ორი ძველებური წესით მომუშავე დაზღვევის აგენტი იყო, ხოლო ერთს ლიტერატურა, ლიგატურაში შეეშალა.
- დდდ..იახ. ვამეცადინებ ლიტერატურაში, - აღელვებისგან ენა დაება ანდრეი პეტროვიჩს. - ..ჩჩემს ბინაზე. თქვენ ლიტერატურა გაინტერესებთ? - მაინტერესებს, - თანხმობის ნიშნად თავი დაიქნია მოსაუბრემ. - მაქსიმი მქვია. თუ შეიძლება პირობები გამაცანით. "-უფასოა!" - კინაღამ წამოსცდა ანდრეი პეტროვიჩს. მაგრამ ბოლო მომენტში თავი შეიკავა და ძლივს ამოღერღა: -ანაზღაურება საათობრივია, შევთანხმდებით, როდის გსურთ დაწყება? -იცით მე... - შეყოყმანდა მოსაუბრე. -პირველი გაკვეთილი უფასოა.- სასწრაფოდ დაუმატა ანდრეი პეტროვიჩმა. -თუ არ მოგეწონებათ, მაშინ... -მაშინ ხვალ.- გადაწყვეტით უპასუხა მაქსიმმა.- დილის ათ საათზე გაწყობთ? ცხრაზე ბავშვები მიმყავს სკოლაში, შემდეგ, დღის ორ საათამდე თავისუფალი ვარ. - მაწყობს, - გაუხარდა ანდრეი პეტროვიჩს. - მისამართი ჩაიწერეთ. - მითხარით, დავიხსომებ.
. . .
ანდრეი პეტროვიჩს იმ ღამით არ უძინია, ბოლთას სცემდა თავის პატარა ოთახში, რომელიც ბერის სენაკს წააგავდა. აღარ იცოდა სად წაეღო ღელვისგან აკანკალებული ხელები. იმ დღის შემდეგ, რაც სამსახურიდან გაათავისუფლეს, მეთორმეტე წელია. მხოლოდ მათხოვრული შემწეობით არსებობდა.
-თქვენ ვიწრო სპეციალიზაცია გაქვთ, - უთხრა მაშინ ჰუმანიტარული განხრის ბავშვთა ლიცეუმის დირექტორმა და თან უხერხულად აარიდა მზერა. - ჩვენ გაფასებთ როგორც გამოცდილ პედაგოგს, მაგრამ თქვენი საგანი, სამწუხაროდ... გადამზადება არ გინდათ? სწავლის ღირებულებას ლიცეუმი ნაწილობრივ დაგიფინანსებდათ. ვირტუალური ეთიკა, ვირტუალური სამართლის საფუძვლები, რობოტექნიკის ისტორია - თქვენ ამ საგნების სწავლება შეგიძლიათ. კინემატოგრაფიაც ჯერჯერობით ისევ პოპულარულია. თუმცა დიდი დრო არც მაგას დარჩენია, მაგრამ თქვენი ასაკიდან გამომდინარე... რას იტყვით?
ანდრეი პეტროვიჩმა უარი უთხრა, თუმცა შემდეგ ბევრი ინანა. ახალი სამუშაო ვერ იშოვა, ლიტერატურას მხოლოდ ერთეულ სასწავლებლებშიღა ასწავლიდნენ. უკანასკნელი ბიბლიოთეკები იხურებოდა, ფილოლოგები კვალიფიკაციის შეცვლაზე ზრუნავდნენ, ვისაც რაზე მიუწვდებოდა ხელი იმას ეპოტინებოდა. ორი წლის განმავლობაში ამაოდ ცვეთდა გიმნაზიების, ლიცეუმების და სპეციალური სკოლების ზღურბლებს. მერე ძებნა შეწყვიტა. ნახევარი წელი კვალიფიკაციის შესაცვლელად რაღაც კურსებს ესწრებოდა. მაგრამ რაც ცოლმა მიატოვა, იმასაც თავი მიანება. დანაზოგი მალე გაუთავდა და ანდრეი პეტროვიჩს ქამრის შემოჭერა მოუწია. შემდეგ ძველი, მაგრამ საიმედო აერომობილი გაყიდა, მერე დედის ნაქონი ანტიკვარული სერვიზი, შემდეგ ნივთები... მაგრამ შემდეგ... ანდრეი პეტროვიჩს ყოველ ჯერზე გულზიდება ეწყებოდა როგორც კი გაახსენდებოდა - როგორ დადგა წიგნების რიგი. დედის დანატოვარ ძველ, სქელ ქაღალდზე დაბეჭდილ წიგნებში კოლექციონერები კარგ ფულს უხდიდნენ. ასე რომ გრაფი ტოლსტოი მთელი თვე კვებავდა, დოსტოევსკი მხოლოდ ორი კვირა, ბუნინი - ნახევარი. საბოლოოდ ორმოცდაათამდე წიგნი დარჩა- ყველაზე სანუკვარი, ათჯერ გადაკითხული, მათთან განშორება არ შეეძლო. რემარკი, ჰემინგუეი, მარკესი, ბულგაკოვი, ბროდსკი, პასტერნაკი... დარჩენილ წიგნებს სულ ოთხი თაროღა ჰყოფნიდა. ანდრეი პეტროვიჩი მტვრისგან ყოველდღე წმენდდა წიგნებს, ყდებს ათვალიერებდა და ისევ ადგილზე აბრუნებდა.
"თუ ეს ახალგაზრდა, მაქსიმი, - არეულად ფიქრობდა ანდრეი პეტროვიჩი და ნერვიულ ბოლთას სცემდა კედლიდან კედლამდე, - თუ ის... მაშინ შეიძლება ბალმონტი გამოვისყიდო ან მურაკამი... ან ამადუ." და უცბად. ანდრეი პეტროვიჩმა გაიაზრა, ეს სისულელე იყო. რა მნიშვნელობა აქვს გამოისყიდის თუ არა. მას შეუძლია გადასცეს - აი რა არის მნიშვნელოვანი. გადასცეს! გადასცეს სხვებს, თავად რაც იცის, რაც გააჩნია!
...
მაქსიმმა კარზე ზუსტად ათ საათზე დარეკა. წამი წამზე.
- მობრძანდით, - აფორიაქდა ანდრეი პეტროვიჩი. - დაბრძანდით. ჰო, აი აქ... რით გსურთ დაწყება? მაქსიმი უხერხულად შეიშმუშნა და სკამის ნაპირზე ჩამოჯდა: - რითაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. იცით მე უვიცი ვარ, სრული უწიგნური, ანუ "პროფანი". ჩემთვის არაფერი არასდროს უსწავლებიათ. - დიახ, დიახ, ეს ბუნებრივია, როგორც სხვა ყველასთვის. -თავი დაიქნია ანდრეი პეტროვიჩმა. - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ლიტერატურას უკვე ასი წელია რაც აღარ ასწავლიან. თუმცა ახლა უკვე სპეციალურ სკოლებშიც აღარ ასწავლიან. - არსად?- ჩუმად იკითხა მაქსიმმა. -ვშიშობ რომ უკვე აღარსად. იცით, მეოცე საუკუნის ბოლოს, კრიზისი დაიწყო. კითხვისთვის აღარავის ეცალა... ჯერ ბავშვებს, შემდეგ ის ბავშვები გაიზარდნენ და მათ შვილებს უფრო მეტად აღარ ეცალათ, ვიდრე მშობლებს. სხვა ღირებულებები გამოჩნდა, ძირითადად ვირტუალური, თამაშები, ყველანაირი ტესტები, კვესტები...- ანდრეი პეტროვიჩმა ხელი ჩაიქნია. - საბოლოოდ ტექნიკა დარჩა. ტექნიკურმა დისციპლინებმა შეავიწროვა ჰუმანიტარული. კიბერნეტიკა, კვანტური მექანიკა და ელექტროდინამიკა, მაღალი ენერგიების ფიზიკა. ხოლო ლიტერატურამ, ისტორიამ და გეოგრაფიამ უკანა პლანზე გადაინაცვლა. განსაკუთრებით კი ლიტერატურამ. მისმენთ მაქსიმ? - დიახ, გააგრძელეთ თუ შეიძლება. - ოცდამეერთე საუკუნეში წიგნების ბეჭდვა საერთოდ შეწყდა, ქაღალდი ელექტრონიკამ შეცვალა. მაგრამ ელექტრონულ ლიტერატურაზე მოთხოვნა ელვის სისწრაფით ეცემოდა. თანაც უფრო სწრაფად ყოველ მომდევნო თაობაში. შესაბამისად, ლიტერატორთა რიცხვიც შემცირდა, შემდეგ საერთოდ გაქრნენ, ადამიანებმა წერა შეწყვიტეს. ფილოლოგებმა ასი წელი კიდევ გაძლეს, -ისიც იმის ხარჯზე, რაც წინა ოც საუკუნეში დაიწერა.
ანდრეი პეტროვიჩი გაჩუმდა და შუბლზე მოულოდნელად გამოჟონილი ოფლი მოიწმინდა.
- ამაზე საუბარი მიჭირს, - თქვა ბოლოს. - გააზრებული მაქვს რომ პროცესი კანონზომიერია. ლიტერატურა მოკვდა, რადგან პროგრესს ვერ შეეთვისა! მაგრამ აი ბავშვები, გესმით... ბავშვები! ლიტერატურა იყო ის, რაც მათ გონებას აყალიბებდა. განსაკუთრებით პოეზია. ის, რაც ადამიანის შინაგან სამყაროს განსაზღვრავდა, მის სულიერებას. ბავშვები უსულოდ იზრდებიან, აი რა არის საშიში, ეს საშინელებაა მაქსიმ!
- მე თავად მივედი მაგ დასკვნამდე ანდრეი პეტროვიჩ. სწორედ ამიტომ მოვედი თქვენთან. - თქვენ ბავშვები გყავთ? -დიახ, - შეიშმუშნა მაქსიმი. - ორი, პავლიკი და ანეჩკა. ერთი წელია მათ შორის სხვაობა. ანდრეი პეტროვიჩ. მე მხოლოდ საფუძველი მჭირდება, საწყისი... შემდეგ ქსელში მოვძებნი ლიტერატურას და წავიკითხავ, მხოლოდ უნდა ვიცოდე, რა წავიკითხო. რაზე გავაკეთო აქცენტი, ამას მასწავლით? -დიახ, - მტკიცედ თქვა ანდრეი პეტროვიჩმა. - გასწავლით. ფეხზე ადგა, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, თავი მაღლა ასწია, ყურადღება მოიკრიბა და საზეიმოდ წარმოთქვა: -პასტერნაკი: უსაზღვროდ ბარდნიდა, ბარდნიდა მიწაზე, არ იყო საშველი... თოვლიან ზამთარში... იდგა მაგიდაზე, იწვოდა სანთელი.
. . .
-ხვალ მოხვალთ მაქსიმ? - აკანკალებული ხმის დაფარვას შეეცადა ანდრეი პეტროვიჩი. -აუცილებლად. ოღონდ.., იცით, მე მმართველად ვმუშაობ შეძლებულ ოჯახურ წყვილთან. მეურნეობას ვუძღვები, საქმეებს ვაგვარებ, ანგარიშებს ვაწარმოებ. მაღალი ხელფასი არ მაქვს, მაგრამ, - მაქსიმმა გარშემო მიმოიხედა, - შემიძლია ანაზღაურების სანაცვლოდ პროდუქტი მოგიტანოთ, რაღაც ნივთები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ეს მისაღებია თქვენთვის?
ანდრეი პეტროვიჩი უნებლიეთ გაწითლდა. უფასოდაც ხომ თანახმა იქნებოდა და თქვა: - რა თქმა უნდა მაქსიმ, მადლობა, ხვალ გელოდებით.
. . .
ლიტერატურა - მხოლოდ ის როდია, რაზეცაა დაწერილი, - ლაპარაკობდა ანდრეი პეტროვიჩი და თან ოთახში ბოლთას სცემდა. - არამედ ის, თუ როგორაა დაწერილი. ენა, მაქსიმ, ის ინსტრუმენტია, რომლითაც სარგებლობდნენ დიდებული მწერლები და პოეტები. აი უსმინეთ. და მაქსიმი ყურადღებით უსმენდა. თითქოს იმახსოვრებდა, ცდილობდა დაეზეპირებინა მასწავლებლის ნათქვამი. -პუშკინი, - ამბობდა ანდრეი პეტროვიჩი და იწყებდა დეკლამირებას:
"ტავრიდა", "ანჩარი" , "ევგენი ონეგინი" . ლერმონტოვი "მწირი". ბარატინსკი, ესენინი, მაიაკოვსკი, ბლოკი, ბალმონტი, ახმატოვა, გუმილიოვი, მანდელშტამი, ვისოცკი... მაქსიმი უსმენდა. - არ დაიღალეთ? - ეკითხებოდა ანდრეი პეტროვიჩი. - არა, რას ბრძანებთ, გააგრძელეთ თუ შეიძლება.
. . .
დღეები ერთმანეთს ცვლიდნენ. ანდრეი პეტროვიჩი შეიცვალა, თითქოს წელში გაიმართა, ცხოვრების ინტერესი დაუბრუნდა. აზრი გაუჩნდა.
პოეზია პროზამ შეცვალა. პროზას მას მეტი დრო სჭირდებოდა, მაგრამ მაქსიმი გულმოდგინე მოსწავლე აღმოჩნდა. პირდაპირ ჰაერში იჭერდა ნათქვამს, ანდრეი პეტროვიჩი გაკვირვებას ვერ მალავდა. თავიდან სიტყვების მიმართ თითქოსდა ყრუ მაქსიმი, რომელიც ვერ აღიქვამდა, ვერ გრძნობდა ენაში დავანებულ ჰარმონიას, ყოველდღიურად უფრო სწვდებოდა, უკეთესად გრძნობდა მის სიღრმეს, ვიდრე წინა დღეს.
ბალზაკი,ჰიუგო, მოპასანი, დოსტოევსკი, ტურგენევი, ბუნინი, კუპრინი. ბულგაკოვი, ჰემინგუეი, ბაბელი, რემარკი, მარკესი, ნაბოკოვი. ' მეთვრამეტე საუკუნე, მეცხრამეტე, მეოცე... კლასიკა, ბელეტრისტიკა, ფანტასტიკა, დეტექტივი, სტივენსონი, ტვენი, კონან დოილი, შელკი, სტრუგაცკები, ვაინერები, ჟაპრიზო.
. . .
ერთ დღეს, ოთხშაბათს, მაქსიმი არ მოვიდა. ანდრეი პეტროვიჩმა მთელი დილა ლოდინში გაატარა. თავს იწყნარებდა, ხომ შეიძლება მაქსიმი ავად გამხდარიყო, მაგრამ გონება აუჯანყდა: - არ შეიძლებოდა, ჯიუტად, მომაბეზრებლად ეჩურჩულებოდა შინაგანი ხმა. სკრუპულოზურ, პედანტ მაქსიმს გაცდენა უბრალოდ არ შეეძლო. მთელი წლინახევრის მანძილზე, არც ერთხელ, ერთი წუთითაც არ დაუგვიანია. და ახლა, არც კი დარეკა. საღამოთი ანდრეი პეტროვიჩი უკვე ადგილს ვეღარ პოულობდა, ვერც ღამით მოხუჭა თვალი. დილის ათი საათისთვის უკვე სრულიად გამოიფიტა... და როცა ცხადი გახდა, რომ მაქსიმი აღარ მოვიდოდა, ვიდეოფონთნ მილასლასდა.
- ნომერი მომსახურებიდან ამოღებულია. - აცნობა მექანიკურმა ხმამ.
მომდევნო რამდენიმე დღე საშინელი სიზმარივით გავიდა. მწარე ნაღველს საყვარელი წიგნებიც ვეღარ შველოდნენ. ისევ დაუბრუნდა გრძნობა, რომ უმაქნისი იყო და აღარავის ჭირდებოდა. არადა, მთელი წელიწადნახევარი ეს წუხილი არც კი გახსენებია. იქნებ საავადმყოფოებში და მორგებში დავრეკო? საფეთქელში ურახუნებდა მძიმე სიტყვები.. და რა ვკითხო? ან ვისზე ვკითხო? ვინმე მაქსი ხომ არ მოუყვანიათ ასე ოცდაათ წლამდე, გვარი არ ვიცი და მაპატიეთ თქო?
და როცა სახლში ყოფნა გაუსაძლისი გახდა, ანდრეი პეტროვიჩი გარეთ გავიდა.
- ა, პეტროვიჩ! - მიესალმა ქვედა სართულის მეზობელი მოხუცი ნეფედოვი. - დიდი ხანია არ შევხვედრივართ, გრცხვენია და გარეთ არ გამოდიხარ? თუმცა შენ არაფერ შუაში ხარ. - რა სირცხვილს გულისხმობ? - გაშეშდა ანდრეი პეტროვიჩი. - აი, იმას, შენსას. - ნეფედოვმა ხელი ნიკაპთან მიიტანა და თითები ყელში გამოისვა. - შენთან რომ დადიოდა. სულ ვფიქრობდი, ამ სიბერეში პეტროვიჩმა, ეს რა პუბლიკასთან დაიჭირა მეთქი საქმე. - რაზე ამბობთ? - ანდრეი პეტროვიჩს სხეულში სიცივემ დაუარა. - რა პუბლიკასთან? - ცნობილია ვისთანაც. მაგ "მტრედებს" ეგრევე ვცნობ, ოცდაათი წელი მაგათზე ვიმუშავე. - ვინ მაგათზე? - აღმოხდა ანდრეი პეტროვიჩს. - საერთოდ რაზე ლაპარაკობთ? - შენ რა, მართლა არაფერი იცი? - შეშფოთება დაეტყო ნეფედოვს. - ახალი ამბები ნახე, ისეთი ხმაურია ატეხილი.
ანდრეი პეტროვიჩმა ვერ გაიხსენა როგორ მიაღწია ლიფტამდე. როგორ ავიდა მეთოთხმეტე სართულზე, აკანკალებული ხელებით როგორ იპოვა ჯიბეში გასაღები, მხოლოდ მეხუთე მცდელობაზე შეძლო კარის გაღება. ძლივს მივიდა კომპიუტერამდე, ქსელში შეაერთა და ეკრანზე ახალი ამბები გაშალა.
გული ძლიერმა ტკივილმა შეუკუმშა. ფოტოდან მაქსიმი შემოსცქეროდა. ფოტოს ქვეშ, კურსივით აკრეფილი სტრიქონები თვალწინ გაედღაბნა. ძლივს მოაქცია ტექსტი მზერის ფოკუსში და კითხვა დაიწყო, " სახლის რობოტი გუვერნიორი, სერიით სრგ‑439კ, პატრონებმა , საკვები პროდუქტების, ტანსაცმლის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დატაცებაში ამხილეს. რობოტის მმართველი პროგრამა დეფექტური აღმოჩნდა, რადგან ის, დამოუკიდებლად მივიდა დასკვნამდე, რომ ბავშვებში სულიერება არ არსებობს და ამის წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა. ის თვითნებურად ასწავლიდა ბავშვებს არასასწავლო პროგრამას, ხოლო პატრონებს ამას უმალავდა. რობოტი ამოღებულია ბრუნვიდან... უტილიზაციის შედეგად. საზოგადოება შეშფოთებულია გამოვლენილი... გამომშვები ფირმა მზადაა აანაზღაუროს... სპეციალურად შექმნილმა კომიტეტმა დაადგინა... "
ანდრეი პეტროვიჩი წამოდგა. გაშეშებული ფეხებით ძლივს მიაღწია სამზარეულოს. ბუფეტი გამოაღო. ქვედა თაროზე, გაკვეთილის საზღაური, მაქსიმის მოტანილი კონიაკი იდგა. ბოთლს საცობი მოხსნა, ჭიქას დაუწყო ძებნა, ვერ იპოვა და პირდაპირ ბოთლიდან გადაკრა ერთი ყლუპი. ხველა აუტყდა, მუხლი მოეკვეთა და ბოთლი ხელიდან გაუვარდა, კედელს მიეყრდნო და ნელ-ნელა მძიმედ ჩაცურდა იატაკზე.
თავში გენიალური, დამაგვირგვინებელი აზრი მოუვიდა: ყველაფერი წყალში გადაიყარა. ყველაფერი. მთელი ეს დრო, რობოტის განსწავლას შეალია. უსულო, დეფექტურ რკინის ნაგლეჯს, მასში ჩააქცია ყველაფერი რაც ჰქონდა, რის გამოც სიცოცხლე უღირდა. ყველაფერი, რითაც ცოცხლობდა. ანდრეი პეტროვიჩმა ტკივილის შესაკავებლად გულზე ხელი მიიჭირა. ძლივს მიაღწია ფანჯრამდე. პატარა სარკმელი მჭიდროდ დაკეტა. გაზქურისკენ მიბრუნდა... ახლა კონფორებს გახსნის, ნახევარ საათს მოიცდის და მორჩა.
გაზქურამდე მანძილის ნახევარიღა ჰქონდა დარჩენილი, რომ ზარი გაისმა. კარზე რეკავდნენ. ანდრეი პეტროვიჩმა სიმწრით კბილი კბილს დააჭირა და კარი გააღო. ზღურბლზე ორი იდგნენ, ათიოდე წლის ბიჭი და მასზე ერთი წლით პატარა გოგონა.
- თქვენ ლიტერატურას ასწავლით? - შუბლზე ჩამოყრილი თმის ქვემოდან ამოხედა გოგონამ. - რა? - გაოგნდა ანდრეი პეტროვიჩი. - თქვენ ვინ ხართ? - მე პავლიკი ვარ, - ნაბიჯი გადმოდგა ბიჭმა. - ეს ანეჩკაა, ჩემი და. ჩვენ მაქსისგან ვართ. - ვის... ვისგან?! - მაქსისგან, - ჯიუტად გაიმეორა ბიჭმა. - მან გვითხრა გადმოგვეცა. მანამ სანამ ... მას... და უცბად, გოგონამ ხმამაღლა წამოიძახა: – "უსაზღვროდ ბარდნიდა, ბარდნიდა მიწაზე, არ იყო საშველი!" ანდრეი პეტროვიჩმა გულზე ხელი იტაცა, თითქოს მის გადაყლაპვას, უკან ჩაჩურთვას და მკერდში დაბრუნებას ლამობდა. - ხუმრობ? - ძალიან ჩუმად, ძლივს გასაგონად ამოთქვა. -"თოვლიან ზამთარში... იდგა მაგიდაზე, იწვოდა სანთელი." - გამოკვეთილად თქვა ბიჭმა. - აი ამისი გადმოცემა დაგვავალა მაქსმა. იქნებით ჩვენი მასწავლებელი?
ანდრეი პეტროვიჩი კარის ჩარჩოს მოეჭიდა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და თქვა: -ღმერთო ჩემო, შემოდით. შემოდით ბავშვებო.
+ + + დედანი იხილე აქ: https://booksonline.com.ua/view.php?book=133796&page=2
გამოყენებულია პასტერნაკის ცნობილი ლექსის თარგმანი ჯანას გვერდიდან http://urakparaki.com/?m=4&ID=99596
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მომნატრებია ნეფერტარი, საუკეთესო ნაწარმოებებით. მომნატრებია ნეფერტარი, საუკეთესო ნაწარმოებებით.
8. ანუ, თავფურცელზე გასულა. გამიხარდა. თარგმანებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს მკითხველი. ისე, ორიგინალის წერაზე ძნელია. მადლობა ყველას ვინც შეაფასა ქულით. კიდევ გავახარებ მკითხველს, ვისაც უყვარს კარგი პროზა და არა მხოლოდ თარგმანით.
ანუ, თავფურცელზე გასულა. გამიხარდა. თარგმანებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს მკითხველი. ისე, ორიგინალის წერაზე ძნელია. მადლობა ყველას ვინც შეაფასა ქულით. კიდევ გავახარებ მკითხველს, ვისაც უყვარს კარგი პროზა და არა მხოლოდ თარგმანით.
7. ეს ადრევე წავიკითხე, დადებისას ოღონდ გარედან
დარწმუნებული ვარ, როგორც თარგმანი, კარგი იქნება, თუმცა ორიგინალთან არ შემიდარებია თავად მოთხრობის სიუჟეტი და თხრობა ძალიან საინტერესოა კარგი მოთხრობაა
ეს ადრევე წავიკითხე, დადებისას ოღონდ გარედან
დარწმუნებული ვარ, როგორც თარგმანი, კარგი იქნება, თუმცა ორიგინალთან არ შემიდარებია თავად მოთხრობის სიუჟეტი და თხრობა ძალიან საინტერესოა კარგი მოთხრობაა
6. პ.ს. ნიჭიერი ადამიანი ორიგინალურ პროზაშიც კარგად ჩანს და თარგმანშიც!!! პ.ს. ნიჭიერი ადამიანი ორიგინალურ პროზაშიც კარგად ჩანს და თარგმანშიც!!!
5. დიდი სიამოვნებით წავიკითხე, ზედმიწევნით კარგი თარგმანია, დედანი არსად არის დაკარგული, იგრძნობა რუსული ენის კარგი ფლობა, შინაარსი კი უაღრესად აქტუალურია, ამ ლიტერატურისა და სულიერებისგან გამოშიგნულ დროში! მცირე შენიშვნა: სკრუპულოზური ჩაასწორე, უნდა იყოს სკურპულოზური, ასევე ანიჩკა ანეჩკას ნაცვლად, "ვისაც რაზე მიუწვდებოდა ხელი, იმას ეპოტინებოდა"... იმდენად სრულყოფილი თარგმანია, რომ ეს მცირედ ჩასასაწორებელი, რა მოსატანია... :) <3 დიდი სიამოვნებით წავიკითხე, ზედმიწევნით კარგი თარგმანია, დედანი არსად არის დაკარგული, იგრძნობა რუსული ენის კარგი ფლობა, შინაარსი კი უაღრესად აქტუალურია, ამ ლიტერატურისა და სულიერებისგან გამოშიგნულ დროში! მცირე შენიშვნა: სკრუპულოზური ჩაასწორე, უნდა იყოს სკურპულოზური, ასევე ანიჩკა ანეჩკას ნაცვლად, "ვისაც რაზე მიუწვდებოდა ხელი, იმას ეპოტინებოდა"... იმდენად სრულყოფილი თარგმანია, რომ ეს მცირედ ჩასასაწორებელი, რა მოსატანია... :) <3
4. კარგი თარგმანია უცნაური დასასრულით. ო'გენრი წერდა მოთხრობებს მოულოდნელი ფინალით. ისეთ დროში ვცხოვრობთ, არაფერია გასაკვირი. რაღაცას ვეძებდი ინტერნეტში და მოკლე ინფორმაციას წავაწყდი, რომ ერთ-ერთი ფილმის გადაღებისას ეპიზოდში ვირტუალურად გააცოცხლეს გარდაცვლილი მსახიობი. წინ კიდევ ბევრი მოულოდნელობა გველის.
კარგი თარგმანია უცნაური დასასრულით. ო`გენრი წერდა მოთხრობებს მოულოდნელი ფინალით. ისეთ დროში ვცხოვრობთ, არაფერია გასაკვირი. რაღაცას ვეძებდი ინტერნეტში და მოკლე ინფორმაციას წავაწყდი, რომ ერთ-ერთი ფილმის გადაღებისას ეპიზოდში ვირტუალურად გააცოცხლეს გარდაცვლილი მსახიობი. წინ კიდევ ბევრი მოულოდნელობა გველის.
3. უმაღლესი თარგმანია . უმაღლესი თარგმანია .
2. ძვირფასო,ნეფერტარ, ძალიან ვისიამოვნე ამ მოთხრობით,საჭირო,დროული,აქტუალური და რაც მთავარია კარგი თარგმანი,მადლობა!???? ძვირფასო,ნეფერტარ, ძალიან ვისიამოვნე ამ მოთხრობით,საჭირო,დროული,აქტუალური და რაც მთავარია კარგი თარგმანი,მადლობა!????
1. ოიიი! ეს ჯერ არავის წაუკითხავს?! გასაოცარი, თუ გინდა!
ეს არის უშესანიშნავესი მოთხრობის უშესანიშნავესი თარგმანი. მოთხრობა იმაზეა, რამდენად გაპრიმიტიულდა ხალხი და ლიტერატურა აღარავის აინტერესებს, გარდა რობოტისა. თარგმანიც უშესანიშნავესია. ჩანს რუსული სტილი. ხშირად თარგმნიან ისე, რომ ავტორი ქართველი გეგონება, ამ მოთხრობაში კი მშვენივრად ჩანს რუსული სტილი. აქვე მინდა გითხრათ, რუსი ინტელიგენცია ძალიან განსხვავდება რუსული პოლიტიკისაგან...ნუ. იშვიათი გამონაკლისების გარდა. წაიკიტხეთ, არ ინანებთ, ნამდვილი ლიტერატურაა. :)
ოიიი! ეს ჯერ არავის წაუკითხავს?! გასაოცარი, თუ გინდა!
ეს არის უშესანიშნავესი მოთხრობის უშესანიშნავესი თარგმანი. მოთხრობა იმაზეა, რამდენად გაპრიმიტიულდა ხალხი და ლიტერატურა აღარავის აინტერესებს, გარდა რობოტისა. თარგმანიც უშესანიშნავესია. ჩანს რუსული სტილი. ხშირად თარგმნიან ისე, რომ ავტორი ქართველი გეგონება, ამ მოთხრობაში კი მშვენივრად ჩანს რუსული სტილი. აქვე მინდა გითხრათ, რუსი ინტელიგენცია ძალიან განსხვავდება რუსული პოლიტიკისაგან...ნუ. იშვიათი გამონაკლისების გარდა. წაიკიტხეთ, არ ინანებთ, ნამდვილი ლიტერატურაა. :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|