ნაწარმოებები



ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: თარგმანი
7 იანვარი, 2022


ხატვის გაკვეთილი

შვილმა საღებავის ყუთი მომაწოდა,
ჩიტის დახატვა მთხოვა.
ფუნჯი ნაცრისფერ საღებავს წავცხე,
შემდეგ ზოლების ხაზვა დავიწყე,
მან შემომხედა გაკვირვბულმა:
„მამა, ეს ხომ გალია არის,
ნუთუ არ იცი ჩიტის დახატვა?!“
მე ვუპასუხე: „შვილო, მაპატიე
დამავიწყდა ჩიტის ფორმები.“
შვილმა ფუნჯები ჩემ წინ გაშალა,
შემდეგ ხორბლის დახატვა მთხოვა,
მე ავიღე და თოფი დავხატე,
მან დამცინავად დამისვა კითხვა:
„მამა, ნუთუ მართლა არ იცი
ხორბლისა და თოფის გარჩევა?!“
მე ვუპასუხე:
„ერთ დროს მახსოვდა ხორბლის ყუნწები,
პურის ფორმები,
ვარდის ფორმებიც ვიცოდი ერთ დროს,
მაგრამ ცხოვრება როცა გაჭირდა,
ჯარისკაცები ტყეში გაიქცნენ,
ვარდმა ჩაიცვა უსუსურობა,
ხორბლის ყუნწები შეიარაღდნენ,
ცაში ჩიტები შეიარაღდნენ,
შეიარაღდა კულტურა
და რელიგიაც შეიარაღდა,
პურს ვერ იყიდი ნაღმის გარეშე,
ვარდსაც ვერ მოწყვეტ,
სახე ეკლებით რომ არ დაგევსოს.
ვერც წიგნს იყიდი,
თუ ის თითებში არ აგიფეთქდა.
და შვილმა მთხოვა ლექსის წაკითხვა
და მე ცრემლებით ვნამე ბალიში,
მან გაიკვირვა და შემეკითხა:
„მამა ეგ ხომ ცრემლები არის
და არა ლექსი?!“
მე ვუპასუხე:
„რომ გაიზრდები
და არაბულ პოეზიას წაიკითავ,
აღმოაჩენ - ის მეტი არაფერია,
თუ არა თითებით ნაწერი ცრემლები,
სიტყვები, ცრემლები ტყუპები არიან.“
შვილმა ფანქრები ჩაალაგა,
შემდეგ სამშობლოს დახატვა მთხოვა.
ფუნჯი ხელებში ამიკანკალდა
და ავქვითინდი.

ნიზარ ქაბანი (1923-1998)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები